Category: სლაიდერი

  • აშშ-ს სენატორები პრეზიდენტს სთხოვენ, არ განიხილოს უკრაინის საკითხი უკრაინის გარეშე და ეს საქართველოზეც გავრცელდეს

    აშშ-ს სენატორები პრეზიდენტს სთხოვენ, არ განიხილოს უკრაინის საკითხი უკრაინის გარეშე და ეს საქართველოზეც გავრცელდეს

    ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 10 იანვარს ღია წერილი გაუგზავნა, რომელიც თეთრ სახლს აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის, საქართველოს მტკიცედ დაცვას სთხოვს.

    სენატის ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრი 9 სენატორი პრეზიდენტ ბაიდენს სთხოვს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკაფიოდ გადასცეს ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მიმართ არსებობს.

    წერილში სენატორები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ და ასევე ზოგიერთი ძირითადი პრინციპის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. „შეერთებულ შტატები და მისი მოკავშირეები ერთგული რჩებიან იმ პრინციპის, რომ „არ იქნება გადაწყვეტილება ან განხილვა უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე“, რაც საქართველოზეც უნდა გავრცელდეს“, წერენ სენატორები.

    ორპარტიული ჯგუფი რუსეთის მიერ შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის დეკემბერში გაგზავნილ მოთხოვნებს გამოეხმაურა, რომლებსაც რუსეთი „უსაფრთხოების გარანტიებს“ უწოდებს. ჩამონათვალში, კრემლი ნატოსგან წერილობით გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არასოდეს გახდებიან. ამასთან, მოსკოვს სურს ნატომ სამხედრო აღჭურვილობა არ განალაგოს იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. სანატორებს ეს მოთხოვნები მიუღებლად მიაჩნიათ.

    „უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად, ეს მოთხოვნები რუსთის მცდელობაა ევროპაში გავლენის სფეროები ხელახლა შექმნას, სადაც კრემლს თავისუფლად შეეძლება ისეთი ქვეყნების იძულება და დაშინება, როგორიც უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთია“, რომლებიც მას [1997 წლის] შემდეგ ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები გახდნენ“.

    სენატორები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მოკავშირეებთან ახლო ჩართულობას იმისთვის, რომ გაკეთდეს კოორდინირებული და მკაფიო რეაგირება პუტინის მოქმედებებზე. „პუტინს ცხადად გააგებინეთ, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ მიიღებენ რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ დაუშვებენ [რუსეთის] უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგების გარეშე“, წერენ სენატორები.

    სხვა პრინციპები, რომელთა დაცვასაც ორპარტიული ჯგუფი პრეზიდენტს სთხოვს, არის ის, რომ რუსეთს არ აქვს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლება; ნატოს ღია კარის პოლიტიკა უნდა დარჩეს უცვლელი იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში წევრობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ; ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი უნდა გაძლიერდეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და შავი ზღვის რეგიონში სამხედრო დანაყოფების რაოდენობის გაზრდით; უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის სამიზნეები არიან, უნდა მიეწოდოს დამატებითი სამხედრო დახმარება რუსეთისთვის სამხედრო ოპერაციების წარმოების ფასის გასაზრდელად. ბოლოს კი სენატორები ბაიდენის ადმინისტრაციისგან პუტინისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ.

    წერილს ხელს სენატორები მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, ტომ ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაიკლ რუნდსი და ჯობ ბარასო აწერენ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • პუტინს გადასცდება NATO, “ოცნებას” – ქვეყნის ინტერესებთან თამაში! – ხოშტარია

    “ამერიკის ელჩი გამოდის და ძალა ერთობაშიაო, ჩვენ დავიცავთ დემოკრატიასო და ჩვენ ჯერ “სასამართლოს” მიერ ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებას ვისმენთ და კიდევ ხვალ ველოდებით, ბიძინა დაიჭერს თუ არა მორიგ პოლიტიკურ ოპონენტს. ცოტა ხნის წინ იგივე ელჩს ფაქტიურად თავს დაესხა კობახიძე.

    ამაზე ნათლად როგორ გვითხრას ამ მთავრობამ, რა არის მათი არჩევანი.

    როგორც პუტინს გადასცდება ნატო, ასე გადასცდება ქართულ ოცნებას ქვეყნის ინტერესებთან თამაში!”

    წერს პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია აშშ-ს ელჩის მიმართვაზე.

