“ქართულმა ოცნებამ” ბრიფინგი დღეს უკვე მესამედ 15:00 საათზე ჩანიშნა. მანამდე 11 და 12 საათზე მმართველი გუნდის ოფისში ბრიფინგი ორჯერ ჩაინიშნა, თუმცა ორივეჯერ გაუქმდა.
Category: სლაიდერი
-
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საბრძოლო მოქმედებებში “ოპერატიული პაუზა“ გამოაცხადა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც რუსული სახელმწიფო სააგენტოები ციტირებენ, რუსულ საბრძოლო ქვედანაყოფებში, რომლებიც “საბრძოლო ამოცანებს“ ასრულებენ, “ოპერატიული პაუზა“ გამოცხადდა და მიმდინარეობს “საბრძოლო მასალების და შესაძლებლობების შევსების “ ღონისძიებები.
“სამხედროებს მიეცათ შესაძლებლობა დაისვენონ, სახლიდან წერილები და ამანათები მიიღონ“– ციტირებს სააგენტო ТАСС მის თანამოსაუბრეს თავდაცვის სამინისტროდან.
მანამდე თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს მოახსენა ლუგანსკის ოლქის “სრული გათავისუფლების შესახებ“. ამის გამო პუტინმა ბრძანება გასცა, რომ სამხედროებს დასვენების საშუალება მისცენ.
-
ფინეთი რუსეთთან საზღვრის გასწვრივ ბარიერებს ააგებს
ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი რუსეთთან გამყოფ საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. კანონი საშუალებას იძლევა საზღვრისპირა გამაგრებები აეგოს და 1300 კილომეტრიანი საზღვარი თავშესაფრის მთხოვნელთათვის დაიხუროს “განსაკუთრებული გარემოებების“ შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტი სადაოა თავშესაფრის მინიჭების შესახებ ევროკავშირის წესების თვალსაზრისით, მას მხარი დაუჭირა პარლამენტის კვალიფიციურმა უმრავლესობამ დაჩქარებული პროცედურით, რომელიც ფინეთის პარლამენტს უფლებას აძლევს კანონები მიიღოს ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის შესაძლო საპასუხო ზომების საფრთხის არსებობის გამო.
-
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის სანქცირების შესახებ ჩანაწერის გამო შვეიცარული ბანკი მასთან დაკავშირებულ მოქმედებებს სასამართლოს გარეშე აღარ განახორციელებს
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ივანიშვილი სულ რომც სანქცირებული იყოს, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ წარმოადგენს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან გლობალურ დავაში.
ამავე დროს, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც.
2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად:
ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა.
თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა:
უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 20 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე. საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. სწორედ ამ უცნაური, განმაცვიფრებელი გზავნილის შესახებ სურს კლიენტს ქართული საზოგადოების ინფორმირება, რადგან, რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.
კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება.
ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც.
ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მითუმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ.
აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს.
კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“,- ნათქვამია განცხადებაში.
-
ცემა 1 წუთით არ შეწყვეტილა – უკრაინელი ექიმის თქმით, რუსი გამტაცებლები მას ტყვეობაში აწამებდნენ
უკრაინელი მედიკოსი, 53 წლის იულია პაიევსკაია ტყვეობას იხსენებს. იულია რუსებისა და სეპარატისტული ძალების მიერ 3 თვის განმავლობაში ტყვეობაში იყო, ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, მესაზღვრეებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებაში ადანაშაულებს. მედიკოსი აცხადებს, რომ ძალადობა მაშინვე დაიწყო, რაც ის 16 მარტს მარიუპოლის მახლობლად საგუშაგოზე ამოიცნეს და მძღოლთან ერთად დააკავეს. მისი თქმით, შეურაცხყოფა, მათ შორის ცემა, სამი თვის განმავლობაში ერთი წუთითაც არ გაჩერებულა.
- “ხუთი დღის განმავლობაში მე არ მქონდა საჭმელი და პრაქტიკულად არ ვსვამდი. გამუდმებით გეუბნებიან, რომ შენ ხარ ფაშისტი, ნაცისტი,” – განუცხადა პაიევსკამ CNN-ს სამშაბათს, თითქმის სამი კვირის შემდეგ, რაც ის გაათავისუფლეს პატიმრების გაცვლის დროს, 17 ივნისს.
-
ჯონსონმა აღიარა, რომ КГБ-ს ყოფილ აგენტს, რამდენჯერმე შეხვდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ სხვა ოფიციალური პირების გარეშე, 2018 წელს შეხვედრები ჰქონდა რუს ოლიგარქთან და КГБ-ს ყოფილ აგენტთან ალექსანდრ ლებედევთან.ჯონსონი 2018 წლის აპრილში ბრიუსელში გამართული NATO-ს სამიტის შემდეგ იტალიაში, პერუჯის ციხესიმაგრეში გაემგზავრა, რომელიც ალექსანდრის შვილს, ევგენი ლებედევს ეკუთვნის.
