Category: სლაიდერი

  • უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირა

    უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.

    პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

    სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.

  • უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატოს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% რუსეთის სახით – ერმაკი

    “უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატოს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% რუსეთის სახით.”

    წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ტელეგრამზე

  • პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა – შოლცი

    „მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე არის ომის დანაშაული. რუსეთის დაბომბვა და სარაკეტო ტერორი, ისევე როგორც რუსი მამაკაცების ომისთვის მობილიზება, სასოწარკვეთილების აქტია. […] პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა“,

    გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო აკრიტიკებს.

  • რუსებს ეშინიათ, რომ ხერსონში HIMARS-ების პასიურობა, ერთიან გააქტიურებას შეიძლება მოასწავებდეს – 19 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 19 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს:

    “უკრაინული შეტევა გრძელდება ხერსონის რაიონში. საბრძოლო მოქმედებები ჩრდილოეთით მილოვესა და მის გასწვრივ მიმდინარებს, ხოლო მიკოლაივი-ხერსონის გზის მომიჯნავედ – პრავდინესთან. უკრაინელთა ამჟამინდელი ტაქტიკა მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკისა და თავდაცვის განეიტრალებაა, რასაც ისინი წარმატებით ახორციელებენ. ბოლო 24 საათში რუსებმა რამდენიმე ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და საარტილერიო დანადგარი დაკარგეს. ამასთან, უკრაინელებმა ნადავლის სახით არაერთი მცირედ დაზიანებული თუ დაზიანების არმქონე რუსული ტექნიკის ხელში ჩაგდება შეძლეს. უკრაინელები იყენებენ ყველა სახის მძიმე თუ მსუბუქ ტექნიკას, ხოლო არტილერია კვლავ მაღალინტენსიურია. რუსებმა მობილიზებული ნაწილებიც შეიყვანეს ხერსონის რაიონში, მაგრამ მათ სასარგებლოდ ცვლილება არ მომხდარა. მეტიც, მდინარე ინჰულეცის პლაცდარმში, სუხოი სტავოკზე მიტანილი იერიშის შემდეგ დიდი დანაკარგებით დაიხიეს უკან. ამ მიმართულებით თუკი საბრძოლო მოქმედებების ტემპი კვლავ ასეთი მაღალი დარჩა რუსები ძალიან სწრაფად გამოიფიტებიან. შეტევაზე ყოფნისას ყოველთვის დიდია დანაკარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში შეტევაზე მყოფი უკრაინული სამხედრო ძალები უფრო ცოტა სამხედროს კარგავენ ვიდრე რუსები. ზოგიერთი უკრაინული წყარო 1:6 შეფარდებას დებს დანაკარგების შედარებისას. რუსები პირდაპირ არ საუბრობენ ციფრებზე, მაგრამ თავადაც აღიარებენ რომ დანაკარგი დიდი აქვთ.
    – ამ ფონზე რუსები ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ. კოლაბორაციონისტების შემდეგ ასაკოვანი ადამიანები გაჰყავთ და ამის შემდეგ მშვიდობიანების დიდი ჯგუფების გაყვანასაც გეგმავენ. მიზეზად უკრაინულ შეტევასა და ქალაქის პოტენციურ დაბომბვას ასახელებენ. რეალურად კი ყველა მიზეზის დასახელება შეიძლება ლოგიკური იყოს.

    – რუსებს ეშინიათ რომ HIMARS-ების შედარებითი პასიურობა ხერსონში უკრაინელთა მხრიდან დიდი შეტევის წინ მათი ერთიან გააქტიურებას შეიძლება მოასწავებდეს. იმ ფონზე რომ ხერსონიდან ყველა ინფორმაცია ბუნდოვანი მოდის, მართლაც შეიძლება უკრაინელთა დიდი საარტილერიო შეტევა მზადდებოდეს.

    – დღეს უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტებისა თუ ირანული დრონების 90% გაანადგურეს. ეს ყველა წინა დღესთან შედარებით საუკეთესო შედეგია. თუმცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ის დრონები მაინც აზიანებენ, რომლებიც მიზანს ან მიზანთან ახლოს მყოფ შენობა-ნაგებობას ხვდება. ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე მდგომარეობაში უკრაინის ენერგოსისტემაა, რომელსაც ბოლო ორ კვირაში ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა.

    – უშიშროების საბჭოზე ვლადიმერ პუტინმა ახალი არაფერი თქვა, გარდა იმისა, რომ მობილიზებულების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. თუკი მისი ნათქვამი პრაქტიკაში აღსრულდა რუსებს მხოლოდ მობილიზებულთა ხელფასები თვეში 1 მილიარდი დოლარი მაინც დაეხარჯებათ, რაც ნაკლებად შესაძლებელი იქნება. ამასთან, კრემლში აღიარეს რომ სამხედრო მდგომარეობა ფრონტზე საკმაოდ კრიტიკული აქვთ. საომარი მდგომარეობის გამოცხადება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოდნავადაც კი არაფერს ცვლის.
    – ლუგანსკის რაიონში რუბეჟნოე-კრემინას გზაზე უკრაინელებმა რუსების დიდი სამხედრო კოლონა HIMARS-ის მეშვეობით გაანადგურეს. რუსების რიგებში დანაკარგები დიდია. როგორც ჩანს უკრაინული არტილერია ამ მიმართულებით ახლა ძალიან აქტიურია, ხოლო სადაზვერვო ინფორმაცია ეფექტური.

