Category: სლაიდერი

  • უკრაინაზე პუტინის თავდასხმა საქართველოს გამოწვევებს უფრო ამძაფრებს – ჯონსონი

    “აღსანიშნავია ის წინსვლა, რომლის თვითმხილველნიც საქართველოში გავხდით დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად, რაც მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორისაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მიმართულებები. მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება.

    ასევე ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

    კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა ასევე გარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე.
    მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას”

    სწერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონი ირაკლი ღარიბაშვილს. წერილს საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

  • არ შევაჩერებთ სამხედრო ოპერაციას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის – ლავროვი

    არ შევაჩერებთ სამხედრო ოპერაციას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის – ლავროვი

    რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ არ შეაჩერებენ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებისთვის.

    Reuters-ის ცნობით, რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ისე სწრაფად, როგორც მათ სურთ და ადანაშაულებენ დასავლეთს მოლაპარაკებების ჩაშლაში, უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ომის დანაშაულის ბრალდებების გამოყენებით, რასაც მოსკოვი უარყოფს.

    რუსული სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ ვერ ხედავს მიზეზს უკრაინასთან მოლაპარაკებების არ გაგრძელებისთვის.

    მისივე თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა თებერვლის ბოლოს რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს სამხედრო მოქმედებების შეჩერების ბრძანება გასცა, მაგრამ მას შემდეგ მოსკოვის პოზიცია შეიცვალა.

    „მას შემდეგ რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა [სამხედრო მოქმედებებში], სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა ლავროვმა.

  • მარიუპოლის მცველებთან კავშირი სტაბილურია, ქალაქის დაცვა გრძელდება – ზალუჟნი

    “მარიუპოლის დაცვა გრძელდება.

    თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან კავშირი, რომლებიც გმირულად იკავებენ ქალაქს, სტაბილური და მხარდაჭერილია.

    ხაზს ვუსვამ, რომ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება არ არის საჯარო განხილვის თემა.

    ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს, რათა გავიმარჯვოთ და გადავარჩინოთ პერსონალი და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე.

    გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების!”

    წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟინი.

  • ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს ჩვენი პოზიციების დასაზვერად იყენებენ – უკრაინა

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსი ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს უკრაინული სამხედრო პოზიციების დასაზვერად იყენებენ. უწყების ცნობით, მათ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ.

    “ხარკოვში ოკუპანტებმა ტელეგრამის მესინჯერის საშუალებით დაამყარეს კონტაქტი არასრულწლოვანთან. რასისტები ქალაქში შეიარაღებული ძალების პოზიციების შესახებ ინფორმაციისთვის ფულის გადახდას დაპირდნენ.

    ამავდროულად, ლუგანსკის რაიონში ორი რუსი ჯარისკაცი მოქმედებდა არა მესენჯერის მეშვეობით, არამედ პირდაპირ – 16 წლის ბიჭს ფული შესთავაზეს უკრაინის ჯარების ადგილმდებარეობისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. ბიჭს შეეშინდა, მაგრამ ოკუპანტებმა “დაამშვიდეს” და უთხრეს, რომ კარგად იქნებოდა. უკრაინის უშიშროების ძალების ჩარევის წყალობით, ბიჭს არ ჰქონდათ დრო, რომ ინფორმაცია მტრისთვის გადაეცა”,– აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

    უწყება მოუწოდებს ყველა უკრაინელ მშობელს, ყურადღებით იყოს მათი ვაჟებისა და ქალიშვილების მიმოწერისა და კონტაქტების შესახებ.

  • ეს არის ალიანსი, რომელსაც თქვენ აშენებდით? – ზელენსკი NATO-ს

    “როცა დიპლომატიის ენით მუშაობ, შედეგებს ვერ იღებ. ეს ყველაფერი ძალიან ბიუროკრატიულია. შესაბამისად, საუბრის ეს ფორმა, აბსოლუტურად გამართლებულია. უკრაინას აღარ აქვს მეტი სიცოცხლის დაკარგვის საშუალება. მე აღარ მაინტერესებს მათი დიპლომატია, რომელიც ჩემი ქვეყნის განადგურებას იწვევს.

    ეს არის ალიანსი, რომელსაც თქვენ აშენებდით?”

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ,  CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ NATO-ს სისუსტეს უკრაინაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

  • რუსები თავიანთ ტერიტორიაზე პარტიზანული ომისთვის ემზადებიან – უკრაინა

    უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები თავიანთ ტერიტორიაზე პარტიზანული ომისთვის ემზადებიან.

    მათი ცნობით, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს დაევალა, უზრუნველყოს რუსეთის რკინიგზის ურთიერთქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და FSB-სთან.

    “უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაკავშირებულია „როსტოვის ოლქისა და კრასნოდარის ტერიტორიის საზღვრებთან მდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მუშაობაში ჩარევის საფრთხესთან“,– აცხადებს დაზვერვა.