  • რას სთავაზობდა ხაზარაძეს ივანიშვილი – ლელოს ლიდერი დეტალებს იხსენებს

    პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, მასთან მივიდა ოლიგარქის ნდობით აღჭურვილი პირი და “მორიგება” შესთავაზა, რაც საპროცესო შეთანხმებას გულისხმობდა.

    ხაზარაძე აღნიშნავს, რომ პირს უარი მაშინვე უთხრა, რადგან თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

    “შემოგვთავაზა, მოდით, მორიგებით დავამთავროთ. წინადადება იყო, რომ ჩვენ რაღაც უნდა გვეღიარებინა და დაგვემთავრებინა ეს თემა. ეს რას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, უნდა თქვა, რომ დამნაშავე ხარ რაღაცაში. რა თქმა უნდა, იქვე ეთქვა უარი ამ პიროვნებას და დამთავრდა ამით. ამაშიც ჩანს დამოკიდებულება, რომ მთავარია მას ჰქონდეს კომპრომატი.

    ეს უნდა ყოფილიყო საპროცესო შეთანხმება, რომ გვეთქვა, რომ კი, რაღაც შეგვეშალა, რაზეც ვუთხარით უარი. ივანიშვილისგან იყო 100%-ით დარწმუნებული ვარ, რადგან ის ადამიანი არსებობს და ძალიან გავლენით სარგებლობდა და სარგებლობს ალბათ დღესაც. საპროცესო შეთანხმება არის მაშინ, როცა დამნაშავე ხარ და რაღაც გაქვს ასაღიარებელი, მაგრამ ჩვენ არანაირი მორიგება არ გვჭირდება”,– ამბობს მამუკა ხაზარაძე TV პირველის ეთერში.

    ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოცხადებს.

  • განაჩენს პარტიის ოფისში მოვისმენ და დავემორჩილები – ხაზარაძე

    ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ხვალ საქალაქო სასამართლოში არ მივა და მოსამართლის გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში მოისმენს.

    “სასამართლო სხდომა, დღეს, პრაქტიკულად დამთავრდა. ჩვენ ხვალ სასამართლოზე არ გამოვცხადდებით, მე ჩემს თანაგუნდელებთან, მეგობრებთან ერთად მოვისმენ ამ განაჩენს პარტიის ოფისში. არ მინდა სასამართლოს წინ უამრავი ხალხის შეკრება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ამას დავემორჩილებით”,– ამბობს ხაზარაძე TV პირველის ეთერში.

    მისივე განცხადებით, თუ ქვეყანაში იოტისოდენა სამართალი არსებობს, გამამტყუნებელ განაჩენს არ ელოდება.

    “მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლიან ქვეყანაში, ერთი ადამიანი მართავს ყველაფერს, არაფერს გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, დღეს უკვე მესიჯბოქსზე მუშაობენ, ხვალ რა უნდა ითქვას”,– აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

    ხაზარაძე-ჯაფარიძე წერეთლის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოცხადებს.

  • ორ თვეში ევროპის მოსახლეობის ნახევარი “ომიკრონით“ დაინფიცირდება– ჯანმო

    ორ თვეში ევროპის მოსახლეობის ნახევარი “ომიკრონით“ დაინფიცირდება– ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის მიმართულების დირექტორი, ჰანს კრუგე ამბობს, რომ ჯანმოს პროგნოზებით ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შემდგომი ექვსი–რვა კვირის განმავლობაში კორონავირუსის “ომიკრონის“ ვარიანტით დაინფიცირდება.

    2022 წლის პირველ კვირას ევროპაში კოვიდის 7 მილიონზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა. ბოლო ორ კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა.

    საფრანგეთში ორშაბათს ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა თითქმის 23 ათასამდე გაიზარდა. ეს 2021 წლის აპრილიდან ყველაზე დიდი ზრდაა.

    კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ პოლონეთში 100 ათას ადამიანს გადააჭარბა.

    შვედეთის მთავრობა დამატებით ზომებს იღებს, რათა კორონავირუსით დაინფიცირების ტემპის ზრდა შეაჩეროს და ჯანდაცვის სისტემა დამატებითი დატვირთვისგან დაიცვას. ბოლო კვირებში შვედეთში ომიკრონის სწრაფი გავრცელება აღინიშნებოდა, რამაც მთელი ქვეყანა მოიცვა. გასულ კვირას ინფიცირების შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა– 60 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ეს იმ დროს, როცა ტესტირების მაჩვენებლით შვედეთი ბევრ ევროპულ ქვეყანას ჩამორჩება.

