Category: სლაიდერი

  • საქართველოს მთავრობის საუბარში რუსეთის ხმა ისმის – პოდოლიაკი

    “უკრაინისთვის ძალიან უცნაურია, რომ იხილოს ქვეყანა, რომელიც ზუსტად ისე დაზარალდა როგორც ჩვენ, რუსეთის ფედერაციის ექსპანსიისგან დავზარალდით. იმ ჟანგიანი ტანკებისგან, რომლებიც თქვენს ტერიტორიაზე მოდიოდნენ და რომლებსაც განადგურება სურდათ საქართველოსი. ამ ფონზე ჩემთვის ძალიან რთულია, რომ ოფიციალური საქართველო საუბრობს რაღაც სირთულეებზე, აუცილებლობაზე. საქართველოს მთავრობის საუბარში რუსეთის ფედერაციის ხმა ისმის. საქართველოს საზღვარზე რუსეთისგან ლტოლვილები იყვნენ, ეს არ არის ხალხი, რომელიც მხოლოდ მობილიზაციისგან გარბოდა. ეს ხალხია, რომელიც 2008 წელს ტაშს უკრავდა და ყვიროდა, რომ მოდით, მუხლებზე დავაყენოთ საქართველო, თქვენ კი ქვეყანაში შემოსვლის საშუალება მიეცით მათ.

    მესმის, თქვენ ჰუმანური ხალხი ხართ, მაგრამ არ მესმის, საქართველოს მთავრობას რატომ არ ესმის, როდესაც ესეთ პრინციპებზეა საუბარია. საქართველო თავის მთავრობას თამაშის უფლებას აძლევს, ეს არის მტკივნეული ჩვენი ქვეყნისთვის, პრეზიდენტ ზელენსკისთვის. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და მისთვის მიუღებელია მიიღოს ნორმალურად, რომ ის ხალხი, რომელიც ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო, ვეღარ არიან. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი ჩვენს მხარეზეა და მონაწილეობას იღებს უკრაინის ომში, პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ. ჩვენ ძალიან თბილად ვართ თქვენდამი განწყობილი. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყვნენ, ძალიან ახლოს, მათი მთავრობა უცებ პოლიტიკის თამაშს იწყებს. მესმის პირველი თვე, მაგრამ ახლა? 8 თვის მერე ჩვენ არ წავაგებთ, მინდა რომ ეს გაიგოს საქართველოს მთავრობამ. უკვე უნდა ესმოდეს, რომ უკრაინა არ წააგებს, ჩვენ დავიხოცებით, მაგრამ არ წავაგებთ. ჩვენს უკან დგას სიტყვა თავისუფლება და ეს თავისუფლება გვინდა, რომ საქართველოსაც გადავცეთ”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

  • საფრანგეთი უკრაინას რადარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

    საფრანგეთი უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა და საბრძოლო მასალას გადასცემს. – ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავრცელებს. მისი თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის “დაბომბვის უპრეცედენტო ფაზას” მოჰყვა. მაკრონმა ამასთანავე  აღნიშნა ისიც, რომ საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დაზვერვის ინფორმაციასაც აწვდიდა.

    “ჩვენ არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ინფორმაციულ იარაღსაც ვიყენებთ, რადგან ჰიბრიდულ ომში ვართ. ხოლო რუსეთი კონფლიქტის ესკალაციას მრავალფეროვანი მიდგომებით, მათ შორის: პროპაგანდისტული არხებით, სოციალური მედიით, შანტაჟითა და შიმშილით ცდილობს”. – თქვა მაკრონმა.

  • ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია, ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმები ძალიან შემაშფოთებელი-საფრანგეთის ელჩი

    საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ქართულ ოცნებას “გამოყოფილი“ პარტიის, „ხალხის ძალის“ განცხადებებს შოკისმომგვრელს, მტრულსა და ძალიან აგრესიულ ანტიდასავლური ნარატივს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს.

    როგორც კოლასმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რასაც ისინი ე.წ მეორე ფრონტთან დაკავშირებით ამბობენ, სრულიად ტყუილია და ასეთი რამის გაკეთების მოთხოვნა არასდროს ყოფილა.

