Category: სლაიდერი

  • ქართულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 45,349 -მა მოქალაქემ გახსნა – IDFI

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ქართულ ბანკებში რუსეთის 45,349 -მა მოქალაქემ  და რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა გახსნა ანგარიში და დეპოზიტებზე 1 მლრდ 200 მლნ ლარი შეიტანა. ამ დროისთვის რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში 1,2 მლრდ ლარი აქვთ განთავსებული.

    IDFI-ის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში აქტიური შემოსვლის და საბანკო ანგარიშების გახსნის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომერციულ ბანკებში მათ მიერ განთავსებული დეპოზიტების მაჩვენებელიც.

    2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 1.88 მილიარდ ლარს შეადგენს. რუსეთის  მოქალაქეების მიერ  დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი კი ომამდე პერიოდთან (2022 წლის 24 თებერვლამდე) შედარებით, დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარით, 170%-ით გაიზარდა.

    რუსეთის მოქალაქეების მიერ დეპოზიტებზე არსებული თანხის 72% (1.36 მილიარდი) განთავსებულია აშშ დოლარის ვალუტაში, ხოლო რუსულ რუბლში განთავსებულია მხოლოდ 0.06% (1.2 მილიონი).

    “2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების 53% წარმოადგენს მოთხოვნამდე დეპოზიტებს, 21% მიმდინარე ანგარიშებს, ხოლო 26% ვადიან დეპოზიტებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ომამდე პერიოდში ვადიანი დეპოზიტების წილი 60%-ს აღწევდა.” – ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.

  • როგორ უნდა მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა უკრაინაში – ადვოკატის განმარტება

    კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას, “მთავარს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დაუდასტურა.

    უკრაინელი უფლებადამცველი, ვადიმ ზავორიტნი, განმარტავს, რა პროცედურებია გასავლელი, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კიევში საგამოძიებო ქმედებების ჩასატარებლად.

    • ”უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ბორისპოლის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოკლე დროში გადმოუგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ამის შემდგომ უკვე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას. ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ამის შემდეგ უნდა მოხდეს პატიმრის დაბრუნება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, საიდანაც ის გადასცეს”. – განაცხადა ვადიმ ზავორიტნიმ.

    სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება და უწყება ვალდებულია, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, პატიმარი საქართველოში დააბრუნოს.

  • კიევის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

    კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას, “მთავარს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დაუდასტურა.

    სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად უკრაინის იუსტიციის სამინისტროს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება და უწყება ვალდებულია, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, პატიმარი საქართველოში დააბრუნოს.

    მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის მიმართ საქართველოს ციხეში განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე უკრაინაში დღეს პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა.

  • ”აზოველებს” რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლას სთავაზობდა – აზოვსტალის მცველები ტყვეობას იხსენებენ

    აზოვსტალის მცველები ტყვეობაში ყოფნის 120 დღეს იხსენებენ და აცხადებენ, რომ ”აზოველებს” რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლას სთავაზობდა. ამის შესახებ მათ, მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა აზოვის ბატალიონის  მეთაურები და მათი მოადგილეები მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში, სამარტოო კარცერში ცალ-ცალკე მოათავსეს, სადაც მათ რეკრუტირებას ცდილობდნენ და დასავლეთის წინააღმდეგ ერთად ბრძოლას სთავაზობდნენ.

    “აზოვსტალის მცველების ტყვეობიდან დახსნა უპრეცედენტო მოვლენა იყო, რაშიც ყველაზე მთავარი როლი ჩვენმა ხელისუფლებამ ითამაშა. ტყვეთა გაცვლის პროგრამაზე მოლაპარაკებების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. რუსების ტყვეობაში 2 ათასზე მეტი აზოვსტალის მცველი იმყოფება. ომი ჯერ არ დასრულებულა, ის გრძელდება. ჩვენი ვალი სამშობლოსა და უკრაინელი ერის დაცვაა. ჩვენი მიზანია ეს ომი მოვიგოთ. აზოვის მიერ გაღებული მსხვერპლი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო. ჩვენი მეთაურები ახლა თურქეთში იმყოფებიან და მოუთმენლად ველოდებით მათ დაბრუნებას.

    რაც შეეხება ჩვენს ტყვეობას, შემიძლია გითხრათ რომ რთული დრო გამოვიარეთ. დაკითხვები და ფიზიკური ზეწოლა მიმდინარეობდა. ითხოვდნენ დეტალურ ინფორმაციას, სახელებისა და გვარების დასახელებას. გვთხოვდნენ რომ მებრძოლების სია გადაგვეცა. ჩვენი ტყვეობიდან დახსნა ძალიან რთული ოპერაცია იყო, რასაც ხელისუფლებამ თავი წარმატებით გაართვა.

    ტყვედ ჩაბარება ჩვენთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, თუმცა რაზმში 600 დაჭრილი სამხედრო გვყავდა, რომელთა ნახევარი უმძიმეს  მდგომარეობაში იმყოფებდა. ადამიანები უბრალოდ იხოცებოდნენ. ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ტყვედ ჩაბარების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო.

