Category: სლაიდერი

  • ადამიანი შეიძლება იყოს ციხეში, ქართულ პოლიტიკას ვერ ჩასვამენ ციხეში! – ხარჩილავა

    “ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ მიმართული სასართლო პროცესი, არც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ბრძოლა საკუთარი უდანაშაულობისთვის.

    ბრძოლა სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის და სამართლიანი სახელმწიფოსთვის – ყველას ბრძოლაა, ყოველი ჩვენთაგანის (ო)პოზიციონირების გამაერთიანებელი მიზანი!

    დიდი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს!

    დიდი ბრძოლები მოგველის!

    ადამიანი შეიძლება იყოს ციხეში, ქართულ პოლიტიკას ვერ ჩასვამენ ციხეში!

    პირიქით, ქართული პოლიტიკა ციხიდან ათავისუფლებს მართალ ადამიანს და ქვეყანას!”

    წერს წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე.

  • დადასტურდა, პოლიტიკით დანაშაულის დაფარვა არ გამოუვათ – მათიკაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

    დადასტურდა, პოლიტიკით დანაშაულის დაფარვა არ გამოუვათ – მათიკაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

    “სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი ცნო დამნაშავედ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რასაც თაღლიღობა ჰქვია.

    რეალურად, ასევე, იყო არაერთგზის გაჟღერებული და ჩვენც ამაზე ვსაუბრობდით, რომ ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის პოლიტიკური პარტია ლელოს შექმნა, ეს იყო მცდელობა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მანტიით დაეფარათ საკუთარი დანაშაულებრივი ბუნება. ნათელია, რომ ეს დღეს სასამართლო სხდომის განმავლობაში, სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რეალურად, ფიქციას წარმოადგენს პარტია ლელო და მცდელობა ხაზარაძისა და ჯაფარიძის, რომ პოლიტიკას ამოეფარონ და ამით დაფარონ საკუთარი დანაშაული, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე. ლელოს ლიდერებსა და ავთანდილ წერეთელს დღეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს.

  • სასამართლო განმარტავს, რატომ გაუუქმა იუსტიციას ინსპექტორის ჯარიმა

    თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რატომ გააუქმა ინსპექტორის სამსახურის მიერ იუსტიციის სამინოსტროსთვის დაკისრებული ჯარიმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნების გამო.

    სასამართლოს განმარტებით, საქმის განხილვის შედეგად მიიჩნიეს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, შესაბამისად, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა.

    მათივე შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

    “კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული – ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში.

    ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს – გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები”,– წერია სასამართლოს განცხადებაში.

  • ჩემი აზრით, გადაწყვეტილება არ უნდა გაასაჩივრონ – ხვიჩია ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

    “ჩემი აზრით, 100 პროცენტით ვერასდროს დავადგენთ, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, მაგრამ მოვისმინე კომენტარები ადვოკატების და განსასჯელების, ვინც ამ საქმეზე იყვნენ ბრალდებულები, რომ ისინი აპირებენ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება და მინდოდა მეთქვა, რომ ამას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ არ უნდა გაასაჩივროს და მისცეს საშუალება ამ საქმეს, რომ დამთავრდეს.

    თუ გაასაჩივრებს პროკურატურა, გვეცოდინება, რომ ეს საქმე გააგრძელა პროკურატურამ, ხოლო თუ ამას გაასაჩივრებენ ადვოკატები და დაცვის მხარე, პროკურატურას ყოველთვის ექნება საშუალება გააგრძელოს ეს საქმე იმდენ ხანს, რამდენი ხნითაც უნდა და თან ეს გაგრძელება დააბრალოს ოპოზიციას, იმ ხალხს, ვინც ეს საქმე გაასაჩივრა.

    ამასთან, თუ გაასაჩივრებენ იქნება სხვა გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება უარესად დაამთავროს ეს საქმე, ან არ დაამთავროს და დაუსრულებელი გახადოს. მე ამ საქმის დამთავრება მინდა, მე დავიღალე ამ საქმით და წამომიდგენია, მასში მონაწილეები როგორ დაიღლებოდნენ”

    ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე. ცნობისთვის, მათ დღეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს.

  • მთელი ქვეყანა რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდა, დიდი სიმახინჯეა – დეკანოიძე

    “ძალიან მიხარია, ჩემს მეგობრებს ციხეში არ ვიხილავ.

    მთელი ქვეყანა რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდა, ყველაზე დიდი სიმახინჯეა ჩვენი დღევანდელობის.

    უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილი თუ რამეს ერიდება კიდევ (მცირედით) ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან. მათზე დიდი მოკავშირე ჩვენ არ გვყავს, ამიტომ ოპოზიციაც მათ მთავარ მოკავშირედ უნდა გადაიქცეს. ბრძოლას და მუშაობას აზრი აქვს”

    წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

  • ძლიერი ქარი, თოვლი და შტორმი – ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

    შტორმი ძლიერი ქარი, თოვლი – 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 იანვრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

     

  • ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება – ვანო მაჭავარიანი

    “ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება” –  ასე აფასებს, პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი,  ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

    „გათვლა არის, რომ ფაქტობრივად, საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი ავტორიტეტი ბიძინა ივანიშვილისთვის უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. როდესაც შენ ედავები მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრებაში და ბანკისთვის ზარალის მიყენებაში, სადაც არც დაზარალებულია და არც ზარალია, რა თქმა უნდა, ეს არის ის პროცესი, რომელიც მართლა პოლიტიკურად იყო მოტივირებული ამ ადამიანების, ანაკლიის პორტის და ზოგადად საზოგადოებრივი ავტორიტეტების წინააღმდეგ. შენ მათ საზოგადოებაში აწებებ იარლიყს, რომ თურმე ისინი არიან თაღლითები. ეს ადამიანები არც ციხეს იმსახურებენ და არც თაღლითის იარლიყს. მათი ადგილი ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს განვითარების გეგმაში მონაწილეობა იქნებოდა, რომელიც დღეს საქართველოს არ აქვს. ამიტომ, მოსამართლემაც როგორც ჩანს, ძალიან კარგად გაითავისა, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არის. თაღლითობის იარლიყის მიწებება და ეს შავი ლაქა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საზოგადოებაში ავტორიტეტის ჩამოშლის მიზანს ემსახურება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის შესრულება არ გამოუვათ. ამით ხელისუფლება საკენკს უყრის „ოცნების“ მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც გაბრაზებულები არიან ხაზარაძე – ჯაფარიძეზე რომ თურმე თაღლითები არიან და ქართული ბანკებიც თაღლითია. პოლიტიკურ პროცესებში ხაზარაძე – ჯაფარაძის ჩართვა და სასამართლოს სამწლიანი პროცესი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა მრუდ სისტემაში ვართ საქართველოში. მართლა უნდა დასრულდეს ეს პროცესი. ბიძინა ივანიშვილისთვის არამარტო პოლიტიკური, არამედ ბიზნეს-კონკურენტების ჩამოშორებაც არის წესი. ხაზარაძისთვის თაღლითობის მიწებება, რა თქმა უნდა, პრობლემას ტოვებს იმიტომ, რომ ხაზარაძე არ არის პოლიტიკოსი, ის მეტწილად ბიზნესმენია. საქართველოს სჭირდება ინვესტიციები და ამით ჩვენ მეტ ინვესტიციას ვერ მივიზიდავთ. გამოდის რა, ივანიშვილის გარდა ყველა თაღლითია, ვინც საქართველოში საქმეს აკეთებს? ეს ხომ აბსურდია. ამ საკითხით ხაზარაძე – ჯაფარიძე უფრო მეტად გამოთავისუფლდა პოლიტიკურ საქმიანობაზე კონცენტრაციისთვის, თუმცა იზამენ თუ არა ამას, გამოჩნდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

    ცნობისთვის, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

    ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

  • ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს – მიხეილ სააკაშვილი

    ხვალ, 13 იანვარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ასევე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას ეხმაურება.

    ”ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი “განსასჯელებს” და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.
    მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო “სასამართლომ”, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. “მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო” – ასეა ზუსტად ამ “მთავრობის” და მისი სასამართლოს საქმე. ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე.”- წერს სააკაშვილი.
  • ვაქცინის 3 დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს – მაია ბუწაშვილი „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

    “ვაქცინის 3 დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს “- ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

    “რამდენიმე ინფორმაცია ომიკრონის შტამთან დაკავშირებით (რადგან ომიკრონის გავრცელება სულ ახლახანს დაიწყო, კვლევები მწირია, თუმცა რამდენიმე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია).

    ომიკრონით გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) შემცირდა 3 დღემდე.

    ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი. ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი.

    ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემტხვევაში. სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს.

    ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია (დელტას შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო ომიკრონის შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს).
    ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს.

    ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70%-ით (თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია).50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, 4-5-ჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი.რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტია არავაქცინირებული.

    ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს.

    კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი – 5%.

    ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ინფიცირებულთა დიდი რიცხვის გამო სამუშაო ადგილებზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით.”- წერს ბუწაშვილი.

  • ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სარჩელი, მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნითაც უნდა შეიტანონ –  ხუხაშვილი

    ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სარჩელი, მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნითაც უნდა შეიტანონ – ხუხაშვილი

    “ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სარჩელი, მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნითაც უნდა შეიტანონ”- ასე ეხმაურება, ექსპერტი გია ხუხაშვილი, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

    ”ჩემის აზრით, ახლა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გარდა ანაკლიის თემაზე მიმდინარე საარბიტრაჟო დავისა, ქართულ სასამართლოში უნდა შეიტანონ სამოქალაქო სარჩელი მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში უსაფუძვლო ბრალდების გამო ისინი იძულებით ჩამოაშორეს ბანკის მმართველობას და კიდევ ბევრი პირდაპირი და ირიბი ზარალი განიცადეს.

    ბრძოლა უნდა გაგრძელდეს არა იმდენად საკუთარი ინტერესების დასაცავად, არამედ ისეთი პრეცედენტის შესაქმნელად, რომელიც მომავალში ასეთ განუკითხაობას აღარ დაუშვებს.” – წერს გია ხუხაშვილი.

    ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

    ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).