Category: სლაიდერი

  • ბაჩო ახალაია ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს – შსს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

    შსს-ში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელი საქმის გამო დაიბარეს ახალაია.

    ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

  • ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა აზრად არავის მოგვივიდოდა..მსხვერპლი დამნაშავე, მოძალადე კი მოწმეა – ზვიად რატიანის დასკვნითი სიტყვა

    ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა აზრად არავის მოგვივიდოდა..მსხვერპლი დამნაშავე, მოძალადე კი მოწმეა – ზვიად რატიანის დასკვნითი სიტყვა

    “ყველას დიდი მადლობა, რომ პროცესებზე დადიოდით. გამხნევება მნიშვნელოვანი იყო. განაჩენი ის არ იქნება, რაც თქვენ გაგახარებთ, ამიტომ გთხოვთ, დარბაზში მშვიდად და წყნარად შეხვდით. ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა აზრად არავის მოგვივიდოდა. სამოქალაქო აბსურდია ქვეყანაში, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა შექმნა – როცა მსხვერპლი დამნაშავე, მოძალადე კი მოწმეა.
    ჩემი სილა სიმბოლური იყო. ეს რომ პირად მოტივებზე დაფუძნებული ყოფილიყო, ან უბრალოდ გულის მოფხანა, შემეძლო, ისეთი ადგილი მომეძებნა, სადაც ვიფიქრებდი, რომ კამერები არ იქნებოდა.
    ამ მხარეს ვინც ვართ, პირადისთვის არ ვიბრძვით, ეგ მეორე მხარეა. ჩემ მიერ გაწნულ სილას არც საამაყოდ ვთვლი და არც დანაშაულად, მხოლოდ იმ დათქმით, რომ აბსურდში ვართ. მზია ამაღლობელი, ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და ღირსეული ადამიანი, დაამცირეს, ღირსება შეულახეს. ნინო დათაშვილი მანდატურებმა მუჯლუგუნებით ათრიეს, დაამცირეს და როცა გაბრაზებულმა ამაზე პასუხი გასცა, დააპატიმრეს.
    სირცხვილია.
    ტკივილზე რომ ამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება, პოლიციელს მართლა ეტკინა, მაგრამ ტკივილის მიყენება რომ მდომოდა, სხვანაირად მივაყენებდი. თუმცა, ეს იყო სიმბოლური კადრი და ეს კადრშივე გავაკეთე. დავუშვათ, მართლა ეტკინა, ამ პარადიგმაში, როგორიც ქართველი პოლიციელის ლოყაა, ამაში როგორ უნდა ვიცხოვროთ? მოსამართლეს: ეს ბრძოლა, რომელშიც მე ვარ, თქვენი შვილებისთვისაც არის”

    ამის შესახებ, პოეტმა ზვიად რატიანმა სასამართლოზე, დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

    მოსამართლემ ზვიად რატიანს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოიტანა.

    პოეტი ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს. რატიანს ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინეს. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • არც საამაყოდ ვთვლი ჩემ მიერ გაწნულ სილას და არც დანაშაულად – ზვიად რატიანს 2 წელი მიუსაჯეს

    „მაწუხებდა სინდისი – რომ მეძინა საწოლში, ჩემს არასაჭირო ტექსტებზე ვმუშაობდი, საყვარელი ქალის მზრუნველობით გარემოცული. არა იმიტომ რომ ვინმეზე მეტი ვარ… არც საამაყოდ ვთვლი ჩემ მიერ გაწნულ სილას, არც სათაკილოდ, არც დანაშაულად. (სილას ქართულმა ზმნამ მოარგო შესაბამისი სიტყვა – გაწვნა. სილის გარტყმა უგემოვნო ქართულია – ეს გადახვევისთვის).
    მზია ამაღლობელი – მებრძოლი, პრინციპული, დამსახურებული ადამიანი – შეურაცხყვეს, დაამცირეს, და ამის შემდეგ მან ღირსება შელახულმა სილა გააწნა მოძალადეს, ამის შემდეგ ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ ქალის რიტუალურ მკვლელობას…
    ნინო დათაშვილი – აი ამ ბიჭების კოლეგებმა, ან ამათვე, არ ვიცი, ვერ ვცნობ, ათრიეს, დაამცირეს, და მას შემდეგ რაც მან თავის დაცვა სცადა დააპატიმრეს, ფსიქიატრიულში გადაყვანა მოუნდომეს…
    მზია ამაღლობელზე წერილის დაწერა მთხოვა „ბათუმელებმა”, დავწერე, ჩავეტიე დროში, კმაყოფილი ვიყავი. აივანზე გავედი და უეცრად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, რომ მე კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ტექსტი დავწერე, რომ მერე ავდგებოდი და „ვაჟკაცურად” გავიდოდი რუსთაველზე. და ეს იქნებოდა ჩემი მაქსიმუმი…“,

     

    ამის შესახებ, პოეტმა, ზვიად რატიანმა, სასამართლო დარბაზში საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განახადა.

