Category: სლაიდერი

  • ”ოცნებიდან” პარლამენტში 13 მილიონერი დეპუტატია, 4-ს მიკროფონიც არ ჩაურთავს – ”ფლანგვის დეტექტორი”

    ქართულ ოცნებიდან პარლამენტში 13 მილიონერი დეპუტატია და 2021 წელს 4 მათგანს მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

    ““ფლანგვის დეტექტორმა” გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2021 წლის პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლების რაოდენობის შესახებ.

    რადგან 2021 წელს არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც მათ შორის მოიცავდა ოპოზიციის წევრების  ბოიკოტს, რაც გამოიხატებოდა სხდომებეზე არდასწრებასა და პარლამენტში საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმაში, რთულია შევაფასოთ ოპოზიციის სიტყვით გამომსვლების მაჩვენებელი. ამიტომ ძირითადად  უმრავლესობის/მმართველი პარტიის წევრთა აქტიურობაზე ვკონცენტრირდებით.

    2021 წელს განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის, პანდემია, ინფლაცია, სასამართლო რეფორმა და მოსამართლეთა დანიშვნები, აქციები და ძალადობრივი შემთხვევები, ცხადია პარლამენტის წევრებს ბევრი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი ჰქონდათ თავიანთი აზრის დასაფიქსირებლად. ამასთანავე 2021 წელს გაიმართა 62 პლენარული სხდომა. პარლამენტმა 338 კანონი მიიღო სამივე მოსმენით, პირველი მოსმენით განიხილა 63 კანონის პროექტი, ხოლო მეორე მოსმენით − 8 კანონის პროექტი.

    თუმცა მიუხედავად განსახილველი საკითხების მრავალფეროვნებისა და რაოდენობისა, მონაცემები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებიდან საკუთარი მოსაზრება 10-ზე ნაკლებჯერ გამოხატა 45%, მათ შორის 12% მოსაზრება ერთხელაც არ დაუფიქსირებია.

    მმართველი პარტიის პარლამენტართა სია, რომლებსაც წლის მანძილზე  ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი შემდეგნაირად გამოიყურება: ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, ლევან ქარუმიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე.

    თუმცა მდუმარე დეპუტატები შეგვიძლია ვუწოდოთ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც წლის მანძილზე ხმა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ამოიღეს, ამ სიაში კი 8 დეპუტატი მოხვდა: სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე, ლევან კობიაშვილი, რესან კონცელიძე, გოგი მეშველიანი.

    საინტერესოა, მილიონერი პარლამენტის წევრების აქტიურობის მაჩვენებელი ამ მიმართულებით. მონაცემების მიხედვით, მილიონერი პარლამენტარები აქტიურობით არ გამოირჩევიან და მათი მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

    • ვასილ ჩიგოგიძე – 0

    • ირაკლი ხახუბია – 0

    • ვიქტორ ჯაფარიძე – 0

    • ელგუჯა გოცირიძე – 0

    • ისკო დასენი – 2

    • გოჩა ენუქიძე – 2

    • ზაალ დუგლაძე – 3

    • პაატა კვიჟინაძე – 7

    • ანტონ ობოლაშვილი – 8

    •  გიორგი ამილახვარი -16

    • თამარ ტალიაშვილი – 26

    • ბექა ოდიშარია – 27

    • ნინო წილოსანი – 116

    მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების ერთადერთი აქტიური მილიონერი დეპუტატი ნინო წილოსანია, რომელმაც წლის მანძილზე 116-ჯერ ისარგებლა მიკროფონის ჩართვის უფლებით.

    პარალელურად 2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში  186,754,900 ლარი გამოიყო. ბოლო სამი წელია  წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება, ისევე როგორც შრომის ანაზრაურებაზე დახარჯული თანხების მოცულობა მუდმივად იზრდება. 2020-2022 წლების განმავლობაში 1131-დან 1882 ადამიანამდე იყო დასაქმებული, ხოლო მათი შრომის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან ჯამში 99,337,800 ლარი დაიხარჯა, რაც სამი წლის განმავლობაში სრული დაფინანსების 53% შეადგენს.

    რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის წევრის ყოველთვიური ფიქსირებული შრომის ანაზღაურებას, ის  4624 ლარიდან 6740 ლარამდე მერყეობს. შრომის ანაზღაურება იცვლება პარლამენტის წევრის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

    თანამდებობის მიხედვით პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურება: 

    • პარლამენტის თავმჯდომარეს – 6740 ლარი;

    • პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6400 ლარი;

    • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6340 ლარი;

    • კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 5540 ლარი;

    • კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 4800 ლარი;

    • კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 4740 ლარი;

    • პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 4624 ლარი” – წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

  • კიევის სასამართლომ პოროშენკოს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა

    კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება არ მიიღო და ის პირადი თავდებობით გაათავისუფლა.

    პროკურატურა პოროშენკოს წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნის გადახდას ითხოვდა.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია, სასამართლოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს და არ დატოვოს კიევის ოლქი. მან საკუთარი პასპორტი ჩააბარა.

    პეტრო პოროშენკოს ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში, ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან ქვანახშირის მიწოდების საქმის ფარგლებში ტერორიზმის დაფინანსებაში.

  • პირველმა პირმა წინა პირველი პირი არ უნდა ჩასვას ციხეში – მეუფე ნიკოლოზი

    “თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, კანონი არის უზენაესი. მე ვფიქრობ, რომ მაშინ ყველანი მზად უნდა ვიყოთ, მეც მათ შორის… ისინიც, ვინც მიხეილ სააკაშვილამდე იყვნენ, არავინ გასამართლებულა ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ ის პირველი პირი იყო, თუმცა დამნაშავეები ბევრნი იყვნენ. ამიტომ ვამბობ, რომ საერთო პრინციპებზე შევთანხმდეთ. თუ დამნაშავეა, უნდა იჯდეს ციხეში, რად უნდა მაგას ლაპარაკი, მე ვამბობ პრინციპს. პირველმა პირმა წინა პირველი პირი, იმისთვის რომ ის პირველი პირი იყო, არ უნდა ჩასვას ციხეში, იმიტომ რომ თვითონაც იგივე ბედი ელოდება მერე. შესაბამისი პროცედურები ჩატარდეს, მარტო განწყობაზე და იმ ფრაზებზე ნუ იქნება დაყრდნობილი სამართალი, რომ “იმან ბევრი ცუდი საქმე გააკეთა”

    ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი TV პირველის ეთერში.

  • მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება – დიდი ბრიტანეთის საელჩო

    საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ მითებს, ტყუილსა და დეზინფორმაციას უპირისპირებენ სიმართლეს.

    საელჩოს განცხადებით, მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება:

    “სიმართლეა: 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ამ შეთანხმებას. NATO-ში გაწევრიანება აპლიკანტი ქვეყნისა და NATO-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია.

    რუსეთს არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებას, ან შეაჩეროს ეს პროცესი” – წერს საელჩო Facebook-ზე.

    https://www.facebook.com/ukingeorgia/posts/292551402902824

  • ხელისუფლების შეცვლამდე სააკაშვილის გათავისუფლების შანსი არის ნული – ჯაფარიძე

    “მე მესმის, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს წარმოუდგენიათ სააკაშვილი 2003 წელს რომ იყო, ახალგაზრდა, ენერგიული და რაღაც. სააკაშვილი სხვა ადამიანია ახლა. ბევრი რაღაც მახასიათებელია, რომელიც არ იცვლება ადამიანში და მეც მჯერა, რომ არ იცვლება, მაგრამ რავი, ასაკშია, სხვა გამოცდილება აქვს, სხვა რეალობაში გამოდის, ეს არ არის 2003 წელი, ამიტომ კაცმა არ იცის რა იქნება, მაგრამ მისი გათავისუფლების შანსს მე ვერ ვხედავ, მანამ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება მაგის შანსი, ჩემი აზრით, არის ნული”

    თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე TV პირველის ეთერში.

