Category: სლაიდერი

  • „დეოლიგარქიზაციის შესახებ “ქართული ოცნების” კანონპროექტი ოპოზიციის დასჯის მექანიზმი იქნება – დეკანოიძე

    ”დეოლიგარქიზაციის შესახებ “ქართული ოცნების” კანონპროექტი ფასადურია და ის ოპოზიციის დასჯის მექანიზმი იქნება – ჩვენ დავარეგისტრირებთ პროექტს სტანდარტებზე შეთანხმების შემდეგ. […] მე ამ კანონპროექტს წინააღმდეგ მივეცი ხმა, ის არ პასუხობს გამოწვევებს რაც საქართველოს აქვს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ “ქართულ ოცნებას” არ უნდა 12 პუნქტის შესრულება და ამ კანონს პირიქით, რეპრესიისთვის გამოიყენებს, რაც მათ არაერთხელ უთქვამთ. ყველა საერთაშორისო შეფასებასა და ანგარიშში ივანიშვილის, როგორც დიდი ფინანსური რესურსის მქონე ადამიანის კავშირები და შერწყმა სახელმწიფო ინსტიტუტებთან არის ნიშანდობლივი, შესაბამისად, მათი კანონპროექტი იქნება მხოლოდ ფასადური და ოპოზიციის დასჯის ბერკეტი. ჩვენი ფრაქცია მუშაობს კანონპროექტზე, სტარდარტებზე შეთანხმების პროცესი გაგრძელდა. ჩვენ გვინდა, რომ იყოს შეთანხმება და წარდგენილი ეს კანონპროექტი ყველასთან, არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ვფიქრობთ დიდი პრეზანტაციის გაკეთებას მედიისთვის, ასე რომ, ჩვენ დავარეგისტრირებთ იმ კანონს, პრეზენტაციის და სტანდარტების შეთანხმების შემდეგ, რომელიც იქნება რეალურად დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ”.

    ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

  • დადასტურდა, რომ ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია – იუსტიცია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    “დადასტურდა, რომ ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია” – ასე ეხმაურება, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

    “სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია
    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

    სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დაობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების („ნატრიუმის ციანიდის“) მოპოვების გარემოებების გამო. იგი, აგრეთვე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს და ამტკიცებდა, რომ გენერალური პროკურატურისა და თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.
    სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების „ჩადება“, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო- და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა.

    რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება.

    აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია.” – ნათქვამია  იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • გვარამიაზე აშშ-ს საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა იყო – კობახიძე

    “სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა იყო” – ასე აფასებს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.

    ”ასეთი განცხადებები მე, რა თქმა უნდა, ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო. სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და მის გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ. ნიკა გვარამიას განაჩენზე აშშ-ს საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო, რაც, ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. სხვა შეფასებას მე ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები სამართლის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე სხვა სახელმწიფოშიც. ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლის უზენაესობას სხვანაირად ვუდგებით.” – აცხადებს კობახიძე.

  • ეს მოსამართლეები გაგასამართლებენ და ციხეში გიკრავენ თავს! – ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