  • სუს-მა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე დააკავა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა,  სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გია ქემოკლიძე დააკავა. როგორც უწყებამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი ქემოკლიძის დაკავება საპატიმროში გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

    .ქ-მ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული 2 პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს.ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად, .ქ.-მ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე, გიორგი ბაჩიაშვილმა წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ-სთან ურთიერთობა, რასაც მოჰყვა მათ შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირება.აღნიშნული ინციდენტის შემდგომ, როგორც დაგეგმილი იყო, ეს ამბავი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა ისე, თითქოს პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს, რაც თავის მხრივ პირველ რიგში გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებში შედიოდა და წარმოადგენდა გ.ქ-სთან ერთად დაგეგმილი ინსცენირების პირველად მიზანს.საბოლოოდ – მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის დაზარალებულის წინააღმდეგ, ასევე იგივე მიმართულებით სტრასბურგის სასამართლოში. ინფორმაციიდან გამომდინარე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეთანხმების საფუძველი, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ყოფილიყო კორუფციული გარიგება, რის გამოც საქმე იუსტიციის სამინისტროდან გამოსაძიებლად სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს გადმოგვეცა”, – თქვეს სუს-ში.

    ცნობისთვის, საუბარია გიორგი ქემოკლიძეზე, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ციხეში მომხდარი ინიციდენტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მან თანამდებობა დავით გოგოიბერიშვილთან ერთად დატოვა, რომლის გარდაცვალების შესახებაც გუშინ გახდა ცნობილი  გამოძიება კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

  • 8 თვეში თანამდებობის პირებმა 12 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს – TI

    ”8 თვეში თანამდებობის პირებმა 12 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს ”- ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI)  მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნთქვამი.

    • 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 198-მა თანამდებობის პირმა აღნიშნა ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრის მიღება, ჯამში, 12 მლნ ლარის ოდენობით. აქედან 30-მა თანამდებობის პირმა 1.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქარი 2024 წელსაც დაადეკლარირეს.
    • ნაღდი ფულის სახით 6.6 მლნ ლარი მიიღეს. საჩუქრად მიიღეს ასევე 76 უძრავი ქონება, 11 ავტომობილი და 4 იარაღი.
    • საჩუქრების 61% (7.5 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს.
    • მაღალი თანამდებობის პირებიდან 100,000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა ილია ინჯიამ და გურამ მაჭარაშვილმა
    • ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები – 1.5 მლნ ლარის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. შსს-ს თანამშრომლებმა და მოსამართლეებმა კი 1.3-1.3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა, რომლებმაც დეკლარაცია 2025 წლის იანვარ-აგვისტოში შეავსეს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა, თუ რა საჩუქრები მიიღეს 2024 წელს.

    უკანონო გამდიდრების პრევენციის მიზნით, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. მათ ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ან რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება.

    შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. ეს გამონაკლისი ლოგიკურია, თუმცა, ამავე დროს, არსებობს საფრთხე, რომ სათანადო ზედამხედველობის არ არსებობის შემთხვევაში, გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ, ანუ კანონის დარღვევით მიღებული შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის.

    აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურე მსხვილ საჩუქარს (დიდი ოდენობით თანხა ან მაღალი ღირებულების ნივთები, მომსახურება) ადეკლარირებს, ანტიკორუფციულმა ბიურომ შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობას.

    2025 წლის იანვარ-აგვისტოში თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 5000-მდე საჯარო მოხელემ შეავსო. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციებში 2024 წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრებია მითითებული, საიდანაც საიდანაც ირკვევა, რომ 198-მა თანამდებობის პირმა 2024 წელს 12 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღეს.

