Category: სლაიდერი

  • Google Maps-მა რუკებზე რუსული საიდუმლო ობიექტების დაფარვა შეწყვიტა – АрміяInform

    Google Maps-მა შეწყვიტა რუსული საიდუმლო ობიექტების დაფარვა თავის რუკებზე. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Army Inform ავრცელებს.

    მათი ცნობით, Google Maps-ში რუსეთის ფედერაციის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი ხელმისაწვდომი გახდა მაქსიმალური გარჩევადობით, მაგალითად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვების პოზიციები, სამეთაურო პუნქტები, ბირთვული საბრძოლო მასალის შესანახი ბაზები და ა.შ. მედიის ცნობით, აქამდე ისინი ცუდ ხარისხში იყო წარმოდგენილი, რაც არ იძლეოდა ყველა დეტალის შესწავლის საშუალებას.

    მაგალითად, Google Maps-ის მეშვეობით, მაღალი გარჩევადობით შეგვიძლია ვნახოთ ავიამზიდი „ადმირალ კუზნეცოვი”.

    ასევე, შესაძლებელია ბირთვული საბრძოლო მასალის შესანახი ბაზის დათვალიერება მურმანსკის მახლობლად:

    Armyinform-ის ცნობითვე, გუგლი საშუალებას იძლევა, მსურველებმა შეისწავლონ, როგორ გამოიყურება მე-5 თაობის სუ-57 გამანადგურებლები რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საფრენოსნო ტესტირების ცენტრში.

    Google maps კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების პოზიციის ნახვის საშუალებასაც იძლევა:

    გუგლის რუკაზე შეგვიძლია კურსკთან ახლოს საჰაერო ბაზის ნახვაც, საიდანაც ხდება რუსული ავიაგამადგურებლების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა.

    ქართველი სამხედრო ექსპერტის, რუსლან შავაძის შეფასებით, ეს უკრაინის არმიასათვის არის წინა მოსამზადებელი პროცესი, სანამ ისინი უშუალოდ მიიღებენ შორი მოქმედების მრავალფუნქციურ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და ასევე ოპერარიულ-ტაქტიკურ რაკეტებს Himars-ების გამშვებთან ერთად (MGM-140, მოქმედების რასიუსი 300-500კმ). “ბუნებრივია თუ ექნება შესაძლებლობა უკრაინულ არმიას, ისინი დაბომბავენ უკრაინის ტერიტორებთან ახლომდებარე ავიადრომებს და ლოჯისტიკურ ხაზებს: კურსკში, ბრიანსკში, ბელგოროდში…”,– წერს შავაძე.

  • უკრაინაში რასაც ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულის ნიშნებს – პაპუაშვილი

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ ის რაც მათ ნახეს შეიცავს ომის დანაშაულის ნიშნებს.

    “რა თქმა უნდა, ჩვენ იქ უკრაინში რასაც ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულის ნიშნებს და ფაქტია, ჩვენ იქ რაც ვნახეთ, სამოქალაქო შენობების დაზიანებები, სამოქალაქო პირებში ადამიანური მსხვერპლი საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას და აქ ყველა უნდა იყოს ჩართული, რომ ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება მოხდეს.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

  • TI-ს 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების საქმეზე შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანიების მთავარის, ფორმულასადა TV პირველის, ასევე On.ge-ს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

    “საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, სწორედ, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაიცვას მოქალაქეების, მათ შორის მედიის წარმომადგენლები, ხოლო მისი შეუსრულებლობისათვის სათანადოდ აგოს პასუხი. ზუსტად ამიტომ, სახელმწიფოს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნული ფუნქციის შეუსრულებლობის გამო, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

    საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო გეგმავს კიდევ ერთი სარჩელით მიმართოს სასამართლოს იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც ტელეკომპანიებს 5 ივლისის თავდასხმების დროს ტექნიკის განადგურების გამო მიადგათ:

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს ტელეკომპანიების მთავარის, ფორმულასა და TV პირველის, ასევე On.ge-ს დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების საქმეები, თავი მოუყარეს ვიდეო და  წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც ჯამში 6 საათის მასალასა და 400 გვერდზე მეტ დოკუმენტს მოიცავს, ასევე დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 5 ივლისს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ”.-ნათქვამია განცხადებაში.

  • როგორი ამინდი იქნება 21 აპრილამდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 აპრილს დღის ბოლოდან 21 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვის სანაპირო რაიონებში, 18 აპრილს საღამოს საათებში, ელჭექის დროს, შეიძლება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხანმოკლე ძლიერი ქარი აღინიშნოს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

  • ლევანთან ერთად საქართველოში ვბრუნდები – ალეკო ელისაშვილი

    “ვარშავაში ვართ. ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი პოლონელი მარშლის, პილსუდსკის ძეგლთან, ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი ზვიად გამსახურდიას შვილთან, გიორგისთან ერთად. უბევროს საქართველოს გიორგი გამსახურდიასნაირი საქმიანი, ენერგიული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოხელეები. მადლობა გიორგის ვარშავაში მასპინძლობისთვის.

    ერთი თვის მერე ვბრუნდები ლევანთან ერთად საქართველოში. როგორც კი დავინახავ, რომ ისევ საჭირო ვარ გმირულ უკრაინაში მეომრად, იმ წამს დავბრუნდები – მეტი გამოცდილებით და მეტი შემართებით!

    სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!”

    წერს საქართველოს პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი Facebook-ზე.

  • “ალიბი უკვე მოიფიქრეს” – ოკუპანტები სააღდგომოდ პროვოკაციებს გეგმავენ

    უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი აცხადებს, რომ ოკუპანტები კვლავ იყენებენ “ინფორმაციული ალიბის” შექმნის ტექნიკას.

