Category: სლაიდერი

  • ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, დაე მუშაობა დავიწყოთ -კარლ ჰარცელი ევროკავშირის კითხვარზე

    “ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, დაე მუშაობა დაიწყოს “- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით.

    ”კომისიას დღევანდელი დღიდან 4 კვირა აქვს იმისთვის, რომ ამ კითხვარზე პასუხები მიიღოს… უნდა აღინიშნოს ევროკავშირი არასოდეს ყოფილა გაწევრიანების ასეთ სწრაფ გზაზე. ეს არის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე აპლიკანტი ქვეყნისთვის. ჩვენ ახლა ვართ მომსწრე პროცესის სწრაფი დაწყების, რომელიც არ შეიძლება ბოლოში უფრო დააჩქარონ. ამ კონტექსტში ხაზი გავუსვა ისტორიულ მომენტს, რაც ამ განაცხადის პროცესს აქვს – ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, მაგრამ მას ბევრი გამოწვევა ახლავს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შესაძლებლობის გამოყენება და გამოწვევების დაძლევა. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისათვის, რათა გააკეთონ ყველაფერი, რომ ამ მიზანთან მიმართებაში ერთობა იყოს, გააკეთონ ყველაფერი რაც საჭიროა, რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით და საქართველოს როლის გააქტიურებისთვის, მისი მზადყოფნისთვის მსოფლიოსა და ევროპაში… ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ევროკავშირი ადგილზეა და მზად არის მხარდაჭერისთვის. დაე, დიდი მუშაობა დავიწყოთ.” – განაცხადა ჰარცელმა.

    ცნობისთვის, დღეს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილის ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა. ვარჰეის თქმით, კითხვარზე პასუხები დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები ქვეყნის განაცხადზე, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს.

    სართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ პროცესს პირადად გააკონტროლებს, რათა შევსებული კითხვარი მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწოდონ ბრიუსელს.
  • არსებობს მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, თუმცა არის ძალიან მკაფიო წინაპირობები -კობახიძე

    “არსებობს მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, თუმცა არის ძალიან მკაფიო წინაპირობები” –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    ”არსებობს ზოგადი მზაობა იმის შესახებ, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი. თუმცა, აქ არის, ძალიან მკაფიო წინაპირობები და ყველამ ვიცით, რას უკავშირდება ეს წინაპირობები. სამწუხაროდ, გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გასული პერიოდების განმავლობაში. საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და და არა იგივე, თუნდაც მმართველი გუნდისთვის შეურაცხყოფაზე, ეს ამ შემთხვევაში, მეორე ხარისხოვანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, როდესაც ხდება სახელმწიფოს შეურაცხყოფა ასეთ დროს, საჭიროა პოზიციის დაფიქსირება და ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს. ჯერ იყო გაწვევა კონსულტაციებზე, შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის ელჩი საქართველოში.

    დღემდე უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ. ასე გამოდის. ყოველშემთხვევაში, ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს. რა თქმა უნდა, ეს ვითარება შესაცვლელია, ეს არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხი.” – აცხადებს კობახიძე.

  • გადადგები რუსეთთან მეგობრობის გამო! – “ტალღამ” თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გამართა

    ” გადადგები რუსეთთან მეგობრობის გამო!”  “გადადგები უსამართლო სასამართლოს გამო”  ახალმა სამოქალაქო მოძრაობა “ტალღამ” თავისუფლების მოდენაზე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პირველი საპროტესტო აქცია გამართა.

    “ტალღას” აქციები გაიმართება  ყოველ დღე, 19:00 საათზე თბილისის საკრებულოსთან, თავისუფლების მოედანზე.  აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები იქნება, გამარჯვებაზე ორიენტირებული, მშვიდობიანი, კანონიერი, დემოკრატიული, მტკიცე და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

    • “არ ვაგვიანებთ. ბანერებით დავდგებით ობელისკის ირგვლივ და რაოდენობის შესაბამისად, გზის გამყოფ თეთრ ხაზს ავუყვებით რუსთაველის გამზირისკენ. მოგვაქვს ჩვენი დამზადებული ბანერები, რომელსაც ყველას აწერია თავზე გადადექი: (და შემდეგ თქვენი სურვილისამებრ, თუ რატომ უნდა გადადგნენ). აქცია არის მდუმარე. ჩვენი სათქმელი ისედაც ყველას ბანერზე გვიწერია. ხანგრძლივობა 19:00-20:00”, – ნათქვამია განცხადებაში.