    მათივე ინფორმაციით, მზადყოფნის გაძლიერება ასევე უკავშირდება რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად ნავთობისა და საბრძოლო მასალი საცავის აფეთქებას, რამაც პანიკა გამოიწვია მეზობელ რეგიონებში. დაზვერვა კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს – ბელარუსის “სარკინიგზო პარტიზანების“ ქმედებებს, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ სარკინიგზო კავშირს უკრაინასთან, რათა გაართულონ საბრძოლო ზონაში მხარდაჭერის მიწოდება.

    ცნობისთვის, პირველ აპრილს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მდებარე ნავთობბაზაზე აფეთქდა. ბელგოროდი უკრაინა–რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის ხარკოვიდან 60 კილომეტრით არის დაშორებული, რომელსაც რუსები ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ბომბავენ.

  • ზელენსკი სამხრეთ კორეას იარაღით დახმარებას სთხოვს

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ კორეას იარაღით დახმარებას სთხოვს.  ამის შესახებ, ზელენსკიმ, სამხრეთ კორეის პარლამენტთან მიმართვისას განაცხადა.

    “თქვენ ეს გაქვთ.  როცა დგას გადარჩენის საკითხი ომში, რომელიც ერის მთლიან განადგურებას ისახავს მიზნად, საჭიროა, პრინციპული პასუხი გაეცეს. უნდა გადაიხედოს იარაღის მიწოდების ჩვეული წესები. საჭიროა სწრაფი მოქმედება. საჭიროა დახმარება. უკრაინისთვის აუცილებელი იარაღის მიცემა ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენთვის შესაძლებლობის მიცემას, მოხდეს ჩვენს ქალაქებზე ალყის მოხსნა, არამედ სხვა სახელმწიფოების, სხვა რეგიონების გადარჩენას რუსული აგრესიის შემდგომი გავრცელებისგან”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტში.

    მანამდე, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, ბუ სეუნ-ჩანიმ  განაცხადა, რომ სამხრეთ კორეას საკუთარი “ეროვნული უსაფრთხოების მდგომარეობისა და სამხედრო მზადყოფნის გათვალისწინებით” არ შეუძლია ლეტალური იარაღის მიწოდება.

  • საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, უკრაინაში წავიდეს  – მამუკა მდინარაძე

    საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, უკრაინაში წავიდეს – მამუკა მდინარაძე

    “საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, უკრაინაში წავიდეს ” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

    „საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხზე ვიმსჯელეთ. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე ან როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის საკითხზე, უმრავლესობის შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და კიდევ ერთხელ დამატებით გამოთქვას სამძიმარი. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, ეს დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილში, რომელშიც მოტანილ არცერთ საკითხთან, კითხვასთან თუ მოთხოვნასთან დაკავშირებით პასუხი არ მიგვიღია. ასევე დღემდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან, რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ, თითქოს საქართველო ამ სიტუაციაში რძესთან და ყველთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ოკუპანტ ქვეყანასთან, რატომ დაგვაბრალეს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია, რატომ გაიწვიეს ელჩი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა, დღეს ვნახეთ ახალი ამბავი, რომ უკრაინის ფოსტის გავლით საქართველოს ოდენობის დახმარება არავის გაუწევია, მაგრამ ეს პირობითად მეორეხარისხოვან თემად ჩავთვალოთ, რადგან საქართველო ყველა საერთაშორისო ასპარეზზე უპრეცედენტო, შეძლების მაქსიმუმის ზღვარზე უწევს მხარდაჭერას უკრაინას და ამ ყველაფრის ფონზე, რატომ განხორციელდა ის დემარში, რაც განხორციელდა, პასუხი არ მიგვიღია. ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მას არ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემა“,- განაცხადა მდინარაძემ.

  • “გამოდი, რომ შეცვალო” – დღეიდან ”ტალღა” მთავრობის გადადგომის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს იწყებს

    დღეიდან, 11 აპრილიდან, ახალი სამოქალაქო მოძრაობა “ტალღა” მთავრობის გადადგომის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს იწყებს. მოქალაქეები ყოველ დღე, თბილისის საკრებულოსთან, თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.

    აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები იქნება, გამარჯვებაზე ორიენტირებული, მშვიდობიანი, კანონიერი, დემოკრატიული, მტკიცე და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

    • “არ ვაგვიანებთ. ბანერებით დავდგებით ობელისკის ირგვლივ და რაოდენობის შესაბამისად, გზის გამყოფ თეთრ ხაზს ავუყვებით რუსთაველის გამზირისკენ. მოგვაქვს ჩვენი დამზადებული ბანერები, რომელსაც ყველას აწერია თავზე გადადექი: (და შემდეგ თქვენი სურვილისამებრ, თუ რატომ უნდა გადადგნენ). აქცია არის მდუმარე. ჩვენი სათქმელი ისედაც ყველას ბანერზე გვიწერია. ხანგრძლივობა 19:00-20:00”, – ნათქვამია განცხადებაში.

    მოძრაობა ,,ტალღას,, თავისუფლების მანიფესტი. 

    დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 31-ე წლისთავზე, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას უმძიმესი რეალობის წინაშე, როცა ქვეყანას მართავს რუსეთის ინტერესების გამტარებელი ოლიგარქიული რეჟიმი, ხოლო ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მკვდარია.

