Category: სლაიდერი

  • “სცენაზე ვინც იდგა იმ აქციებზე, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო” – კობახიძე

    ”მათთვის მისი [ბიძინა ივანიშვილის] არსებობა არის პრობლემა, რაც სხვათა შორის, წამოსცდა ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, გალერს, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო. ნახეთ, როგორ ესმით პატრიოტიზმი, რომ პატრიოტი არის კაცი, რომელიც ქვეყანას ტოვებს. არც ნოსტალგია გაუგიათ, არც რაიმე მსგავსი ფენომენი. აქედან ჩანს მათი დამოკიდებულება. ამ ადამიანებისთვის პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და უსამშობლო ადამიანებს უნდა ჩაბარდეთ ქვეყანა. სცენაზე ვინც იდგა იმ აქციებზე, თქვენ ნახეთ, ყველა იყო აბსოლუტურად უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ რწმენა არ აქვთ არანაირი. მათი უფლებაა, მაგრამ რეალურად, ასეთი ადამიანები იდგნენ იქ სცენაზე.”

    თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე “შინ ევროპისკენ” საუბრისას.

  • “ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ის არის ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი“–ვაშაძე

    “ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ის არის ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი“–ვაშაძე

    სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პარტია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს. ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც არანაირი სიტყვა არ ეთქმის,

    მისი პარტია კი არ აპირებს პროცესის იმიტაციის შესაძლებლობა შექმნას. ვაშაძის განცხადებით, მარიონეტულ პროცესებში მონაწილეობა მიუღებელია და ერთადერთ გამონაკლისს დაუშვებენ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, რომლის მოწვევას ხელს მოაწერენ.

    ” სამოქალაქო სექტორის თხოვნით, ჩვენ ერთადერთ გამონაკლისს დავუშვებთ, რომ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, თუ იქნება, ამას დავეთანხმებით, თუმცა, წინასწარ ვამბობთ, რომ ამას “ქართული ოცნება” არ გააკეთებს და მკაფიო ამაზე მათი პოზიცია. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მას საქართველო მიიღებს ერთ შემთხვევაში, თუ ФСБ- ის დაწერილი მესიჯებით მოლაპარაკე რეჟიმს მმართველობას ჩამოვაშორებთ. სწორედ აქეთ მიმავალი გზა იყო ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შეთავაზება, რაც აქციის მონაწილეებმა გააკეთეს, თუმცა, ამაზე ჯერჯერობით “ქართული ოცნების” პოზიცია ვიცით და საკადრის პასუხს მიიღებენ.

    გუშინ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თქვა -“თეორიულად დავუშვათ, რომ საქართველოში ომი იწყება, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი”. ეს არის ФСБ-ში დაწერილი მესიჯი და ამას არ ვამბობ მე, ამას ამბობს ამერიკის ელჩი და შესაბამისად, ცალსახად ცხადყოფს ვისთან გვაქვს რეალურად საქმე. რაც შეეხება ბრძოლის სამომავლო გზას, მე მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუება არის ადამიანებში, ვინც 3 ივლისის აქციაზე იყო მოსული. ეს ხალხი იყო მოსული, რომ დაწყებულიყო ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი ხელისუფლებიდან, მაგრამ ვთხოვ ყველას, იმედს ნუ გაიტეხთ, ჩვენი რწმენა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ვართ გაცილებით მეტნი ამ ქვეყანაში, ვიდრე ФСБ – ის მესიჯებით მოლაპარაკე ადამიანები, არის გარანტია იმის, რომ გავიმარჯვებთ”- განაცხადა ვაშაძემ.

    მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს საზოგადოებაში ომის შიში შემოიტანოს. ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში ომი არ იქნება და ამის გარანტია იქნება სწორედ კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება სჭირდება.

    ” სტრატეგია აღმაშენებელი” ინტენსიურად ვმუშაობთ სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც მომავალში ნამდვილად გაგაცნობთ და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დეკემბერში კანდიდატის სტატუსს საქართველო მიიღებს და ამის გარანტია არის მოსახლეობის ის 90 პროცენტი, რომელიც გულწრფელად იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის,”- განაცხადა ვაშაძემ.

