Category: სლაიდერი

  • ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია–ბრიტანეთის საელჩო

    ბრიტანეთის საელჩო საქართველოში რუსეთ–საქართველოს ომის 14–ე წლისთავს ტვიტერზე განცხადებით ეხმაურება:

    “დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია.“– წერს საელჩო.

    რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი დაიჭრა. ომის მონაცემები ციფრებში ასე გამოიყურება, –

    • დაღუპულია – თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი.
    • საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა.
    • დაიჭრა – 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე.
    • მონაცემები დევნილთა შესახებ – ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს.
    • კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი.
    • ომის შემდგომი მონაცემებით, აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია განხორციელდა.

    ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა.

    ომის შემდგომ პერიოდში, წლების განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აწარმოებს ეთნიკური ნიშნით დევნას. შედეგად ნაწამები და მოკლული ადამიანების რიცხვი იზრდება.

  • “მგონია, რომ 2008 წელს მსოფლიოს ეძინა”–კინზინგერი აგვისტოს ომზე

    14 წელი აგვისტოს ომიდან – საქართველო და მისი პარტნიორები რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს იხსენებენ. ასობით მოკლული და ათასობით დაჭრილი საქართველოს მოქალაქე, გაყოფილი ოჯახები, დაკარგული ტერიტორიები და შეუჩერებელი, მცოცავი ოკუპაცია – ასეთია რეალობა, რომელიც აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგ საქართველოს აქვს.

    რა ისწავლა დასავლეთმა საქართველოში 2008 წელს მომხდარი ომისგან და როგორ განსაზღვრა ამან უკრაინის მომავალი. სწორედ ამ თემაზე რამდენიმე შეკითხვა “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა, მარიამ უგრეხელიძემ, კონგრესმენ ადამ კინზინგერს დაუსვა.

    “ დასავლეთმა ვერ გაიგო ის, რისი გაგებაც მათ მოუხდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის შემთხვევაში, რომ ვერ დააოკებ იმას, ვისაც დაუოკებელი მადა აქვს. ამის გასაგებად დასავლეთს დასჭირდა, რომ ენახა, როგორ განახლდა ომი უკრაინაში.

    ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც თანამედროვე რუსეთი თავს დაესხა. ეტაპობრივად, ამან ბევრი რამ გაუკეთა უკრაინას თავდაცვისთვის. მახსოვს, როგორ ვიბძროდით იმის წინააღმდეგ, რომ რუსეთს საფრანგეთიდან არ მიეღო გემები შავ ზღვაში, რომლებზეც თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს დაუშვებდნენ. საფრანგეთმა რაღაც დროის შემდეგ უარი თქვა ამაზე. ასე რომ, შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობა საქართველოში ომის პირველივე დღეებიდანვე ძალიან ნათელი გახდა .

    ჩვენ ასევე ვისწავლეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი [რუსები] არაორგანიზებულები იყვნენ, მაინც შეეძლოთ, რომ მასიური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაესროლათ და ტერიტორიები მოეპოვებინათ.

    ის, რაც რუსებმა საქართველოში ომისგან ისწავლეს, იყო ის, თუ სად ჰქონდათ სისუსტეები. მათ სჯეროდათ, რომ ამაზე იმუშავეს, თუმცა, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ ისაა, რომ მათ ისევ აქვთ ძალიან დიდი ჩავარდნები და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გაიგოს – ესაა ის, რაც კორუფციას მოყვება, ის დაუცველს გტოვებს ზოგიერთ შემთხვევაში.“– ამბობს კონგრესმენი.

