Category: სლაიდერი

  • ჩემგან “დაჩაგრულმა” სტუდენტმა მომწერა, მთავრობაში მყავს ახლობლები და მოგხედავენო – ნოდია

    ”საგამოცდო პერიოდში პროფესორები ვწუწუნებთ ხოლმე, რომ სტუდენტების (ცხადია, მათი მცირე ნაწილის) ზეწოლის ქვეშ ვართ: ზოგი ენერგიულად და სხვადასხვა არგუმენტით გვარწმუნებს, რატომ უნდა დავუწეროთ იმაზე მაღალი შეფასება, ვიდრე ვუწერთ. მეც ცხადია ამ დღეში ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ სამსახურის ნაწილია, ასე რომ ამაზე დიდად არ დამიჩივლია (მხოლოდ სხვებს ვულაიქებდი). მედგრად ვუძლებ, ისევე, როგორც ივლისის სიცხეს, ბენზინზე ფასების ზრდას, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

    მაგრამ ამ დღეებში ახალი თემა დაემატა ზეწოლის მექანიზმებს: ერთ-ერთმა ჩემგან “დაჩაგრულმა” სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში ჰყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო. კოლეგებს ვეკითხები, გქონიათ ასეთი გამოცდილება თუ ეს თქვენთვისაც უჩვეულოა? მაინტერესებს, ტრენდში ვზივარ თუ არა.”

    ამის შესახებ პოლიტოლოგი და პროფესორი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

  • საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება – ქნირში

    საქართველო და ევროპა არასოდეს უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება – ამის შესახებ გუშინ საღამოს, მიღებაზე გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

    “თუ შეიძლება ერთი რამ ვისურვო, არის ის, რომ საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. არავის მისცეთ ამის უფლება! ჩვენი პარტნიორობა ფუნდამენტურია და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად სიმტკიცე გამოვიჩინოთ მის შესანარჩუნებლად. საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი”, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

  • რუსეთი Marlboro–ს და IQOS–ის გარეშე რჩება

    სიგარეტის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, ამერიკული Philip Morris წლის ბოლოს რუსული ბაზრის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იაცეკ ოლჩაკმა განაცხადა.

    კომპანიის ყველაზე ცნობილი ბრენდია  Marlboro, ასევე კომპანია აწარმოებს ბრენდებს:  Parliament, Chesterfield L&M, Next და თამბაქოს გამაცხელებელ სისტემებს  IQOS.

    რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ Marlboro–ს ყიდვას, რომლის კოლოფი საბჭოთა პერიოდში უცხოური სიგარეტის სიმბოლო იყო. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ეს ბრენდი რუსეთში აღარ შევა, თუმცა არ არის გამორიცხული ის არაოფიციალურად, პარალელური იმპორტის გზით მოხვდეს რუსეთში.

    თამბაქოს გიგანტისთვის რუსეთი სიდიდით მეშვიდე ბაზარია. მას რუსული ბაზრის 27% ეკუთვნის. ასეთი ციფრები დაასახელა ოლჩაკმა ბლუმბერგთან ინტერვიუში:

    “ყველა ღონეს ვხმაროთბ, რომ ჩვენი რუსეთში ყოფნა შეწყდეს. მაგრამ ვიფქრობ, ეს შემდეგი კვარტლის განმავლობაში ვერ მოხდება.“

    ოლჩაკის თქმით,ბაზრიდან გასვლის პროცესის დასრულება წლის ბოლოს შესაძლებელია.

    უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Philip Morris–ს ბაზრის დატოების განზრახვის შესახებ პირდაპირ არ განუცხადებია. მარტის დასაწყისში მან თქვა, რომ წარმოებას ამცირებს და რუსეთში ინვესტირებას წყვეტს, ასევე ამცირებს წარმოების მოცულობას მიწოდების ჯაჭვში შექმნილი პრობლემების გამო. მარტის ბოლოს კი კომპანიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს აქტივები სხვა მფლობელს გადასცეს – ისევ და ისევ ლოჯისტიკური პრობლემების გამო.

    მანამდე რუსეთიდან წასვლის შესახებ განაცხადა მეორე გიგანტმა– British American Tobacco. ამ ბრიტანულ მწარმოებელს ეკუთვნის ბრენდები:  Dunhill, Kent, Lucky Strike, Pall Mall, Rothmans, ასევე თამბაქოს გამაცხელებელი სისტემა Glo.

  • MI6: რუსული არმია გამოიფიტა. უკრაინელებს შეტევაზე გადასვლა შეუძლიათ

    ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მეთაური, რიჩარდ მური აცხადებს, რომ შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის არმიას სულ უფრო გაუჭირდება ფრონტზე ახალი სამხედროების და შეიარაღების გაგზავნა. მისი აზრით, უკრაინისთვის ეს ნიშნავს ახალი ფანჯრის გაჩენას კონტრშეტევისთვის.