  • არ მგონია, მეუფე ნიკოლოზის კეთილი ზრახვები რეალისტური იყოს – გვარამია

    “მეუფე ნიკოლოზის კეთილი ზრახვები მისასალმებელია, თუმცა არ მგონია, რომ ეს რეალისტური და შესაძლებელი იყოს. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მაღალკვალიფიციური და კომპლექსური მკურნალობა, ასე რომ, სამწუხაროდ, მეუფე ნიკოლოზი ამის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს”

    ასე ეხიანება სააკაშვილს ადვოკატი, ნიკა გვარამია მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას, რომ ექსპრეზიდენტი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში გადავიდეს.

  • პანდემია დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის – WHO-ს ხელმძღვანელი

    პანდემია დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის – WHO-ს ხელმძღვანელი

    “ნარატივს, თითქოს ომიკრონი მსუბუქი შტამია, შეცდომაში შევყავართ. შეცდომა არ დაუშვათ, ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს, ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც კი იტვირთება სამედიცინო დაწესებულებები.

    პანდემია დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის, ომიკრონის გლობალურად საოცარ ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ, ახალი ვარიანტებიც გამოჩნდება, რის გამოც თვალყურის დევნება და შეფასება ისევ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

    მე განსაკუთრებით მაღელვებს ის ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვინაიდან ადამიანების დამძიმებისა და გარდაცვალების ბევრად მეტი რისკია, თუ ისინი არ არიან აცრილები“

    ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი.

  • ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩაფრინდა

    შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩაფრინდა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.

    მან კიევიდან რუსეთს “დიპლომატიური და მშვიდობიანი გზისკენ” მოუწოდა.

    ”გასულ კვირას ინტენსიური მოლაპარაკებები შედგა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. კვირის ბოლოს ვნახავთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით. დიდი იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ დიპლომატიურ და მშვიდობიან გზას, მაგრამ საბოლოოდ ეს პრეზიდენტ პუტინის გადასაწყვეტია”,– განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს კიევში.

    უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი გერმანიაში გაფრინდება, სადაც გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება. სახელმწიფო მდივანი ევროპაში ვიზიტს კვირის ბოლოს, ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვთან შეხვედრით დაასრულებს.

    ცნობისთვის, დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცი განლაგებულია უკრაინის საზღვრებთან, რის გამოც დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. რუსეთმა აღნიშნული გეგმა არაერთხელ უარყო.

    აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოსკოვს შეუძლია, დაიწყოს შეტევა “ნებისმიერ მომენტში”. მათივე ცნობით, რუსეთმა შესაძლოა პროვოკაციები მოაწყოს, რასაც შეჭირს საბაბად გამოიყენებს. ამის პარალელურად, უკრაინას საერთაშორისო პარტნიორები სამხედრო შეიარაღებით ეხმარებიან.

  • “ენკამ” დახურა ყველა ოფისი და წავიდა, საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით –  გოცირიძე

    “ენკამ” დახურა ყველა ოფისი და წავიდა, საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით – გოცირიძე

    “ენკამ” დახურა ყველა ოფისი და წავიდა. ალბათ საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით.

    “ენკამ” მილიონობით ფული დაურიგა ადგილობრივ მოსახლეობას მიწების გამოსყიდვის პროცესში. მათ უნდა დააბრუნონ ეს ფული ( თუ მხოლოდ ეს გვაკმარა სასამართლომ, მაგრამ, ასე ნამდვილად არ იქნება) და არა საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.