    კითხვაზე, როგორ უყურებს „ხალხის ძალის“ განცხადებებს და იმას, რომ საზოგადოების ნაწილი მათი რიტორიკის უკან „ქართულ ოცნებას“ მოიაზრებს, კოლასი ასე პასუხობს – „დარწმუნებული არ ვარ, რომ ვიცი“.

    „ვფიქრობ, არ მინდა ამაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება. რასაც მძაფრად შევიგრძნობ არის ის, რომ ეს ძალიან მტრული, ძალიან აგრესიული ანტიდასავლური ნარატივი ზიანს აყენებს საქართველოს და მის ინტერესებს. ის ძალიან ხშირად აბსურდულად არაზუსტი და მცდარია. რასაც ე.წ მეორე ფრონტთან დაკავშირებით ამბობენ, აბსოლუტური ტყუილია. ასეთი რამის გაკეთების მოთხოვნა არასდროს ყოფილა. ბევრი განცხადება არაზუსტია და ზოგადად, ეს ანტიდასავლური განცხადებები შოკისმომგვრელია. მიმაჩნია, რომ თავდასხმები ამერიკის ელჩ კელი დეგნანზე, რომელიც არის ჩემი მეგობარი და ადამიანი, ვისთანაც მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა, ძალიან შემაშფოთებელია. როგორც უკვე გითხარით, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს, რომ რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც დაიწყო და დინამიური გახდა ამ ზაფხულიდან მოყოლებული და რომელსაც დადებითად ვაფასებ, საფრთხის ქვეშ არ დადგეს პრობლემური ნარატივებითა და ნეგატიური ამბებით.

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური დღის წესრიგი, რეფორმის დღის წესრიგი, რეალობად იქცეს და პოზიტიურ ნარატივად ითარგმნოს. არსებობს დიდი რისკი, რომ ეს პროცესი შეფერხდეს, რაც ძალიან სამწუხარო იქნება. ახლა არ მინდა განცხადებები გავაკეთო, თუ ვინ რას აკეთებს, ვინ ვის უკან დგას და ამ ყველაფერში. ამაზე მე არ უნდა გავაკეთო კომენტარი, მაგრამ როდესაც ამას ვუყურებ, შეშფოთებული ვარ“,- განაცხადა დიეგო კოლასმა.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

  • გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია დაგმო

    გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია დაგმო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 143–მა ქვეყანამ, 35–მა თავი შეიკავა.

    რეზულიციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: რუსეთმა, სირიამ, ნიარაგუამ, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ.

    გაერო აცხადებს, რომ ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის დაპყრობილ ტერიტორიებზე უკანონო იყო და მოითხოვს, რუსეთმა ანექსიის გადაწყვეტილება გააუქმოს.

    გაეროს რეზოლუციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ურაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. მან რეზოლუციას ისტორიული უწოდა და ტვიტერზე დაწერა, რომ მსოფლიომ თავისი სიტყვა თქვა:

    “რუსეთის ანექსიის მცდელობა უბადრუკია და მას არასოდეს აღიარებენ თავისუფალი ერები. უკრაინა საკუთარ მიწებს დაიბრუნებს“– წერს ზელენსკი.

     

  • ავადმყოფობა, ჩხუბი, სუიციდი…რატომ იღუპება რუსეთში მობილიზებულთა ნაწილი ისე,რომ ფრონტამდეც ვერ აღწევს

    რუსეთში “ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ მინიმუმ 14 რეზერვისტი დაიღუპა, ანუ ისინი, ვინც ომში გაიწვიეს, თუმცა ფრონტამდე ვერ მიაღწიეს და სხვადასხვა მიზეზებით სასწავლო ცენტრებში ან თავდაცვის სამინისტროს ბაზებზე დაიღუპნენ. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ძირითადად რეგიონალურ მედიაში ვრცელდება, რომელსაც მობილიზებულთა ახლობლები მიმართავენ. ხელისუფლება ამ ფაქტებზე კომენტარს ნაკლებად აკეთებს და ძირითადად ცდილობს ყველაფერი თავად გარდაცვლილებს დააბრალოს.