აღნიშნული ფაქტის შესახებ, ბორის ჯონსონს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჰკითხეს, მაშინ ჯონსონი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
“ჩვენ იტალიაში შევხვდით, როგორც ხდება ხოლმე”. – თქვა ჯონსონმა.
BBC იუწყება, რომ სწორედ ჯონსონმა შეუწყო ხელი ლებედევის ვაჟის, ევგენის ლორდთა პალატის წევრობას, მისთვის პერის ტიტულის მინიჭებით.
-

ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა – მდინარაძე ოხანაშვილზე
”მე ვიცი დეტალები და ახლაც რთულია ჩემთვის ამ დეტალებიდან გამომდინარე თავის შეკავება, იმიტომ, რომ ადამიანი ვარ ჩვეულებრივი და ერთადერთს იმას ვიტყვი, რომ მეც ჩემს კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში – ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. რთული იქნებოდა ესეც კი, იქიდან გამომდინარე, რაც პროვოკატორმა იკადრა – “ერთი წუთით, თუ შეიძლება, ბატონო ანრი, რაღაც უნდა გითხრათ” და შემდეგ ჩაჩურჩულება, მინიშნებითაც რომ ვერ გავიმეორებ, ისეთი 1-2 წინადადების, საქართველოში ვცხოვრობთ, მოდი ახლა სიმართლე ვუთხრათ საკუთარ თავსაც და საზოგადოებას – რისი მოთმენაც არათუ ქართველ კაცს და ქალს, ამ სამყაროში ნებისმიერ ადამიანს უკიდურესად გაუჭირდებოდა. თუმცა, ანრიმ მოახერხა, კანონის ჩარჩოებიდან არ გასულიყო და ამ სიბილწეს, ამაზრზენ სიტყვებსა და წინადადებას, სიბილწის ხერხით მუქარას უპასუხა ისე, როგორც უპასუხა და თან კანონის ჩარჩოებში დარჩა. ურთულესი იყო, დამერწმუნეთ და ცოტა რთულია ამაზე საუბარიც კი.”
ამბობს იმედთან ინტერვიუში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. აშშ-ს საელჩოში TV პირველის დირექტორს ვატო წერეთელს ანრი ოხანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა.
-
ჯონსონის მთავრობა იშლება. რა ელის ბრიტანეთის პრემიერს
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი გადადგომასთან ძალიან ახლოს არის: სამწლიანი სკანდალური პრემიერობის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მას გადადგომა ემუქრება, თუმცა ასე ახლოს თანამდებობის დატოვებასთან არასოდეს ყოფილა. თავიდან მას თანაპარტიელები აუმხედრდნენ, ახლა კი მისი გუნდიდან უახლოესი თანამებრძოლები– მისი მთავრობის მინისტრები გაიქცნენ.
მთავარი პრეტენზია არა კონსერვატიული პარტიის კურსს, ან მუშაობის შედეგებს, არამედ პირადად პრემიერს უკავშირდება. თანამებრძოლებს არა მხოლოდ მის წესიერებაში და პატიოსნებაში ეპარებათ ეჭვი – ეს ისედაც ჯონსონის დიდი ხნის პრობლემაა. ისინი იმედს კარგავენ, რომ ჯონსონი ოდესმე გამოსწორდება.
მორიგი სკანდალის შემდეგ სამშაბათს მისი კაბინეტი დატოვა ორმა მძიმეწონოსანმა მინისტრმა – ფინასთა და ჯანდაცვის მინისტრებმა – მათ ფაქტიურად კარი გაიჯახუნეს. სკანდალი თავისთავად წინამორბედებისგან ნაკლებად განსხვავდებოდა, და ჯონსონს პასუხს არა იმდენად ამ კონკრეტული სკანდალის, არამედ სკანდალების დაუსრულებელი სერიის გამო სდებენ.
მინისტრების გადადგომას შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკების გადადგომაც მოჰყვა. ოთხშაბათს არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ მისივე დეპუტატებმა ჯონსონს პარლამენტში გარჩევა მოუწყვეს და უნდობლობის ვოტუმის პროცედურა წამოიწყეს.
ნებისმიერი სხვა პრემიერი ბრიტანული ტრადიციის მიხედვით უკვე დიდი ხნის წასული იქნებოდა, თუმცა ჯონსონი, კუთხეში მიმწყვდეულიც კი საკუთარ თავს არ ღალატობს და წასვლაზე უარს ამბობს.
