Category: სლაიდერი

  • “არკადი კასრაძის გამოყვანა უკვე მოხერხდა” – უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ

    “არკადი კასრაძის გამოყვანა უკვე მოხერხდა” – ამის შესახებ იფნორმაციას, უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. უკრაინაში გარდაცვლილ არკადი კასრაძეს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ.

    “უკვე მოხერხდა არკადი კასრაძის გამოყვანა, ქალაქ დნეპრში უკვე ელოდება ტრანსპორტი, რომელიც უკვე წამოასვენებს კიევში. კიევში ჩვენ გამოვემშვიდობებით ერთ-ერთ ეკლესიაში, პანაშვიდს გადავიხდით და ყველაზე დიდი უკვე სამ დღეში თბილისში ჩამოასვენებენ”, – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.

  • მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე შეტევა დაიწყეს

    რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. ასევე ცნობილია, რომ ოკუპანტები ბომბავენ, ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებს. მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო ამბობს, რომ რუსული არმია ბომბავს არამხოლოდ აზოვსტალს, არამედ საცხოვრებელ რაიონებსაც.

    “ოკუპანტებს იერიშები მაღალი სიმძლავრის ბომბებით არა მხოლოდ აზოვსტალზე მიაქვთ, არამედ არტილერიითა და ტანკებით აგრძელებენ ქაოსურ დარტყმებს ცოცხალ სექტორზე ლევობერეჟნის რაიონზე, მეოტიდას ბულვარის გასწვრივ.ამავდროულად, გუშინ ოკუპანტებმა მოქალაქეებს ამ ზონაზე წვდომა გაუხსნეს, რათა სახლებიდან ნივთები აეღოთ. ამისთვის ავალდებულებენ თეთრი ლენტის ტარებას, რომლითაც რუსები საკუთარ თავს ინიშნავენ. ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების უკრაინელი სნაიპერებისთვის სატყუარების სახით გამოყენებას”. – წერს მერის მრჩეველი.

    აზოვსტალის ქარხანაში უკრაინელი მებრძოლები არიან გამაგრებულნი, მათ შორის აზოვის პოლკიდან.

    იერიშის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიაც.

  • ზელენსკი რომ ენმ-ს დელეგაციას შეხვდეს კონტრპროდუქტიული იქნება – კობახიძე

    “რა თქმა უნდა, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ მოხდება. ბუნებრივია, თეორიულად რომ წარმოიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რაზეც საუბრობენ ისინი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ შეხვდა ქართულ დელეგაციას, ოფიციალურს, რომელიც იყო ჩასული პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კიევში, და ხვდება ნაცმოძარობის დელეგაციას – მელიას, მარგველაშვილსა და სხვებს. ეს რომ წარმოვიდგინოთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი უარყოფითი ნიშანი, ბუნებრივია არ წაადგება ასეთი რამე ქვეყნებს შორის ურთიერთობას”

    ამის შესახებ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

     

  • უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბრძოლაზე უარი თქვა

    უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბრძოლაზე უარი თქვა. 

    “დაზუსტებული ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის 126-ე ბრიგადის დანაკარგი 75%-მდეა. შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, თითქმის 500 დაიჭრა, 70 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. აღნიშნული ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაწერა მოხსენებები, რომლებშიც უარს ამბობენ ე.წ. სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობაზე”. – ნათქვამია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • რუსულმა თვითმფრინავმა გაძევებული დიპლომატების ასაყვანად, შემოვლითი გზით, ევროპის გარშემო იფრინა

    ევროკავშირის ფრენის აკრძალვის გამო, რუსულმა თვითმფრინავმა გაძევებული დიპლომატების ასაყვანად, შემოვლითი გზით, ევროპის გარშემო იფრინა. ინფორმაციას ამის შესახებ, FlightRadar24-ი ავრცელებს.  მოსკოვიდან გაგზავნილი თვითმფრინავი, საბერძნეთიდან და შემდეგ ესპანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატების ასაყვანად, იძულებული გახდა 15 163 კილომეტრიანი შემოვლითი გზით ეფრინა.

    “მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა და საბერძნეთმა ერთჯერადი გამონაკლისის სახით თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლისთვის ნება დართო, ფრენები არ შესრულდა ქვეყნებში, რომლებიც ინარჩუნებენ აკრძალვას რუსული ფრენების შესახებ… ფრენის მთლიანი სიგრძე იყო 15,163 კმ. რუსულმა თვითმფრინავმა, თითქმის, ისეთივე გრძელი მანძილი გაიარა, როგორიცაა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრენა სინგაპურსა და ნიუ-იორკს შორის”, – ნათქვამია ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში. 

    ”რუსეთი აგრძელებს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან გაძევებული დიპლომატების შეგროვებას, მათ უნდა გაიარონ გრძელი გზა – ძალიან გრძელი გზა მათ მოსაპოვებლად” –  წერია,  FlightRadar24-ის მიერ გავრცელებულ ტვიტზე.

  • საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება – მაკრონი

    “საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება ” –  ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  France 5-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ განსხვავებით ევროპის ქვეყნების უმრავლესობისა, საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება და ქვეყანა, სხვა ბაზრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

    • “ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება. საფრანგეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს გაზის სხვა ბაზრებთან”. – ამბობს ემანუელ მაკრონი.
  • იაპონია უკრაინას ქიმიური იარაღისგან დასაცავად სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემს

    იაპონია უკრაინას ქიმიური იარაღისგან დასაცავად კოსტიუმებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “უკრაინის მთავრობას მივაწვდით NBC კოსტიუმებს, ნიღბებსა და დრონებს. უკრაინელების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ იაპონიის თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ჩვენს მაქსიმალურ მხარდაჭერას”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • რუსეთმა როგორც ჩანს დაიწყო ახალი შეტევა უკრაინის აღმოსავლეთით–უკრაინის გენშტაბი

    რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა შეტევა და შტურმი სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულების ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთებზე. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით ოკუპანტებმა საკუთარი ძალისხმევა მიმართეს დასახლებული პუნქტების – ლიმანის, კრემენნაიას, პაპასნაიას, რუბეჟნოეს და მარიუპოლის ასაღებად.

    უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის მონაცემებით, ოკუპანტების მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებაა. აღმოსავლეთის საოპერაციო ზონაში, უწყების აზრით დაფიქსირებულია მტრის შეტევითი ოპერაციების დასაწყისი.

    უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაააქტიურეს შტურმი სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით.

    “ძალების გასაძლიერებლად მოწინააღმდეგე განაგრძობს დამატებითი სატანგო და საარტილერიო ქვედანაყოფების თავმოყრას. გრძელდება ბრძოლა მარიუპოლისთვის. მტერი შტურმს ახორციელებს საზღვაო პორტის რაიონში“– ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.

    რუსეთმა, როგორც ჩანს, დაიწყო ახალი შეტევა უკრაინის აღმოსავლეთით – აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები 18 აპრილს, მას შემდეგ, რაც სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში.

    უკრაინის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ აღრიცხა “შეტევის დაწყების ნიშნები ოპერაციათა აღმოსავლეთ ფლანგზე”, და, როგორც ჩანს, შეტევები კონცენტრირებულია ხარკოვის და დონეცკის რეგიონებში.

    უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ რუსეთი 18 აპრილს დილით შეეცადა დაეწყო “აქტიური ფაზა”. მისი თქმით, რუსეთის ძალები შეეცადნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ღამით აცხადებდა, რომ მისი ძალები ცეცხლს უხსნიდნენ 100-ზე მეტ სამიზნეს ადგილებში, სადაც კონცენტრირებულია უკრაინის სამხედრო შეიარაღება და ჯარისკაცები. სამინისტროს თქმით, რუსეთის არმიამ გაანადგურა უკრაინის რვა ტანკი და სხვა დაჯავშნილი მანქანები, ჩამოაგდო სამი თვითმფრინავი და გაანადგურა იარაღის ოთხი დეპო. ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

  • ქალაქში დაბრუნება არ იჩქაროთ, არ გამოვრიცხავთ კიევზე თავდასხმას – კლიჩკო

    უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქალაქში დაბრუნება არ იჩქარონ რადგან უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმას არ გამორიცხავენ.

    “მეგობრებო, დღევანდელი მდგომარეობით, კიევში 2 მილიონ 120 000 ადამიანი იმყოფება, რადგან ბევრი კიეველი, რომელმაც ქალაქი დატოვა, უკვე დაბრუნდა. დედაქალაქი თანდათან ცოცხლდება. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარჩეთ უფრო უსაფრთხო ადგილას, არ იჩქაროთ ქალაქში დაბრუნება. სამხედრო მონაცემებსა და ბოლო მოვლენებზე დაყრდნობით, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ კიევი სარაკეტო დარტყმის შემდგომი საფრთხის ქვეშ იმყოფება. წინა დღეს აფეთქებები მოხდა დარნიცკის რაიონში. სარაკეტო თავდასხმა იყო ბროვარშიც. დიახ, ჩვენი საჰაერო ძალები კარგად მუშაობენ, მაგრამ არის დარტყმები, ამიტომ ქალაქში უსაფრთხოების გარანტია არ შეგვიძლია, რადგან კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნედ”,- წერს ვიტალი კლიჩკო.

  • რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთში პროდუქტების მარაგები იწურება

    რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა აცხადებს, რომ რუსეთში პროდუქტების მარაგები იწურება. ნაბიულინამ სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ შეძლებს გარკვეული დროის განმავლობაში ფუნქციონირებას ამჟამად არსებული მარაგების გათვალისწინებით თუმცა  “პერიოდი, როდესაც რუსეთს მარაგებით შეეძლო ეცხოვრა, დასრულდა”.

    “როგორც ცენტრალური ბანკი, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პერიოდში გარკვეულ საქონელზე ფასების საგრძნობი ზრდა იქნება. ამიტომ ინფლაცია იქნება სამიზნე რიცხვზე მეტი. აუცილებლად უნდა გავიაროთ ადაპტაციის ეს პერიოდი. ამასთან, ინფლაცია არ უნდა გახდეს უკონტროლო, რომელიც შემდგომში ადამიანების შემოსავალსა და დანაზოგს აუფასურებს. იმედი გვაქვს, რომ 2024 წლისთვის 4% ინფლაციას დავუბრუნდებით.

    სანქციები პირველად შეეხო ფინანსურ ბაზარს, მაგრამ ახლა ისინი დაიწყებენ მზარდ გავლენას ეკონომიკის რეალურ სექტორებზე. მთავარი პრობლემები დაკავშირებული იქნება არა ფინანსურ ინსტიტუტების სანქცირებასთან, არამედ იმპორტთან და საგარეო ვაჭრობის ლოჯისტიკისა და მომავალში რუსული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვასთან”, – განაცხადა ნაბიულინამ.