  • სააკაშვილის კადრების გამო იუსტიციის სამინისტროს ჯარიმა სასამართლომ გააუქმა – ინსპექტორი

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ. ინსპექტორმა უწყება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროების გამო 3 დეკემბერს დააჯარიმა.

    “ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) გათვალისწინებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური ამავე მუხლით გათვალისწინებული ექვსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რისთვისაც მათ დაეკისრათ ჯარიმა და დაევალათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე გასაჯაროებული მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლა.

    საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსხურის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გაცემული დავალება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლის შესახებ არ შესრულებულა.

    საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსხურის საჩივრები დაეწერა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორ სხვადასხვა მოსამართლეს. ორივე მათგანის მიერ საქმეთა განხილვა დაინიშნა უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში, წინასაახალწლოდ. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 28 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა 3 სამუშაო დღით ადრე, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 29 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა წინა დღეს”,– აცხადებს ინსპექტორი.

    მათივე ცნობით, მასალების წარსადგენად და სხდომებისთვის მოსამზადებლად განესაზღვრათ არაგონივრულად მცირე ვადა, მაშინ, როდესაც საქმის მასალები 534 გვერდია და ერთვის არაერთი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი. თუმცა სამსახურმა მასალები განსაზღვრულ ვადაში სრული მოცულობით წარუდგინა სასამართლოს და უზრუნველყო სხდომებზე სამსახურის წარმომადგენლობა.

    “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზემოაღნიშნული ორივე საქმის განმხილველ მოსამართლესთან იშუამდგომლა საქმეთა გაერთიანებაზე, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროების ერთსადაიმავე ეპიზოდზე და მათ მიერ მონაცემთა დამუშავების შემთხვევები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. არცერთმა მოსამართლემ სამსახურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    მას შემდეგ, რაც სამსახურს სასამართლოს მიერ გადმოეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილება, სადაც მითითებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმების კონკრეტული მიზეზები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

    იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება 2022 წლის 01 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), რათა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა.

    რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარს, რომელიც შეეხება მის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, მისი განხილვა დანიშნულია 2021 წლის 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში”,– აცხადებს ინსპექტორის სამსახური.

  • “ხვალინდელი განაჩენის ფასია მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი“–ხუხაშვილი ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმეზე

    ექსპერტი გია ხუხაშვილი ხაზარაძე–ჯაფარიძე–წერეთლის საქმესთან დაკავშრებით თვლის, რომ სასამართლოს მიერ მათი გამართლების შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს იმის მტკიცება, რომ ანაკლიის პროექტი ხაზარაძე–ჯაფარიძის უკანონო დევნის გამო არ ჩაშლილა. ამ საქმეზე განაჩენი სასამართლომ ხვალ უნდა გამოაცხადოს. “ლელოს“ ლიდერებს პროკურატურა ფულის გათეთრების ბრალდებით ედავება:

    “ხვალინდელი განაჩენის ფასია მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი.
    ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავაში უნდა ამტკიცოს, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა განაპირობა საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობამ და არა ოპერატორის მიმართ უკანონო დევნის გამო პოტენციური ინვესტორების დაფრთხობამ.

    გამამართლებელი განაჩენი ირიბად ადასტურებს უკანონო დევნას და არბიტრაჟს ხელისუფლება წააგებს. ფასი – 1,5 მილიარდი დოლარი.

    გამამტყუნებელი კი ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ და მაღალი ალბათობით ვერც არბიტრაჟს გადაარჩენს.

    ფასი – ბნელი მომავალი + სავარაუდო 1,5 მილიარდი დოლარი.
    ასეთ ჩიხში შეიყვანეს თავი და რაც მთავარია, ქვეყანა…“ – ამბობს გია ხუხაშვილი.

  • არ ვაპირებთ საქართველოს შესახებ მოლაპარაკებას საქართველოს გარეშე – დეგნანი

    “ამ კვირის განმავლობაში მსოფლიო აკვირდება მთელ რიგ მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებს, რომელთა მიზანია რუსეთის ბოლოდროინდელ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე და ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებზე რეაგირება.