“ასეთ რთულ ვითარებაში და ასეთი კოლოსალური მანდატით პრემიერ მინისტრის საქმეა მუშაობა გააგრძელოს. და მეც ამას ვაპირებ“–განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში, საკუთარი პრობლემები ქვეყნის ეკონომიკურ სირთულეებს დააბრალა და თქვა, რომ მისგან განტევების ვაცის შექმნა უნდათ.თუმცა ამბოხებულთა ლიდერმა, წარსულში ფინანსთა მინისტრმა, გუშინდელ გადადგომამდე კი ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა თქვა, რომ საქმე იმაში არ არის, როგორ უმკლავდება ჯონსონი ფასების რეკორდულ ზრდას, ბრექსითს, ენერგეტიკულ და სხვა კრიზისებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთს არყევს. არამედ საქმე თავად ჯონსონშია.
ის ამბობს, რომ მთავრობის ეფექტური მუშაობა ლოიალობას და კოლექტიურ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მას კი ბოლო თვეების მანძილზე ძალიან გაუჭირდა ლოიალობასა და პრინციპულობას შორის ბალანსის მოძებნა და არ უნდა რომ საკუთარი პრინციპულობით გარისკოს.
““მე მჯერა, რომ გუნდი კაპიტანზე აკეთებს სწორებას. ბოლო თვეების მოვლენებმა ამ გუნდში მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.“–თქვა მან პარლამენტში.
რა არ მოსწოონთ ჯონსონში
მინისტრის მიერ ხსენებული “მოვლენები“ სკანდალების ჯაჭვია, რომელთაგან ყოველი სკანდალისას ჯონსონი თავიდან ყველაფერს უარყოფდა, შემდეგ აღიარებდა და ბოდიშს იხდიდა. მას ბრალად სდებდნენ პათოლოგიურ მატყუარობას და ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩენის სურვილს.
ყველაზე დიდი სკანდალი მის რეზიდენციაში მკაცრი ლოკდაუნის დროს წვეულებების გამართვას უკავშირდება და ბრალდებას იმის შესახებ, რომ პრემიერმა პარლამენტში არაერთხელ იცრუა, ახალი მტკიცებულებების გამოჩენის შემდეგ კი ცუდ მეხსიერებას და დაბნეულობას დააბრალა ყველაფერი.
იგივე ტაქტიკა გამოიყენა ბოლო ისტორიაში, რომელიც მისი მთავრობის წევრს უკავშირდებოდა, რომელსაც ბრალი დასდეს ორი მამაკაცის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დახურულ კლუბში. ჯონსონს ბრალი დასდეს, რომ მან ამ დეპუტატის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამდეც იცოდა, რომ ის მსგავს ისტორიაში ადრეც იყო გარეული. ჯონსონმა თქვა, რომ მსგავსი არაფერი ახსოვს, თუმცა შემდეგ მაინც მოიხადა ბოდიში. ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა გამოჩნდა უტყუარი მტკიცებულებები, რომ მას ნამდვილად მოახსენეს პირადად ამ ინციდენტის შესახებ და თავისუფლად შეიძლებოდა მის მდივანს შეხვედრის ოქმები ამოეღო და ეს დაემტკიცებინა.
ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს რომ “სკანდალებმა, ამორალურმა ქცევამ და პოლიტიკაში ჩავარდნებმა მთავრობის რღვევა გამოიწვია“. კირ სტარმერმა არც თანამდებობიდან გადამდგარები დაინდო, რადგან ისინი მისი თქმით მთელი ამ ხნის მანძილზე ჯონსონს ხელს აფარებდნენ, შემდეგ კი ვირთხებივით გაიქცნენ ხომალდიდან, რომელიც იძირება.
მისი ლეიბორისტული პარტია უკვე 12 წელია ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ ახერხებს. კონსერვატორებს კი პირიქით, ბრექსითისა და ჯონსონის ქარიზმის წყალობით ახლა პარლამენტში უმრავლესობა აქვთ.
წავა თუ არა ჯონსონი
ახალი ბუნტი ტექნიკურად გამორიცხულია ერთი წლის მანძილზე უნდობლობის ვოტუმის ჩავარდნის შემდეგ, რაც ჯონსონთან მიმართებაში ერთი თვის წინ მოხდა. თუმცა ეს წესები პარტიის კომიტეტის მიერ არის დაწერილი და მათი შეცვლაც პარტიასვე შეუძლია. ეს კი მალევე შეიძლება მოხდეს და ჯონსონი ახალი უნდობლობის ვოტუმის წინაშე საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე – 23 ივლისამდე აღმოჩნდეს.თუ ის წააგებს, პატიის ლიდერის და პრემიერ მინისტრის პოსტებს დაკარგავს. ახალ პრემიერს პარტიის წევრები მოკლე სიიდან აირჩევენ, რომელსაც საპარლამენტო ფრაქცია განსაზღვრავს.
