Category: სლაიდერი

  • ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე – ნიკა გვარამია

    ”ბოიკოტი შედგა, არჩევნები კი ვერა” – “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატიმრო დაწესებულებიდან განცხადებას ავრცელებს.

    “არ ვაპირებ არც ჭკუის დარიგებას, არც უფლებას მივცემ ჩემს თავს, ინფორმაციული შიმშილის პირობებში კონსპირაციებს მივყო ხელი.

    დღეს კი მთავარი მინდოდა მეთქვა: პროტესტმა გაუძლო 1 დღეში განხორციელებულ უმძიმეს ორმაგ დარტყმას და 24 საათიც არ დასჭირდა, რომ იგივე დროს, იგივე ადგილიდან ხმამაღლა ეთქვა, ჩვენ ისევ აქ ვართ! ჩვენ ვაგრძელებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!

    ახლა ყველაზე ცუდი სიტყვები/განწყობები არის „ხომ ვამბობდი“, „ესენი ვინ ყოფილან“ და მსგავსები. ჩემს მეგობრებს და მათ, ვისთვისაც ჩემი პოზიცია საინტერესო და გასათვალისწინებელია, მინდა შევახსენო: მორალურ უპირატესობას ნიშნისმოგება არ სჭირდება, პირიქით, დაგაკარგვინებთ. მართალი რომ იყავი, იმაზე უსასრულო ლაპარაკი, სიმართლეს აუფერულებს. მესმის, რომ ბოლო სამი თვე უმძიმესი გქონდათ. ყველაზე რთული მდგომარეობა იყო, რადგან ორივე მხრიდან დარტყმებს იღებდით. ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ აპლოდისმენტებისათვის და ნიშნის მოგებისათვის ხომ არ ვაკეთებდით ამას? ხომ საერთო საქმისთვის ვაკეთებდით? ხოდა ამ საქმეს ახლა ნიშნისმოგება კი არა, გადაფურცლა სჭირდება.

    რევოლუციის ლოგიკა ცინიკურია: ოლიმპიური სისტემასავითაა – წააგე-წადი (ციხეში), თუ გაიმარჯვებ, „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“. არ მგონია ეს ვინმეს არ სცოდნოდა. ამიტომაცაა უმძიმესი ტვირთი მისი საკუთარ მხრებზე წამოკიდება და სწორედ ამ თავგანწირვისთვის იმსახურებენ რევოლუციური კომიტეტის წევრები პატივისცემას, თანაგრძნობას და მხარდაჭერას, ცხადია, მაგრამ საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს მათგან სიმართლეს.

    ახლა რა მგონია „წინ ბევრი საქმე“. ბიძინას ყველაზე მეტად რა ტკივა, ეს კარგად ჩანს და არჩევნების დღეს მის მედიის წინაშე გამოჩენაშიც ცხადად იგრძნობოდა. ესაა სანქციები და ამ სანქციებამდე უმნიშვნელოვანესი გზა გავიარეთ ყველამ ერთად. სამი საყრდენი აქვს ამ წარმატებას და 4 ოქტომბრის ორმაგი დარტყმის ამოცანა სამივეს ჩამოშლა იყო. პირველი, ოპოზიციის ართანამშრომლობა. ამ მხრივ უმთავრესი იყო და რჩება ოპოზიციის უარი საპარლამენტო მანდატებზე. ამაზე მნიშვნელოვანი არც ფორმით და არც შინაარსით, არაფერი გაგვიკეთებია პოლიტიკოსებს. სწორედ ამის პირდაპირი შედეგია რეჟიმის არალეგიტიმურობა, რაც, თავის მხრივ, მთავარი (მაგრამ არასაკმარისი) წინაპირობაა ქოცების საერთაშორისო იზოლაციის და სანქციების. ამის გადახედვა უბრალოდ დაუშვებელია. ლეგიტიმაციის მიმართულებით დარტყმა იყო არჩევნებში მეინსტრიმული პარტიების შეთრევა. საბედნიეროდ, მათი მონაწილეობით „თვითმმართველობის არჩევნების“ შედეგები ლეგიტიმური ვერ გახდა – ბევრგან 100%-იანი შედეგები, არც ერთი რეალური დამკვირვებელი, თბილისში ისტორიაში უმდაბლესი გამოცხადება – 1/3-ზე ნაკლები (და რომ არ შესულიყო ოპოზიცია, საერთოდ ¼ არ იქნებოდა). ყველაფერ ამან განაპირობა უკვე ამ არჩევნების არაღიარებაც და ამჯერად კალაძის სტატუსიც „ე.წ. მერია“. არცერთი საერთაშორისო მილოცვაც არ არსებობს, პირიქით – უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურებებია. და ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავენ. მოკლედ ბოიკოტი შედგა, არჩევნები კი ვერა.