    198 თანამდებობის პირიდან 30 არის ისეთი, რომლებმაც საჩუქრის მიღება 2024 წლის დეკლარაციაშიც აღნიშნეს. აღნიშნულმა პირებმა 2023-2024 წლებში ჯამში 3.7 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს.

    ცხრილი 1. თანამდებობის პირების მიერ 2025 წლის იანვარ-აგვისტოში დეკლარირებული საჩუქრების ჯამური მონაცემები

    საჩუქრის სახეობა

    საჩუქრის რაოდენობა

    ჯამური ღირებულება, ლარი

    თანხა

    127

    6,631,234

    უძრავი ქონება

    76

    5,007,839

    ავტომობილი

    11

    388,930

    სამკაული

    13

    65,745

    იარაღი

    4

    28,850

    სხვა

    7

    45,177

    ინფორმაციის წყარო: თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციები

    თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად ნაღდი ფულის სახით იღებენ. 2024 წელს 127-მა პირმა ჯამურად 6.6 მლნ ლარამდე მიიღო, რაც ერთ პირზე საშუალოდ 52 ათასი ლარია. თუმცა, საჩუქრად მიღებული თანხები განსხვავებულია და ამ სიიდან 20 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა აქვს მიღბული. ასევე, თანამდებობის პირებმა 76 ერთეული უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად, საიდანაც 33 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 43 მიწის ნაკვეთი. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 11 ავტომობილი და 4 იარაღი.

    ნაღდი ფულის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროში გაიცემა. 2024 წელს მიღებული 12 მლნ ლარის საჩუქრებიდან, 4.6 მლნ ლარი დოლარში იყო, ხოლო 200 ათასი ევროში.

    ჯამური ღირებულების მიხედვით, თანამდებობის პირებმა საჩუქრების 61% (7.5 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს. 1.8 მლნ ლარის საჩუქრები შვილებისგან  მიიღეს. ჯამურად 1 მლნ ლარი დამ ან ძმამ აჩუქათ, 621 ათასი კი ნათესავებმა.

    ინფორმაციის წყარო: თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციები

    საჩუქრები 66 სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს, 19-მა თანამშრომელმა ჯამში 1.5 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო. შემდეგ მოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლებმაც ჯამში 1.3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს. მოსამართლეებმაც 1.3 მლნ ლარამდე ღირებულების საჩუქრები მიიღეს.

    ცხრილი 2. უწყებები, რომელთა თანამშრომლებმა ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქრები დაადეკლარირეს

    უწყებები

    ჯამური ღირებულება, ლარი

    საჩუქრის მიმღებთა რაოდენობა

    თავდაცვის სამინისტრო

    1,450,145

    19

    შინაგან საქმეთა სამინისტრო

    1,265,369

    20

    სასამართლო (მოსამართლეები)

    1,259,450

    18

    განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

    1,102,804

    11

    პარლამენტი (წევრები)

    854,517

    9

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი

    468,830

    2

    თბილისის მერია და საკრებულო

    596,335

    9

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

    318,333

    6

    საბურთალოს რაიონის გამგეობა

    313,250

    2

    იუსტიციის სამინისტრო

    286,400

    7

    ინფორმაციის წყარო: თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციები

    როგორც ავღნიშნეთ, 30-მა თანამდებობის პირმა საჩუქრები 2023 წელსაც მიიღეს. მათ შორის, ჯამში ყველაზე მეტის – 778 ათალი ლარის საჩუქრები პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით ზილფიმიანმა მიიღო. შემდეგ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბუბა ლომუაშვილი მოდის, რომელმაც 280 ათასი ლარის საჩუქრები მიიღო. კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ 188 ათასი ლარის საჩუქრები მიიღო 2023-2024 წლებში.

    2024 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს:

    • უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ – 150,000 დოლარი მშობლისგან
    • საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ – 44,500 დოლარი შვილისგან
    • პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ – 61,500 დოლარი მშობლისგან
    • პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილის მეუღლემ – 43,000 დოლარი შვილისგან

    10 თანამდებობის პირი, რომელმაც 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:

    გიორგი კუჭუხიძე

    (განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი)

    გიორგი კუჭუხიძემ 528,142 ლარი მიიღო საჩუქრად მამისგან.

