Category: სლაიდერი

  • კრემლი აცხადებს, რომ პუტინს პრეზიდენტად მეხუთე ვადით კენჭისყრა ჯერ არ გადაუწყვეტია

    კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს 2 ნოემბერს  განუცხადა.

    კითხვაზე გადაწყვიტა თუ არა პუტინმა ხელახლა წარადგინოს კანდიდატურა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. “არა”, – უპასუხა პესკოვმა.

    რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. რუსეთში პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩევა.

  • ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები-კახა ოქრიაშვილი

    ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები-კახა ოქრიაშვილი

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს:

    “ვეხმაურები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს – DRG მოდელის დანერგვას (ფასების დაჯგუფება დიაგნოზის მიხედვით) და ფარმაცევტულ სფეროში რეფერენტული ფასების დაწესებას.

    არსებული ცვლილებები არ არის ის ძირეული რეფორმა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვას სჭირდება. დარგს და ქვეყანას ესაჭიროება საყოველთაო სავალდებულო დაზღვევა, ფარმაცევტული კომპონენტით, სადაც მაღალშემოსავლიანი ოჯახები სავალდებულო წესით შეიძენენ ჯანდაცვის საბაზისო საოჯახო პაკეტს. საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებს კი, საოჯახო დაზღვევის პაკეტს შეუძენს სახელმწიფო, სრულად ან ნაწილობრივ, სპეციალური შკალით, ამ ოჯახების შემოსავლისდა მიხედვით.

    მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს მოსახლეობის ჯანდაცვის ძირეულ რეფორმას, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია. მთავარია, რა განფასებებს შესთავაზებს ჯანდაცვის სამინისტრო დარგს.

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანდაცვაში (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ფარმაცევტული სექტორი) ხარჯების 50 %-ზე მეტი მოდის სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე. რადგან ჯანდაცვის სისტემის მთავარი დამკვეთი არის საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც რეალურად არეგულირებს ფასებს, ამ ცვლილებამ უნდა მოიცვას ხელფასების რეგულაციაც. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს შესაბამისი გათვლები და შემოიღოს დაახლოებით ასეთი სახელფასო ნიხრები:

    • ექთნის მინიმალური ანაზღაურება – 1 200 ლარიდან.
    • აფთიაქში დასაქმებული, უმაღლესი განათლების მქონე ფარმაცევტის ხელფასი – 1500-1800 ლარიდან.
    • ოჯახის ექიმის ხელფასი – 3 000 ლარიდან.

    ხელფასების ზრდის გარეშე, დარგში იქმნება კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტი. უკვე დღეს, კვალიფიციური ექთნების რაოდენობა ქვეყანაში არანაირ ნორმას არ შეესაბამება. რატომ: იმიტომ, რომ არ არის ღირსეული ანაზღაურება! კვალიფიციური ექთნები მიდიან საზღვარგარეთ, სადაც მათ სიამოვნებით იღებენ და მათი შემოსავალი 1000-დან 2000 ევრომდე მერყეობს.

    აქვე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს და შემოიღოს მინიმალური ხელფასის ცნება, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს და მისი ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით. ასევე, უნდა გაიზარდოს საარსებო მინიმუმის ოდენობა, რაც დღეს 250 ლარამდეა, არ არის რელევანტური და როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 ლარს.

    ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები!”, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

  • პუტინი და მისი არმია ბევრად უფრო ძლიერი გვეგონა – ბორის ჯონსონი

    “ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ [ომი] დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდებოდა. ჩვენ მივიღეთ ასეთი სიგნალები სპეცსამსახურებიდან. მათ თქვეს, რომ უპირატესობა მხოლოდ ერთ [რუსულ] მხარეს იქნებოდა. ჩვენ გვეგონა, რომ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინი და მისი არმია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე რეალურად გამოავლინეს”,

    ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,  Sky News-თან ინტერვიუში  განაცხადა.

  • მედიაკოალიცია პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

    მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს “მთავარი არხის” გენერალრუი დირექტორის,  ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.

    “2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე და გვარამია პატიმრობაში დატოვა.
    მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.
    სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლურარისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

    არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • აშშ–ს დაზვერვა: რუსი გენერლები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ

    ამერიკული გამოცემა New York Times–ის წყაროების ინფორმაციით ამერიკის მთავრობიდან, რუსეთის სამხედრო მეთაურობას დისკუსია ქონდა იმის შესახებ, როდის და როგორ შეიძლება რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკური იარაღი გამოიყენოს.