    მოლაპარაკებების დროს რუსულმა მხარემ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. ამის ნათელი მაგალითი მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანის პროცესი იყო, რომლებიც უკრაინული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადაეყვანათ, თუმცა რუსებმა და სეპარატისტებმა ისინი გაიტაცეს. ტყვეობაში ყოფნის დროს რუსები ჩვენ რეკრუტირებასაც ცდილობდნენ და გვთავაზობდნენ დასავლეთის წინააღმდეგ ერთად ბრძოლას, თუმცა თითოეული ჩვენი მებრძოლი იმეორებდა რომ რუსეთი მტერია. თავიდან ოლენივკაში გადაგვიყვანეს, შემდეგ როსტოვში. ბოლოს კი მოსკოვში აღმოვჩნდით… ” – თქვა ბოგდან კროტევიჩმა. 

    კიდევ ერთი მებრძოლის, ნიკიტა ნადტოჩიის თქმით, აზოვის ბატალიონი თავის ფუნქციას უბრუნდება და რამდენიმე დივიზიონის აღდგენას იწყებს. ასევე ნადტოჩიმ აღნიშნა, რომ ოლენივკაში მომხდარ ტერაქტს არ დაივიწყებენ, რადგან  მომხდარს 70-ზე მეტი აზოველი ემსხვერპლა, მისი თქმით, ყველას მოძებნიან ვინც ტერაქტზე პასუხისმგებელია და “შესაბამის პასუხს გასცემენ”.

    “ჩვენი დაჯგუფება ელოდება იმ სამხედრო ტექნიკას რომელიც უნდა მივიღოთ. აზოვსტალიდან ევაკუირებული ჯარისკაცები, რომლებმაც ომის დროს დაზიანებები მიიღეს, გამოჯანმრთელდნენ და რაზმს დაუბრუნდნენ. ჩვენი ბატალიონის მთავარი მოქმედებების ზონა ფრონტის ხაზის სამხრეთ მიმართულებითაა, სადაც ჩვენი თანამებრძოლები ახლაც წარმატებით მოქმედებენ. ომის მიმდინარეობისას გვაქვს გარკვეული დანაკარგები, თუმცა მტერს ვანადგურებთ. ჩვენი მიზანი სამშობლოს დაცვაა. მინდა ოლენივკაში მომხდარ ტერაქტზე ვისაუბრო. მომხდარ კატასტროფაზე გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ. პირობას გაძლევთ რომ ყველას ვიპოვით და შესაბამის პასუხს გავცემთ. ტერაქტის დროს 70-ზე მეტი აზოველი დაიღუპა. კონკრეტული რაოდენობა არ ვიცით, რადგან ბევრი ფაქტი ბურუსითაა მოცული.” – თქვა აზოვის მებრძოლმა.

    https://www.youtube.com/watch?v=gB4s9gfPyPE

  • ნოვაია-კახოვკადან არის ცნობა, რომ ორკები გაქრნენ ქალაქიდან – ხერსონის ოლქის დეპუტატი

    “ნოვაია კახოვკადან არის ცნობა, რომ ორკები გაქრნენ ქალაქიდან. საშაურმეების რიგიდანაც კი, რომლებიც ასე უყვართ და მათთვის დელიკატესია…წინასწარი ინფორმაციით, ყველა ბერისლავში გაგზავნეს იქ, სადა არაფერი ხდება და პანიკა არ არის. ჩნდება ეჭვი, რომ მალე შეჭამენ, ოღონდ შაურმას არა.”

    ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი ავრცელებს.

  • თურქეთმა რუსეთს ჯავშანჟილეტებისა და ზამთრის ტანსაცმლის მიყიდვაზე უარი უთხრა – რეზნიკოვი

    „ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თურქეთიდან და ჩვენი პარტნიორებისგან, რომ რუსები ცდილობდნენ 200 000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის 500 000 კომპლექტის შეკვეთას მესამე ქვეყნების მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ მათ პრობლემები აქვთ. სხვათა შორის, თურქმა პარტნიორებმა მათ უარი თქვეს“

    აცხადებს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი.

  • ამერიკის ელჩს თავს გვარამია და მელია დაესხნენ, სხვა არ მახსენდება – კობახიძე

    “საუბარი იყო მე რაც ვიცი თავდასხმაზე, ეს ტერმინიც იყო გამოყენებული, მე არ მახსენდება არცერთი თავდასხმა ამერიკის ელჩზე გარდა ორისა, ორი გამონაკლისი იყო, ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას, მათ ჰქონდათ ასეთი განცხადებები, გამონათქვამები, მათ შორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სხვა თავდასხმა მე უბრალოდ არ მახსენდება”,

    აცხადებს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • კადიროვი ზოგიერთ შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედებს, შეიძლება რუსულ უშიშროებასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს – კობერიძე

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 5 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს

    ”ლუგანსკის რაიონში რუსები ქალაქი სვატოვეს სწრაფ გამაგრებას ახორციელებენ. ქალაქში დამატებითი დანაყოფები შეჰყავთ და ცდილობენ უკრაინული შეტევა მოიგერიონ. თუმცა უკრაინული არმიის მოქმედებებიდან ნათელი ხდება, რომ ისინი კარგად გამაგრებულ ქალაქებს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი დანაკარგებით არ ასკდებიან ხოლმე.