    კითხვაზე, რა იყო მიზეზი, რომ საქართველოს არ მიუღია  ისეთი მასშტაბის მსოფლიო მხარდაჭერა, როგორიც ახლა უკრაინას აქვს და იმდროინდელ პრეზიდენტს, მიხეილ საკაშვილს დასავლელი ლიდერებისთვის უწევდა იმის მტკიცება და გამეორება, რომ ომი საქართველოს პროვოცირებული არ იყო, კინზინგერი პასუხობს: 

    “თუ დავუბრუნდებით 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა. ვფიქრობ, უფრო მეტად ტერორიზმთან ბროლაზე ვიყავით ფოკუსირებული. ვიცოდით, რომ რუსეთი შესაძლოა სტრატეგიული მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ბევრს გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ცივი ომის შემდგომ ერაში რუსეთი, ზოგადად მაინც მოკავშირე იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული სურვილი, თუ თავბრუსხვევა, რომ არაფერი გაკეთებულიყო.

    ამერიკული პერსპექტივიდან, იყო სამხედრო განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ჩაკეტილიყო გვირაბი. ვფიქრობ, რომ ავღანეთისა და ერაყის შემდეგ, უბრალოდ არსებობდა არაფრის კეთების განცდა. მგონია, რომ ძალიან გულბრყვილოდ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთი წაიღებდა საქართველოს ნაწილს, ამით დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა გამოსავლის მოძებნა.

    თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავის უნდა ომი, არავის უნდა ეს, დასავლეთში ნამდვილად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისტორია გაკვეთილებს გვიგზავნის და სამომავლოდ გვასწავლის. 2008 წლის ისტორია გვასწავლის, რომ თუ უგულვებელყოფ, ან თავს ისე დაიჭერ, რომ თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას მხოლოდ კიდევ უფრო მოაშიებს.“–ამბობს კონგრესმენი.

    რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი დაიჭრა. ომის მონაცემები ციფრებში ასე გამოიყურება, –

    • დაღუპულია – თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი.
    • საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა.
    • დაიჭრა – 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე.
    • მონაცემები დევნილთა შესახებ – ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს.
    • კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი.
    • ომის შემდგომი მონაცემებით, აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია განხორციელდა.

    ომის შემდგომ პერიოდში, წლების განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აწარმოებს ეთნიკური ნიშნით დევნას. შედეგად ნაწამები და მოკლული ადამიანების რიცხვი იზრდება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს–მარია კალიურანდი აგვისტოს ომზე

    ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი “ტვიტერზე” ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს.

    “14 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ მას.

    ევროპარლამენტი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მოთხოვნაში, შეწყდეს რუსული ოკუპაცია და აღდგეს მისი ტერიტორიული მთლიანობა”- წერს ევროპარლამენტარი.

    2022 წლის 7 აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წლისთავია.  2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

    აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

  • Amnesty International–მა უკრაინას მისი ანგარიშის გამო ბოდიში მოუხადა

    საერთაშორისო უფლებადამცველმა  ორგანიზაცია Amnesty International–მა ბოდიში მოიხადა მისი ანგარიშის გამო, რომელშიც უკრაინაში ბრალი დასდო, თითქოს მისმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე შეუქმნეს.  ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. უფლებადამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ “ძალიან წუხს“, რომ მისმა ანგარიშმა უკრანაში განრისხება გამოიწვია, თუმცა ორგანიზაცია ანგარიშში გამოთქმულ დასკვნებზე უარს არ ამბობს.

    “ Amnesty International–ის პრიორიტეტი ამ, და ნებისმიერ სხვა კონფლიქტში სამოქალაქო პირების უსაფრთხოების დაცვაა. მართლეც, ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი,  ბოლო კვლევის გამოქვეყნებისას. მართალია ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს დასკვნებს, თუმცა მიყენებული ტკივილისთვის ბოდიშს ვიხდით “– ნათქვამია განცხადებაში.

    ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არანაირი  დარღვევები უკრაინული ჯარის მხრიდან, რომლებიც დადოკუმენტირებულია, “არ ამართლებს დარღვევებს რუსეთის მხრიდან“.