    მისი აზრით, გამოსავალი არის “მშვიდობიანი და ზემწვავე პროტესტი”, რომელიც მსოფლიოს უნდა დაანახონ და “სტრატეგია აღმაშენებელი” მზად არის, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

  • “ალტ ინფოსთან” შედარებით მეტობის ნიშანს ვსვამ ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, არავითარი ტოლობა – კობახიძე

    “როდესაც საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ძალადობენ წლების მანძილზე ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გვახსენდება ჩვენ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც 9 წლის განმავლობაში ძალადობდა ხალხზე ბიზნესის რეკეტის ფორმით, პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფორმით და რომელიც საზოგადოებაზე ძალადობას აგრძელებს ახლაც ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის ძალადობა, რასაც ისინი მუდმივად ცდილობენ. მეტობის ნიშანს ვსვამ ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, არავითარი ტოლობის ნიშანი. ნაცმოძრაობაზე მეტი რუსი არავინ არ არის საქართველოში იმიტომ, რომ 20% რუსეთს ჩააბარა არა ალტ ინფომ, არამედ ნაცმოძრაობამ და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა ალტ ინფომ, არამედ ნაცმოძრაობამ, შესაბამისად, ნაცმოძრაობაზე მეტი რუსი, საქართველოში, ბუნებრივია, არავინ არ არის”,

    განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

  • ქართული მედიის დამსახურებაა ივანიშვილის იქ ყოფნა, სადაც ჩაწერეს – გვარამია

    “ქართული მედიის დამსახურებაა ივანიშვილის იქ ყოფნა, სადაც ჩაწერეს, ეს მოგებული ომია, მაგრამ სხვა ტიპის ომებს, იგებენ საზოგადოებები”- აცხადებს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

    “ქართული მედიის დამსახურებაა ბიძინა ივანიშვილის იქ ყოფნა, სადაც ჩაწერეს, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით მიიღეს, გამანადგურებელი გადაწყვეტილებები, დიდი ბოდიში, მაგრამ მედიას მეტი ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, ეს მოგებული ომია, მაგრამ სხვა ტიპის ომებს, იგებენ საზოგადოებები. მე ბევრჯერ მითქვამს, თავის დროზე გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად რომ გამოცხადდა რ2 და ასე შემდეგ, ეს არის არასწორი. მედია სახელმწიფო ხელისუფლებას ვერ ცვლის, იგი აჩვენებს საზოგადოებას და აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას რა ხდება რეალურად. ჩვენ ჩვენი მისია შესრულებული გვაქვს, დანარჩენი სხვისი შესასრულებელია, არის რაღაცეები, რასაც ჩვენ ჩვენი ძალებით ვერ გავაკეთებთ.

    ლექსო ლაშქარავაზე რაც არ უნდა ეთქვა სამარცხვინო პროკურატურას, მის სიკვდილთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რაზეც არ მოქმედებს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა, ეს არის დასავლეთი, დასავლეთი რას ამბობს, ლექსო ლაშქარავაზე და რა კონტექსტში მოიხსენიებს, ჩვენ ამას ვხედავთ, ნარკომანებს, რომლებიც მოკვდნენ “პერედოზიზსგან” ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ წერენ საერთაშორისო დოკუმენტებში, არ წერენ, ასე არ ხდება მარტივად და წერტილი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ასეა, და ეს ომი ჩვენ მოგებული გვაქვს”, – თქვა ნიკა გვარამიამ. 

  • ISW: რუსეთის ამოცანად კვლავ რჩება უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი მის ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ რუსეთი საკუთარ ამოცანად კვლავ თვლის კიევის ხელისუფლების შეცვლას. ინსტიტუტის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ბოლო განცხადებაზე, რომელმაც სამშაბათს ხაბაროვსკში, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ თათბირზე თქვა,  რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მიუხედავად, რუსეთი მიაღწევს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებს.მან კვლავ გაიმეორა პუტინის თავდაპირველად გაცხადებული ამოცანა: “უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, მისი ნეიტრალური სტატუსის მიღწევა“.