    საქართველომ, როგორც სახელმწიფომ განიცადა უკუსვლა დემოკრატიული და რეფორმატორული იმიჯის, დასავლეთთან ინტეგრაციის, ეკონომიკური, სოციალური, კულტურის, ჯანდაცვის და სხვა პოლიტიკის მიმართულებით. კვლავ არ არსებობს სამართლიანი სასამართლო. დაუცველია ადამიანის უფლებები. გაუქმებულია სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა. რუსეთთან არ გაღიზიანების პოლიტიკით თანმიმდევრულად ვთმობთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

    უკრაინის სამართლიანმა ბრძოლამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ უფრო ნათლად წარმოაჩინა საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც შავ ლაქად აისახა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.

    ასეთ ვითარებაში, უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი როლი ეკისრება სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ, ინდივიდებმა უნდა შევქმნათ თავისუფალი პლათფორმა, გაერთიანება ყოველგვარი დათქმების, წინაპირობების, წითელი ხაზების გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ ვეძახით ყველას ასაკის, სქესის, აღმსარებლობის, სოციალური სტატუსის, ეროვნების, პოლიტიკური კუთვნილების, თუ სიმპატიის…. მიუხედავად. ვეძახით ამ ქვეყნის გადასარჩენად!

    დადგა დრო, თითოეულმა ჩვენგანმა, ამ ტექსტის მკითხველმა, გამზიარებელმა, მხარდამჭერმა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე და შევთანხმდეთ ბრძოლის ერთიან გეგმაზე.

    თავისუფლების პლათფორმის გამზიარებლები ვთანხმდებით, რომ არსებულ ვითარებაში, ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს ხელისუფლების გადადგომა, რომლის შემდგომი ნაბიჯიც ვადამდელი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაა.

    ჩვენ, საზოგადოება ვაყენებთ ხელისუფლების გადადგომის საკითხს, რაც პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელად ვერ აქციეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.

    ჩვენ, საზოგადოება ვიწყებთ თანმიმდევრულ ბრძოლას თავისუფლებისათვის!
    ამ ბრძოლაში გადამწყვეტი და არა რიგითი როლი ეკისრება თვითოეულ ჩვენგანს.
    ამ ბრძოლის ადგილი უნდა იყოს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, მარნეული, ახალციხე.. ყველა ქალაქი და მთელი ქვეყანა!

    ამ ბრძოლის მონაწილე უნდა გახდეს თითოეული ემიგრანტი, სწორედ მათი დახმარებით უნდა გაიგოს საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს მოქალაქეთა ხმა და მოთხოვნები.

    ვინც გრძნობ, რომ კარგავ,
    ვინც გვეთანხმები და “მათ” არ ეთანხმები,
    ვინც უიმედოდ ხარ, მაგრამ მაინც შეგიძლია,
    ვინც დარწმუნებული ხარ და ემზადები,
    ვინც მოდიხარ და სხვებიც მოგყავს,
    ვისაც არ გემეტება და არ თმობ,
    ვისაც მრავალჯერ დაგზარებია, მაგრამ დღეს უკვე აღარ..
    მოდი აქციაზე და (გა)დადექი, უხმოდ. მოდი შენი მოთხოვნით, შენი პრობლემით და არ დაგავიწყდეს მთავარი საკითხი: ხელისუფლება უნდა გადადგეს!
    გადადგეს, იმიტომ რომ მონაა!
    გადადგეს, იმიტომ რომ გშია!
    გადადგეს, იმიტომ რომ არ უერთდება სანქციებს!
    გადადგეს, იმიტომ რომ აყალბებს არჩევნებს!
    გადადგეს, იმიტომ რომ კორუმპირებულია!
    გადადგეს, იმიტომ რომ არ ატარებს სასამართლო რეფორმას….. სია გრძელია და ამ მოთხოვნებს შენ წერ.

    ეს იქნება თავისუფალი პლათფორმა, სადაც არავის ექნება ცენზორის როლი, თუ მთავარი მოთხოვნა იქნება ხელისუფლების გადადგომა!

    ამ მოძრაობას ვიწყებთ 11 აპრილს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან. ვიკრიბებით ყოველდღე, ერთი და იგივე დროს. დავიწყებთ ცოტანი და გავხდებით ბევრნი! ყოველი შემომატებული ადამიანით მივუახლოვდებით პარლამენტის შენობას. დავდგებით წრეზე, მოედნის ობელისკის გარშემო და გავიშლებით თეთრ ზოლზე რუსთაველისკენ.

    გამოდი, რომ შეცვალო და გადაარჩინო მომავალი, გადაარჩინო შენი ქალაქი და შენი ქვეყანა!

    იმიტომ რომ შენ ხარ მომავალი, შენ ხარ ქალაქი და შენ ხარ ქვეყანა!

  • საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადაეცა

    სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილის ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა.

    ვარჰეის თქმით, კითხვარზე პასუხები დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები ქვეყნის განაცხადზე, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს.

    სართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ პროცესს პირადად გააკონტროლებს, რათა შევსებული კითხვარი მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწოდონ ბრიუსელს.