    ბიბისი წერს, რომ მათ მხოლოდ ერთი შემთხვვა აღმოაჩინეს, როცა მობილიზებული სამხედროს გარდაცვალების ფაქტზე ტიუმენის სამობილიზაციო პუნქტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა უცნობია მუხლი და საქმის ფიგურანტები. კიდევ რამდენიმე შემთხვევაში გამოძიებამ თავად გარდაცვალების ფაქტის შემოწმება დაიწყო.

    ოთხშაბათს პუტინის პრესმდივანმა თქვა, რომ მობილიზაციის პროცესში შეცდომები ბევრმა შეამჩნია.

    “პუტინმა ხომ თქვა, ეს რომ არ გაგვეკეთებინა, პრობლემების არსებობის შესახებ ვერც გავიგებდით. ამიტომაც ახლა მიიღებენ ზომებს სისტემის წესრიგში მოსაყვანად“–თქვა პესკოვმა.

    დასავლური მედია ცდილობს მობილიზებულთა გარდაცვალების ფაქტებს მოუყაროს თავი.

    ერთ–ერთი პირველი გახმაურებული შემთხვევა 27 სექტემბერს მოხდა–ყაბარდო–ბალყარეთის მაცხოვრებელი ბორის შავაევი სამხედრო ბაზის პლაცზე მწყობრში დგომისას გარდაიცვალა. გავრცელდა ინფორმაცია,რომ მიზეზი შესაძლოა თრომბოემბოლია გახდა.

    28 სექტემბერს ტიუმენითან, ანდრეევსკის გამწვევ პუნქტში გარდაიცვალა მობილიზებული, თუმცა დეტალები, მათ შორის გარდაცვლილის სახელი არ გავრცელებულა. მედიამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა ოფიციალურად მის შეკითხვებს არ უპასუხეს. მოგვიანებით, 11 ოქტომბერს, მედიას სამხედრო საგამოძიებო კომიტეტიდან აცნობეს, რომ 49 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმეა აღძრული, თუმცა დეტალები კვლავ უცნობია. ადგილობრივმა მედიამ დაწერა, რომ მამაკაცის შიშველი სხეული პაკეტით  მის სოფელში ჩაიტანეს და თან გააყოლეს ცნობა წარწერით “ასფიქსია“.

    28 სექტემბერს მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს ზაბაიკალის მხარის სამხრეთ– აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ნაწილში. ადგილობრივ მედიას სიკვდილის ფაქტი სამხედრო საგამოძიებო განყოფილებაში დაუდასტურეს, თუმცა დეტალები არ უთხრეს.

    3ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია ნოვოსიბირსკის სამხედრო სასწავლებელში მობილიზებული მამაკაცის გარდაცვალების შესახებ. ამის შესახებ  ინფორმაცია ადგილობრივმა უფლებადამცველმა, ნინა შალაბაევამ დაადასტურა. მისი თქმით, 35 წლის მამაკაცი ძილის დროს მოკვდა. ოფიციალურ დიაგნოზში გულის შეტევა ჩაიწერა. თუმცა მამაკაცის ოჯახი ეჭვობს, რომ სიკვდილი ძალადობრივი იყო. ოჯახის ახლობლებმა ჟურნალისტებს უამბეს,რომ მამაკაცს სხეულზე ჰემატომები და მოტეხილობები ქონდა. დედის თქმით, შვილმა უამბო გაწვევის პუნქტში არყით ვაჭრობის, ლოთობის, საკვების და სამხედრო ფორმის არარსებობის შესახებ. მისი თქმით, შვილი უყვებოდა, რომ ჯერ კიდევ სახლიდან წაღებულ საჭმელს ჭამდა.

    3 ოქტომბერს ცნობილი გახდა რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში ელანსკის გარნიზონში, კურგანის ოლქიდან მობილიზებული სამი სამხედროს დაღუპვის შესახებ. აქედან ერთი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სახლში გაუშვეს.

    რეგიონის ადამიანის უფლებების დამცველი, ტატიანა მერზლიაკოვა ამბობდა, რომ ერთ–ერთი მობილიზებულის სიკვდილი შესაძლოა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფონზე ეპილეფსიის შეტევის ბრალი იყო.  სვერდლოვსკის ოლქიდან რუსეთის დუმის დეპუტატმა, მაქსიმ ივანოვმა მედიას უთხრა, რომ მეორე დაღუპულმა თავი მოიკლა.

    კიდევ ერთი მობილიზებული კი ჯერ პოლიგონზე გაგზავნეს, შემდეგ “ჩამოწერეს“ და სახლში გაუშვეს, სადაც დაბრუნებისთანავე თავდაპირველი ინფორმაციით ღვიძლის ცეროზით მოკვდა.თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ 44 წლის მამაკაცის სიკვდილი შესაძლოა მობილიზებულებს შორის ხელჩართულმა ჩხუბმა გამოიწვია.

    4 ოქტომბერს მედიამ დაწერა ომსკის სამხედრო ნაწილში მობილიზებული მამაკაცის სიკვდილის შესახებ. მისი ახლო მეგობარი ყვება, რომ სამხედრო ნაწილში სხვა მობილიზებულებთან კონფლიქტი ქონდათ და ეჭვობს, რომ მისი მეგობარი, რომელსაც ორი შვილი ყავს და სრულიად ჯანმრთელი იყო, თავს არ მოიკლავდა. ექსპერტიზის პასუხი თვენახევარში იქნება.

    5 ოქტომბერს პენზის პოლიგონზე სწავლებისას დაიღუპა ერთ–ერთი მობილიზებული. ადგილობრივი მედიის ცნობით ის 41 წლის იყო, ვინაობა არ სახელდება. ადგილობრივი ომბუდსმენის ინფორმაციით მას სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მამაკაცის სიკვდილის მიზეზი “ორგანიზმის ერთ–ერთი ფუნქციის დარღვევა გახდა.“ სხვა დეტალები არ ხმაურდება.

    6 ოქტომბერს ლენინგრადის ოლქში ქალაქ კამენსკში მობილიზებული 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მიზეზი ის გახდა, რომ მამაკაცმა წვრთნებისას ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ თავს ესროლა. ამ შემთხვევაშიც დეტალები და ოფიციალური კომენტარი არ ვრცელდება.

    7 ოქტომბერს ნოვოსიბირსკის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში კიდევ ერთი გარდაცვლილი მობილიზებულის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ შემთხვევაში მიზეზი უცნობია, ამბობენ რომ ტარდება გამოძიება და ექსპერტიზა. ადგილობრივი მედია გარდაცვლილის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ სიკვდილი ძალადობის შედეგი იყო.

    9 ოქტომბერს მობილიზებული მამაკაცი გარდაიცვალა იაკუტიაში. სააგენტო რია ნოვოსტიმ მის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ გამანაწილებელი პუნქტის ფანჯრიდან 1983 წელს დაბადებული მამაკაცი გადმოვარდა და მოკვდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით გარდაცვლილი მთვრალი იყო და ის ცდილობდა მეორე სართულის ფანჯრიდან ერთმანეთზე გადაბმული საწოლის გადასაფარებლების დახმარებით ჩამოსულიყო.

    11 ოქტომბერს ჩელიაბინსკის ოლქში გავრცელდა ინფორმაცია 27 წლის მობილიზებული მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ეკატერინბურგის 32–ე სამხედრო ქალაქში.ოლქის დუმის დეპუტატმა, მაქსიმ ივანოვმა თქვა, რომ სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა.

    12ოქტომბერს კი ცნობილი გახდა ელანსკის სასწავლო გარნიზონში უკვე მეოთხე მობილიზებულის სიკვდილის შესახებ.

    1989 წელს დაბადებულმა მობილიზებულმა მამაკაცმა ნაწილის სამედიცინო პუნქტს მიმართა, სადაც მდგომარეობა დაუმძიმდა და გული გაუჩერდა. მისი ნაცნობები ამბობენ, რომ აქამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ქონდა.

    “გარნიზონში დიდი  რაოდენობით ხალხია, ყველას განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასაკი აქვს. ბევრი მიმართავს სამედიცინო დახმარებისთვის. ვინც გამოუსადეგარია ომისთვის, უკან გზავნიან. გასაგებია, რომ ეს კურორტი არ არის და ფიზიკური დატვირთვა დიდია, ამიტომაც ასეთი სიტუაციები ხდება. ვიღაცას გული ვერ უძლებს“– ამბობს ადგილობრივი დეპუტატი მაქსიმ ივანოვი.