    ინსტიტუტის ექსპერტების აზრით პატრუშევის განცხადება მეტყველებს, რომ რუსეთის ხელისუფლება არ შემოიფარგლება დონეცკში და ლუგანსკში წარმატებებით და კრემლი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, რათა უკრაინის ბევრად მეტი ტერიტორია დაიპყროს.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 36 500;
    • ტანკი – 1 600;
    • ჯავშანტექნიკა – 3 789;
    • საარტილერიო სისტემა – 812;
    • სარაკეტო სისტემა – 247;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 107;
    • თვითმფრინავები – 217;
    • ვერტმფრენი – 187;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 664;
    • საკრუიზო რაკეტები – 153;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 648;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 65.
  • “არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს” – კორტნი

    ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

    „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო ოპონენტებთან პოლიტიკური უპირატესობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული, ვიდრე ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებით.

    „საქართველოს პრობლემა დემოკრატიული უკუსვლაა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. იმ დონემდე, რომ მაღალი რანგის ქართველი ოფიციალური პირები, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკის გამო ბრაზობდნენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილების ფონზე, ზოგად დემოკრატიულ უკუსვლასთან ერთად, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი ჩააყენა მდგომარეობაში, სადაც უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო”, – ამბობს ის.

    ჰერბსტი იქვე ამატებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ცვლილებების შესაძლებლობა კვლავ აქვს. თუმცა, კითხვა ისაა, სურს თუ არა მას ეს.

    “ეს არ არის საბოლოო მარცხი. თუ საქართველოს მთავრობას სურს გადახედოს დემოკრატიის ამ დარღვევებს, ალბათ ამის გამოსწორება შეუძლიათ. მაგრამ, მე ვფიქრობ, ისინი უფრო მეტად, ოპონენტებთან პოლიტიკური უპირატესობის შენარჩუნებით არიან დაინტერესებულნი, ვიდრე ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებით“ – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ჰერბსტი.

    ევროპელი ლიდერების მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების „ბრაზი“, რომლის შესახებაც ჰერბსტი საუბრობს, 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას მოჰყვა. მაშინ, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლთა ნაწილმა განაცხადა, რომ „უსამართლო ვალდებულებების“ შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარი უნდა ეთქვა.

    სწორედ ამ მოვლენების საპასუხოდ, საქართველოში მოქმედმა თვრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელისუფლება არაკონსტიტუციურად მოქმედებდა. განცხადება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, კონსტიტუციის 78-ე მუხლში არსებულ ჩანაწერზე მიუთითებდა. ჩანაწერი ამბობს, – „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

    თუმცა, თუ საქართველო ვერ მოახერხებს, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ვადებში, მისივე წარმოდგენილი პირობები დაკმაყოფილებას, საფრთხე შესაძლოა არა მხოლოდ ევროკავშირში სვლას, არამედ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ნატოში ინტეგრაციასაც შეექმნას.

    საქართველოში შეერთებული შტატების მოქმედი და ყოფილი ელჩები ამბობენ, რომ ევროკავშირის პირობების დაკმაყოფილება, საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის გზაზეც მნიშვნელოვანი იქნება.

    „ნატოს წევრების დიდი უმრავლესობა, ასევე არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ, რადგან საქართველომ ევროკავშირისგან ასეთი მკაფიო მითითებები მიიღო, თუ მას ნატოში შესვლა სურს, ვფიქრობ უნდა მიჰყვეს ევროკავშირის რჩევებს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ალბათ ეს არის საუკეთესო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ მზადაა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს“ – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას უილიამ კორტნი, 1995-97 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი.

    ევროკავშირი საქართველოს მთავრობას სთხოვს ქვეყნის პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებასა და ინსტიტუტებზე პერსონალური ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენა აღმოფხვრას. ამ პროცესს ტერმინი დე-ოლიგარქიზაცია განსაზღვრავს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ერთადერთი ოლოიგარქი ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. ანალიტიკოსებს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად, პოლიტიკური ოლიგარქიის დასასრულს ხედავენ.