    “ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზაცია პასუხისმგებლობას აკისრებს უკრაინულ ძალებზე იმ დარღვევების გამო, რომლებიც რუსულმა ძალებმა ჩაიდინეს, ან იმაში, რომ უკრაინელმა სამხედროებმა არ მიიღეს სიფრთხილის ადეკვატური ზომები ქვეყნის სხვა ნაწილებში“– ნათქვამია განცხადებაში.

    როგორც ცნობილია, Amnesty International–მა 19 ქალაქი და სოფელი მოინახულა უკრაინაში და საკუთარი დასკვნები ანგარიშის სახით გამოაქვეყნა. აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, თითქოსდა უკრაინული შეიარაღებული ძალები საცხოვრებელ რაიონებში იმყოფებოდნენ, რაც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, რადგან ახდენს პროვოცირებას, რომ რუსებმა საცხოვრებელ შენობებს ესროლონ.

    ანგარიში აიტაცეს რუსმა პროპაგანდისტებმა და შედეგად მიეცათ კარგი შანსი ამტკიცონ, რომ უკრაინელები მშვიდობიან მოსახლეობას “ცოცხალ ფარად“ იყენებენ.

    უკრაინელმა ჩინოვნიკებმა ორგანიზაციის დასკვნას აბსურდული და შეურაცხმყოფელი უწოდეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი Amnesty International რუსეთის ამნისტირების მცდელობაში დაადანაშაულა.

    ორგანიზაციის ანგარიშზე ემოციური კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში და ყველას შეახსენა, რომ უკრაინელებს რუსული რაკეტები ემუქრება.

    ორგანიზაციის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი, ოქსანა პოკალჩუკი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციას მრისხანება დაატყდა თავს.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას.

    „დღეს, 2022 წლის 7 აგვისტოს, 14 წელი სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

    ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან.

    საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად. დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს.

    ამ ფონზე კიდევ უფრო კრიტიკული ხდება ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მისიის მანდატის მიუხედავად, რასაც სამწუხაროდ აბრკოლებს საოკუპაციო ძალა.

    ამ მძიმე ფონზე, გარდამტეხი როლი ჰქონდა 2021 წლის 21 იანვარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც სამართლებრივად დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი და სწორედ რუსეთს დაეკისრა პასუხისმგელობა ადგილზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს, ცხადყოფს, რომ ამაოა რუსეთის ფედერაციის მრავალწლიანი მცდელობა, თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხისმგელობა უკანონო ოკუპაციასა და მის შედეგებზე.

    საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა.

    საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერისთვის და დიდად აფასებს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით, განაგრძობს უხეშ დარღვევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • რუსეთის არმიაში 6 სამხედრო მეთაური გადააყენეს, 10 დაიღუპა– ბრიტანეთის დაზვერვა

    ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მორიგ ანგარიშში, რომელიც სამხედრო დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, წერს, რომ რუსულ გენერალიტეტში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდი ცვლილებებია.

    1. რუსული შეიარაღებული ძალების სუსტი მოქმედებები უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ძვირად დაუჯდა და მინიმუმ 6 მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაურის მოხსნა გამოიწვია 2022 წლის თებერვლიდან.
    2. პოსტები დაკარგეს აღმოსავლეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების მეთაურებმა. აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში გენერალ–პოლკოვნიკი ალექსანდრ ჩაიკო მაისში მოხსნეს.
    3. გენერალ–პოლკოვნიკი ალექსანდრ ჟურავლიოვი, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, არ ესწრებოდა 31 ივლისს სანკტ–პეტერბურგში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის დღის აღსანიშნავად. დიდი ალბათობით ის გენერალ–ლეიტენანტმა ვლადიმირ კოჩეტკოვმა შეცვალა. კოჩეტკოვის გვარი რუსეთის ოფიციალურმა მედიამ ამ დღესთან დაკავშირებით არაერთხელ მოიხსენია, როგორც მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი.
    4. გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი თანამდებობიდან მოხსნეს მას შემდეგ, რაც დაავალეს უკრაინაში ოპერაციის საერთო ხელმძღვანელობა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა კი სამხრეთის სამხედრო დაჯგუფების მეთაურობა გადაიბარა გენერალ გენადი ჟიდკოსგან.
    5. თანამდებობიდან გათავისუფლებების გარდა, მინიმუმ 10 რუსი გენერალი დაიღუპა უკრაინაში ბრძოლის ველზე. ეს კუმულატიურ ზემოქმედებას ახდენს რუსული არმიის მეთაურობის თანმიმდევრულობაზე, რაც თავის მხრივ, იწვევს მათ ტაქტიკურ და ოპერატიულ პრობლემებს – წერს ბრიტანული დაზვერვა.
  • არ დავივიწყებთ მსხვერპლს.ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!–ამერიკის საელჩო ვიდეომიმართვას ავრცელებს