    მოძრაობა ,,ტალღას,, თავისუფლების მანიფესტი. 

    დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 31-ე წლისთავზე, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას უმძიმესი რეალობის წინაშე, როცა ქვეყანას მართავს რუსეთის ინტერესების გამტარებელი ოლიგარქიული რეჟიმი, ხოლო ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მკვდარია.

    საქართველომ, როგორც სახელმწიფომ განიცადა უკუსვლა დემოკრატიული და რეფორმატორული იმიჯის, დასავლეთთან ინტეგრაციის, ეკონომიკური, სოციალური, კულტურის, ჯანდაცვის და სხვა პოლიტიკის მიმართულებით. კვლავ არ არსებობს სამართლიანი სასამართლო. დაუცველია ადამიანის უფლებები. გაუქმებულია სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა. რუსეთთან არ გაღიზიანების პოლიტიკით თანმიმდევრულად ვთმობთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

    უკრაინის სამართლიანმა ბრძოლამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ უფრო ნათლად წარმოაჩინა საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც შავ ლაქად აისახა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.

    ასეთ ვითარებაში, უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი როლი ეკისრება სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ, ინდივიდებმა უნდა შევქმნათ თავისუფალი პლათფორმა, გაერთიანება ყოველგვარი დათქმების, წინაპირობების, წითელი ხაზების გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ ვეძახით ყველას ასაკის, სქესის, აღმსარებლობის, სოციალური სტატუსის, ეროვნების, პოლიტიკური კუთვნილების, თუ სიმპატიის…. მიუხედავად. ვეძახით ამ ქვეყნის გადასარჩენად!

    დადგა დრო, თითოეულმა ჩვენგანმა, ამ ტექსტის მკითხველმა, გამზიარებელმა, მხარდამჭერმა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე და შევთანხმდეთ ბრძოლის ერთიან გეგმაზე.

    თავისუფლების პლათფორმის გამზიარებლები ვთანხმდებით, რომ არსებულ ვითარებაში, ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს ხელისუფლების გადადგომა, რომლის შემდგომი ნაბიჯიც ვადამდელი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაა.

    ჩვენ, საზოგადოება ვაყენებთ ხელისუფლების გადადგომის საკითხს, რაც პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელად ვერ აქციეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.

    ჩვენ, საზოგადოება ვიწყებთ თანმიმდევრულ ბრძოლას თავისუფლებისათვის!
    ამ ბრძოლაში გადამწყვეტი და არა რიგითი როლი ეკისრება თვითოეულ ჩვენგანს.
    ამ ბრძოლის ადგილი უნდა იყოს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, მარნეული, ახალციხე.. ყველა ქალაქი და მთელი ქვეყანა!

    ამ ბრძოლის მონაწილე უნდა გახდეს თითოეული ემიგრანტი, სწორედ მათი დახმარებით უნდა გაიგოს საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს მოქალაქეთა ხმა და მოთხოვნები.

    ვინც გრძნობ, რომ კარგავ,
    ვინც გვეთანხმები და “მათ” არ ეთანხმები,
    ვინც უიმედოდ ხარ, მაგრამ მაინც შეგიძლია,
    ვინც დარწმუნებული ხარ და ემზადები,
    ვინც მოდიხარ და სხვებიც მოგყავს,
    ვისაც არ გემეტება და არ თმობ,
    ვისაც მრავალჯერ დაგზარებია, მაგრამ დღეს უკვე აღარ..
    მოდი აქციაზე და (გა)დადექი, უხმოდ. მოდი შენი მოთხოვნით, შენი პრობლემით და არ დაგავიწყდეს მთავარი საკითხი: ხელისუფლება უნდა გადადგეს!
    გადადგეს, იმიტომ რომ მონაა!
    გადადგეს, იმიტომ რომ გშია!
    გადადგეს, იმიტომ რომ არ უერთდება სანქციებს!
    გადადგეს, იმიტომ რომ აყალბებს არჩევნებს!
    გადადგეს, იმიტომ რომ კორუმპირებულია!
    გადადგეს, იმიტომ რომ არ ატარებს სასამართლო რეფორმას….. სია გრძელია და ამ მოთხოვნებს შენ წერ.

    ეს იქნება თავისუფალი პლათფორმა, სადაც არავის ექნება ცენზორის როლი, თუ მთავარი მოთხოვნა იქნება ხელისუფლების გადადგომა!

    ამ მოძრაობას ვიწყებთ 11 აპრილს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან. ვიკრიბებით ყოველდღე, ერთი და იგივე დროს. დავიწყებთ ცოტანი და გავხდებით ბევრნი! ყოველი შემომატებული ადამიანით მივუახლოვდებით პარლამენტის შენობას. დავდგებით წრეზე, მოედნის ობელისკის გარშემო და გავიშლებით თეთრ ზოლზე რუსთაველისკენ.

    გამოდი, რომ შეცვალო და გადაარჩინო მომავალი, გადაარჩინო შენი ქალაქი და შენი ქვეყანა!

    იმიტომ რომ შენ ხარ მომავალი, შენ ხარ ქალაქი და შენ ხარ ქვეყანა!

  • “ეს არ იყო მეგობრული ვიზიტი”- ავსტრიის კანცლერმა პუტინთან “პირდაპირი, ღია და ხისტი” მოლაპარაკებები გამართა

    ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს „არ იყო მეგობრული ვიზიტი“, შეხვედრა იყო „ძალიან მკაცრი“, ღია და პირდაპირი. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

    „ეს არ არის მეგობრული შეხვედრა. ნეჰამერმა თქვა, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი კრემლის ლიდერისთვის არის ის, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან „ომში ორივე მხარე მხოლოდ დამარცხებულები არიან“, – აღნიშნულია ავსტრიული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    • “ყურადღება გავამახვილე ბუჩასა და სხვა ადგილებში სერიოზულ ომის დანაშაულებზე და აღვნიშნე, რომ ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მე ასევე გასაგებად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ადგილზე დარჩება და უფრო გამკაცრდება მანამ, სანამ უკრაინაში ხალხი იხოცება”. – ამბობს ავსტრიის კანცლერი

    შეხვედრა პუტინის ოფიციალურ ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში გაიმართა, რომელიც დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა.

  • დღეს, ალბათ, უკანასკნელი ბრძოლა იქნება – მარიუპოლში საზღვაო ქვეითები “უკანასკნელი ბრძოლისთვის” ემზადებიან

    ალყაშემორტყმულ მარიუპოლში საზღვაო ქვეითები “უკანასკნელი ბრძოლისთვის” ემზადებიან. ამის შესახებ,  ქალაქში მყოფმა უკრაინის საზღვაო ქვეითებმა ორშაბათს, 10 აპრილს განაცხადეს. 

    “დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება, რადგან  ტყვია-წამალი თავდება. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს სიკვდილია, დანარჩენებისთვის კი – ტყვეობა”. – წერს საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი Facebook-ზე.

    საზღვაო ქვეითები აცხადებენ, რომ პორტს უკვე 47 დღეა იცავენ და გააკეთეს “ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელი” ქალაქზე კონტროლის შესანარჩუნებლად.

    საზღვაო ქვეითები ამბობენ, რომ დაჭრილთა უმრავლესობა, რომელთაც ჯერ კიდევ ყველა კიდური აქვთ, დღევანდელი ბრძოლისთვის უკან ბრუნდებიან.