    გიორგი ღიბრაძე

    (ეროვნული უსაფრთხოების აპარატის უფროსის მოადგილე (ყოფილი))

    გიორგი ღიბრაძის მეუღლემ თამარ ბიწაძემ 170,000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მიიღო საჩუქრად დედისგან.

    მამუკა ვასაძე

    (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე)

    მამუკა ვასაძემ 150,000 დოლარი მიიღო საჩუქრად დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, მამუკა ვასაძემ 406,500 ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო.

    ირაკლი შენგელია

    (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე)

    ირაკლი შენგელიას მეუღლემ ლანა თევზაძემ 150,000 დოლარი მიიღო საჩუქრად ირაკლი შენგელიასგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ბინის გასხვისებით მიღებული თანხა აჩუქა მეუღლეს. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 406,500 ლარია.

    ირაკლი შენგელია აშშ-ს მიერ არის სანქცირებული.

    ნინო ბაგაშვილი

    (სსიპ „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსი)

    ნინო ბაგაშვილმა 130,000 დოლარი მიიღო საჩუქრად მშობლისგან. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 352,300 ლარია.

    იოსებ ჭელიძე

    (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 2025 წლის ივნისამდე)

    იოსებ ჭელიძემ 123,000 დოლარის ჯამური ღირებულების სამი უძრავი ქონება მიიღო მამისგან საჩუქრად. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 333,300 ლარია. იოსებ ჭელიძე სანქცირებულია ესტონეთის, ლიუტუვას და ლატვიის მიერ.

    ლევან წიტაიშვილი

    (სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე)

    ლევან წიტაიშვილმა 78,500 დოლარის ჯამური ღირებულების ერთი საცხოვრებელი სახლი და სამი მიწის ნაკვეთი მიიღო მამისგან საჩუქრად. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 317,000 ლარია.

    ელგუჯა უნდილაშვილი

    (დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე)

    ელგუჯა უნდილაშვილის შვილმა ნიკა უნდილაშვილმა 300,000 ლარის ღირებულების ბინა მიიღო მამისგან საჩუქრად. კანონის თანახმად, ოჯახის წევრებს შორის გადაცემული საჩუქარიც უნდა დადეკლარირდეს.

    დავით ონოფრიშვილი

    (სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ უფროსი)

    დავით ონოფრიშვილმა და მისმა შვილმა 248,000 ლარის ჯამური ღირებულების 5 უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად. საჩუქრების გამცემები და, დედა და შვილი არიან.

    კახაბერ ესებუა

    (თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველოს უფროსის მოადგილე)

    კახაბერ ესებუამ 247,199 ლარი მიიღო საჩუქრად დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო.

  • ”ოცნების” გამარჯვება ადასტურებს მათ სანდოობას – ლუკაშენკო

    “ქართული ოცნების კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვება ადასტურებს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტისადმი მათ შესაბამისობას, სანდოობასა და პროფესიონალიზმს. ასევე მეტყველებს თქვენს მიერ აღებული ქვეყნის განვითარების სუვერენული კურსის ფართო მხარდაჭერაზე და საზოგადოების კონსოლიდაციაზე.[…]ვვარაუდობ, რომ ხალხის რჩეულები ბელარუსულ-ქართული ურთიერთობების კავშირების გაფართოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, ხელს შეუწყობენ ახალი სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციას”.

    ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

  • ”მიმიღეს ნამდვილი ძმური სიყვარულით – როგორც მათი ძმა და მათიანი” – ირაკლი ნადირაძე სინდისის პატიმრებთან შეასახლეს

    ”გუშინ დამაბინავეს გლდანის ციხეში, 38-ე საკანში – სინდისის პატიმრებთან – ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რეზო კიკნაძესთან და მინდია შერვაშიძესთან ერთად. მიმიღეს ნამდვილი ძმური სიყვარულით – როგორც მათი ძმა და მათიანი, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბიჭებს თავდადებისთვის და მათ მშობლებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. აქვე მინდა მოვიკითხო ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. მიუხედავად 4 ოქტომბრის დღის იმედგაცრუებისა, მტკიცედ მჯერა, რომ ეს ბრძოლა, ეს თავგანწირვა, ეს ანთებული მუხტი აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე!!!