    ჩვენ უკვე ვნახეთ დიდი რაოდენობით რუსული დეზინფორმაცია და მე მინდა მკაფიო აზრი გამოვთქვა რამდენიმე ძირითად საკითხზე:

    – ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე.

    – ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე”.

    – ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია.

    – ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად, გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია.

    – ჩვენ, ასევე, მტკიცედ ვართ ერთგული ბუქარესტის დეკლარაციის განცხადების მიმართ: საქართველო და სხვა პარტნიორები გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც გაწევრიანების პირობები დააკმაყოფილდება.

    რატომ არის მაღალი დონის დიპლომატია აუცილებელი? რადგან კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთს უნდა მიეცეს უფლება, დაამყაროს გავლენის ექსკლუზიური სფერო მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. პრეზიდენტ პუტინის მიზანია, ხელი შუშალოს ამ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, იმოქმედონ, როგორც სრულად სუვერენულმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში.

    სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა ამ კვირის მაღალი დონის დიპლომატია ჟენევაში რუს კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. ამას მოჰყვება შეხვედრები ნატოში, ბრიუსელი და ეუთოში, ვენა. ეს შეხვედრები უაღრესად აქტუალურია საქართველოსთვის და ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, ისევე, როგორც სხვა პარტნიორებსა და მოკავშირეებთან. როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მოთხოვნები მიუღებელია. ეს არის მცდელობა, უარი უთხრან ცივი ომის შემდგომ 30-წლიან მშვიდობას, სტაბილურობასა და პროგრესს, ხელახლა შექმნან საბჭოთა ბატონობა და კონტროლი მეზობლებზე.

    ქართველები რუსეთს ძალიან კარგად იცნობენ. თქვენ იცით, როგორ ატრიალებს კრემლი სიმართლეს და ამახინჯებს ისტორიას, ცდილობს რა ხალხის დაბნევასა და გაყოფას. რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც 1921 წელს დაანგრია საქართველოს რესპუბლიკა, შეურაცხყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები და სცადა ქართული ენის ჩახშობა. ქართველებმა იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, რათა, როგორც ძლიერ დემოკრატიას, შეგძლებოდათ თქვენი მომავლის არჩევა. ამ არჩევანის მხარდაჭერით შეერთებული შტატები ძალიან ამაყობს.

    თქვენ ყოველდღიურად განიცდით რუსულ აგრესიას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის და დეზინფორმაციის მუდმივი შემოტევის სახით. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, დაყოს შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის საქართველო. ეს კი, უბრალოდ, ბოლოდროინდელი მცდელობაა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

    შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ძალიან ბევრი იშრომა და დიდი მსხვერპლი გაიღო ამ 80-წლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ ნატოსა და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის წყალობით. საქართველო იყო და არის ძლიერი პარტნიორი ამ ძალისხმევაში და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან კონსულტაციებს ამ გზის ყოველ ნაბიჯზე.

    მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: კრემლს სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა შიშის, ჩაგვრისა და დეზინფორმაციისა. ეს არ არის ის ღირებულებები, რაზეც საქართველო და შეერთებული შტატები დგას. შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ეს რეალობად იქცეს. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთს კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დეესკალაციის მიზნით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ ევროპული უსაფრთხოება, სუვერენიტეტი თუ თავისუფლება. საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: „ძალა ერთობაშია!“

    აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

  • ზამთარმა არ უნდა შეგვაჩეროს, ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს – სააკაშვილი

    “წინასაარჩევნოდ, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა ტრაქტორებით გადათხარეს. მას შემდეგ, ადგილზე არც ტრაქტორები გამოჩენილა, არც მუშები, ბიუჯეტიდან კი მილიონობით ლარი გაქრა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს დაცინვა ხალხთან ერთად გააპროტესტა. მთავრობამ კი, იმის მაგივრად, რომ დაინტერესებულიყო, რატომ არ გაკეთდა გზა და სად გაქრა ფული, დაიჭირა აქტივისტები. თანამდებობის პირებს აქვთ საკმარისი უფასო საწვავი და ოზურგეთში შემოვლითი გზით დადიან. მათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. სწორედ ასეთი აქციებით უნდა დავუდგეთ წინ უსამართლობას.

