Category: სლაიდერი

  • ხერსონში უკრაინელებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს და წინ მიიწევენ–რუსების პანიკა

    არაერთი რუსული წყარო სოციალურ ქსელებში იტყობინება, რომ უკრაინული არმია ხერსონში წინ მიიწევს ბერისლავის და ნოვა კახოვკას მიმართულებით.    ეს იმას ნიშნავს, რომ ჩრდილო–აღმოსავლეთის რუსული დაცვის ხაზის სრული კოლაფსი მოხდა და უკრაინულმა არმიამ ფრონტი გაარღვია. რუსული ძალები ხერსონის ფრონტის ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგანან.რუსული წყაროების ინფორმაციით დილიდან უკრაინელებმა მინიმუმ 10 კილომეტრით წაიწიეს წინ.მათ უკვე დაიკავეს ზოლოტა ბალკა და  დუდჩანა.

    რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ ხერსონის ფრონტზე რუსებმა უკან დაიხიეს დუდჩანადან და “არის საფრთხე,  რომ უკრაინელებმა დნეპრის გასწვრივ წინ წაიწიონ.მათი ვარაუდით, უკრაინელები შეეცდებიან ჩრდილოეთიდან შემოუარონ რუსების პოზიციებს, რათა მათ უკან დახევა აიძულონ ალყის შიშით. რუსების ტელეგრამ არხებზე პანიკურად წერენ, რომ უკრაინელები ნოვა კახოვკასკენ მიიწევენ და მასზე კონტროლს დაამყარებენ, რაც  რუსების დაჯგუფებას მთლიანად მოწყვეტს მდინარის მეორე მხარეს მყოფი რუსული ძალებისგან და მათი მომარაგება შეუძლებელი გახდება.

    რუსი სამხედრო კორესპონდენტები წერენ, რომ ეს საფრთხე რეალურია.

    უკრაინული მედია ჯერჯერობით ხერსონში მიმდინარე პროცესებზე არაფერს წერს. ისინი საომარი მდგომარეობის წესებს ემორჩილებიან და კონკრეტული საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის შესახებ მის დასრულებამდე ინფორმაციას არ ავრცელებენ.

  • გემანიის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ მათ პოლიგონს, სადაც უკრაინელები იწვრთნებიან, დრონები უთვალთვალებდნენ

    გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ გამოცემა Business Insider–ს დაუდასტურა, რომ 1 ოქტომბრის ღამეს ბუნდესვერის საწვრთნელ პოლიგონს, “ვილდფლეკენს“ სადაც უკრაინელი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს, უცნობი პირები დრონების საშუალებით უთვალთვალებდნენ.

    გამოცემამ საკუთარ წაყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ საწვრთნელი პოლიგონის გარშემო მინიმუმ 10 დრონი გამოჩნდა.

    უპილოტო საფრენი აპარატების სამხედრო პოლიგონის უშუალო სიახლოვეს აღმოჩენის შემდეგ ბავარიისა და ჰესენის საზღვარზე საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა. დეტალები არ ხმაურდება. დაწყებულია გამოძიება.

    გერმანიის თავდაცვის სამინისტრო არ პასუხობს გამოცემის კითხვას, ვინ დგას ამ ფაქტის უკან, თუმცა მედია წერს, რომ საავარაუდოდ ყველას ეჭვი რუსეთზე აქვს. ბოლო თვეების მანძილზე მსოფლიოში არაერთხელ მოხდა უპილოტო საფრენი აპარატების უცნაური გამოჩენა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ნორვეგიის ნავთობის პლატფორმების თავზე, უსაფრთხოების ზონაში. იანვარში უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის თავზე.

    გამოცემა წერდა, რომ პოლიგონზე უკრაინელ სამხედროებს ჯავშანტრანსპორტიორ “დინგოს“ გამოყენებაში ავარჯიშებენ. გერმანია უკრაინას 50 ასეთ მანქანას მიაწვდის.