    ”ძვირფასო ბ-ნო ბიძინა,
    თუ მე დღეს თქვენ ამ წერილს გწერთ, იმიტომ არა, რომ თქვენგან ველი რაიმე პოლიტიკის ცვლილებას; არამედ იმიტომ, რომ მორალურ ვალდებულებას ვგრძნობ გითხრათ ყველაფერი, რაც თქვენი ჩექმის მლოკავ მრჩევლებს და თქვენს ანტურაჟს აქამდე უნდა ეთქვათ, პატიოსნება რომ ჰქონოდათ.
    ძალაუფლებაში თქვენი 10-წლიანი ყოფნისას, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და ნეპოტიზმი, შოვინიზმი და პროტექციონიზმი, კრიმინალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება; ისე დაყავით ქართული საზოგადოება, როგორც არასდროს და სიძულვილი დანერგეთ ოჯახის წევრებს შორის, ახლო მეზობლებს შორის, სტუდენტებს შორის და საუკეთესო მეგობრებს შორის, უპრეცედენტო დონეზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.
    თქვენ მიიტაცეთ სასამართლო იმ მოსამართლეების დანიშვნით, რომლებიც ბრმად მიყვებიან თქვენს ინსტრუქციებს, ციხეში კეტავენ და დევნიან თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს და ემსახურებიან, როგორც თქვენს, ისე თქვენი მხარდამჭერებისა და თქვენთან დაახლოებული პირების ინტერესებს; თქვენ მიიტაცეთ სასამართლო იმ იმედით, რომ ძალაუფლებაში მუდმივად დარჩებით.
    კარგით, ნუ გაიხარებთ სასამართლოს კონტროლისთვის, და გახსოვდეთ, რომ ეს მოსამართლეები, რომლებსაც არ გააჩნიათ ეთიკა, მორალი და პრინციპები, რომლებიც ამახინჯებენ და აუპატიურებენ სამართლიანობას, რათა დღეს თქვენს ინტერესებს ემსახურონ, ის მოსამართლეები არიან, რომლებიც არანაირ ერთგულებასა და გულმოწყალებას არ გამოიჩენენ, რომლებიც გაგასამართლებენ თქვენ და თქვენთან დაახლოებულ პირებს და ციხეში გიკრავენ თავს, როგორც კი მთავრობა შეიცვლება; ჩვენ მოწმენი ვართ თუ როგორ მოიქცნენ ასეთი მოსამართლეები, როდესაც მათმა ყოფილმა უფროსებმა შევარდნაძემ და სააკაშვილმა დაკარგეს ძალაუფლება, და ამის მოწმენი გავხდებით, როდესაც თქვენ დაკარგავთ ძალაუფლებას.
    თქვენი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე საქართველოში თქვენი ქველმოქმედება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ არავინ ახსენებს იმ ზიანს, რომელიც თქვენ თქვენი პოლიტიკით საქართველოს ეკონომიკას მოუტანეთ, და ეს შეფასებულია 15 მილიარდზე მეტ აშშ დოლარად, თუ 2013-2020 წლებში ქვეყნის ეკონომიკა დოლარში გაიზრდებოდა საშუალოდ 7%-ით, ნაცვლად 0%-იანი ზრდისა, რომელიც გვქონდა. ცნობისათვის, სააკაშვილის დროს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა 9 წელიწადში, 2003 წელს 4 მილიარდი დოლარიდან 2012 წელს 16 მილიარდ დოლარამდე.
    პირადად თქვენი დანიშნული პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ თქვენი მთავრობის „ბრძნული ეკონომიკური პოლიტიკის“ გამო, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება 2022-ში. ვწუხვარ, რომ იმედები უნდა გაგიცრუოთ თქვენც და თქვენს მიერ დანიშნულ პრემიერ მინისტრსაც. ეს ზრდა არ არის თქვენი „ბრძნული ეკონომიკური პოლიტიკის“ შედეგი, რომელიც 2012 წლიდან არ შეცვლილა, არამედ შედეგია უკრაინაში ომისა და ყველა იმ რუსისა, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან საქართველოში რიცხავენ თანხებს და რომლებმაც თავიანთი ბიზნესი გადმოიტანეს ამ ქვეყანაში საერთაშორისო სანქციებისგან თავის ასარიდებლად.
    შედარებისათვის, სომხეთის ეკონომიკა, მიუხედავად მათი ომისა აზერბაიჯანთან ამ წელს, 13%-ით გაიზრდება 2022 წლის ბოლომდე, რუსული ფულის შემოდინებისა და რუსი ბიზნესმენების წყალობით, როგორც სომხეთის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა.
    თქვენი მთავრობის არანაირი პოლიტიკა არ ყოფილა ქვეყნის წინსვლისთვის შემუშავებული, არამედ ყველა ეს პოლიტიკა შემუშავებულ იქნა მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ძალაუფლებაში უფრო დიდ ხანს დატოვებისთვის.
    თქვენ დაიქირავეთ ათობით ათასი უსარგებლო ბიუროკრატი, უმეტესობა მათგანი თქვენს პარტიასთან კავშირში მყოფი, რომლებიც მთელი დღის მანძილზე არაფერს აკეთებენ გარდა კომპიუტერში „Solitaire”-ის თამაშისა, როგორც ვვარაუდობ.
    თქვენ რეგულარულად ასუბსიდირებთ ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო მოსავალს, რითაც ახალისებთ ფერმერებს აწარმოონ არამომგებიანი კულტურები.
    თქვენ ქმნით სხვადასხვა სტერილურ სოციალურ პროგრამებს, რითაც ტვირთად აწვებით ბიუჯეტს უზარმაზარი სესხით; ყველა ეს პოლიტიკა ასუსტებს ეკონომიკას და აღარიბებთ ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ თქვენ ეს სულაც არ გაინტერესებთ, მანამ, სანამ ბენეფიციარები ხმას აძლევენ თქვენს პარტიას არჩევნებში.
    თქვენი ხელისუფლებაში 10-წლიანი ყოფნის მანძილზე, ასობით ათასი ქართველი ემიგრაციაში წავიდა. ხალხი მხოლოდ ეკონომიკური სირთულის გამო არ მიდის ემიგრაციაში; ხალხი ემიგრაციაში მიდის მაშინაც კი, როდესაც ისინი არ ენდობიან მთავრობას და ქვეყნის მომავლის იმედს კარგავენ.