    “ვფიქრობ ისინი მალე გამოიფიტებიან. მოუწევთ გარკვეული პაუზის გაკეთება, რაც უკრაინელებს შესაძლებლობას მისცემს საპასუხოდ დარტყმა განახორციელონ“–თქვა მურმა აშშ–ში, ასპენში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე.

    MI6–ს მეთაურმა ეპიკური ჩავარდნა უწოდა რუსეთის წარუმატებლობას მისი თავდაპირველი მიზნების მიღწევის საქმეში. ეს მიზნები იყო: უკრაინის პრეზიდენტის მოშორება, კიევის აღება და დასავლეთში განხეთქილების შეტანა.

    მან რუსეთის უკრაინაში შეჭრას აგრესიის ყველაზე აშკარა, დაუფარავი ფაქტი უწოდა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

    ივლისის დასაწყისში ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსეთის არმიამ ოპერატიული პაუზის შესახებ განაცხადა, თუმცა რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სამხედროებს მოქმედებების აქტივიზაცია უბრძანა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუს სამხედროებს არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, მათ შორის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, სადაც მათი ძირითადი ძალებია კონცენტრირებული.

    უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთის არმიის დასუსტებას დასავლეთის მიერ მიწოდებული შორსმსროლელი არტილერიის გამოყენებას უკავშირებენ, პირველ რიგში კი ამერიკული  HIMARS–ების, რაც უკრაინელებს საშუალებას აძლევს რუსეთის იარაღის საწყობებს და ბაზებს დაარტყან და ამგვარად მოსკოვის უპირატესობა გაანადგურონ.

    ასპენში მიმდინარე ფორუმისას მურმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები მოკლული სამხედროების სახით მინიმუმ 15 ათასია. ეს მონაცემი დაასახელა აშშ–ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს უფროსმა უილიამ ბერნსმა. ცნობილია, რომ დასავლური სტრუქტურები დანაკარებს მხოლოდ დადასტურებული და იდენტიფიცირებადი შემთხვევებიდან ითვლიან.

    თავად მურმაც ამ მონაცემებს “კონსერვატიული შეფასება“ უწოდა.

    “ეს დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რაც რუსებმა ავღანეთში ათწლიანი ომის დროს დაკარგეს. და ეს სულაც არ არიან ბიჭები მოსკოვის და პეტერბურგის საშუალო კლასიდან. ესენი არიან ღარიბი ბიჭები ციმბირის მუშათა ქალაქებიდან. მათ შორის არაპროპორციულად ბევრია ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენელი. ეს საზარბაზნე ხორცია“–თქვა მურმა.

    მისი შეფასებით, გარდაცვლილების გარდა, რუსეთის არმიამ უკრაინაში დამატებით 45 ათასი ჯარისკაცი დაკარგა დაჭრილების სახით.

    უკრაინული მხარის მონაცემებით რუსეთმა უკრაინაში ომის განმავლობაში 38.5 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.

  • ევროპოლი აცხადებს, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ მონაცემებს ფლობს

    ევროპული პოლიციის სამმართველოს, ევროპოლის წარმომადგენელმა, იაპ ოპ გენ ოორტმა განაცხადა, რომ  ისინი ფლობენ მონაცემების უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ. ამის თაობაზე გერმანული გამოცემა შპიგელი წერს.

    ევროპოლის წარმომადგენლის განცხადებით დაფიქსირდა შავ ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღით და სამხედრო დანიშნულების საქონლით ვაჭრობის შემთხვევები.

    ასევე, მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების გამომძიებლებმა აღმოაჩინეს “მძიმე შეიარაღებით ვაჭრობობის ნიშნებიც“, თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ იარაღზეა საუბარი.

    “არის რისკი, რომ იარაღი ორგანიზებულ დამნაშავეთა და ტერორისტთა ხელში მოხვდება“– თქვა ევროპოლის სპიკერმა.

    მისი განცხადებით, შემჩნეულია, რომ უკრაინიდან გადიოდნენ ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით. ასევე არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრის გასწვრივ იარაღი და საბრძოლო მასალები ევროკავშირში კონტრაბანდის მიზნით ინახება.

    მანამდე ევროპოლის შეშფოთების შესახებ ინფორმაცია გერმანულმა მაუწყებელმა  SWR–მა გაავრცელა. არხმა მოიყვანა კონფიდენციალური წერილიდან ციტატა იმის შესახებ, რომ გამოძიების ინფორმაციით “დანაშაულებრივი ქსელები რეგიონში გააქტიურდნენ და ახორციელებენ ან გეგმავენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების კონტრაბანდას, მათ შორის სამხედრო იარაღის.“

    12 ივლისს Financial Times–მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარი იყო, რომ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები მოითხოვენ გაუმჯობესდეს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მეთვალყურეობის სისტემა იმის შიშით, რადგან არსებობს შიში, რომ იარაღი შეიძლება უკრაინიდან ევროპის შავ ბაზარზე მოხვდეს.