    – სვატოვე-კრემინას გზასთან ახლოს უკრაინულმა არმიამ ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი – გრიგორივკა და მაკიივკა გაათავისუფლა. უკრაინული არმია აღნიშნული საგზაო მაგისტრალიდან 5-6 კილომეტრშია. საცეცხლე კონტროლი უკრაინელებს უკვე აქვთ, თუმცა ეს ისეთი სიახლოვეა, აქ რუსული კოლონებიც ვეღარ გაივლიან პოტენციური ჩასაფრებების გარეშე.

    – ნათელი ხდება რომ, ლიმანთან უკრაინელებმა FSB-ს ელიტური დანაყოფების განადგურება მოახერხეს. ზოგადად, რუსულ არმიასა და შეიარაღებულ ძალებში რეალური პროფესიონალიზმის დეფიციტია. ამ ფონზე უკრაინელების მიერ განეიტრალებული რუსული ბრძოლისუნარიანი შენაერთი მნიშვნელოვნად ცვლის ადგილზე ვითარებას და სხვებისათვისაც – განსაკუთრებით ნაკლებ პროფესიონალებისათვის – მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს.

    – ხერსონი-მიკოლაივის მიმართულებით, უკრაინული არმია ქალაქ სნიჰურივკას მისადგომებთან საბრძოლო მოქმედებებშია ჩაბმული. ქალაქს კვლავ რუსული არმია აკონტროლებს, თუმცა შესაძლოა ევაკუაციისათვის მზადებაც მიმდინარეობდეს. თუმცა სნიჰურივკა ხერსონის მიმართულებით ლიმანის ტოლფასის ქალაქია – სწორედ მასზე გადის რუსული თავდაცვის ხაზი. სნიჰურივკაზე მასირებული იერიშისა და მისი გათავისუფლების შემთხვევაში მდინარე ინჰულეცის გასწვრივ მთელი რუსული თავდაცვის ზღუდე ჩაიშლება. ამიტომაც რთული სათქმელია რა ტაქტიკას აირჩევენ როგორც უკრაინელები ისე, რუსები.

    – უკრაინულმა არტილერიამ ქალაქ ხერსონში სასტუმრო “ნინელის” შენობა დაბომბა, რომელშიც FSB-ს ცენტრალური შტაბი იყო განთავსებული. მინიმუმ 5 მაღალი რანგის რუსი ოფიცერი იქნა მოკლული.

    – კადიროვს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. ამ ფონზე რუსული სამხედრო გენერალიტეტის დისკრიმინაცია რუსული ტელევიზიებითაც კი გრძელდება. რეალურად, შიდა დაპირისპირება რუსულ ძალოვან უწყებებში შესამჩნევია. ბევრი მცდელობაა ერთმანეთს გადააბრალონ წარუმატებლობების სერია უკრაინაში. თუმცა კადიროვს პრიგოჟინთან ერთად ცალკე ფრთა აქვს. მათი გაძლიერება დიდწილად უდრის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნების გვერდზე გაწევას. ამასთან, რთული სათქმელია როგორი ურთიერთობები აქვთ რუსულ უშიშროებასა და კადიროვს. რეალურად, კადიროვი ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს, რაც რუსულ უშიშროებასთან წინააღმდეგობაში შეიძლება მოვიდეს. ამასთან, საბრძოლო მოქმედებებისას განტევების ვაცის ძიება და ახალი, ოდიოზური ფიგურების გამოჩენა ლიდერების პოზიციაზე არცთუ სასურველ შედეგებს დებს ხოლმე.” – განაცხადა კობერიძემ.

  • ხარაგაულში “ოცნების” პარტაქტივი ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხა

    ხარაგაულში “ქართული ოცნების” აქტივისტები და საკრებულოს წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული.

    ხებეიშვილი ხარაგაულში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით კიკნაძის ოჯახს სოციალური დახმარება დაუნიშნეს.

    აბეიშვილი ამბობს, რომ კიკნაძეს 4 000-მდე ლარი აქვს შემოსავალი.

     

  • ხარკოვის დეოკუპირებულ ნაწილში რუსების მიერ მოკლული 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

    ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 534 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ხარკოვის რეგიონში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა სერხი ბოლვინოვმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

    „სამწუხაროდ, დეოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, საიდანაც 226 ქალია, 260 მამაკაცი, 19 ბავშვი (მათგან 13 უცნობია), ხოლო 29 ადამიანის ნეშტის  სქესი ჯერ დადგენილი არ არის“, – განაცხადა ბოლვინოვმა.