”რუსებს ძალიან ეშინიათ ჩვენი კონტრშეტევების. უკვე საკმაოდ იგემეს ჩვენი მებრძოლების ძალა. სამხედრო ტექნიკა, რომელიც გვაქვს, მტერს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ოკუპანტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. ამ ადამიანებს არანაირი გამოცდილება არ აქვთ და მტრისთვის მხოლოდ საზარბაზნე ხორცის როლს ასრულებენ. რაც შეეხება დაჭრილებს, ისინი არ გადაჰყავთ საავადმყოფოში და უბრალოდ იხოცებიან. მტერს ერთი მიზანი აქვს – უნდათ მალე აიღონ ლუგანსკის ოლქი, მისი დამოუკიდებლობა შემდეგ კი რუსეთის ფედერაციულ ნაწილში გაწევრიანება გამოაცხადონ.”
თქვა ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ.
”მე ზუსტად ეს ვუთხარი ევროპარლამენტარებს, რომ როდესაც ვინმე, რომელიმე ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის პირადად, როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის იქნება შეურაცხმყოფელი, მე მას პასუხს აუცილებლად დავუბრუნებ.”
თქვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა ხელი მოაწეროს განკარგულებას და რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკოსისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა” წერს.
მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის, ერთ-ერთი პრორუსული პარტიის თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩს და დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის მოქმედ ხელმძღვანელს გენადი კორბანს.
საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, “ბელინგქეთის” ჟურნალისტი ხრისტო გროზევი წერს, რომ ოლიგარქებთან ერთად ზელენსკიმ მოქალაქეობა საკუთარი პარტიის დეპუტატსაც კი ჩამოართვა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლიგარქ რაბინოვიჩს ღალატში ბრალს მალე წაუყენებენ.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინის კანონით განსაზღვრული ოლიგარქის მახასიათებლებს ექვემდებარება დაახლოებით 86 ადამიანი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ–ის ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე:
„ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას.
თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საერთო მიზნების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება.
დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა, რაც შეიძლება მალე, დაასრულოს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს მშვიდობიანი მომავალი მთელი რეგიონისთვის. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.” – განაცხადა პრესკონფერენციაზე ნედ პრაისმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავენ და საქართველოში მრავალწლიანი საქმიანობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.
წერილში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კარლ ჰარცელმა საქართველოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთა.
ამასთან, ეხმაურებიან ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშანავენ, რომ ეს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.
„ბატონო ჰარცელ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან – და პირადად თქვენგან.
თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში – ასევე უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, და განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ჩართულობას ყველა იმ რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოსა და ევროპის კავშირს, და რომელთა ჩატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას – იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა.
განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში – სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება.
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება.
ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდა პოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.
მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცავს და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.
დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად მომავალშიც დარჩებით. მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
წერილს ხელს აწერენ: „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ (EGI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ (CIIC), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF), „საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (რონდელის ფონდი), „დემოკრატიის ინდექსი“, „საქართველო დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“, „უფლებები საქართველო“, „სამოქალაქო იდეა“, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი“ (ICGS), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „ჭავჭავაძის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD), „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC).
რუსეთი აგრძელებს მიზანმიმართულ ზეწოლას აფხაზებზე, რათა სამუდამოდ ჩაიგდოს ხელში, შავ ზღვაზე, ბიჭვინთის ულამაზესი ყურის მიმდებარედ, 184 ჰექტარი მიწა. ბიჭვინთის ნაკრძალის ტერიტორია, რომლის უმეტესი ნაწილი რელიქტურ და ენდემურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია.
ამ ტერიტორიას, საბჭოთა კავშირის დაშლისა და თბილისის მიერ აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, ისედაც, რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აკონტროლებს.
ბიჭვინთის ტერიტორიის 184 ჰექტარი, რომელიც ლიძავას გზატკეცილზე მდებარეობს, ბეტონის კედლებით და მავრთულხლართებით არის შემოსაზღვრული, ყველგან დგას ვიდეოსათვალთვლალო სისტემები, რომლებსაც რუსი ოკუპანტები, ენგურის ხიდზე და ცხინვალის რეგიონშიც იყენებენ.
აფხაზები უკვე ათწლეულებია აქ ცხვირს ვერ ყოფენ, მათთვის აკრძალულია სანაპიროზე შესვლა და ბანაობაც. რუსეთი სეპარატისტებისგან, ამ ტერიტორიაზე მდებარე, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკისა და დამხმარე ნაგებობების სამუდამო დაკანონებას ითხოვს.
სეპარატისტების ლიდერი ასლან ბჟანია ამ მოთხოვნას, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სურვილს უკავშირებს, ხშირად დაისვენოს ოკუპირებულ აფხაზეთში.