    მინდა მივმართო “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ჯგუფებს, ზოგადად აქტივისტებს სხვადასხვა აფილაციით. ყველგან არის ასეთი უსამართლობა. მე რომ გარეთ ვიყო ყველგან მივიდოდი, თუმცა ახლა ჩემს მაგივრად, პარტიის ლიდერები მზად არიან, ყველგან ჩამოვიდნენ, მაგრამ თქვენ, ვინც ხართ ადგილზე, ყოველდღე უნდა იყოთ გარეთ, სიცივემ და ზამთარმა ჩვენ არ უნდა შეგვაჩეროს. ყველგან დავაყენოთ საკითხები უსამართლობის წინააღმდეგ.

    ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს, ძლიერდებოდეს გადამწყვეტი დარტყმებისთვის. კორუფციასა და ოლიგარქატზე სწორედ ასეთი აქციებით გავიმარჯვებთ.

    მეორე მხრივ, მუდმივად უნდა ვამუნათებდეთ ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებს. ზუსტად ვიცი, რომ მათ ნაწილს მაინც არ მოსწონს გულში ეს ყველაფერი და თუ ღიად ვერ ამბობენ, რაღაც სხვა ფორმით მაინც უნდა შეუშალონ ხელი უსამართლობას.
    რაც შეეხება უსამართლობას, ყველგან ჭამენ ჩვენს ფულს – სადღაც სკოლა არ დაამთავრეს, სადღაც გზა, სადღაც ბაღი და ყველგან ფულია მოპარული. არაფერი არ უნდა გავატაროთ, ყველაფერზე უნდა ამოვიღოთ ხმა. რა არის რეჟიმის ტაქტიკა – დაგვყოს, დაგვაქუცმაცოს, დაგვაშინოს, დაგვაბნიოს… აქტივისტები გამოხშიროს, პროვოკაციაზე წამოაგოს.

    ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა მიმართულებით ორგანიზებულად, მშვიდობიანად, შემტევად. ასე მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებში რეჟიმისა და ჩვენი რეალობის ცვლილებას!”

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • ვწუხვარ ამ განცხადების გამო, არ ვიცი, რამ წამოაცდენინა – კორძაია ნათელაშვილზე

    ოპოზიციის წევრი თამარ კორძაია ეხმიანება ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას, რომ ვინც ხმის სანაცვლოდ “კიტრს აიღებს, იმის ამომრჩევლობა არ შეიძლება”. მან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შესთავაზა, ერთი არჩევნები “დაისვენონ” და მომავალი ხელისუფლება მათ აირჩიონ, ვისაც “არ უნდა საკუთარი ნამუსისა და ხმის გაყიდვა”.

    კორძაიას თქმით, შალვა ნათელაშვილის ამ განცხადების გამო ძალიან წუხს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი ყველას უნდა ჰქონდეს.

    “ძალიან ვწუხვარ ამ განცხადების გამო. მე არ ვიცი, რამ წამოაცდენინა ბატონ შალვას ეს. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ, რადგან ეს არის უთანასწორო დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანები არ ჰყავდეს, ეს არის პირველი. და, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს კი არა, ყველას, განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, სოციალური მდგომარეობის, აქვს ხმის მიცემის უფლება”,– აცხადებს თამარ კორძაია.

    აღნიშნული განცხადება შალვა ნათელაშვილი გუშინ, TV პირველის ეთერში გააკეთა.

    “ჩვენ ალბათ უნდა გავიდეთ იმ ზღვარზე, რომ ობიექტურად შევხედოთ, ვინ არის ქვეყანაში ამომრჩეველი. ახლა კიტრს რომ აიღებს კაცი, იმის ამომრჩევლობა არ შეიძლება, სწორედ ამიტომ იყო, რომ მეოცე საუკუნეში ევროპაში, ბრიტანეთსა და ცილიზებულ სამყაროში ქონებრივი ცენზი არსებობდა არჩევნებში.

    თუ ადამიანი ეგდო ბომჟად ქუჩაში, ის ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ ქონდა რაღაც საარსებო საშუალება. იქნებ ამ სოციალურად დაუცველებმა დაისვენონ ერთი არჩევნები, რა, ამათ კიტრი-კარტოფილისგან დავისვენოთ. არ მოვიდნენ, დაისვენონ და მოვიდნენ ის ხალხი, რომელსაც არ უნდა საკუთარი ნამუსისა და ხმის გაყიდვა და მათ აირჩიონ მომავალი ხელისუფლება”,– თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.