    სამწუხარო ის არის, რომ არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობა ან მოსახლეობის ღარიბი ნაწილი მიდის ემიგრაციაში, არამედ განათლებული და მაღალანაზღაურებადი გამოცდილი ზედა რგოლის მენეჯერები ტოვებენ საქართველოს და მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ, რადგანაც აღარ აქვთ ქვეყნის მომავლის რწმენა.
    თქვენი ადმინისტრაციის პირობებში ყველაზე წარმატებული ბიზნესი გახდა ჩემოდნების გაყიდვა.
    თქვენ შექმენით თქვენი ქართული ოცნების სატელიტი პოლიტიკური ორგანო, სახელად „ხალხის ძალა“, რომელიც ყოველდღიურად იმეორებს ანტი-დასავლურ სლოგანებს, შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს დასავლელ პარტნიორებსა და მეგობრებს და განსაკუთრებით საქართველოში ამერიკის ელჩს, ქ.-ნ დეგნანს.
    თქვენ მიზანმიმართულად ანადგურებთ საქართველოს ტრადიციულ ურთიერთობებს დასავლეთთან ადამიანების გონების ყოველდღიურად მოწამვლით, ტყუილებითა და მანიპულატორული იმ განცხადებებით, რომლებსაც ავრცელებენ „ხალხის ძალის“ წევრები და თქვენი საკუთარი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერები.
    თქვენ უბრალოდ ცდილობთ, რომ გადაიტანოთ ქართული საზოგადოებრივი აზრი პრო-დასავლურიდან პრო-რუსულზე იმ იმედით, რომ ერთ-ორ წელიწადში შეგეძლებათ განაცხადოთ, რომ, როგორც „დემოკრატიული მთავრობა“, თქვენ მიყვებით უმრავლესობის არჩევანს და რომ უმრავლესობას სურს არა დასავლეთი, არამედ რუსეთთან დაახლოება.
    ალბათ ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა ხართ, როდესაც მთავრობა დაუმეგობრდა ოკუპანტს და ზურგი აქცია საკუთარ მოკავშირეებს.
    ეს თქვენი არჩევანია და ერთ დღეს შესაძლოა ანგარიშვალდებულიც გახდეთ ქართველ ხალხთან; მაგრამ ერთადერთი, რაც ნამდვილად უნდა გესმოდეთ, არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში თქვენი საპარლამენტო უმრავლესობა ხალხმა აირჩია სრულად პრო-ევროპული პროგრამის საფუძველზე, რომელიც მაშინ წარადგინა თქვენი პარტიის თავმჯდომარემ და დღესდღეობით სრულად არალეგიტიმურია, ვინაიდან, იმის საწინააღმდეგო პოლიტიკას ნერგავს, რის გამოც თქვენ აგირჩიეს.
    მოკლედ, რომ ვთქვათ, თქვენი 10 წელი სრულად დაფუძნებულია ტყუილსა და სიცრუეზე. თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი ქართველი ხალხი და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოება.
    თქვენ იცრუეთ თქვენი განზრახვის შესახებ, რომ გსურდათ საქართველო გეხილათ ევროკავშირსა და ნატოში, დიახ, თქვენ აქამდეც და ახლაც ყველაფერს აკეთებთ, რაც თქვენს ხელშია, რომ შეცვალოთ საზოგადოებრივი აზრი პრო-დასავლურიდან პრო-რუსულზე.
    2018 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების ორ რაუნდს შორის ტელევიზიით ქართველ ხალხს ევედრებოდით, რომ თქვენი კანდიდატისთვის ხმა მიეცა; თქვენ მოატყუეთ ისინი, როდესაც სთხოვეთ თქვენთვის მოეცათ ერთი წელი სიტუაციის სრულად გამოსასწორებლად და კვლავ არაფერი გააკეთეთ.
    თქვენ მოატყუეთ ქართველი ხალხი 2019 წლის ივნისში, „გავრილოვის ღამის შემდეგ“, დაპირდით 2020 წლის სრულად პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ, პირობა ისევ დაარღვიეთ.
    თქვენ მოატყუეთ ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება 2021 წლის აპრილში „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერით და 3 თვის შემდგომ დაარღვიეთ შეთანხმება.
    10 წლის მანძილზე ატყუებდით ინვესტორებს და ბიზნესმენებს, დაპირდით დიდ  შესაძლებლობებს, მაგრამ, ამავე დროს ავიწროებდით სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით, როდესაც ჩამოერთვათ ბინადრობის მოწმობები, ინვესტიციები, მათზე რეკეტი განახორციელეს, თავს დაესხნენ და დატოვეს სასამართლოს მიერ მოტყუებულნი და კანონის წინაშე სრულად დაუცველნი.
    და ახლა თქვენს მიერ დანიშნული პრემიერ მინისტრი იწვევს უცხოელ ინვესტორებს მრავალმილიარდ დოლარიანი სხვადასხვა მსხვილი ელექტროსადგურების საქართველოში ასაშენებლად, მაშინ, როდესაც თქვენ სისტემატურად უარს ამბობდით დაგეცვათ უფლებები სხვადასხვა ეროვნების უცხოელი ინვესტორებისა, რომლებიც გენდნენ და ხელი მოაწერეს თქვენს მთავრობასთან მრავალმილიარდ დოლარიანი ჰიდროელექტროსადგურების აშენების შეთანხმებას და ასობით მილიონი დოლარით აზარალეთ ისინი.
    10 წლიანი სიცრუის შემდეგ, თქვენი მხარდამჭერების, გულშემატკივრებისა და იმ ხალხის გარდა, რომლებიც ჯერ კიდევ სარგებლობენ თქვენი კორუფციული გარიგებებითა და „გულუხვობით“, თქვენი და თქვენი მთავრობის აღარავის სჯერა ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაში.
    თქვენ სრულად დაკარგეთ ნდობა და ერთი რაც დაგრჩათ არის განაგრძოთ ნისლში სწრაფად სიარული.
    პატივისცემით,
    ფადი ასლი
    3 ნოემბერი, 2022 წელი”