    ეს ყველაფერი არამც და არამც არ მიმაჩნია არჩევნებში მონაწილეთა მიმართ თავდასხმების საფუძვლად. პირიქით, კვლავ უნდა გამოვნახოთ ერთმანეთმდე მისასვლელი გზა. მეორეს მხრივ, პირიქით, არჩევნებში მონაწილეთა მხრიდან თავდასხმები უკიდურესად გასაკვირია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კოალიციის მიერ გინდ მანდატებზე უარი, გინდ არჩევნებში არშესვლა ზევიდან-ქვევით ვერტიკალში არ გადაწყვეტილა. პირიქით, ამომრჩეველმა მოითხოვა ეს ჩვენგან და ჩვენც მათი მოთხოვნის ადეკვატურები ვიყავით.

    მეორე – ოპოზიციის უცხოელებთან მუშაობა. აქამდე ეს უკიდურესად წარმატებულად მიდიოდა და, მჯერა, პირველ რიგში, ამიტომაა დაპატიმრებული პოლიტიკურ ლიდერთა დიდი ნაწილი, რაც ოპოზიციის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. და მესამე და მთავარი – პროტესტი. პროტესტს დღეს პირველი და მეორე ფუნქციაც აქვს შეთავსებული: პარლამენტში ოპოზიციის შესვლის პრევენცია და სანქციებზე მუშაობა. ამიტომაც, ვფიქრობ, დიდი აქციებია: საჭირო ერთ შაბათს დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით „დაასანქცირეთ ბიძინა“, მეორე შაბათს ევროკავშირის და საქართველოს დროშებით „დაასანქცირეთ რეჟიმი“, მესამე შაბათს ამერიკის და საქართველოს დროშებით, მოთხოვნით მიიღეთ „MEGOBARI ACT“. ეს კონკრეტულ მიზანსაც დასახავს, საერთაშორისო მედიის და პოლიტიკის რადარებზეც დააბრუნებს პროტესტს და, დიდი ალბათობით, წარმატებასაც მიაღწევს და ასე საჭირო გამარჯვებების გამოცდილებას განაახლებს. მე ასე ვხედავ პროტესტის განვითარებას უახლოეს კვირებში, თუმცა ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

    ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე! ყოველ დღე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებამდე ვიდგებით იქ, სადაც ვიდექით გასული 313 დღე.

    ბოლოს, კვლავ გილოცავთ გამარჯვებას უმძიმეს გამოწვევაზე და ჩემ თავსაც ვულოცავ თქვენნაირი გაუტეხელი პატრიოტების თანამებრძოლობის პატივს.

    ოლიგარქია უნდა დაემხოს! გაუმარჯოს საქართველოს!”

  • რევოლუცია თუ მოხდება,მხოლოდ მოულოდნელად, საათებით ადრეც კი ვერ განსაზღვრავს წინასწარ ვერავინ – მელია

    რევოლუცია თუ მოხდება,მხოლოდ მოულოდნელად, საათებით ადრეც კი ვერ განსაზღვრავს წინასწარ ვერავინ – მელია

    ”დაანონსებული, აფიშაგამოკრული რევოლუცია არასდროს მოხდება. სამწუხაროდ, უკვე წლებია, ბევრი თანამოაზრე არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს. რევოლუცია თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ყველასთვის მოულოდნელად, საათებით ადრეც კი ვერ განსაზღვრავს წინასწარ ვერავინ.” – აცხადებს საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.

    “სალამი ყველას!

    ციხიდან შეგნებულად, პრაქტიკულად არ ვწერ, ვინაიდან ხშირი წერის შემთხვევაში, მომიწევს ვიყო უკიდურესად კრიტიკული რიგი სუბიექტების მიმართ, რისი კეთებაც ციხიდან არ მინდა და არც ვიზამ.

    როგორც ციხეში მყოფის კრიტიკაა ჩემთვის მიუღებელი, ასევე ციხიდან ნებისმიერის ნაკლზე მითითებაც არასაკადრისია, შესაბამისად, თავს ვიკავებ აზრის გამოთქმისგან ლელოზეც და გახარიას პარტიაზეც.

    თუმცა კი, ახლა რამდენიმე ბწკარი მაინც უნდა დავწერო 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებზე და იქ მისულ პატრიოტ ხალხზე.

    ორგანიზატორების ერთადერთი დაპირება ბიძინას 4 ოქტომბერსვე დამარცხება იყო, მაშასადამე, ვინც ასეთი ანონსის / აფიშის აქციაზე მივიდა, ალბათ, ის ხალხი მაინც არ უნდა აკრიტიკებდეს ორგანიზატორებს, თანაც პოსტ-ფაქტუმ. მისასალმებელია, რომ უმრავლესობა შექმნილი კონტექსტის გათვალისწინებით – თავს იკავებს.

    ჩემთვის ყველა ის ადამიანი უფრო დასაფასებელია, ვინც აქციის საარაკო და ფანტასმაგორიულ დაპირებას თავიდანვე აკრიტიკებდა, განსხვავებით მათგან, რომელთაც ხმა არ ამოუღიათ, ე მანდ, 4-ში რამე საჩვენო თუ მოხდა, მანამდე რატომ გავაკრიტიკოთო, თუმცა ახლა კრიტიკოსთა ყველაზე მწვავე ტრეკზე არიან.

    ორგანიზატორები 4-ში თუ არაფერს მოიმოქმედებდნენ, ხალხის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, ქოქოლას დააყრიდა, ეტყოდნენ, აი, 100 000-მდე ვიყავით და რატომ დაგვშალეთო, ასეთი ხალხის ნაკლებობას საპროტესტო საზოგადოება არ განიცდის! ორგანიზატორებმა მცდარად მიიჩნიეს, რომ 4-ში ხალხი აჯანყდებოდა და იმაზე მეტად გარისკავდა, ვიდრე აქციაზე გამოსვლა და ქუჩაში მშვიდობიანად გაპროტესტებაა.

    ერთი სიტყვით, ბევრი რამ მინდა ვთქვა, მაგრამ თავს შევიკავებ. ბოლოს მხოლოდ ერთს დავამატებ, ჩემი აზრით, შეუვალ სიმართლეს:

    1. დაანონსებული, აფიშაგამოკრული რევოლუცია არასდროს მოხდება. სამწუხაროდ, უკვე წლებია, ბევრი თანამოაზრე არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს. რევოლუცია თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ყველასთვის მოულოდნელად, საათებით ადრეც კი ვერ განსაზღვრავს წინასწარ ვერავინ.

    2. ვართ გრძელვადიან ბრძოლაში, ამიტომ ყოველი გაუთვლელი ნაბიჯი, ყოველი ატროკება და აჩქარება ცვლილებებს მხოლოდ გააჯანჯლებს. რაც უფრო მალე გადავეწყობით რეალობაზე, მით უფრო სწრაფად დადგება გამარჯვება.

    ორგანიზატორებმა საპროტესტო საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის დაკვეთას უპასუხეს, რომელიც ხშირად საპროტესტო საზოგადოებაში, არაბუნებრივად წარმოჩნდება ხოლმე უმრავლესობად, ამიტომ მაინცდამაინც ორგანიზატორებს ნუ გაკიცხავთ.

    რეალური ძალებისა და პირობების გაუთვალისწინებლად, შემთხვევითი წარმატების იმედით წამოწყებულ საქმეს მავანი და მავანი უკვეთავს, ასეთი დამკვეთები ხალხშიც არიან და ასეთი ხალხის გასაგონად ვწერ ამ საგამონაკლისო წერილს და ვეუბნები არაპოპულარულ სიმართლეს – 4-ში ორგანიზატორების ერთადერთი გეგმა მათი თავდადება იყო, რომელმაც მხარდაჭერა აქციაზე მოსული ხალხის 98 %-ში ვერ მოიპოვა და ვერც მომავალში მოიპოვებს. დროა გავიცნოთ ჩვენი საპროტესტო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა და დამოკიდებულება, თუ ეს ყველამ მოვახერხეთ -პროტესტი ბევრად წარმატებული იქნება და რაც ყველაზე მთავარია – შედეგიც, თუმცა ჩვენ იმ რეალობაში ვართ, როცა პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.

    პროცესში ვგულისხმობ იმ ბრძოლას, რომელიც დაიწყო 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების მერე, რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია, ბევრ სიძნელეს გაუძლო, აქცია რეჟიმი არალეგიტიმურად საერთაშორისო საზოგადოების თვალში და რაც მთავარია, გაუძლო დიდ გამოწვევას 4 ოქტომბრის ე.წ. ადგილობრივი არჩევნების სახით, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი, მაგრამ საპროტესტო ელექტორატის სიმყარით მათ გადაწყვეტილებაში, ე.წ. არჩევნები იქცა რეჟიმის არალეგიტიმურობის მორიგ დასტურად.

