Category: სლაიდერი

  • 100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ალიევთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდა – ჩუბინიძე

    “მგონი ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და უზრუნველვყოფდი დაცვას. იქ ვიმყოფებოდი და 100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა,”

    აცხადებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

  • გამოვრიცხავ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი პერსონალურად ივანიშვილზე გავრცელდეს – სარჯველაძე

    ”ოლიგარქის ცნებისთვის მთავარი რაც არის, რომ ხელისუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდეს და ხელისუფლებასთან მიმართებაში კონკრეტული გავლენები ჰქონდეს – მოცემულ შემთხვევაში, ასეთი სახეზე არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, პირადად მე, ნაკლებად მოსალოდნელი მგონია და გამოვრიცხავ, რომ ამ კანონის მოქმედება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში გავრცელდეს.”

    თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა

    რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა

    რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ინფო რუსთავი ავრცელებს.

    მათი ცნობით, პოლიციამ ცხოველის განეიტრალება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოახერხა.

    ქალი კლინიკაში მოათავსეს.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

  • ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა

    ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა.გურგენ (გუგა)  გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა.

    გუგა გაგნიძე ბახმუტთან, კონტაქტური ბრძოლის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი “ვაგნერელების” ჩასაფრებაში მოჰყვა. როგორც თვითმხილველები და გადარჩენილი თანამებრძოლები ამბობენ, გუგამ ბოლომდე არ დატოვა ბრძოლის ველი და გმირულად დაეცა.

    40 წლის გუგა გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო–მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა. ის ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა. ის არის 23-ე ქართველი, რომელიც თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში დაიღუპა.

    სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობა უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს.

  • ISW:პუტინი ხანგრძლივი კონვენციური ომისთვის ემზადება და არა ესკალაციისთვის

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ახალ ანალიზში საუბარია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ ემზადება ხანგრძლივი ომისთვის  ჩვეულებრივი სამხედრო საშუალებებით, ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებისა და ახალი ტერიტორიების დაპყრობისთვის, და არა მკვეთრი ესკალაციისთვის, მაგალითად ბითვული იარაღის გამოყენებით, ან პირიქით, ზავისთვის.

    ორგანიზაციის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამაზე მეტყველებს პუტინის მიერ “ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადება.

    “მან ამ მობილიზაციისთვის ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა ათასობით რუსის სხვა ქვეყნებში გაქცევის, უპრეცედენტო პროტესტის და ასევე უპრეცედენტო კრიტიკის სახით რუსი სამხედროების და ხელისუფლების მიმართ. ამ ფასს აზრი ექნება, თუ პუტინი აპირებს ომი გააგრძელოს და ესმის, რომ უკრაინაში სასწრაფოდ უნდა გაგზავნოს დამხმარე ძალა, რათა პოზიციები შეინარჩუნოს იქამდე, სანამ ახალი გაწვევა მოუსწრებს და სიტუაციას მისთვის სასარგებლოდ შემოატრიალებს“– წერენ ანგარიშის ავტორები.

    მათი აზრით, პუტინს იმედი აქვს რომ ახლა მობილიზებული რეზერვისტები შეძლებენ უკრაინაში პოზიციების შენარჩუნებას გაზაფხულამდე, მანამდე კი 4–6 თვიანი მომხადების გავლას შეძლებენ შემოდგომაზე გაწვეული წვევამდელები და სწორედ მათი ფრონტზე გაშვების შემდეგ შეძლებს ახალ შეტევებზე გადასვლას.

    ამავე დროს, ISW–ს ვარაუდით პუტინი ოცნებობს, რომ ცივი ზამთავრი და საწვავის დეფიციტი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას აიძულებს უკრაინას დახმარება შეუმციროს და რუსეთის მიმართ უფრო დამთმობი გახდეს.

    ISW ხაზს უსვამს, რომ ის წერს მხოლოდ იმაზე, თუ რას ფიქრობს პუტინი, და არა იმაზე, თუ სინამდვილეში რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მობილიზებულებმა ომის მსვლელობაზე. ამერიკელი ანალიტიოსები გვახსენებენ, რომ რეზერვისტების დაახლოებით მესამედი, თავად პუტინის სიტყვებითვე უკვე ჩავიდნენ უკრაინაში, მაგრამ არსებითი ცვლილებები მათ ჩასვლას არ მოჰყოლია. სავარაუდოდ გარდატეხას ვერც ნაჩქარევად მომზადებული წვევამდელები შეიტანენ ფრონტზე.

    “თუმცა, პუტინს როგორც ჩანს, არ უნდა ამ ფაქტების აღიარება და პირიქით, იმედი აქვს რომ ასეთი მაღალი პოლიტიური ფასის შედეგად შეგროვილ რეზერვებს შეუძლიათ ფრონტზე სიტუაციის შეცვლა“– წერენ ანალიტიოსები.