    აქვე მადლობა ყველა ჩემს თანამებრძოლს, ვინც იბრძოლა და იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ლევან სანიკიძეს, ირაკლი ფავლენიშვილს, ლაშა ფარულავას, ვასო ურუშაძეს და ყველას, ყველას ვინც ბოლომდე იდგა იმ დღეს თავისუფალი დემონსტრანტების, მათ შორის ჩემს გვერდით, ამიტომ ჩემი ძალიან დიდი სურვილია ყველა ერთად, რაც შეიძლება სწრაფად ვკონცენტრირდეთ რუსული ოლიგარქიული რეჟიმის სწრაფად დამთავრებაზე. 

    მჯერა, რომ სწორედ ეს ბიჭები, ჩემი მეგობრები ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად იქნებიან ამ ბრძოლის ავანგარდში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ასობით ათას გულანთებულ, პატრიოტ ადამიანს, რომლებიც არ ნებდებიან და ბოლომდე იბრძვიან. მათ ბრძოლას მნიშვნელოვნად აძლიერებენ ის ჟურნალისტები და მედია საშუალებები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებენ პროტესტს და ააშკარავებენ რეჟიმის დანაშაულებრივ ბუნებას. 

    ძალა ერთობაშია! ყველაფერი კარგად იქნება! ცეცხლი ოლიგარქიას! მე ამ ბრძოლაში ვიქნები ბოლომდე – ციხეშიც და თავისუფლებაზეც,” 

    წერს საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, 4 ოქტომბერს დაკავებული პოლიტიკოსი, ირაკლი ნადირაძე.

  • მოდი მკაფიოდ ვთქვათ! საქართველოს დემოკრატიას ძირს არა აშშ, არამედ ქართული ოცნება უთხრის – შაჰინი და რიში

    ”მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს დემოკრატიასა და მათ შესაძლებლობას, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, ძირს ქართული ოცნება უთხრის და არა – აშშ.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი ავრცელებენ.

    “ჩვენ სულ უფრო მეტად გვაშფოთებს საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარება და ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის შემაშფოთებელი ქმედებები. პრემიერმინისტრი კობახიძის გადაწყვეტილება, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და დააპატიმროს მათი ლიდერები, არის აღმაშფოთებელი და, არადემოკრატიული და კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა, რომ ქართულ ოცნებას საერთოდ არ აინტერესებს ნორმალიზებული პოლიტიკური დიალოგის გზა.

    პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინება, განსაკუთრებით მათი, ვინც აშშ-ის მთავრობასთან ერთად მუშაობდა და ჩვენი კომიტეტის წინაშე ჩვენება მისცა, განსხვავებული აზრის გაჩუმების მცდელობაა იმ ქვეყანაში, რომელსაც ძალაუფლების წინაშე სიმართლის თქმის საამაყო ისტორია აქვს.

    ასევე მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მიზანში ამოიღო აშშ-ის მთავრობის ყოფილი თანამშრომლები უსაფუძვლო ბრალდებებით, რომ თითქოს ისინი ძირს უთხრიან საქართველოს მთავრობას.
    მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს დემოკრატიასა და მათ შესაძლებლობას, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, ძირს ქართული ოცნება უთხრის და არა – აშშ.

    მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს ელჩის დაბარებაზე, რათა განხილულიყო მოვლენების ასეთი შემაწუხებელი განვითარება და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები ორმხრივ ურთიერთობაში ნებისმიერი სახის ცვლილების განხორციელებამდე. ვუცხადებთ ჩვენს მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას ქართველ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ თავიანთი თვითგამორკვევის უფლება მოითხოვონ”- ნათქვამია განცხადებაში.

  • რეჟიმთან “შპარგალკით” ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი ხალხია – ხაბეიშვილი

    “71 წლის მსოფლიო ბანმა, მსოფლიო მოქალაქემ – პაატა ბურჭულაძემ უარი თქვა კომფორტზე, ფუფუნებაზე, მშვიდ ცხოვრებაზე და აირჩია თავგანწირული ბრძოლა. პირადი მაგალითით, პასუხისმგებლობით, საქართველოს სიყვარულისთვის აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მინიმუმ სამარცხვინოდ და უსინდისობად მიმაჩნია ვინც მას განსჯის, აქილიკებს, სტრატეგიას, ბრძოლის მეთოდს, შინაარსს, ტაქტიკას უწუნებს. ყველაფრის მცოდნენი განიხილავენ კაცს, რომელმაც ირწმუნა ქართველი ხალხის გამარჯვება და თუ ეს დროებით, ამ ეტაპზე არ გამოუვიდა, არავის არ აქვს მორალური უფლება, გააკრიტიკოს დატყვევებული ადამიანი.