    ცენტრის ცნობით, რამდენიმე პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “70-ზე მეტი მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა ნაციონალისტებისგან, რომლებიც აღდგომის ღამეს ნაღმტყორცნებს ესვრიან მართლმადიდებლურ ეკლესიებს, რათა შემდეგ ამაში რუსი სამხედროები დაადანაშაულონ”.

    უკრაინული მხარის ცნობით, პროპაგანდისტები ასახელებენ უკრაინის რეგიონებს, სადაც “შეიძლება ეს მოხდეს”: ზაპორიჟიე, ნიკოლაევი, ოდესა, სუმი და ხარკოვი.

    უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებით, ყველა ამ რეგიონში დიდია მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების არსებობის ალბათობა.

    “ჩვენ მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, იყოს ძალიან ყურადღებით და მაქსიმალურად ფრთხილად”,– წერია ცენტრის განცხადებაში.

  • ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის ვაპატიებთ – კალაძე

    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვიდრე ის თბილისის მერის თანამდებობას იკავებს, დედაქალაქში უკანონო მშენებლობას არ დაუშვებს. თბილისის მერმა,  ამაღლების ქუჩაზე სართულის უკანონოდ დაშენების ფაქტი გამოვლინდა და სამშენებლო კომპანიას „მონუმენტმშენს“ მიმართა, მშენებარე ობიექტი სწრაფად მოიყვანოს პროექტთან შესაბამისობაში.

    „არავის დასჯას არ მივესალმები, მაგრამ ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის ვაპატიებთ. ჩვენ სწორედ იმიტომ აგვირჩია ხალხმა და იმიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა, რომ ჩვენი ერთ-ერთი დაპირება სწორედ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება იყო. არავის გვსიამოვნებს ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ქალაქში, თუ როგორ დაამახინჯეს კონკრეტული არეალები კონკრეტულ რაიონებში. ამის გაგრძელება კატეგორიულად მიუღებელია.

    “ახალი რეგულაციები და ჯარიმების გაზრდა არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოგვეწესრიგებინა. შესაბამისად, შევედით საკანონმდებლო ცვლილებით პარლამენტში და პარლამენტის მხარდაჭერით უკანონო მშენებლობა, სართულიანობის გადამეტება და ა.შ. სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მუნიციპალური მიწების უკანონოდ მიტაცება ხდება და შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, რა თქმა უნდა, ესეც კატეგორიულად მიუღებელია და რა თქმა უნდა, არასდროს თავს არ დავუხრით და არ გავჩერდებით, როდესაც ასეთ ფაქტებს წავაწყდებით.ვიდრე მე ამ ქალაქის მერი ვარ, ვიდრე თბილისის მთავრობას ვხელმძღვანელობ ჩემს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო მშენებლობას არასდროს დავუშვებთ და არ დავუხრით თავს არცერთ ფაქტს, რომელიც გამოვლენილი იქნება,” – განაცხადა კალაძემ.

    მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამშენებლო ობიექტს კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს, ამ ყველაფერს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება.

    „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ ის რეაქცია, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბოლომდე ჩავყვებით. პირადად ვიქნები დაინტერესებული, რომ სამაგილოთოდ დაისაჯოს ეს კომპანია და კონკრეტული ადამიანები. მოუწევთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ ეს შენობა-ნაგებობა არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • საქართველო არ იქნება ქვეყანა, რომლითაც რუსეთი სანქციებს გვერდს აუვლის – პაპუაშვილი

    “საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა სანქციებს გვერდი აუაროს” – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    “გაფართოებულ შეხვედრაზე ჩვენმა უკრაინელმა კოლეგამ ხაზგასმით აღნიშნა მადლიერება იმ დახმარებისა და გვერდში დგომისთვის, რომელსაც საქართველო იჩენს უკრაინის მიმართ პოლიტიკური, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით.  პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, აქაც სხვათა შორის კარგია, რომ ოპოზიციურმა წარმომადგენლებმაც ზუსტად გამოიტანეს ის ფორმულირება, რომელიც ითქვა იქ თავმჯდომარის მხრიდან, რომ საქართველოს იქნებ განეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები, სადაც შეიძლება, იყოს. ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი, რომ რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, უკვე პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება, რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, ვთქვათ, რუსეთის გადაწყვეტილებებზე. მთავარი ამ კუთხით უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი – რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს და ეს არის მთავარი,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • უკრაინა შეთანხმებულ პუნქტებზე პოზიციას ხშირად ცვლის – პესკოვი

    კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს” და “გეგმის მიხედვით მიდის”.

    რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მისი მტკიცებით, უკრაინული მხარე შეთანხმებულ პუნქტებზე პოზიციას ხშირად იცვლის.

    “ამავდროულად, მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში ექსპერტების დონეზე კონტაქტები გრძელდება. ასევე მინდა შეგახსენოთ პრეზიდენტის სიტყვები, რომ სამწუხაროდ, უკრაინული მხარე თანმიმდევრულობას არ იჩენს, შეთანხმებულ პუნქტებზე პოზიცია ხშირად იცვლება”,– აღნიშნა პესკოვმა.

    ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მარიუპოლი შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს მოლაპარაკებებში. უკრაინული მხარის განმარტებით, თუ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროები განადგურდებიან, უკრაინა დატოვებს რუსეთთან მოლაპარაკებებს და ბრძოლის განსხვავებულ სტრატეგიაზე გადავა.

  • აღდგომის ღამეს მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს

    აღდგომის ღამეს მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს

    თბილისის მერის, კახა კალაძეს თქმით,  აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს. 24 და 25 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ.

    • მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ დიდუბიდან გაიყვანს;
    • ძველი და ახალი კუკიის  სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან;
    • საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ დელისიდან;
    • ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან;
    • ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ  ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.