  • თეთნულდზე დაკარგული ტურისტები გარდაცვლილი იპოვეს

    სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სამივე მათგანის ცხედარი მესტიაშია გადასვენებული.

    ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

  • ლიმანის დაკარგვა რუსეთის სერიოზული პოლიტიკური წარუმატებლობაა–ბრიტანული დაზვერვა

    ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ლიმანიდან უკანდახევისას რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ დიდი დანაკარგი მიიღეს.

    • 1 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი დატოვეს, რორმელსაც სავარაუდოდ დაუკომპლექტებელი ქვედანაყოფები იცავდნენ რუსეთის დასავლეთის და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდან, ასევე მობილიზებული რეზერვისტები. როგორც ჩანს, ამ ძალებმა დიდი დანაკარგები მიიღეს უკანდახევისას ერთადერთი გზით, რომელიც ქალაქიდან გადიოდა და ჯერ კიდევ რუსების ხელში რჩებოდა.
    • ოპერატიული თვალსაზრისით ლიმანს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ არის საკვანძო გადასასვლელი  პუნქტი მდინარე სევერსკი დონეცკზე, სადაც რუსეთი თავდაცვის პოზიციების გაძლიერებას ცდილობს. რუსეთის ლიმანიდან უკანდახევა ასევე სერიოზული პოლიტიკური წარუმატებლობაა, რადგან ქალაქი დონეცკის ოლქის ფარგბეში მდებარეობს, ანუ იმ რეგიონის, რომლის “გათავისუფლებას“ და ანექსირებას რუსეთი ცდილობდა.
    • ჯარების გაყვანამ საჯარო კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ. უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი დაკარგვა დიდი ალბათობით კრიტიკის გაძლიერებას და უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაზე ზეწოლის გაძლიერებას გამოიწვევს–ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.
  • ნატოს წევრი 9 ქვეყანა უკრაინის ალიანსში გაწევიანებას მხარს უჭერს

    ნატო-ს წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებმა ნატოში უკრაინის გაწევრიანებასა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიასთან დაკავშირებულ რუსეთის მცდელობებზე ერთობლივი განცხადება გაავრცელს.

    ქვეყნების ლიდერები წერენ, რომ ისინი წარმოადგენენ იმ ქვეყნებს, რომელთა მეთაურები ომის დროს კიევს ეწვივნენ და საკუთარი თვალით ნახეს რუსული აგრესიის შედეგები და არ შეუძლიათ გაჩუმდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე.

    განცხადებაში წერია, რომ ცხრა ქვეყნი პრეზიდენტები “მტკიცედ დგანან” 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილების გვერდით, უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.

    „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ არ ვაღიარებთ და არასოდეს ვაღიარებთ უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიის რუსეთის მცდელობებს.

    ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილების გვერდით.

    ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან საკუთარ თავდაცვაში, მოვითხოვთ რუსეთმა ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს არსებითად გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება” – აღნიშნულია განცხადებაში.

    ნატო-ს წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები დასძენენ, რომ „ყველა, ვინც აგრესიის დანაშაულს ჩადის, პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს”.

    განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის პრეზიდენტები.

  • ინტერნეტით თაღლითობის საქმეზე შსს–მ 4 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს.

    უწყების ინფორმაციით, დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ზ.ს., 1991 წელს დაბადებული ე.ნ., 1995 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ა.მ.