  • უკრაინის არმიამ ბოლო დღეღამეში რუსების რეკორდული რაოდენობა გაანადგურა–რას ნიშნავს ახალი ციფრები ექსპერტის აზრით

    30 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით ბოლო დღეღამის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ 950 რუსი სამხედრო გაანადგურა, რის შემდეგაც რუსული არმიის დანაკარგმა 71200–ს მიაღწია.

    რატომაა მნიშვნელოვანი რუსების ეს დანაკარგები, რონდელის ფონდის მკვლევარი, ექსპერტი ზურა ბატიაშვილი განმარტავს:

    “უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსების ცოცხალი ძალის დანაკარგები 70 000-ს გადასცდა. ვთქვათ, ცოტათი გადაჭარბებულია და ვიანგარიშოთ 60 000. დაღუპულებისა და დაჭრილების თანაფარდობა დაახლოებით ერთი სამზეა ხოლმე. ანუ დაჭრილია მინიმუმ 180 000 რუსი ჯარისკაცი. ომიდან გამოთიშულების საერთო ციფრი დაახლოებით გამოდის 180 000 + 60 000 = 240 000. და ეს თითქმის სულ პროფესიული ჯარი იყო.

    ახლა მობილიზებულებზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დღეებში რუსებში მსხვერპლი გასამმაგდა და ზოგიერთ შემთხვევაში გაოთხმაგდა კიდეც. აქ მოყვანილი 950 დაღუპული 1 დღეში სწორედ მაგას აჩვენებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან თუ აქამდე პროფესიონალი სამხედრობი იბრძოდნენ, ახლა უკვე მოხალისეების დიდი მასაა იქ (შოიგუმ გამოაცხადა, რომ 80 000 უკვე გაუშვეს ფრონტის ხაზზე), რომელთა დიდმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, როგორ მოიქცეს მაგალითად დაბომბვების დროს, რაც ზრდის მსხვერპლის რაოდენობას.

    აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთიდან მოიმატა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ტემპმა.

    ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ:
    1. დიდი იქნება მსხვერპლი მობილიზებულებში და რუსეთში მობილიზაციის შედეგად წარმოქმნილი ერთგვარი ენთუზიაზმი მალე მინელდება;
    2. უკრაინელები გაათავისუფლებენ კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს;
    3. სამხედრო მარცხისა და მობილიზებულებში დიდი მსხვერპლის ფონზე რუსეთში მოიმატებს უკმაყოფილება, რისიც ყველაზე მეტად ეშინია პუტინის რეჟიმს.

    საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გარდაუვალს ხდის და აახლოებს რუსეთის კრახს.“– ამბობს ბატიაშვილი.

     

  • მამაკაცმა ბრიტანეთში მიგრანტთა ცენტრს მოლოტოვის კოქტეილები ესროლა და თავი მოიკლა

    უცნობმა მამაკაცმა 3 ბოთლი მოლოტოვის კოქტეილი ესროლა მიგრანტების ცენტრს სამხრეთ ინგლისის პორტ დუვრში. ამის შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ სააგენტო როიტერის ფოტოგრაფმა განაცხადა, რომელიც ტრაგედიის თვითმხილველი გახდა.

    თავდამსხმელი ცენტრს დილით დაახლოეით 11:20 საათზე ჯიპით მიუახლოვდა. შემდეგ 3 ბოთლი “მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა, საიდანაც ორს ცეცხლი მოეკიდა.

    ამის შემდეგ ის ავტომობილით უახლოეს ბენზოგასამართ სადგურთან წავიდა, მეტალის ბოძს თოკი მიაბა, რომლის ყულფი კისერზე ჩამოიცვა და მანქანა დაძრა.

    მოწმე ბრაიან ვუდი ყვება, რომ დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე იყო მიგრანტთა ცენტრიდან, როცა სამი აფეთქების ხმა გაიგო და კვამლი დაინახა.

    ამის შემდეგ კი ყვირილის და სიგნალიზაციის ხმა გაიგო.

    კენტის საგრაფოს პოლიცია აღნიშნავს, რომ ხანძრის შედეგად ცენტრში 1 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელის ვინაობა მოგვიანებით გაირკვა.

    ბიბისის რადიოს ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცის სიკვდილი არ დაადასტურა. გამოძიება გრძელდება. თავდასხმის მოტივები უცნობია.

    თავდასხმა დაემთხვა მწვავე პოლიტიკურ დებატებს დიდ ბრიტანეთში მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით. ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ლა–მანშის სრუტის გადალახვის გზით დიდ ბრიტანეთში შეღწევას ცდილობენ.