    „ვფიქრობ, უსაფრთხოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთზე მეტი ოლიგარქია. მაგრამ ვფიქრობ ასევე მართალია, რომ არის ერთი კონკრეტული ოლიგარქი, რომელსაც ახლა უზარმაზარი გავლენა აქვს. ეს არ არის საიდუმლო“ – აცხადებს ჰერბსტი.

    უილიამ კორტნი ფიქრობს, რომ დროა საქართველოში ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჩამოყალიბდეს, რადგან ინდივიდებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რისი წინაშეც საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაშა, ნაკლებად ჯანსაღი პროცესია.

    „ცხადია, გარკვეული გაგებით, ეს არის ივანიშვილის გადაჭარბებულ პოლიტიკურ როლთან დაკავშირებული საკითხი. როლთან, რომელსაც იქამდე სააკაშვილი თამაშობდა. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს. უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც მაგალითად ივანიშვილი ასრულებს. ასე რომ, დე-ოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე, პიროვნებებზე. მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას. ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა“ – ამბობს კორტნი.

    პრობლემები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად იქცა, გასულ წლებში, არაერთხელ გამხდარა ვაშინგტონის შეშფოთების მიზეზიც. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ფაქტორებმა გავლენა შესაძლოა ამერიკა-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზეც მოახდინოს.

    „შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს – არსებით მხარდაჭერას უწევს და ასევე, ჩვენ ვაფასებთ ფაქტს, რომ საქართველო შესანიშნავი პარტნიორი იყო, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებს ვაწარმოებდით. მაგრამ, შეერთებული შტატები ასევე ღრმად ერთგულია დემოკრატიის მიმართ და ვაშინგტონმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შენიშნა. ამის გამო, არა მხოლოდ მთავრობა, არამედ კონგრესშიც საქართველოს ბევრი მეგობარი გამოთქვამდა ჩივილს. ამიტომ, ვფიქრობ რომ საქართველოზე ხედვა ვაშინგტონიდან, ძალიან ჰგავს ბრიუსელის ხედვას თბილისზე. ბოლო ორი წელი, არ იყო საქართველოს დემოკრატიისთვის კარგი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვართ საქართველოს პარტნიორები, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ცვლილებები გვჭირდება – ვგულისხმობ, რომ საქართველო წმინდა დემოკრატიულ განვითარებას უნდა დაუბრუნდეს“ – აცხადებს „ატლანტიკური საჭოს“ წარმომადგენელი, ჯონ ჰერბსტი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ხერსონის ოლქში უკრაინელებმა რუსული საწყობები და ტექნიკა გაანადგურეს

    სამხრეთის ოპერატიულ ზონაში, ხერსონის ოლქში უკრაინის არმიის სარაკეტო–საარტილერიო ქვედანაყოფებმა სხვა ქვედანაყოფებთან ერთად რუსებზე შეტევა მიიტანეს, რის შედეგადაც საბრძოლო მასალების 2 საწყობი, რამდენიმე ერთეული ტექნიკა და 18 რუსი სამხედრო გაანადგურეს. ამის შესახებ სამხრეთის ოპერატიული მეთაურობა იუწყება.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მტრისთვის მიყენებული ზიანი ასეთია:

    საბრძოლო მასალების 2 საწყობი

    2 თვითმავალი საარტილერიო– ნაღმმტყორცნი დანადგარი “Нона-С”

    1 საზენიტო დანადგარი 23–ე კალიბრის.

    1 ჰაუბიცა “Мста-Б”

    5 ჯავშან მანქანა და ჩვეულებრივი მანქანები

    თავის მხრივ, რუსული არმია განაგრძობს სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ტაქტიკის გამოყენებას და თავდაცვის ზღუდეების აგებას.

    რუსებმა ხერსონის ოლქში არტილერიით დაბომბეს სოფელი დიდი კოსტრომკა. დაზიანდა სასოფლო სამეურნეო საწყობები, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

    რუსულმა ვერტმფრენმა ცალკეული შეტევები მიიტანა ხერსონის ოლქში უკრაინელების მიერ გათავისუფლებულ რამდენიმე დასახლებაზე, თუმცა უკრაინული მხრიდან დანაკარგი არ არის.