  • ბრიტანეთი უკრაინას დამატებით შეიარაღებას მიაწვდის

    ბრიტანეთი უკრაინას მთელ რიგ საარტილერიო იარაღს, მათ შორის, 1600 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ, თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლასმა განაცხადა.

    თავდაცვის მდივნის განცხადებას, წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ჯონსონის მიერ, უკრაინისთვის მილიარდი ფუნტის ფირებულების სამხედრო დახმარების დაპირება. ამით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმსაშტაბიანი ომი წამოიწყო, კიევის მიმართ, ლონდონის დახმარებამ 2,3 მილიარ ფუნტს მიაღწია.

    “ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს ინსტრუმენტები, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა პუტინის უკანონო შემოჭრისგან“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

    უოლასის თქმით, ბრიტანეთი უკრაინისთვის ასევე უზრუნველყოფს სარადარო სისტემებს, ასობით თვითმფრინავს და 50 000-ზე მეტ საბრძოლო მასალას.

    დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას მთელი რიგი სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის თითქმის 7000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით რაკეტა და ჯავშანტექნიკა. ასევე, ბრიტანეთი ამზადებდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

  • ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ–ზურაბიშვილი

    საქართველოში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, სწორედ იმ კომიტეტის, რომელიც საქართველოზე მუშაობს, ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა „დღის თემაში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

    „დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენს მიმართ – ევროპულმა საბჭომ მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე, როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, ასე იყო ნათქვამი – თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის სწორედ, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელში და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ.

    მე არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ეს რაღაც ორმაგი თამაში, რომ ვითომც გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა ის, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია, გვინდა, რომ მივიღოთ, რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს. ამ დროს არათუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, 12 პუნქტი. ჯერ არ ჩანს, რომ ყველა ძალები მზად იყვნენ ამისთვის, მაგრამ ამავე დროს არა თუ არ ვაკეთებთ ამას, საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ. ​დაწყებული შარლ მიშელის დოკუმენტის გადაგდებით, ანულირებული ყოველი ნაბიჯი, რაც იქნა გადადგმული ერთი წლის მანძილზე, კრედიტზე უარის თქმა საკმაოდ უხეშად.

    მთელი რიგი ნაბიჯები, იმ საკითხებში, სადაც გველოდებიან, რომ მიღებული იყოს სხვა გადაწყვეტილებები, სასამართლოს დაკომპლექტება ნაჩქარევი წესით. ინსპექტორის გაუქმება, ესეც ნაჩქარევი წესით. ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ამ ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან. და ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა, ანუ გვესმის გაუთავებელი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • ევროპარლამენტარებთან განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით ჰარცელის ნეგატიურ როლში, ეს არის ფაქტი -კობახიძე

    ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ელჩის საკითხსაც შევეხეთ და განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და ამაზე შეგვიძლია, ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს იმედი, მომავალი ელჩი სხვაგვარად იმოქმედებს.

    „დღევანდელი შეხვედრა პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა. რა თქმა უნდა, იყო მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა, მათ შორის კითხვები დაისვა ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც. რა თქმა უნდა, ელჩის საკითხსაც შევეხეთ ძალიან კონკრეტულად და ჩვენ განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და ამაზე შეგვიძლია, ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ.

    საჯაროდ რაღაცების საუბრისგან ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ, რა თაქმა უნდა, მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია, გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაში გამოიხატებოდა ეს უარყოფითი როლი, რომელიც ყოფილმა ელჩმა შეასრულა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებში. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი ელჩი იმოქმედებს სხვაგვარად“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

  • EU-ს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ გაძლიერებულ სანქციებს კრემლის წინააღმდეგ – ლაიენი

    EU-ს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ გაძლიერებულ სანქციებს კრემლის წინააღმდეგ – ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა.

    “წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ევროკავშირის გაძლიერებულ, გახანგრძლივებულ სანქციებს კრემლის წინააღმდეგ.
    მივესალმები ამას.
    ეს ძლიერ სიგნალს უგზავნის მოსკოვს: ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება” – დაწერა ლაიენმა ტვიტერზე.

  • მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპარლამენტარები ღარიბაშვილს ხვდებიან

    ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდებიან.

    ღარიბაშვილის შემდეგ, დაგეგმილია შეხვედრა “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

    უკვე მეორე დღეა საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში არიან ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო.