Category: სლაიდერი

  • რუსეთმა ლვოვზე 5 სარაკეტო იერიში განახორციელა

    რუსულმა არმიამ დღეს დილით უკრაინის ქალაქ ლვოვზე 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

    ამ ეტაპზე ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ. შესაბამისმა სამსახურებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

    ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა ლვოვის რეგიონის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ.

    მისივე ცნობით, სარაკეტო დარტყმები ლვოვის რეგიონზე განხორციელდა სუ-35-ებიდან.

  • პუტინს დამხრჩვალს იპოვიან, ან კადაფივით დაასრულებს – უკრაინის ყოფილი შს მინისტრი

    პუტინს დამხრჩვალს იპოვიან, ან კადაფივით დაასრულებს – უკრაინის ყოფილი შს მინისტრი

    უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ფიქრობს, რომ პუტინს შეუძლია, ნაწილობრივ აღიაროს თავისი დამარცხება და რუსებს უთხრას “მიზნების მიღწევაზე“, მაგრამ თუ მას არ სურს ტყუილი “გამარჯვებაზე”, შესაძლოა “წითელ ღილაკზე” დაჭერა გადაწყვიტოს – გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რა დროსაც მესამე მსოფლიო ომი დაიწყება და რუსეთის ფედერაცია სწრაფად მიიღებს საპასუხო ბირთვულ დარტყმას სხვა ქვეყნებისგან. მის კომენტარს Unian ავრცელებს.

    ავაკოვის აზრით, პუტინი სიცოცხლეს ისე დაასრულებს, როგორც ტირანთა უმეტესობა.

    “მითი დაინგრა, ჩვენ ვნახეთ. ჩამოაგდეს 300 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, განადგურდა 800-მდე ტანკი, ფლაგმანი [მოსკვა] ჩაიძირა. რა მოჰყვება ამას? მას შეუძლია თავისი ელიტის შიგნიდან ტორპედირება… ჩვენ არ ვაკეთებთ, როგორ მოხდება ეს.

    ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის ტირანთა უმეტესობამ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ცუდად დაასრულა. ან დილით იპოვიან აბრეშუმის ცხვირსახოცით დამხრჩვალს. ან იტყვიან, რომ ის მოკვდა გმირულად, ასე ვთქვათ, რაიმე ავადმყოფობისგან. ან სადმე მის ინტერნირებას მოახდენენ, როგორც გორბაჩოვის შემთხვევაში მოხდა. ან იგივე დაემართება მასაც, რაც კადაფის დაემართა ლიბიაში. ეს არავინ იცის“, – განაცხადა ავაკოვმა.

  • რუსეთის დეფოლტი შეიძლება გადაიქცეს ევროპის დეფოლტად – მედვედევი

    რუსეთის დეფოლტი შეიძლება გადაიქცეს ევროპის დეფოლტად – მედვედევი

    “კარგი, მაშინ სცადე”,– ასე პასუხობს დიმიტრი მედვედევი ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელმაც თქვა, რომ “რუსეთის გაკოტრება მხოლოდ დროის საკითხია”.

    რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამტკიცებს, რომ “რუსეთის დეფოლტი შეიძლება გადაიქცეს ევროპის დეფოლტად”.

    “როგორც მორალურად, ასევე, შესაძლოა, მატერიალურადაც. ევროკავშირის ფინანსური სისტემა არ არის სტაბილური, ხალხის ნდობა იკლებს. და ეს ასე არ შეირყა თუნდაც სამახსოვრო 2008 წელს, შემდეგ კი ძალიან რთული იყო”,– წერს ტელეგრამზე მედვედევი.

    მისივე თქმით, რუსეთი ელის “უბრალო ევროპელების ძლიერ მადლიერებას ჰიპერინფლაციისთვის, რომელიც აღარ შეიძლება მიეწეროს ბოროტ რუსებს”.

    “მაღაზიებში ძირითადი პროდუქტების ნაკლებობისთვის და ლტოლვილების შემოდინებისთვის, რაც გამოიწვევს ალბანურზე უარეს ძალადობრივ დანაშაულის ტალღას. მაშინ ბრიუსელში დეიდებსა და ბიძიებს მოუწევთ რიტორიკის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლილი ევროპული ქალაქების ქუჩებში, ევროპის თავზე მაიდნის გმირების პატივსაცემად საბურავებისგან დამზადებული სუნიანი კოცონი დაიწვება!”,– აღნიშნავს მედვედევი.

  • შეტევით ოპერაციაზე რუსი გენერლები ვერ თანხმდებიან, ეშინიათ – ბუდანოვი

    თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუს გენერლებს შორის შეტევითი ოპერაციების შესახებ შეთანხმება არ არსებობს, რადგან მათ ბრძოლის ველზე სიკვდილის ეშინიათ.

    “ფაქტობრივად, რუსები მათთვის გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. ძალიან ჩქარობენ, რადგან დროში ძალიან შეზღუდულები არიან. სურთ, აჩვენონ, თუ როგორ “იგებს” რუსეთი გარკვეულწილად ამ “სპეციალურ ოპერაციაში”, ისინი ჩქარობენ აღდგომამდე.

    ოღონდ გეტყვით, რომ არ გამოუვათ, ვერსად წავლენ და უკრაინა დაცული იქნება. შესაძლებელია გარკვეული ტაქტიკური გამარჯვებები, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი დასახლება დღეში ორ-სამჯერ გადადის ხელიდან ხელში.

    რუს გენერლებს არ აქვთ ერთობა ერთი მიზეზის გამო – ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ 8 გენერალი დაიღუპა და ეს ფაქტორი ბევრ მათგანს ნამდვილად აშინებს”,– განაცხადა ბუდანოვმა და აღნიშნა, რომ რუს გენერლებსაც ეშინიათ რეპრესიებისაც წარუმატებლობის შემთხვევაში.

    მანვე ისაუბრა მარიუპოლზეც და თქვა, რომ რუსების ქვედანაყოფების რაოდენობა იგივე რჩება და უკრაინის დაზვერვას არ აქვს მონაცემები ოკუპანტების ჯგუფის შემცირების შესახებ.

    ბუდანოვისვე ცნობით, რუსებს მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტები ამოეწურებათ, ამავდროულად, სანქციების გამო, ოკუპანტებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაიწყონ ასეთი რაკეტების წარმოება.

  • რას გააკეთებს უკრაინა, თუ მარიუპოლის მცველები განადგურდებიან – არესტოვიჩის განმარტება

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, თუ მარიუპოლის მცველები დაიღუპებიან, მაშინ უკრაინა დატოვებს რუსეთთან მოლაპარაკებებს და ბრძოლის განსხვავებულ სტრატეგიაზე გადავა. მისი განმარტებით, აღნიშნულ პოზიციაზეა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მის კომენტარს Unian ავრცელებს.

    “მაშინ დაიწყება სრულიად განსხვავებული პერიოდი – უკრაინა უკარნახებს [რუსეთს] პირობებს და იბრძოლებს მანამ, სანამ ჩვენს მიწაზე უკანასკნელი რუსი ნაძირალა არ მოკვდება. მათ არაფერი აქვთ საპასუხოდ, აქვთ კრიზისი და საშინელი პოლიტიკური კატასტროფა, მათ არ იციან როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, უპირველეს ყოვლისა, “შიდა ბაზარზე“ და სულ ეს არის. ეს არის უკრაინის გამარჯვება რეალურად“,– თქვა არესტოვიჩმა 24-ე არხის ეთერში.

    მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას შეტევაზე გადასვლისთვის ბევრი მძიმე იარაღი სჭირდება, რადგან თავდასხმა უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვა.

    ცნობისთვის, დღეს მარიუპოლის მცველებმა დანებებაზე უარი თქვეს და ქალაქისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ულტიმატუმის უარყოფის გამო რუსეთი მათ დახოცვით ემუქრება.

  • ახალი სანქციების ამოქმედების გამო სატვირთო მანქანები პოლონეთ–ბელორუსის საზღვარზე 80კმ–იან რიგში გაიჭედნენ

    ასობით სატვირთო მანქანის რიგია გაჭიმული პოლნეთ–ბელორუსის საზღვარზე, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის ტერიტორია დატოვონ. ზოგიერთი მძღოლი უძრავ კოლონაში 30 საათზე მეტია დგას.

    სატვირთო მანქანების რიგი, რომელიც სიგრძეში 80 კილომეტს აღწევს, საზღვარზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც 16 აპრილს ძალაში შევიდა სანქციების მეხუთე პაკეტი მოსკოვის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით რუსეთის და ბელორუსის სატვირთო მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ყოფნა აეკრძალათ.