  • სტივენ სიგალმა დაბადების დღე მოსკოვში, სალავიოვთან და სიმონიანთან ერთად აღნიშნა

    ამერიკელმა მსახიობმა, სტივენ სიგალმა 10 აპრილს საკუთარი 70 წლის იუბილე, მოსკოვის ერთ–ერთ საუკეთესო რესტორანში აღნიშნა. მას უკვე 5 წელზე მეტია რუსეთის მოქალაქეობა აქვს. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანს, რომ ცნობილი მსახიობი სიტყვას წარმოთქვამს.

    “ჩემთვის ბედნიერებაა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, მიყვარხართ ყველა. ჩვენ ერთად ვართ ამ რთულ დროს“ – ამბობს ის.

    კადრებზე ჩანს რუსეთის მთავარი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი, ასევე ტიგრან კეოსაიანი, რომელიც წვეულებაზე მის ცოლთან, მარგარიტა სიმონიანთან ერთად მივიდა. ეს უკანასკნელი რუსეთის ერთ–ერთი მთავარი პროპაგანდისტი და რუსული ტელეარხის, Russia Today–ს ხელმძღვანელია. სტუმრებს შორის იყვნენ ანატოლი ცოი, ვიქტორ დრობიში, ალექსეი ჩადოვი და სხვები.

    “რაშისტებს გადაეყარადა მორჩა, დაიკარგა კაცი? ეს გადამდებია!“– ასეთი კომენტარი გაუკეთა ვიდეოს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ.

    სტივენ სიგალმა დაბადების დღე მოსკოვში, სოლოვიოვისა და სიმონიანის გარემოცვაში აღნიშნა

    რუსული მედიის ინფორმაციით, სიგალს არაფერში ეტყობოდა მისი ვარსკვლავური სტატუსი და თავად ზრუნავდა სტუმრების გართობაზე. რესტორნის სცენაზე მან ბლუზიც კი შეასრულა.

    რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი მსახიობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განკარგულებას 2016 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი. სიგალი აქტიურად უჭერდა მხარს პუტინის პოლიტიკას, ასევე ყირიმის ოკუპაციას. იმის გამო, რომ ის ყირიმს არაერთხელ სტუმრობდა, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.

    2018 წელს სიგალი დაინიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენლად რუსულ–ამერიკული ჰუმანიტარული კავშირების საკითხში. მის მოვალეობაში შედიოდა რუსულ–ამერიკული ურთიერთობების განვითარებისთვის ხელშეწყობა ჰუმანიტარულ სფეროში, მათ შორის კულტურის, ხელოვნების, საზოგადოებრივ და ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამების საკითხებში.

    მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უნდოდა პრიმორსკის ოლქს გუბერნატორობა. საკუთარი ოცნება მან მაყურებელს ვლადივოსტოკში გამართულ კინოფესტივალზე გაუზიარა. თუმცა ეს ოცნება ვერ აისრულა. სამაგიეროდ, 2021 წელს ოფიციალურად გახდა პარტია “სამართლიანი რუსეთი–სიმართლისთვის“ წევრი.

     

  • ჩვენ დღეს პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი შემდეგი თაობის წინაშე – პრეზიდენტი ევროკავშირის კითხვარზე

    ”ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ ყველანი დღეს პასუხისმგებელნი ჩვენი შემდეგი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერ შევძლებთ. ეს ჩვენ გარდა არავისზეა დამოკიდებული, ამიტომ უნდა იყოს მობილიზებული ყველა ძალა.” – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    „დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც ალაბთ რამდენიმე წელი არ ველოდით, ისიც კარგად თუ გამოგვივიდოდა.

    ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპულ საბჭოს და კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინისთვის ბრძოლას. რომ არა ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა ეს დღე ამას ვერავინ იტყოდა. ევროკავშირმა ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო რომ ეს პროცესი აეჩქარებინა და ეს პროცესი გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული.

    ეს იყო ის, რაც გავიგე როცა ბრიუსელში ვიყავი და რაც მერე რეალობაში გადავიდა. დღეს ვხედავ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს ეს კითხვარი გადაეცა. ეს არ არის მხოლოდ კითხვარი და ამაზე „კი-ს“ და „არა-ს“ პასუხი. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი შემდეგი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ ან ვერ შევძლებთ. ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, არავინ სხვაზე. ამიტომ ამისთვის უნდა იყოს ყველა ძალა მობილიზებული.

    ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი. მე არ წარმომიდგენია რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმე, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ, პირველი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ამ საქმის მიმართ არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებული. მთლიანად პოლიტიკური სპექტრი იმის მიუხედავად ვინ რა გააკეთა, ვინ რას აბრალებს და რას არა.

    აქ არის მართლა ჩვენი მომავალი სასწორზე და გადავწყვიტოთ როგორ გვინდა, ამ მოკლე პერიოდში რაც მოცემულია იმისთვის, რომ ამ კითხვარს ვუპასუხოთ. ეს კითხვარი ეხება საქართველოს როგორ არის დღეს, რა პრობლემები არსებობს და რა მიღწევები. 9 აპრილი და ეს 31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არ არის გაერთიანებული. იმას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა ყველას მოგიწოდოთ, ქალაქსა თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ყველა უნდა გავერთიანდეთ! ეს არის ეროვნული თანხობა და ეროვნული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

    ცნობისთვის, დღეს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილის ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა. ვარჰეის თქმით, კითხვარზე პასუხები დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები ქვეყნის განაცხადზე, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს.

    სართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ პროცესს პირადად გააკონტროლებს, რათა შევსებული კითხვარი მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწოდონ ბრიუსელს.
  • არესტოვიჩის გაცხადებით, ომი რუსეთთან შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველის ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთთან ომი შესაძლოა 2035 წლამდე გაგრძელდეს. არესტოვიჩის ინტერვიუს ნაწილს  UNIAN – ი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ასევე აცხადებს, რომ დონბასის ტერიტორიის ოკუპირების შემთხვევაში, უკრაინა ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს, რაც უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლს და ეკონომიკურ დანაკარგებს გამოიწვევს.

    “რამდენიმე საომარი შეტაკება 2035 წლამდე გარანტირებული გვაქვს. ეს ნიშნავს შეტაკებებს ყოველ ორ, შესაძლოა ყოველ ხუთ წელიწადში. მათ, ვინც ამისთვის მზად არ არის, ვინც ახლა ღელავს იმაზე, როგორ იცხოვროს და გაზარდოს შვილები, სჭირდება რომელიმე სხვა ქვეყანა”- განაცხადა არესტოვიჩმა და დასძინა, რომ თავად ოჯახის წევრების ქვეყნიდან გაყვანას არ გეგმავს.

  • ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

    ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 11 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.06 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0755 ლარი გახდა.

    ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.71 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3544 ლარს გაუტოლდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • ვთხოვ პაპუაშვილს, რომ თავად ჩაუდგეს დელეგაციას სათავეში და წავიდეთ უკრაინაში – იოსელიანი

    „ოპოზიცია ვგეგმავთ ვიზიტს უკრაინაში სამძიმრის სათქმელად, ბუჩას მოვლენებთან დაკავშირებით. მე ძალიან მესიამოვნა, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ვიზიტს შემოუერთდეს და ამით ქვეყნის პოზიცია იქნება გამოხატული, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტს და დელეგაციას უნდა უხელმძღვანელოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მე მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ ამავე დროს ვთხოვ, რომ დაივიწყოს, გვერდზე გადადოს ყველა პირადი თუ პარტიული წყენა – ბევრად უფრო დიდი რამე ხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მოვა დრო, როდესაც დასრულდება ომი და მოგეცემათ საშუალება გაარკვიოთ თქვენი ურთიერთობა იმ პარტიასთანაც და ვისთანაც გნებავთ, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. მე ვთხოვ შალვა პაპუაშვილს, რომ თავად ჩაუდგეს დელეგაციას სათავეში და წავიდეთ უკრაინაში და სამძიმარი ვუთხრათ უკრაინელ ხალხს და უკრაინის მთავრობას, რომელიც დღეს ძალიან დიდ ბრძოლაშია რუსეთის წინააღმდეგ“

    ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.