    გამოცემის ინფორმაციით, პუტინი ასეთ საუბრებში არ მონაწილეობდა, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ეს საკითხი განიხილებოდა, თეთრ სახლს აშფოთებს, რადგან ის პირდაპირ მიუთითებს, რა მდგომარეობაში არიან რუსი გენერლები უკრაინაში მათი არმიის წარუმატებლობების ფონზე.

    იმის შესახებ, რომ ბირთვული იარაღის თემა რუსულ სამხედრო წრეებში განიხილება, ამერიკის დაზვერვამ აშშ–ს ხელისუფლებას ოქტომბრის შუა რიცხვებში აცნობა. ამასთან, ამ ეტაპზე არ შეინიშნება შეიარაღების მომზადების ან რაიმე სხვა მზადების ნიშნები ბირთვული დარტყმისთვის, აზუსტებენ სპეცსამსახურები.

    ოთხშაბათს ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა თეთრი სახლის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. პენტაგონში ვარაუდობენ, რომ რუსეთის განკარგულებაში დაახლოებით ორი ათასი ტაქტიკური ბირთვული ქობინია.

    რუსული ბირთვული საფრთხე ვაშინგტონში სერიოზულად აღიქმება – წერს  New York Times და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქტომბრის შუა პერიოდიდან თერმა სახლმა მის მოკავშირეებთან ერთად რიგი ნაბიჯები გადადგა დაპირისპირების გრადუსის შესამცირებდა.

    კერძოდ, საქმე ეხება სატელეფონო საუბრებს დასავლელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის, რომელთა ვინაობა არ სახელდება.

    ექსპერტების აზრით, ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია რუსული სამხედრო ელიტის განწყობების შესახებ  ყურადღებას იმსახურებს.

    ერთის მხრივ, მათი თქმით ტაქტიკური დარტყმა წინასწარი მომზადების გარეშე ვერ განხორციელდება. აუცილებელია რიგი ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც დასავლური სპეცსამსახურები აუცილებლად შენიშნავენ.

    თუმცა, მეორეს მხრივ, გამოვლენის და შეტყობინების სისტემები არასრულყოფილია, და ძნელი გამოსაცნობია, რამდენად დროულად შეძლებენ დაზვერვები დარტყმის მზადების შესახებ საკუთარი მთავრობების ინფორმირებას.

  • გვარამიამ რაც აკადრა, პრეზიდენტის ინსტიტუტს ამის შემდეგ შეწყალება რამდენად რელევანტური იქნება –  მდინარაძე

    გვარამიამ რაც აკადრა, პრეზიდენტის ინსტიტუტს ამის შემდეგ შეწყალება რამდენად რელევანტური იქნება – მდინარაძე

    ” პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინასწარ განჭვრეტა მე ნამდვილად არ შემიძლია. მას და მის ინსტიტუტს, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტს რაც აკადრა გვარამიამ თავის დროზე, ამის შემდეგ შეწყალება რამდენად რელევანტური იქნება ეს მართლა თავმოყვარეობის ამბავია არა მხოლოდ რომელიმე ადამიანისთვის, რომელიც კონკრეტულ თანამდებობას იკავებს, არამედ სახელმწიფოსთვის და მეორეა რა სპეკულაციები ვრცელდება კვლავ. […] გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დღემდე გრძელდება ის ცრუ პიარი, რასაც ჰქვია სამსახურის მანქანის სარგებლობის გამო ადამიანის დაჭერა. ამ დროს, სამსახურის ის ავტომანქანა არ ყოფილა. მაშინაც, რა დონეზეც მქონდა ინფორმაცია პროკურატურის რელიზებიდან იმ დონეზე შემიძლია გითხრათ, როდესაც გააკეთებს კომპანია ბარტერს და შენ გარკვეული საფასურის პროდუქციას, ამ შემთხვევაში, სარეკლამო წუთებს გასცემ და სანაცვლოდ ავტომანქანას წამოიყვან, მაგრამ სამსახურში კი არ მიიყვან, შენი მეგობრის კომპანიაზე გააფორმებ, ეს არის ამ ქონების არამართლზომიერი მისაკუთრება, ამას ჰქვია დანაშაული. ოღონდ, „რუსთავი 2“ – ზე რომ გაფორმებულიყო ის ავტომანქანა მართლაც მისი სარგებლობისათვის, ვერავინ ვერავის ბრალს ვერ დასდებდა. მარტივი მანიპულაციაა, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი ზოგიერთი კოლეგები წამოეგნენ. დღეს ვნახე განცხადებები, რომ მანქანის სარგებლობისთვის ყველას ასე დაიჭერ, არა ბატონო. ის ავტომანქანა, თქვენი კოლეგების და ოპოზიციური პარტიების ცრუ პიარის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ „რუსთავის 2“-ის საერთოდ არ ყოფილა. ბარტერი გააკეთა და ბარტერში მისაღები ქონება მიისაკუთრეს. ახლა იქ რაღაცებზე კამათობენ, 7 მილიონის გამო პატიმრობა არ მიუსაჯეს და მიუსაჯეს ამ მანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გამო, ეს მოსამართლის გადასაწყვეტია, მას უნდა კითხონ. პირიქით რომ ყოფილიყო, ანუ 7 მილიონზე პატიმრობა და ავტომანქანის არამართლზომიერი მისაკუთრების ნაწილზე თუ მიესჯებოდა არასაპატიმრო სასჯელი, მაშინ თურმე ყველაფერი წესრიგში ყოფილა მათივე ლოგიკით. შესაბამისად, ამ იურიდიულ ნიუანსებში ადამიანები ვერ ერკვევიან ბოლომდე და ამით სპეკულირებენ, ამით ცდილობენ ამ ცრუ პიარის დალაგებას, რასაც ისინი კადრულობენ,”