    გამონაკლისი დაიშვება წამლების, ფოსტის და ნავთობპროდუქტების გადამზიდავებისთვის.

    ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ელის ათასობით სხვა სატვირთო მანქანას, რომლებიც დამკვირვებლების შეფასებით ამ მომენტისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაძლოა მათი კონფისკაცია ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მოახდინონ.

     

  • როგორც ჩანს, რუსებმა გადაწყვიტეს მარიუპოლის მიწასთან გასწორება ნებისმიერ ფასად – კულება

    “მარიუპოლში მდგომარეობა სამხედრო თვალსაზრისითაც მძიმე და გულსატკენია. ქალაქი აღარ არსებობს.

    უკრაინის არმიის დარჩენილი ნაწილი და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ჯგუფი, ძირითადად, რუსი ძალების მიერაა ალყაში მოქცეული. ისინი აგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ როგორც მარიუპოლში რუსული არმიის ქცევიდან ჩანს, მათ გადაწყვიტეს ქალაქის მიწასთან გასწორება ნებისმიერ ფასად”

    აცხადებს უკრაინის საგარეო მინისტრი, დმიტრო კულება CBS-თან ინტერვიუში.

  • ითხვისის მაღაროში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

    ჯორჯიან  მანგანეზის ინფორმაციით, ითხვისის მაღაროში მაღაროს უბნის უფროსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. მამაკაცი 30 წლის იყო.

    კომპანიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

    “პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად. ჯორჯიან მანგანეზი კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • მაკრონი უკრაინაში მოვიწვიე, მინდა გაიგოს, რომ ეს გენოციდია – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეთანხმება ჯო ბაიდენს, რომელმაც უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს გენოციდი უწოდა.

    “მე იგივე აზრი მაქვს, რაც პრეზიდენტ ბაიდენს. შეხედეთ რა მოხდა ბუჩაში. გასაგებია, რომ ეს ომი კი არა, გენოციდია. მათ უბრალოდ ხალხი დახოცეს, ჯარისკაცები კი არა, ხალხი. უბრალოდ ხალხს ესროდნენ ქუჩებში. ხალხი ველოსიპედზე დადიოდა, ავტობუსით ან უბრალოდ დადიოდა. ქუჩებს გვამები ეყარა”,– განაცხადა ზელენსკიმ.

    მან უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც, რომელმაც სიტყვა გენოცდის გამოყენებაზე უარი თქვა. ზელენსკის თქმით, მაკრონი მან უკრაინაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახოს რუსეთის ქმედებები.

    “ვფიქრობ, მას სურს გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთი დიალოგში ჩაერთვება. მე უბრალოდ ვუთხარი მას, რომ მინდა გაიგოს, რომ ეს არ არის ომი, სხვა არაფერია თუ არა გენოციდი. მე მოვიწვიე ის, როცა საშუალება ექნება. მოვა და ნახავს და დარწმუნებული ვარ, მიხვდება”,– აღნიშნა ზელენსკიმ.

  • რუსებმა ჩემი შვილი გაიტაცეს, მხოლოდ 16 წლისაა, დამეხმარეთ – ზაპაროჟიეს ადმინისტრაციის უფროსი

    ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ ბურიაკის ვაჟი გაიტაცეს.

    მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა ის ვასილიევკას საგუშაგოდან მოიტაცეს.

    ბურიაკი საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარების თხოვნით მიმართავს.

    „ჩემი შვილი გაიტაცეს. რუსებმა ის ვასილიევკაში, საგუშაგოდან გაიტაცეს. ის მხოლოდ 16 წლისაა. არ ვიცი, სად არის ახლა ჩემი შვილი. მივმართავ მთელ ევროპულ საზოგადოებას, მთელ კაცობრიობას: დამეხმარეთ, გთხოვთ, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსები აქ, ქვეყანაში იპარავენ ბავშვებს. დაეხმარეთ ჩემს შვილს სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნებაში. მე მჭირდება თქვენი დახმარება. თუ ბევრი ადამიანი მოითხოვს ჩემი ვლადის გათავისუფლებას ერთდროულად, მაშინ ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა ბურიაკიმ ვიდეომიმართვაში.