    სწორედ მიგრანტთა ამ კომპლექსში მიჰყავთ ადამიანები, რომლებმაც ლა–მანში პატარა ნავებით გადალახეს. დღევანდელ ინციდენტს წინ უძღვოდა 29 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში 1000-მდე ადამიანის ამ გზით ჩასვლა.

  • დაღესტნიდან ნათესავების ძალადობას გამოქცეულმა ოთხმა ქალმა საქართველოს საზღვრის გადმოლახვა მოახერხა

    რუსეთ–საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შაბათს მესაზღვრეებს რუსული მხრიდან ათ საათზე მეტხანს ყავდათ დაკავებული დაღესტნელი დები, რომლებიც ნათესავების მხრიდან ძალადობას გამოექცნენ. უფლებადამცველების დახმარებით მათ საბოლოოდ რუსეთის დატოვება და უსაფრთხო ადგილამდე მისვლა შეძლეს – წერს ბიბისი და გოგოების შესახებ რეპორტაჟს აქვეყნებს.

    რუსეთიდან საქართველოში გადასვლისას 20 წლის ხადიჟატ ხიზრიევას, მის 18 წლის დას, ფატიმატ ხიზრიევას, ასევე მათ ბიძაშვილებს , ასევე დებს – 24 წლის ამინატ გაზიმაგომედოვას და 19 წლის ფატიმატ მაგომედოვას პრობლემები შეექმნათ.

    სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლებმა რუსეთის მხრიდან მათ პასპორტები ჩამოართვეს ისე, რომ მიზეზები არ აუხსნეს, შემდეგ კი პოლიციაში დარეკეს. კითხვაზე პასუხად, რატომ დააკავეს ამდენ ხანს ქალები, გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა მათ გადაადგილებაზე მშობლების ნებართვა მოთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულწლოვანები არიან. გარდა ამისა, განაცხადეს, რომ მათ სანახავად ნათესავები მიდიოდნენ.

    საქმეში ჩაერთო უფლებადამცველი კრიზისული ჯგუფი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილ ადამიანებს ეხმარება.

    ორგანიზაციის ინფორმაციით გოგოები რეგულარულად იყვნენ ფიზიკური ძალადლების მსხვერპლი ნათესავების მხრიდან, რომლებიც მათგან რელიგიურ მორჩილებას ითხოვდნენ და ყოველ წვრილმან გადაცდომაზე სჯიდნენ. ბავშვობაში გოგოებს ქალური წინაცვეთა ჩაუტარეს. მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილში აკრძალული ეს პრაქტიკა დაღესტნის სოფლებში კვლავ მოქმედებს. ფონდის მონაცემებით კუსტარულ პირობებში ჩატარებული ოპერაციები ხშირად ქალებში სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს.

    უფლებადამცველი ჯგუფ “მარემიდან“, სვეტლანა ანოხინა “კავკაზსკი უზელს“ უყვება, რომ დებს გავლენიანი ნათესავები აღმოაჩნდათ.

    “გოგოები ძებნაში არ ყოფილან, თუმცა ნათესავებს დიდი კავშირები აქვთ. ხადჟამლახი, საიდანაც გოგოები არიან წარმოშობით, ძალიან მდიდარი სოფელია. ისინი სახლიდან სამი თვის წინ წავიდნენ, სამი თვე ისინი კრიზისულ თავშესაფრებში იყვნენ. ნათესავები მათ პოვნას ცდილობდნენ, მათ შორის, ჩემთანაც გზავნიდნენ ხალლხს. თავიდან მათ მოძებნას ქალი ცდილობდა, მერე მამის ძმაკაცი, რომელიც რეკავდა და ამბობდა, რომ სახლში გოგოები იმდენად უყვართ, რომ თანმხლების გარეშე არსად უშვებენ“– ამბობს ანოხინა.

    გოგოები ჩიოდნენ, რომ მას სახლში სცემდნენ, განათლების მიღებას უკრძალავდნენ, ძალით გათხოვებას უპირებდნენ – წერს მედია, თუმცა ნათესვები ამას უარყოფენ.

    უფლებადამცველების ინფორმაცით, ლარსის მესაზღვრეებმა გოგოების საზღვრის კვეთის შეფერხება მათ სახელზე დავალიანების არსებობით ახსნეს. თუმცა სასაზღვრო პუნქტში მივიდა მათი ადვოკატი ლეისან მანაპოვა, რომელიც კრიზისჯგუფთან თანამშრომლობს, და მიტანა ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ, რის შემდეგაც ერთ–ერთმა მესაზღვრემ აღიარა, რომ ხელმძღვანელობისგან სიგნალს ელოდება.

    სასაზღრვრო სამსახური ინციდენტზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

    შემდეგ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზეგ ოგოების დედები და მათი ბიძაშვილი ბიჭი მივიდნენ, თუმცა ადვოკატმა მოახერხა პოლიცია დაერწმუნებინა, რომ ისინი გოგოებთან არ შეეშვათ. ამ დროს გოგოები სასაზღვრო პუნქტის საფილტრაციო ოთახში იყვნენ მოთავსებული.