  • ბჟეზინსკი: ნატომ რუხი ზონების არსებობა უნდა დაასრულოს და თბილისს და კიევს მკაფიო სიგნალები გაუგზავნოს

    მადრიდში გამართულ სამიტზე ალიანსმა შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. 30 მოკავშირის მიერ რატიფიკაციის პროცესის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, ნატოსა და რუსეთს შორის დღემდე არსებული 1250 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი გაორმაგდება. ეს ერთ-ერთ მიზეზია იმისა, თუ რატომ უწოდებენ მადრიდის სამიტს ისტორიულს.

    ამ სამიტზე ნატომ რუსეთი დაუყოვნებელ და პირდაპირ საფრთხედ გამოაცხადა. მოკავშირეები შესაბამისი ზომების მიღებაზეც შეთანხმდნენ. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი იან ბჟეზინსკი ამბობს, რომ ნატომ საქართველოს და უკრაინას მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებითაც უნდა მისცეს და ისინი ალიანსთან დააახლოვოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად. ბჟეზინსკის “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

    “ეს ცივი ომის შემდეგ ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი იყო იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რა ფონზეც ის გაიმართა. ფონი კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და იქ მიმდინარე ომია. ბირთვული სახელმწიფო თავს დაესხა ალიანსის მეზობელ ქვეყანას, ხოლო ალიანსი აქტიურ დახმარებას უწევს უკრაინას. ალიანსის ეს შეკრება ევროპაში ომის დაბრუნებას დაემთხვა.

    მეორე ფაქტორი ის არის, რომ ალიანსმა დაიწყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ახალი, ცივი ომის შემდგომი პერიოდის დასაწყისი, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის მომატებული სამხედრო დაძაბულობა იარსებებს. ჩემთვის ეს სამიტი ამის გამო არის მნიშვნელოვანი.

    ახლა დაიწყება, ეგრეთწოდებული, გაწევრიანების პროტოკოლი, რომლის ნაწილიც, ფინეთისა და შვედეთის ნატოში წევრობის რატიფიცირება 30 წევრი სახელმწიფოს პარლამენტებმა უნდა მოახდინონ. ეს დიდი პროგრესია, რომელიც ნატოს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. წარმოიდგინეთ, რომ შვედეთი და ფინეთი ერთად აღებული, ორი გერმანიის ზომაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ნატოსა და რუსეთს შორის ტერიტორიული სიახლოვე ახალ დონეზე გადავიდა. მათი საერთო საზღვარი ახლა თითქმის 1300 კილომეტრით გაიზარდა. ამით პუტინს ალბათ იმედები ძალიან გაუცრუვდა მიუხედავად იმისა, რომ ნატო რუსეთზე თავდასხმას არ აპირებს. ამასთან ერთად, ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებით, ნატო იძენს ორ ძალიან მძლავრ სამხედრო ძალას. ორივეს ფანტასტიური საჰაერო ძალები აქვს. ფინელები მალე გადავლენ ეფ-35 ტიპის თვითმფრინავებზე, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ამერიკაში. შვედებს არაჩვეულებრივი საზღვაო ძალები ჰყავს და ფინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სახმელეთო ჯარი და საარტილერიო შესაძლებლობები აქვს. ალიანსში მათი გაწევრიანებით, ბალტიის ზღვა ნატოს ეზოს ტბა გახდება, რადგან ზღვის სანაპიროს 95 პროცენტი ნატოს ტერიტორია იქნება. თუმცა, ჯერ გაწევრიანების პროტოკოლი უნდა დამთავრდეს, რაც ერდოღანს კიდევ ერთ შანსს მისცემს, რომ ნამცხვრის კიდევ ერთი ნაჭერი მიიღოს – ასე რომ, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება, მანამდე დამთავრებული არაფერია.“– ამბობს მკვლევარი.