    – რამდენჯერმე დაიბომბა რუსეთი, ბელგოროდის რაიონი. ქალაქ ბელგოროდში იერიშების შედეგად დენი კვლავ გაითიშა. დასახლება შებეკინოში რამდენიმე პუნქტი, რომელშიც როგორც ჩანს რუსებს სამხედრო ნაწილები აქვთ მოწყობილი, თითქმის ყოველდღიურად იბომბება.” – აცხადებს კობერიძე.

  • სექტემბერში, საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა

    მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  511%-ით მეტი ადამიანი შემოვიდა. 

    2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა 222 274 ადამიანი, გასულ წელს კი – 36 407.

  • შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

    შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი უკრაინაში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას კასისი საკუთარ  Twitter-ზე ავრცელებს. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სიტუაციის გაცნობაა.

    “კვლავ უკრაინაში – ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანი სიტუაციის გაცნობაა ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ქვეყნის აღდგენის მოსამზადებელ სამუშაოებზე“, – წერს კასისი.

  • ჩვენ დრონების დაახლოებით 70%-ს ვაგდებთ – ბუდანოვი

    “ჩვენ მივედით იქამდე, რომ მათ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყეს. შეუძლიათ თუ არა მათ შეცვალონ რაკეტები მათი მახასიათებლებით? არა, არ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ახლა რუსეთის ფედერაციაში არის მათი საკმარისი რაოდენობა [კამიკაძე დრონები] და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის სიზუსტე ბევრად აღემატება ამ რაკეტებისას. ამის იმედი აქვთ. […] ისინი თანდათანობით იყენებენ მათ, ირანელები ახლებს აწარმოებენ, მაგრამ ამ საკითხს მეორე მხარე აქვს: ჩვენ მუდმივად ვაგდებთ უპილოტო თვითმფრინავების დაახლოებით 70%-ს”

    ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა “Обозреватель“-თან ინტერვიუში 18 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია საკმარისი რაოდენობით ახალ რაკეტებს ვერ აწარმოებს და ის, რომლითაც დამპყრობლები 24 თებერვალს ომში შევიდნენ, მალე ამოიწურება. შეიარაღების ბევრი ტიპის მარაგი უკვე კრიტიკულ 30%-ზე დაბლაა, რაც რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციითაა განსაზღვრული.

  • პუტინი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და უკრაინის მოქალაქეებს სასტიკად ეპყრობა – ბაიდენი

    ”ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინი წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ეს ჩემთვის იმაში გამოიხატება, რომ როგორც ჩანს, მისი ერთადერთი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი უკრაინაში ცალკეული მოქალაქეებისადმი სასტიკი მოპყრობაა. ამით პუტინი ცდილობს, რომ ისინი დააშინოს და კაპიტულაცია აიძულოს. თუმცა, ისინი ამას არ გააკეთებენ”

    განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

  • რუსეთი სერიოზულად განიხილავს ხერსონიდან უკან დახევის შესაძლებლობას–ბრიტანეთის დაზვერვა

    ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის განცხადებას აანალიზებს ხერსონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და საკუთარ დასკვნას აქვეყნებს:

    ორი დღის წინ ახლადდანიშნულმა გენერალმა რუსულ მედიას უთხრა, რომ ხერსონის რაიონში “დაძაბული“ სიტუაციაა და მხარი დაუჭირა მანამდე გახმაურებულ საოკუპაციო ხელისუფლების გეგმას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

    ანგარიშის ავტორები სუროვიკინის განცხადებას “სრულიად უჩვეულოს“ უწოდებენ.

    “სავარაუდოდ ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს მისი ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილის გაყვანას მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან“–წერია ანგარიშში.

    ასეთი ვარაუდის გამოთქმისას ანგარიშის ავტორები რუსების მთავარ პრობლემად დნეპრის გადალახვას ასახელებენ. ვინაიდან მდინარეზე ყველა ხიდი დაზიანებულია, რუსეთს სავარაუდოდ ძირითადად საპონტონო ხიდების იმედი ექნება, რომლებიც ხერსონთან ახლოს ააგეს, ასევე საპონტონო გადასასვლელების, რომლებიც უკვე რამდენიმე ადგილზე მოქმედებს.

  • კადიროვის თქმით მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

    ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ  მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არიან. შვილებთაგან უმცროსი 14 წლისაა, უფროსი 16-ის.

    “ახმათი, ელი და ადამი ეწვივნენ ფრონტის ხაზს, სადაც ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინელ ნაციონალისტებთან. როგორც ჩეჩენ ჯარისკაცებს შეეფერებათ, ისინი მაშინვე საქმეს შეუდგნენ”, – ამბობს კადიროვი.