    და თუ ვინმეს მინდა ვუთხრა მადლობა გამძლეობისთვის, სწორი ბრძოლისთვის, პრინციპულობისათვის – ის ხალხია, რომლისთვისაც 4 ოქტომბერს არაფერი დამთავრდა, მივიდა 5-ში და მიუხედავად რეჟიმის მუქარისა და ნიჰილიზმის ბაცილისა, გასცა პასუხი – ვიდგებით აქ გამარჯვებამდე.

    არ არსებობს ბოლო ბრძოლა, არსებობს ბრძოლა ბოლომდე”. – წერს მელია.

  • აქციის ორგანიზატორებმა განმარტონ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი – სანიკიძე

    “4 ოქტომბერს პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი იყო. მინიმუმი იყო – ბევრი ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ე.წ. არჩევნების დელეგიტიმაცია, ივანიშვილისთვის ვითარების რაღაც შირმის შექმნის საშუალება არ უნდა ყოფილიყო, თითქოს ქართველი ხალხი სტატუს-კვოს შეეგუა. რაც შეეხება მეორე გეგმას, ორგანიზატორები ფლობდნენ გეგმას, მათი ოჯახის წევრები ღიად საუბრობდნენ ღალატზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან მეტი განმარტება მოხდეს, რა ღალატს ჰქონდა ადგილი, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ამ გეგმის ნაწილი იყვნენ და ბოლოს შეცვალეს მიდგომები”.

    განაცხადა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან სანიკიძემ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას.

  • მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს – ზოდელავა

    მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს – ზოდელავა

    უნდა გესმოდეთ, რომ ჩემი შინაგანი განწყობა, შფოთვა, მკარნახობს, რომ სხვანაირად შეუძლებელია. გამოსავალი აღარაა. სახელისუფლებო ბერკეტები თავიდან ბოლომდე მიტაცებულია. ამიტომ არ არის სხვა გზა გარდა იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს.

    საქართველოს უმრავლესობისთვის, პროევროპელებისთვის სივრცე არ რჩება. ყველა სახელმწიფო ბერკეტის ფლობა დიდი ძალაა, რომელიც შიშს თესავს. გადინების პრობლემა მწვავდება. მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს. ბიძინა სხვანაირად არ დათმობს. შიში მან ყველაზე მეტად თავისივე გუნდში დათესა. ბიუჯეტიც საქართველოს დაპყრობის ბერკეტად გადაიქცა.

    თქვა ენმ-ს წევრმა, მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე.

  • ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა

    ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა. საუბარია ახალ წესებზე, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდება. მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრდანაა მოსალოდნელი. მანამდე, 17 ნოემბერს დაგეგმილია საკითხზე კენჭისყრა ზოგად საქმეთა საბჭოში.

    ამის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, 17 ნოემბერს ახალ წესებს ფორმალურად უყრიან კენჭს, ხოლო გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრის თვიდანაა მოსალოდნელი.

    “ამ დრომდე ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა, ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე.” – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

    საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზებს დაემატება:

    • ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს
    • ქვეყნის უვიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის ნაკლებობა

    ცნობილია, რომ მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას, რომელთა მოქალაქეები ამჟამად შენგენის ზონაში უვიზოდ, მოკლე ვადით მოგზაურობენ.

  • დაკავებისას ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გადამეტებას – ვახო ფიცხელაურის ადვოკატი

    “დაკავებისას ადგილი ჰქონდა, როგორც მინიმუმ, ფიზიკური ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას და, ასე ვთქვათ, ერთგვარ აგდებულ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და რომ თითქოს მას კონკრეტული პარტიის მოსვლა სურდა ხელისუფლებაში. ეს იყო ძირითადი საუბარი, საუბრები ყოველ შემთხვევაში, რაც შედგა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელსა და თავად ვახოს შორის, რასაც ასევე ვახო ადასტურებს. […]

    ძირითადად მუქარა მიმართული იყო მისი სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებასთან დაკავშირებით. იმუქრებოდნენ, რომ დააკავებდნენ სისხლის სამართლის წესით, რომ იგი გაიზიარებდა იმ პიროვნებების ბედს, რომლებიც იყვნენ დაკავებულები უშუალოდ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებასთან მიმართებაში. საუბარი არის პაატა ბურჭულაძეზე, მურთაზ ზოდელავაზე და სხვა პიროვნებებზე.”