„იცით, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რამდენჯერმე არის ბიჭვინთის ამ აგარაკებზე ნამყოფი. რუსეთის ხელისუფლების სურვილია აქ ჩამოვიდნენ და დაისვენონ. იმისთვის, რომ ეს დასვენება იყოს ხარისხიანი აუცილებელია ამ ტერიტორიაზე მდებარე აგარაკების და დამხმარე ნაგებობების სრული განახლება და კაპიტალური რემონტი“ – ასე შეეცადა აღშფოთებული ბიჭვინთელების დამშვიდებას ასლან ბჟანია.
მისი თქმით, „ეს ნაგებობები, გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და უკვე ძალიან მოძველებულია. სწორედ ამიტომ ითხოვს რუსეთი ამ ნაგებობების გადაცემას არა არენდით, არამედ საკუთრებაში, რათა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მოხდეს ამ სამუშაოების დაფინანსება. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთს გადაეცემა მხოლოდ ნაგებობები და არა მიწა, რომელზეც ეს აგარაკები მდებარეობს. მიწა გადაეცემათ 49 წლიანი არენდით“ – აცხადებს ბჟანია.
ბიჭვინთის 184 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელზეც რუსეთი აცხადებს პრეტენზიას, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, №8, 9 და 10 მდებარეობს, ასევე დამხმარე ნაგებობები მათ შორის აუზები, რესტორნები, მიწისქვეშა კომპლექსიც, რომელთაც ლიფტი აკავშირებს.
ბიჭვინთის კონცხზე ამ ტერიტორიის განვითარება და აქ სახელმწიფო აგარაკების აშენება, საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის სახელს უკავშირდება. მშენებლობის გადაწყვეტილება ხრუშჩოვმა 1959 წლის იანვარში მიიღო.
მთლიანად, კურორტ ბიჭვინთის განვითარების ფარგლებში, სახელმწიფო აგარაკების მშენებლობა 1962 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა რამდენიმე წელი გაიწელა. ბიჭვინთა ხრუშჩოვის საყვარელ ადგილად იქცა, სადაც ის ქართველ და აფხაზ კომუნისტებსაც მასპინძლობდა. 1964 წელს, როცა ბრეჟნევმა ხრუშჩოვი ხელისუფლებას ხავერდოვნად ჩამოაშორა, ეს უკანასკნელი სწორედ ბიჭვინთაში ისვენებდა.
ყველაზე მაღალი რანგის სტუმარს, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკმა 1974 წელს უმასპინძლა, მაშინდელმა საბჭოთა ლიდერმა ლეონიდ ბრეჟნევმა აქ მიიღო, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ.
ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკები, რომელთა გადაცემას კრემლი ითხოვს
2017 წელს კი სოჭიდან ოკუპირებულ ბიჭვინთაში, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩაფრინდა და ხრუშჩოვის ყოფილ აგარაკზე, სეპარატისტების მაშინდელ ლიდერს რაულ ჰაჯიმბას შეხვდა. 2020 წლის იანვარში, როცა სეპარატისტებმა ჰაჯიმბა სოხუმიდან გააძევეს, მას ბიჭვინთაში, “რუსების ტერიტორიის მიმდებარედ”, ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა აგარაკი აღნაგობის უფლებით გადაეცა.
იქვეა, მიუსერაში, ბოლო საბჭოთა ლიდერის მიხეილ გობრაჩოვის სახელმწიფო აგარაკიც, რომლითაც ოკუპაციის შემდეგ, აფხაზი სეპარატისტების ლიდერები სარგებლობენ და “აფხაზთა პრეზიდენტის რეზიდენცია” დაარქვეს. ასლან ბჟანია ამბობს, რომ ბიჭვინთის 184 ჰექტარის გადაცემის შემთხვევაში, რუსები “მათ” აგარაკებსაც გაარემონტებენ.
ბიჭვინთის ტერიტორიის 184 ჰექტარის რუსეთისთვის გადაცემას, ყველაზე მეტად, ჯერჯერობით, თავად ბიჭვინთელები აპროტესტებენ. 1670 ადამიანმა მოაწერა ხელი საპროტესტი წერილს ასლან ბჟანიას სახელზე, სადაც საუბარია, რომ დაუშვებელია 184 ჰექტარის გადაცემა მაშინ, როცა ამ ტერიტორიაში ექცევა 60 ბიჭვინთელის საკუთრება, მათგან ორი ე.წ “სასამართლოში” დავობს.
ბიჭვინთელები განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან, რომ რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური მათ აიძულებს, ტერიტორიის მიმდებარედ მხოლოდ სპეცსაშვებით, პასპოტებით და წინასწარი შეთანხმებით გადაადგილდნენ,
პრობლემები ექმნებათ სასწრაფო დახმარების და სახანძრო სამსახურის მანქანებს, რომლებსაც რუსები ასევე არ ატარებენ. ადგილობრივების აზრით, ეს მათი უფლებების უხეში ხელყოფაა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს, ცნობილი აფხაზი სეპარატისტი სერგეი შამბა:
„ბიჭვინთაში ასეთი ობიექტის არსებობა, რომელზეც რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები ისვენებენ, გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერი აგრესორი, ჩვენ მიმართ თავს შეიკავებს ავანტიურისგან. არა მგონია, ისეთი გიჟები მოიძებნონ, ვინც მზად იქნება, ჰაერში აწიოს საბრძოლო უპილოტო აპარატები, როდესაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე რუსეთის ფედერაციის რომელიმე მაღალჩინოსანი ისვენებს“ – აცხადებს შამბა.
სეპარატისტული აფხაზეთის რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, ბიჭვინთის 184 ჰექტარი მიწის რუსეთისთვის გადაცემას „ეროვნული ღალატი“ და დაუშვებელი უწოდა. ე.წ „აფხაზთა კრებას“ ეს საკითხი 19 ივლისს უნდა განეხილა, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნით, რომლებმაც ამ ე.წ „ხელშეკრულების“ ექსპერტიზა მოითხოვეს, განხილვა გადაიდო.
ბიჭვინთის ულამაზეს კონცხს, რუსებმა უკვე მოაკლეს 45 ჰექტარი. ეს ტერიტორია, რომელიც ინკითისა და გველების ტბების სიახლოვეს მდებარეობს, მოსკოვის ზეწოლით, რუსეთის კრასნოდარის მხარის ექს-გუბერნატროს ალექსანდრე ტკაჩოვს, ანკლავში, სასტუმრო კომპლექსის „მოსკოვი რიზორტის“ ასაშენებლად, 2021 წლის ბოლოს გადაეცა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრისა და საერთაშორისო სანქციების შემდეგ, პროექტი გაუკვეველი ვადით შეჩერდა.
გამოცემა Reuter-ი აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსზე, გენერალ ჩარლზ ბრაუნზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სარდლობა უკრაინელი მფრინავების მომზადებას გეგმავს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის მთავრობა დასავლური გამანადგურებლების შეძენის შესაძლებლობას ეძებს და ცდილობს, “რუსულ თვითმფრინავებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას”.
ბრაუნი აღნიშნავს, რომ უკრაინელი პილოტებისთვის “ცოტა რთული იქნება” საბჭოთა სისტემიდან ამერიკულ გამანადგურებელზე გადასვლა. ასევე ის აღნიშნავს, რომ ამერიკელი პილოტისთვის ეს სწავლება 2-4 თვეს მოიცავს.
„სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება და მოგმართავთ ყველას სახელით, ვინც დაიღუპნენ, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც დაკარგეს ხელები და ფეხები, მათ სახელით, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები და კარგად არიან და ვინც ელოდება ოჯახების დაბრუნებას ფრონტიდან. მე ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, მე ვითხოვ იარაღს“,
უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესის დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
”არ მექმნება უხერხულობა, იმიტომ რომ მე არ ვაკეთებ იმას, რაც მე უხერხულობას შემიქმნის. მე თუ იქ ჩავდივარ პირადად ჩემს თავს ვაყენებ რისკის ქვეშ, იმიტომ რომ იქ მე რასაც ვმღერი სცენაზე, ესაა დიდი რისკი. მაგ პუტინის წინააღმდეგ ვმღერი ზუსტად, გამოიკვლიეთ რას ვმღერი.”
განაცხადა მომღერალმა მეგი გოგიტიძემ სოჭსა და მოსკოვში კონცერტის გამართვაზე მთავარ არხთან.
”ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, ვართ თქვენი ქვეყნის, საქართველოს დიდი მეგობრები, მხარდამჭერები მოქალაქეების და მათი მისწრაფების, დაუახლოვდნენ ევროკავშირს. სრულად ვიზიარებთ ამას, თუმცა მანამდე არის გარკვეული კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მკაფიოდაა წარმოდგენილი მაგიდაზე. ჩვენ ყველამ ჩავდეთ ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში, პერსონალური, პოლიტიკური, ასევე ფინანსური და გვსურს, ვიხილოთ ამ ინვესტიციის დაბრუნება…
ვფიქრობ, ჩვენ, ევროპარლამენტი ვართ ყველაზე მხარდამჭერი ინსტიტუცია. ჩვენ აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, არამედ პირიქით. გვსურს, ვიხილოთ თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე.”