    ეს არის ის ფაქტები, რომლებიც მედიაში გახმაურდა, თუმცა რა ხდება რეალურად და რამდენად დიდია პრობლემების მაშტაბი, უცნობია. რუსული რეჟიმის პირობებში ინფორმაციის გავრცელება უკიდურესად შეზღუდულია.

    რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა.

     

  • გერმანია უკრაინას ჰაუბიცებსა და MARIS II – ებს გადასცემს

    გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ დღეს 12 ოქტომბერს, რამშტაინის ფორმატში უკრაინის დახმარების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი დახმარების გაწევის შესახებ. დახმარების ახალ პაკეტში შედი დამატებით PzH2000 თვითმავალ ჰაუბიცებ-ი  და MARIS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა.

    • “რამშტაინის ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს: რუსეთის სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის კონტრიერიში. ჩვენი მიმდინარე დახმარების კოორდინირებას ვახდენთ. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II”, – წერია გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს გვერდზე.
  • საქართველოს არანაირი შემხებლობა არ აქვს! – შს მინისტრის მოადგილე ФСБ-ს ბრალდებას პასუხობს

    “საქართველოს არანაირი შემხებლობა არ აქვს!” – ასე პასუხობს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ბრალდებას, რომლის მიხედვით, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში დარეგისტრირებულმა სატვირთო მანქანამ ასაფეთქებელი მასალით დატვირთული ბარგი ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გადაიტანა და ყირიმის ხიდზე აფეთქდა.

    “როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა”.- ამბობს მინისტრის მოადგილე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

  • მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის – სტოლტენბერგი

    ”ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაცია. რუსეთი ახდენს ახალი, ათი ათასობით ჯარისკაცის მობილიზებას, ისინი ცდილობენ უკანონოდ მოახდინონ ახალი უკრაინული მიწების ანექსია, განაგრძობენ უკრაინული ქალაქების განურჩევლად დაბომბვას. ასევე მოვისმინეთ მოსკოვის ბირთვული მუქარები, ეს ყველაფერი მიუთითებს სერიოზულ ესკალაციაზე. NATO-ს გზავნილი დღეს იქნება, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის მტკიცე და ასე გავაგრძელებთ, ვიდრე საჭირო იქნება. საკონტაქტო ჯგუფი შეხვედრაზე განვიხილავთ, როგორ გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა. მთავარი პრიორიტეტი იქნება, უფრო მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის”

    ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

  • პუტინის ბარბაროსულმა ქმედებამ უკრაინის არმიის შეარაღების ტემპები დააჩქარა – რუსლან შავაძე

    ”ქალაქების დაბომბვებმა უკურეაქცია გამოიწვია პუტინისათვის და შესაძლოა პროცესები უკრაინის სასარგებლოდ დაჩქარდეს” – აცხადებს საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე და  ასევე აღნიშნავს, რომ პუტინის ”ბარბაროსულმა ქმედებამ” ( უკრაინის ქალაქების მასობრივმა დაბომვბამ) უკრაინის მოკავშირეებს შორის კონსოლიდაცია გაამყარა, რითაც დააჩქარა უკრაინის არმიის შეარაღების ტემპები.

    ”უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა ტოკმაკის რაიონში(ზაპოროჟიის ოლქი) ზუსტი დამიზმენბის მრავალფუნქციური Himars-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების GMLRS-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის რეაქტიული ჭურვების გამოყენებით გაანადგურეს ოკუპანტების 6 ერთეული S-300-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის გამშვები პლატფორმა საბრძოლო მასალასთან ერთად…

    სწორედ ტოკმაკიდან ბომბდავდნენ ოკუპანტები ქალაქ ზაპოროჟიას.