    აცხადებს, ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავ – ლომჯარია გვარამიაზე

    სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავ – აცხადებს, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

    “საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს სახალხო დამცველმა, ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სახალხო დამცველის შეფასებით, დაუშვებელი იყო ნიკა გვარამიას მსჯავრდება მის მიერ მენეჯერული გადაწყვეტილების მიღებისთვის (ე.წ. რეკლამების ეპიზოდი), რაც შესაძლებელია თეორიულად გამხდარიყო სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი, მაგრამ არა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი.

    სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და არ გაითვალისწინა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპები. სააპელაციო სასამართლომ კი, ხსენებული სამართლებრივი საკითხების სწორად შეფასების ნაცვლად, კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა იმ ქმედების გამო, რომელიც თავისი შინაარსით სამოქალაქო სამართლებრივია და რომლის სისხლისსამართლებრივად მიჩნევის მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

    გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე.წ. მანქანის ეპიზოდში ნიკა გვარამიას მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი პრობლემური იყო ამ ეპიზოდშიც. ერთი მხრივ, საკითხი მნიშვნელოვანწილად ჰგავდა საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში ე.წ. რეკლამების ეპიზოდს, მეორე მხრივ კი არსებით გარემოებებთან დაკავშირებით სრულიად დაუსაბუთებელი იყო”.- აღნიშნულია განცხადებაში.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. უცნობია სხვა დეტალები, თუ სად და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი.

    24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს 24 ქართველი ემსხვერპლა.

  • ლენტეხის მერიის შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს

    ლენტეხის მერიის შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს

    გვიან ღამით ლენტეხის მერიის შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

    სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

  • თუ ნამდვილად გსურთ დეპოლარიზაცია, დაუბრუნეთ თავისუფლება გვარამიას – მელია პრეზიდენტს მიმართავს

    “თუ ნამდვილად გსურთ დეპოლარიზაცია, დაუბრუნეთ თავისუფლება გვარამიას” – ასე მიმართავს, ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

    “დღეს ხელისუფლებამ მიიღო ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

    ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის მისი პირადი საკითხი, არამედ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ევროინტერგაციის პროცესის გამიზნული შეფერხება.

    საქართველოს, ქართველ ხალხს, მის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელსაც ისტორიული არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული აქვს, ევროპისგან გადაეცა 12 პუნქტი, 12 ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში. რუსული ოცნება კი ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას – იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და ამით ამყარებს ავტოკრატიულ ოლიგარქიულ რეჟიმს.

    სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებაც – გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.

    ამის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ახდენს საკუთარი ევროპული მისწრაფებების დეკლარირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. საუბრობს ევროინტეგრაციასა და პოლარიზაციის შემცირებაზე, სამოქალაქო თანხმობაზე.

    სამოქალაქო თანხმობა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება არის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნება.

    მოსახლეობა არ არის პოლარიზებული, პირიქით, არის ერთიანი ევროპულ მისწრაფებებში, თუმცა სამოქალაქო თანხმობა ვერ მოხდება პოლიტიკური ტყვეების არსებობის პირობებში, ისევე როგორც ევროინტეგრაცია ვერ შედგება თავისუფალი მედიის დატყვევების პარალელურად.

    შესაბამისად მოვუწოდებ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონის სიტყვები, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი – გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას.” – აცხადებს ნიკა მელია.