ჯონსონის შემცვლელად გამოკვეთილი ფავორიტები ჯერჯერობით არ ჩანან. დღემდე თორები ფსონს მასზე დებდნენ, თუმცა სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ ჯონსონი მათ პარტიას მომავალ არჩევნებში გამარჯვებას მოუტანს. თუმცა, პოპულარული ალტერნატივების არარსებობის გამო მისი საბოლოოდ მოშორებაც არ უნდათ. მათ ახსოვთ, რომ ჯონსონს შეუძლია წყლიდან მშრალი გამოვიდეს.
ის წარსულში გაზეთიდან გააგდეს გამოგონილი ციტატების გამო, პარტიული თანამდებობიდან გააგდეს ტყუილისა და ცოლის ღალატის გამო. თუმცა, მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა.საუკუნეების გასაყარზე ის კომედიური ტელეგადაცემების ვარსკვლავი გახდა, აირჩიეს 2001 წლის პარლამენტში, მოიგო ლონდონის მერის არჩევნები 2008 წელს, სათავეში ჩაუდგა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წარმატებულ კამპანიას 2016 წელს, პარტიისგან 2019 წლის ზაფხულში პრემიერ მინისტრის პოსტი მიიღო და წელიწად ნახევრის შემდეგ პარტიას საპარლამენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოაგებინა.
ჯონსონს თავმდაბლობა არ უყვარს და იმ გამარჯვებას არა პარტიის, არამედ მთლიანად საკუთარ დამსახურებად თვლის. ოთხშაბათს პარლამენტში მან ასეთი ფრაზაც თქვა – “ჩემთვის მოცემული მანდატი“.
კითხვაზე, რა გარემოებებში დაფიქრდება გადადგომაზე, ჯონსონმა ოპოზიციას და ამბოხებულ თანაპარტიელებს უპასუხა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მთლიანად პარალიზებული იქნება, ან… თუ მას ხელს შეუშლიან რომ უკრაინელებს მხარი დაუჭიროს. სხვა მიზეზი მას არ დაუსახელებია.
-
სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს და ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს შეეხება – რადას დეპუტატი
სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს და ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს შეეხება – ასე ეხმაურება, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახურის” წევრი და რადას დეპუტატი იური კამელჩუკი მაიკ მაკფოლის დღევანდელ განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით.
“საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელსაც ანდრეი ერმაკი და მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ, სანქცირებული პირების სიის გაფართოებაზე მუშაობს. ამ სიაში რუსეთის 1000-ზე მეტი მოქალაქეა. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათ წინააღმდეგ სანქციები ჯერ არ დაწესებულა, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება. სამწუხაროდ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებიც პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს მხარს უჭერენ. სამწუხაროდ ეს ეხება ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებს. ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ იმ ადამიანების ვინაობას, ვისაც შეიძლება სანქციები დაუწესდეს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს ქართველ მაღალჩინოსნებს, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს და იმ ადამიანებს შეეხება, ვინც შესაძლოა საქართველოში რუსული კონტრაბანდის მოხვედრას ხელს უწყობენ.
ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ საქართველოში რუსული სანქცირებული ტვირთის კვალი ფიქსირდება. თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს დაუჭერს მხარს, მათ სანქციები აუცილებლად დაუწესდებათ. საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი თანამშრომლობა რუსეთთან, ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის. ქართველმა ხალხმა უფრო მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს და ეს არ დაუშვას. რუსეთთან, კრემლთან და პუტინთან, ნებისმიერი თანამშრომლობა, მკვლელებისა და ტერორისტების მხარდაჭერას ნიშნავს.” ამბობს იური კამელჩუკი
-
აშშ-სთვის ჯობია ალიასკაზე იფიქრონ, შესაძლო მისი დაბრუნება მოგვინდეს – რუსეთის დუმის სპიკერი
“აშშ-სთვის ჯობია ალიასკაზე იფიქრონ, შესაძლო მისი დაბრუნება მოგვინდეს” – ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ვოლოდინის თქმით, აშშ-მ მიიტაცა რუსეთის კუთვნილი რესურსები.
“აშშ-სთვის ჯობია ახსოვდეთ, რომ ალიასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა. სანამ ისინი ჩვენთვის წართმეული რესურსების განკარგვას შეეცდებიან ურჩევნიათ ამაზე იფიქრონ, ჩვენ გვაქვს რაღაცები რისი დაბრუნებას შეიძლება მოგვინდეს”,- განაცხადა ვოლოდინმა.
ალიასკის ტერიტორია აშშ რუსეთისგან იმპერატორ ალექსანდრე მეორეს დროს, 1967 წელს 7.2 მილიონ დოლარად გამოისყიდა.