    კითხვაზე,რას ნიშნავს შვედეთის და ფინეთის ნატოში ასეთი სწრაფი ტემპით გაერთიანება საქართველოსა და უკრაინისთვის და  შეიცვალა თუ არა რაიმე ამ ორი ქვეყნისთვის ბჟეზინსკი პასუხობს:

    “ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს უარყოფითი სიგნალი იყო. საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ნატოს ოპერაციებში. ძალიან ნათლად მაქვს გონებაში შემონახული მოგონება, როცა ვუყურებდი ვიდეოს, რომელზეც მე ვნახე ქართველი ჯარისკაცების მიერ თალიბების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ქაბულში, როცა ისინი ამერიკის საელჩოს იცავდნენ. ეს ძალიან დრამატული იყო და კარგად აჩვენებდა სიმამაცეს, რომელიც ქართველებს ჰქონდათ დასავლეთთან ერთად ბრძოლაში. მე, ისევე როგორც თქვენ, იმ ადამიანებს შორის ვარ, რომლებიც საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები არიან. ეს ქვეყნები ამას იმსახურებენ. მათი წევრობა ალიანსს გააძლიერებს და რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

    როდესაც ეს ქვეყნები ხედავენ, რომ შვედეთი და ფინეთი მათთან შედარებით, ფაქტიურად, წამის მეასედში წევრიანდებიან ალიანსში, უკრაინისა და საქართველოსთვის ეს ალბათ იმედგაცრუებაა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს შორის განსხვავებები არსებობს. შვედეთი და ფინეთი უფრო მეტად არიან ინტეგრირებული ვიდრე საქართველო და უკრაინა. მიუხედავად ამისა, ალიანსის მხრიდან არ უნდა იყოს არანაირი გაურკვევლობა საქართველოს და უკრაინის ტრანს-ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

    როდესაც ამ ქვეყნებს მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით, მათ რუხ ზონაში ვტოვებთ და ამ რუხ ზონებში მათმა დატოვებამ რუსეთის მხრიდან სამი თავდასხმა გამოიწვია – 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ვფიქრობ, მათი წევრობის განაცხადზე მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებით – იქნება ეს მაპი, რომელიც ძალიან დაგვიანდა, თუ რაიმე სხვა, ჩვენი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად.

    ჩემი აზრით, დასავლეთი უფრო მეტს უნდა აკეთებდეს, მაგრამ წარსულთან შედარებით, ბევრი რამ კეთდება. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა აცნობიერებს იმას, რომ რუსეთთან გრძელვადიანი პრობლემა გვაქვს და რომ მასზე რეაგირებას ძლიერი სტრატეგია სჭირდება. ჩვენ ნელი ტემპით ვაძლიერებთ რეაგირებას – ეს არ არის საკმარისად სწრაფი ნაბიჯები, მაგრამ მე არ დავეთანხმები არავის, ვინც იტყვის, რომ საქართველომ და უკრაინამ დასავლეთთან ურთიერთობაში ხელი უნდა ჩაიქნიონ. პირიქით!

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ღიად ამბობენ, რომ უკრაინა EU-ს წევრი 2050 წლისთვის გახდება – კობახიძე

    “რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებს, ეს არის გრძელი გზა უკრაინასთან დაკავშირებით ღიად ამბობენ, მათ შორის უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი წევრებიც, რომ სავარაუდოდ, 2050 წლისთვის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი. არის ასევე ცნობილი საქართველოში ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, რომელმაც განაცხადა, რომ სამუდამო მოსაცდელში შეიყვანა ევროკავშირმა როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა. პრინციპში, მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის პროგნოზები, რაც კეთდება უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში, თუმცა ჩვენ გვაქვს მეტი ოპტიმიზმის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას და მოლდოვას ადრე მიენიჭა სტატუსი, ყველა თვალსაზრისით, უკრაინა და მოლდოვა ბევრად ჩამორჩება საქართველოს – ეს ეხება დემოკრატიას, კონსტიტუციურ სისტემას, ადამიანთა უფლებების დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკურ გარემოს და ა.შ, ყველა თემას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვართ ერთი თავით მაღლა ვიდრე უკრაინა და მოლდოვა ყველა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს როდის მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ შეგვიძლია ბევრად უფრო ადრე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა”

    განაცხადა  “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.