    ახალგაზრდა ქალების მამა , ჰაჯიმურად ხიზრიევი ამბობს, რომ საკუთარ შვილებს მაინც დაიბრუნებს და მათ “ტვინი გადაუბრუნეს“. ის უარყოფს, რომ ოდესმე სცემდა შვილებს, არადა უფლებადამცველებს ამის დამადასტურებელი ფოტოები აქვთ. მამა პირობას დებს, რომ თუ გოგოები დაბრუნდებიან, თითს არ დააკარებს, თუმცა დებმა დაბრუნებაზე უარი თქვეს. საღამოს 10 საათის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ადვოკატთან ერთად გოგოებმა მაინც მოახერხეს რუსეთ–საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და “ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფებიან.“ მოგვივანებით, ღამით კი კრიზისულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ საქართველოს მხარეს საზღვარი გადაკვეთეს და ახლა “უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.“

    ასეთი შემთხვევები დაღესტანში და ჩეჩნეთში ხშირია. სპეციალური უფლებადამცველი ჯგუფები ზოგჯერ ახერხებენ ოჯახური ძალადობისგან გამოქცეულ ქალებს დაეხმარონ, თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობა უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

    დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 23 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.

  • New York Times:უკრაინამ საარტილერიო უპირატესობა მოიპოვა.რუსული დარტყმების ინტენსივობა შემცირდა

    უკრაინამ “საარტილერიო უპირატესობა“ მოიპოვა დასავლეთიდან ძლიერი იარაღისა და მარტივი უპილოტო აპარატების მეშვეობით – ასეთ დასკვნამდე მიდის საკუთარ რეპორტაჟში გამოცემა New York Times.

    გამოცემის აზრით, უპირატესობა საარტილერიო დანადგარების რაკეტების მაღალ სიზუსტესა და სიშორეში მდგომარეობს, ასევე შეიარაღების კლასში, რომლის ნაკლებობა რუსულ არმიაში აშკარაა.

    უკრაინელი სამხედროები მილიონობით დოლარის ღირებულების ჯავშანტექნიკას იაფფასიანი, თვითნაკეთი დრონებით ანადგურებენ, ასევე უფრო სრულყოფილი უპილოტო აპარატებით და სხვა იარაღით, რომელიც აშშ–მ და მოკავშირეებმა მისცეს – ნათქვამია სტატიაში. ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალები რჩება მრისხანე ძალად ფრთოსანი რაკეტებით, დიდი არმიით და მილიონობით, თუმცა არაზუსტი საარტილერიო ჭურვით.

    სტატიის ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ უკრაინის მზარდმა საარტილერიო უპირატესობამ, რომელიც სრულიად განსხვავდება ზაფხულის სიტუაციისგან, როცა რუსეთი უკრაინულ პოზიციებს  ნაღმტყორცნებით და საარტილერიო ცეცხლით ფარავდა, უკრაინელებს საშუალება მისცა ნელა, დიდი დანაკარგების ფასად, მაგრამ მაინც, წინ წავიდეს სტრატეგიული საპორტო ქალაქის, ხერსონისკენ.

    ახლა, უკრაინელი სამხედროების მტკიცებით, ხერსონის ოლქში მხარეები ერთნაირი რაოდენობის დარტყმებს ახორციელებენ, თუმცა უკრაინელების დარტყმები არა მხოლოდ უფრო შორ მანძილზე აღწევს, არამედ უფრო ზუსტიც არის – დასავლეთის მიერ მიწოდებული თანამედროვე საარტილერიო ჭურვების და რაკეტების გამო, რომელთა დამიზნება თანამგზავრის დახმარებით ხდება– წერს New York Times.

    “ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მათ პოზიციებამდე, მათ   კი არ შეუძლიათ ჩვენ მოგვწვდნენ. მათ ასეთი იარაღი არ აქვთ“– ამბობს გამოცემასთან საუბრისას უკრაინული არმიის მაიორი, ხერსონის ფრონტზე საარტილერიო ბატარეის მეთაური.

    მისი თქმით, რუსული მხრიდან ცეცხლის ინტენსივობა სამჯერ შემცირდა, რაც მეტყველებს საბრძოლო მასალების უკმარისობაზე. გარდა ამისა, ამერიკულმა ჰაუბიცებმა  M777, რომლებიც მაღალი სიზუსტის ჭურვებს ისვრის, აიძულა რუსი სამხედროები მძიმე ტექნიკა ფრონტის ხაზიდან მოშორებით განალაგონ. საცეცხლე ძლიერებამ უკრაინის სამხრეთით ბალანსი დაარღვია და უკრაინელებს ხერსონის დაბრუნების იმედი მისცა– წერს გამოცემა.