    “ნამახვანის” გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა. რას ვიზამთ, ბევრჯერ გვინახავს ხალხი მოტყუებული და გაბრიყვებული. ყველაზე მეტად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც, წესით არ უნდა ბრიყვდებოდნენ. როგორ გამოვარდნენ სოლიდარობის აქციაზე ვარლამებისა და სხვადასხვა ჯურის მარშისტების მხარდასაჭერად, როგორ ამბობდნენ, ძლივს არ ვიხილეთ ნამდვილი, გულწრფელი, ხალხის წიაღიდან წამოსული პროტესტიო. როგორ ეტრფოდნენ “უბრალო ადამიანებს”, როგორი “სენსიტიური” პოსტები უძღვნეს. “ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი”. ყვებოდა ერთი ადიოდე წლის წინათ ტელევიზორში ვიღაც პოეტი თუ თვითმარქვია პოეტი ძალიან მგრძნობიარე ლექსს, რომელიც სოფლის იდილიას, მიწაზე შრომის იდილიას, დედის იდილიას აღწერდა და სუნამოიან “ბურჟუებს” ლანძღავდა. “იდილიურ” თემებზე წამოეგებიან ხოლმე ჩვენი “პრადვინუტები”, კალმახის გადარჩენაზე ცრემლებს რომ ღვრიან და იმას ვერ ხვდებიან, თუ რა კავშირშია ელექტროენერგია იმასთან, ქვეყანა რომ იცლება და ადამიანები რომ შიმშილობენ, ვერ გაუცნობიერებიათ, ეკონომიკაზე რომ გადის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ბედი.

    როგორც საშუალო კლასი არ ჩამოყალიბებულა, ის არ ჩამოყალიბებულა ის “საშუალო კლასი”( პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტის სახით), რომელიც სტაბილურობას შესძენდა ჩვენს ცხოვრებას და რომელიც უკან კი არ აედევნებოდა ვარლამებს, არამედ წინ გაუძღვებოდა მათ სწორი მიმართულებით. ამითაც განვსხვავდებით ევროპისაგან. მივალთ ალბათ ჩვენც მაქამდე, ოღონდ გააჩნია რა დროში.” 

    ამის შესახებ, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

  • თუ რუსეთს უკრაინაში ეს გეგმა გაუვიდა, შემდეგი იქნება საქართველო – ბატიაშვილი

    “რონდელის ფონდის” მკვლევარი ზურა ბატიაშვილი ამბობს, რომ “თუ რუსეთს უკრაინაში ეს გეგმა გაუვიდა, შემდეგი იქნება საქართველო”.

    “ეს გეგმა, რაც აქვს პუტინს – ახალი ფორმით საბჭოთა კავშირის აღდგენა, ვერ გამოვა თუ მასში არ იქნება უკრაინა და კავკასია. კავკასიაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ქვეყანა თავისი გეოგრაფიით და პოლიტიკური წონით არის საქართველო. ამიტომ შემდგომი სამიზნე, რა თქმა უნდა, საქართველო იქნება, რომელიც ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით ადვილად დასაპყრობია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არ არის NATO-ს წევრი, ისევე როგორც უკრაინა”,– ამბობს ის ფორმულასთან საუბრისას.

    მისივე შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას არ ჰქონია ასეთი დიდი გამოწვევა.

    ცნობისთვის, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან განლაგებული ჰყავს ათიათასობით სამხედრო პირი, რის გამოც დასავლეთი შიშობს, რომ ის ქვეყანაში შეჭრას აპირებს. აშშ-ს ცნობით, რუსეთმა შესაძლოა პროვოკაციები მოაწყოს, რასაც შეჭირს საბაბად გამოიყენებს. ამის პარალელურად, უკრაინას საერთაშორისო პარტნიორები სამხედრო შეიარაღებით ეხმარებიან.

    დღეს უკრაინაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც გერმანიაში გაფრინდება, სადაც გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება. ბლინკენი ევროპაში ვიზიტს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრით დაასრულებს.