    არ დავივიწყებთ მსხვერპლს.ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!–ამერიკის საელჩო ვიდეომიმართვას ავრცელებს

    ამერიკის საელჩო საქართველოში რუსეთ–საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წლისთავზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც საელჩოს თანამშრომლები ქართულ ენაზე საუბრობენ რუსულ აგრესიაზე.
    “გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი.
    გვახსოვს დღევანდელი დღე.
    გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა.
    არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს.
    არ დავივიწყებთ მსხვერპლს.
    ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის აგრესიის შეკავებას
    ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას.
    ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!“– ამბობენ საელჩოს თანამშრომლები ვიდეოში.
  • ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას–ევროკავშირის წარმომადგენლობა

    ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის დაწყების 14 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს:

    “რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა -საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარირუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ევროკავშირი ერთხმად უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფუძველმოკლებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს, ასევე კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა.

    კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. “ბორდერიზაციის”, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. კვლავ მოვუწოდებთ ანგარიშვალდებულებისკენ, მათ შორის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.

    კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“–ნათქვამია განცხადებაში.

  • რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას-უკრაინის საგარეო უწყება

    რუსეთის  მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაციას.

    „რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციის ქვეშ ჰყავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ამავე განცხადების მიხედვით, იმის გამო, რომ მსოფლიო საზოგადოებისგან რუსეთმა სათანადო პასუხი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე არ მიიღო, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა აგრესიული ქმედებები უკრაინაში – დაიკავა ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი მოქმედებები დაიწყო.

    „დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის მკაცრი დაცვისა და იმ ქვეყნების სრული მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას. შესაძლებელია საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი“, – წერია განცხადებაში.

  • 7 აგვისტოს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იწვიმებს

    7 აგვისტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ისევ იწვიმებს, თუმცა 6 აგვისტოსგან განსხვავებით მცირედით მოიმატებს ტემპერატურა. წვიმას პროგნოზირებენ თბილისშიც.

    ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +32 ქუთაისშია ნავარაუდევი, მინიმალური +13 კი გუდაურში.

    ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით ასეთია:

    გაგრა +30 – წვიმა

    სოხუმი +29 – უმეტესად მზიანი

    ზუგდიდი +30 – წვიმა

    მესტია +26 – წვიმა

    ფოთი +27- უმეტესად ღრუბლიანი

    ბათუმი +27 – უმეტესად ღრუბლიანი

    ოზურგეთი +29 – წვიმა

    ქუთაისი + 32 – წვიმა

    ამბროლაური +29 – უმეტესად ღრუბლიანი

    ახალციხე +28 – წვიმა

    ბორჯომი +24 – წვიმა

    ბაკურიანი +21 – წვიმა

    გორი +28 – წვიმა

    ცხინვალი +25 – უმეტესად ღრუბლიანი

    სტეფანწმინდა +18 – წვიმა

    გუდაური +13 – წვიმა

    თელავი +26 – წვიმა

    რუსთავი +30 – წვიმა

    თბილისი +28 – წვიმა