    აცხადებს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ვახო ფიცხელაური ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე.

  • რეჟიმმა 15 უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა – “ნაციონალური მოძრაობა”

    „გუშინ საღამოს რუს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმმა 15 სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრი: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე.

    რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, რათა მათ საქართველოს რუსეთის მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა შეწყვიტონ.

    მათ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას, არასდროს შეეგუება კრიმინალთა ბანდის მიერ საქართველოს მისაკუთრებას.

    მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება! სოლიდარობა და თანადგომა რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს! დიდება საქართველოს!“,

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებიდან 4 პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

  • თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

    საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.შემდეგი პროცესი 20 ოქტომბერს 2 საათზე ჩაინიშნა.

    16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს. მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მზადაა თავდებში ჩაუდგეს პაატა მანჯგალაძეს, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე დააკავეს

    “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მზადაა თავდებში ჩაუდგეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე დააკავეს. ხვიჩია მოუწოდებს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან, მხარი დაუჭიროს ამ საკითხში.

    ”ჩემი აზრით, ყველა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ვინც მას იცნობს იცის, რომ პაატა მანჯგალაძე არაფერ შუაში არაა რევოლუციასთან და ტყუილად გაიშარა.
    ეს იმდენად აშკარა და ცხადი უსამართლობაა, რომ არ შეიძლება პაატა ამ სისულელის გამო სისხლის სამართლის წესით იჯდეს ციხეში.
    მე ვფიქრობ, რომ ის უნდა გამოუშვან დაუყონებლივ და შემიძლია პირადად ჩავუდგე თავდებში, როგორც ადამიანს და კოლეგას, რომელსაც ვიცნობ და მჯერა, რომ არანაირ რევოლუციას ის არ აწყობდა და აბსოლუტურად ტყუილად გაშარეს.
    ჩემს მეგობარს ლევან იოსელიანსაც მინდა ვთხოვო მხარდაჭერა ამ საქმეში, რადგან მჯერა რომ ისიც ჩემნაირად იცნობს პაატას და მასაც იგივენაირად აბსურდულად მიაჩნია მისი რევოლუციონერობა, როგორც მე.
    (შემეძლო პირადად მეთქვა ლევანისთვის ეს, მაგრამ საჯარო პროცესია და მინდა საჯაროდ დავიწყო ლაპარაკი ამაზე)
    ამ პოსტით მე არ ვამტკიცებ, რომ პაატას გარდა ყველა ვინც დაკავებულია დამნაშავეა, მაგრამ პაატას რევოლუციონერობა იმხელა აბსურდია, რომ ამაზე თვალის დახუჭვა ტეხავს იმ ხალხისაგან, ვინც მას ვიცნობთ”. – აცხადებს იაგო ხვიჩია.

  • მანჯგალაძის დაპატიმრება მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი შიშსა და რეპრესიებზე დგას – გიორგი ვაშაძე

    მანჯგალაძის დაპატიმრება მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი შიშსა და რეპრესიებზე დგას – გიორგი ვაშაძე

    დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს – არჩევნები არ შედგა და ეს ფაქტია, რომელსაც ვერავინ შეცვლის.

    4 ოქტომბერს ათასობით საქართველოს მოქალაქე კვლავ გამოვიდა ქუჩაში. ეს იყო მძლავრი დემონსტრაცია იმისა, რომ ქართველი ხალხი არ ნებდება. ამ დღემ კიდევ ერთხელ დააბრუნა ჩვენი პროტესტი საერთაშორისო დღის წესრიგში და მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ბრძოლა გრძელდება.

    მინდა განსაკუთრებული სოლიდარობა გამოვხატო ახალი პოლიტპატიმრების მიმართ.

    ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო, პატიოსანი, სამშობლოს მოყვარული, ეროვნული მოძრაობის აქტიურ მონაწილეთა ოჯახში გაზრდილი ადამიანი – დღეს რეჟიმის უსამართლო ტყვეობაშია.

    მისი დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი მხოლოდ შიშსა და რეპრესიებზე დგას.

    მაგრამ მათ დააგვიანდათ, ვეღარაფერი შეაჩერებს ქართველი ხალხის მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ ბრძოლას.

    ეს ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ საქართველოს გამარჯვებით!

    წერს “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმრო დაწესებულებიდან.