    ბრალი წარედგინათ: 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.თ.-ს, 1990 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს – მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ი. მ.-ს, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1984 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეს – ი.ვ.-ს და 1989 წელს დაბადებულ ბელგიის სამეფოს მოქალაქეს – გ. წ.-ს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ვ.-მ საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის თანამშრომლები უცხო ქვეყნის, ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეებს, ინტერნეტბრაუზერში უგზავნიდნენ შეტყობინებას – “pop up”-ს, სადაც კატეგორიული ფორმით, ფრანგულ ენაზე ეწერა, რომ მათი კომპიუტერი დავირუსებული იყო და ხარვეზების გამოსწორებისათვის უნდა დაერეკათ მითითებულ ნომერზე. შეტყობინებას არ ჰქონდა გათიშვის ფუნქცია და მომხმარებლები კომპიუტერით ვეღარ სარგებლობდნენ. მომხმარებლები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ კომპიუტერებს ჰქონდათ სერიოზული პრობლემა, რეკავდნენ შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომლითაც სარგებლობდა ზემოხსენებული კომპანია. მათ პირველ ეტაპზე ესაუბრებოდნენ კომპანიის ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ეცნობოდნენ ფრანგული სახელებით, კიდევ უფრო მეტად არწმუნებდნენ პრობლემის სერიოზულობაში და მის მოგვარებას ჰპირდებოდნენ. მომხმარებლები, რომლებიც იჯერებდნენ, იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს სხვადასხვა ონლაინ გადახდის სისტემების გამოყენებით, რომლებთანაც ი.ვ.-ს ჰქონდა დამყარებული კავშირი, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული კომპანიის ე.წ. IT-თანამშრომლები დისტანციური წვდომის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შედიოდნენ დაზარალებულის კომპიუტერულ მოწყობილობებში და ახდენდნენ „pop up”-ის გათიშვას, ასევე გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას, რათა დაზარალებულს შექმნოდა ილუზია, რომ მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი სერვისი მიიღო კომპანიისგან.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით დაზარალებულებს საერთო ჯამში მიადგათ 767 000 ევროზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი.

    კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე, 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.

    დანაშაული 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • Washington Post:პუტინმა“ფეესბეს“ არ დაუჯერა, რომელიც მედვედჩუკის აზოველებზე გაცვლის წინააღმდეგი იყო

    Washington Post აქვეყნებს სტატიას, რომელშიც საუბარი იმაზე, რომ ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალურმა პირების ინფორმაციით, რომელთა ვინაობა არ სახელდება, ვლადიმერ პუტინმა არ დაუჯერა “ფეესბეს“ გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ 215 სამხედრო ტყვეს, მათ შორის 10 უცხოელი მებრძოლის და აზოვის 5 მეთაურის გაცვლა ვიქტორ მედვედჩუკზე და 55 რუს ტყვეზე უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა რუსეთის პრეზიდენტის მომხრეებს შორის(რაც რეალურად მოხდა კიდევაც).

    ტყვეთა ასეთი გაცვლა პირადად პუტინის გადაწყვეტილება იყო და არავის დაუჯერა, ვინც შესაძლო შედეგებზე აფრთხილებდა.

    “საგულისხმოა, რომ პუტინმა ამჯობინა გაეცვალა თავისი ხელისბიჭი და ერთ–ერთი სტაჟიანი მარიონეტი ურაინაში, მედვედჩუკი მარიუპოლის გმირებზე. უკრაინაში ძალიან ბევრს უხაროდა, რომ გათავისუფლდნენ გმირი მებრძოლები, მოსოვში კი უამრავი ადამიანის ზიზღი გამოიწვია იმან, რაც პუტინისთვის მართლაც მნიშვნელოვანია“–უთხრა გამოცემას ერთ–ერთმა ამერიკელმა წყარომ.

    სტატიაში ასევე სუბარია იმაზე, რომ ტყვეთა გაცვლის მოლაპარაკებებში შუამავალი რომან აბრამოვიჩი და საუდის პრინცი მოხამედ ბინ სალმანი იყვნენ. ორივესთვის მთავარი მოტივი იყო შესაძლებლობა, ურთიერთობები გაიუმჯობესონ დასავლეთის ქვეყნებთან – ამბობენ გამოცემის წყაროები.