    S-300 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი გამოიყენება საჰაერო სამიზნეების გადასაჭერად/გასანეიტრალებლად(პილოტირებად და უპილოტო საფრენი აპარატების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ) თუმცა ოკუპანტებმა დაიწყეს მისი მასიურად გამოყენება სახმელეთო სამიზნეების გადანადგურებლად ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად და პანიკის დასათესად , S-300 რაკეტის გადაჭერა ძალზედ რთულია და დღემდე გამოცანად რჩება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებისათვის, მანამდე მას ინტენსიურად იყენებდნენ ქალაქ ნიკოლაევის დასაბომბად თუმცა მას შემდეგ რაც ამერიკული რადარ საწინააღმდეგო AGM-88 Harm-ის(რომლის ადაპტირება მოახდინეს უკრაინული MIG-29-ებსა და Su-27-ის გამანადგურებელებზე) საჰაერო ბაზირების რაკეტებით ხერსონის ოლქში რუსული საზენიტო კომპლექსები და რადიოლოკაციური/რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები ჩაახშეს მათი ნიკოლაევის მიმართულებით გამოყენება აღარ ფიქსირდება…

    მიუხედავად იმისა რომ ბოლო დღეებში ოკუპანტების მიერ kh-101, Kh-555, Calibr-ის ფრთოსანი რაკეტებით უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა, რუსული დაბომბვების ეფექტურობა მნიშვნელვნად შემცირდა ბოლო დღეების დინამიკის მიხედვით, გუშინ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს 70% რუსული ფრთოსანი რაკეტების გადაჭერა/განეიტრალება. პუტინის ამ ბარბაროსულმა ქმედებამ უკრაინის მოკავშირეებს შორის კონსოლიდაცია გაამყარა, რითაც დააჩქარა უკრაინის არმიის შეარაღების ტემპები, უკრაინამ უკვე მიიღო გერმანიიდან IRIS-T(სავარაუდოდ ერთი ბატარეა)ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, უახლოეს დღეებში მიიღებს NASAMS-ის(ნორვეგიული წარმოების)2 ბატარეა საზენიტო სარაკეტო კომპლექს(მთლიანობაში მიაწვდიან 8 ბატარეა NASAMS-ებს), გარდა ამისა ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს ტაქტიკური ბალისტიკური(MGM-140 ATACMS) რაკეტების გგადაცემას უკრაინისათვის…

    უკრაინის ქალაქების მასშტაბურმა დაბომბვებმა უკურაქცია გამოიწვია პუტინისათვის და შესაძლოა პროცესები დაჩქარდეს უკრაინის სასარგებლოდ, დღეს 12 ოქომბერს რამშტაენის(გერმანია) შეხვედრა გაიმართება სადაც 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას სადაც სავარაუდოდ გარდა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისა ასევე იმსჯელებენ ომში რუსეთის დამარცხების შემდგომი გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგებზე…” – აცხადებს რუსლან შავაძე.

  • პუტინის თქმით, “კიევის რეჟიმი” პოლიტიკურ მკვლელობებს სჩადის და ეთნიკურ წმენდას აწარმოებს

    “მსოფლიო ეკონომიკა დღეს მძაფრ კრიზისს განიცდის, რაც დაკავშირებულია ენერგორესურსებზე არასტაბილური საფასო დინამიკით, ასევე მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსის დარღვევით. თუმცა, გარდა ამისა, საქმე გვაქვს ბაზრის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განხორციელებული დივერსიებით და აქ, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის ნაკადზე მომხდარ ინციდენტს ვგულისხმობ. ისინი მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ისინი კონკურენტების დისკრიმინაციას ეწევიან ბაზარზე და თუ ეს არ გამოსდით, პირდაპირ დივერსიებს მიმართავენ. ეჭვი არ არის, რომ ეს საერთაშორისო ტერორიზმის მაგალითია და მისი მიზანი მთელი კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების ჩამოშლაა. ამას ემატება ყირიმის ხიდზე მომხდარი ტერაქტი, რომელიც უკრაინული სპეცსამსახურების მოწყობილია.

    მე დიდი ხანია ვამბობ, რომ კიევის რეჟიმი ტერორისტულ მეთოდებს იყენებს, პოლიტიკურ მკვლელობებს სჩადის, ეთნიკურ წმენდას აწარმოებს. ისინი არც ატომურ ტერორიზმს ერიდებიან. აქ ვგულისხმობ სროლას ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მიმართულებით და ასევე კურსკის ელექტროსადგურის გარშემო”