    ირაკლი ნადირაძე ჩემი ძმადნაფიცია. დედამიწაზე მასზე კეთილშობილი, ნიჭიერი, ვაჟკაცი იშვიათად მინახავს. მავანთათვის, ერთადერთი მისი დანაშაული სამშობლოს უანგარო სიყვარულია და კიდევ ის, რომ 4 შვილის მამამ ბრძოლის ველიდან გაქცევას ბრძოლა არჩია საკუთარი თავისუფლების ფასად.

    მურთაზ ზოდელავას დაკავებამდე ბოლო ჩართვები ვნახე ტელევიზიით. რეალურად, ახლიდან გავიცანი ამ ადამიანის მენტალობა, სიმამაცე და შეუპოვრობა. პაატა მანჯგალაძე – საქმიანი, ნიჭიერი, პასუხისმგებლიანი, საქართველოს პატრიოტი მოქალაქეა. სასამართლო სხდომაზე, ლაშა ბერიძის სიტყვაც ზედმიწევნით პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის განცხადება იყო. ასევე, სოლიდარობა ყველას, ვინც, საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება.

    საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ. უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება.

    რაც შეეხება რუსულ სპეცოპერაციას – „არჩევნებს“. ფაქტები მეტყველებს, რომ გახარიას პარტიამ 2024 წელს 65-70%-ით მეტი ხმა მიიღო ვიდრე ახლა ანუ 65-70%-მა და უშუალოდ მისმა ამომრჩეველმა უთხრა უარი ნდობაზე, რის გამოც 110 000 „ხმით“ ნაკლები მიიღო. თითქმის იგივე დაემართა პარტია „ლელოს“, რომელსაც მისი ამომრჩევლების 50% გაემიჯნა და 100 000 ხმით ნაკლები „ხმა“ მიიღო. ეს უტყუარი მტკიცებულებები დადასტურებაა იმისა, რომ არა თუ სხვასთან, არამედ საკუთარ ამომრჩევლებთანაც კი შეცდნენ. 2-5%-იანი პარტიები 70%-ის დოზით ნუ არიგებენ ჭკუას საზოგადოებას, რომელიც როგორც აღმოჩნდა მათი არსებობით არ ინტერესდება. გამოსავალი მათაც აქვთ – გამოვიდნენ პარტიული ილუზიიდან და მხარში დაუდგნენ, მხარი დაუჭირონ ხალხს.

    ყველაზე მეტად ვდარდობ, რომ აბსოლუტურ იზოლაციაში მყოფმა, ვერ შევძელი დავხმარებოდი საქართველოს მოქალაქეებს. ფაქტია და უტყუარია ისიც, რომ 4 ოქტომბერს 100 000-ობით ადამიანმა დაინახა ერთმანეთი 300 დღის შემდეგ. თურმე კი არ გამქრალა ან ჩამქრალა პროტესტი, არამედ, ხალხის გულებში ისევ მკვეთრად სცემს თავისუფლების პატრიოტული სულისკვეთება. ამასობაში, კიდევ ერთი მკვლელობა! თან საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილთან, მის ფულთან, მდინარაძესთან და მის სუს-თან. რიჟვაძის სავარაუდო მკვლელობის მცდელობა, ერთი კვირის წინ, საეჭვოდ მოკლული ან თავმოკლული სუსის თანამშრომელი აჭარაში და ავტოფარეხში ნაპოვნი მიცვალებული – გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, ბაჩიაშვილის საქმის სკანდალიდან. როდემდე ვიცხოვროთ მკვლელობიდან მკვლელობამდე, სისხლიდან სისხლამდე. დღევანდელი რეჟიმის პირობებში, ამ სავარაუდო მკვლელობების/თვითმკვლელობების საქმეებზე სიმართლეს ვერ გავიგებთ. ძალა ერთობაშია. ძალა ხალხშია. ღმერთმა დალოცოს საქართველო”

    წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

  • შსს-ს თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ადამიანი დააკავეს – ჯამში 35

    4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    “მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირი შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის არიან როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

    გამოძიება სსკ-ს 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს” – განაცხადა დარახველიძემ.