  • რუსეთის დუმის დეპუტატი, რუსი გენერალი ლიმანის დაკარგვის გამო გენშტაბს უპირისპირდება

    რუსეთის 58–ე არმიიის ყოფილი მეთაური, გენერალ–ლეიტენანტი ანდრეი გურულევი, რომელიც გასული წლიდან რუსეთის დუმის დეპუტატია “ედინაია რასიას“ სიით, რუსეთის გენშტაბს აკრიტიკებს. პროპაგანდისტული თოქშოუს, “სალავიოვ ლაივის“ ეთერში მან განაცხადა, რომ ვერაფრით ვერ ხსნის ლიმანის დაარგვას სამხედრო თვალსაზრისით და რუსული ჯარების უკან დახევას ამ ქალაქიდან ნიშანდობლივ სამხედრო და პოლიტიურ ზღვარს უწოდებს.

    “ეს არ იყო მოულოდნელი ბრძოლა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეაფასეს ამდენი ხნის განმავლობაში სიტუაცია სწორად, არ გააძლიერეს დაჯგუფება“– თქვე გენერალ–ლეიტენანტმა, რომლის აზრით პრობლემა “სრულ ტყუილში და ხელმძღვანელობისთვის მხოლოდ კარგი ამბების მოხსენებაშია“ და ეს სისტემა მისი აზრით ზევიდან ქვევით მოდის.

    “მთელი პრობლემა ფრუნზენსკის სანაპიროზეა, სადაც ამ დრომდე არ ფლობენ სიტუაციას, არ ესმით. ჩვენ ჩვენი კვაშინი (1997-2004 წლებში რუსეთის გენშტაბის უფროსი) გვჭირდება, რომელიც ბრძანებებს იძლეოდა, დირექტივებს წერდა, სანგრებში ჯარისკაცებთან მიდიოდა რომ შეემოწმებინა, როგორ სრულდებოდა მისი დავალება. ამიტომაც დავასრულეთ ჩეჩნეთის მეორე კამპანია წარმატებით. სანამ გენშტაბში არ გამოჩნდება ვინმე სრულიად განსხვავებული, არაფერი შეიცვლება. ყველაფერი დანარჩენი – იქიდან წარმოებული პოლიტიკის შედეგია.“– ამბობს ის.

    თუ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ლიმანიდან რუსული არმიის უკანდახევაზე პასუხისმგებლობა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურს, ალექსანდრ ლაპინს დააკისრა, გენერალ–ლეიტენანტი გურულევი თვლის, რომ პრობლემა არა ლაპინში, არამედ გენშტაბის ამჟამინდელ უფროსში, ვალერი გერასიმოვშია.

  • ლენდ-ლიზის კანონი უკრაინისთვის ძალაში დღეს შევიდა! – სტეფანჩუკი

    „აშშ-ის ლენდ-ლიზის კანონი უკრაინისთვის ძალაში დღეს შევიდა, რაც ნიშნავს უფრო განსხვავებულ, უფრო მაღალი ხარისხის იარაღებს. უკრაინა ნამდვილად დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას”

    წერს, უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი Twitter-ზე

  • რუსეთი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქი ლიმანი დატოვეს

    რუსეთი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ლიმანი დატოვეს. ამის შესახებ შესაბამის განცხადებას, რუსეთის თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს. 

    რუსეთის განმარტებით, ლიმანის დატოვების მიზეზი, უკრაინული ალყაა, რომლის გამოც რუსმა სამხედროებმა “უკეთესი პოზიციებისკენ გადაინაცვლეს”.

    „ალყის საფრთხის გამო მოკავშირეთა ჯარები გამოვიდნენ კრასნი ლიმანიდან და უკეთესი პოზიციებისკენ გადაინაცვლეს მიუხედავად მტრის (უკრაინის) დანაკარგებისა და მათზე მნიშვნელოვანი უპირატესობისა როგორც ძალების ასევე შეიარაღების კუთხით, მტერმა შემოიყვანა რეზერვები და შეტევა ამ მიმართულებით გააგრძელა“ – აცხადებს რუსეთის თავდაცვა.