    ასე მიმართავს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

  • იგივეა, რომ ილია ჭავჭავაძე გაგვეგდო პოლიტიკიდან – მეგრელიშვილი დეოლიგარქიზაციის კანონზე

    ”ეს კანონი არის უსამართლო. უბრალოდ უსამართლო და არარელევანტური ქართულ რეალობასთან. ეს იგივეა, რომ მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე გაგვეგდო პოლიტიკიდან და არ მიგვეცა საშუალება, რომ არჩევნებში მნაწილეობა მიეღო ან რამე პოლიტიკური სურვილები ჰქონოდა. მგონი ამ ფაქტის გააზრებასაც თუ ვერ მოვახერხებთ, რომ ეს ამას ნიშნავს, მაშინ, მგონი, მართლა არ ვიმსახურებთ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ.”

    ასე ეხმაურება, ”გირჩის” დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.

  • არ უნდა სჭირდებოდეს პრეზიდენტს მიმართვა შეწყალებაზე – წერეთელი გვარამიაზე

    ”გვარამიას განთავისუფლების საკითხზე, სასამართლოს შემდეგ და მას შემდეგ რაც იქ მოხდა, ძალიან ბევრი მიმართვა იყო პოლიტიკური პარტიების, ექსპერტების, თუ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან პირადად სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ფორმალური მიმართვა, თუ მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არ არის და მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე ამას ხელს არ მოაწერს ან უარს იტყვის, თუკი ეს საჭირო და რამის მომტანია, მაგრამ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება.

    თავად სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, არ უნდა სჭირდებოდეს არანაირი დამატებითი მიმართვა, რადგან, თავად უნდა გრძნობდეს, რა ვითარებაა ახლა. მან იცის, რომ გვარამია არ უნდა იყოს ციხეში. ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი, რაც მას გააჩნია, ეს არის შეწყალების ინსტრუმენტი. მას უნდა ესმოდეს ისიც, რომ ამას მას სახლში არავინ არ გაატანს, ეს უნდა გამოიყენოს პრეზიდენტობისას და ახლა არის ეს მომენტი, როცა მას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. არა გვარამიას პერსონალური სიმპათიების გამო, არამედ საჭიროების გამო, რომელიც ქვეყანას აქვს, რათა ეს სირცხვილი და ლაქა არ ჰქონდეს ევროინტეგრაციის ამ ექსტრაორდინალურ მომენტში.”

    ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე.

  • სტრასბურგმა საქართველოს მთავრობას დეკანოზ მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის რამდენიმე პუნქტის დარღვევა დაადგინა და საქართველოს მთავრობას 3 თვის ვადაში  9 418 ლარის გადახდა დააკისრა.

    სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტების დარღვევა დაადგინა.

    სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ დარღვევების დადგენა საკმარისია იმისთვის, რომ გამსაჩივრებლის ნებისმიერი მორალური ზარალი ანაზღაურდეს.

    სასამართლო ასევე წერს, რომ დეკანოზ მამალაძის საქმეში დაირღვა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი – უდანაშაულობის პრეზუმფცია.

    მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში წერია:

    “ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს”.

    მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში ვკითხულობთ: “ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად”.

  • ჩვენი მიდგომა დეოლიგარქიზაციაზე იმდენად სამართლიანია, უხერხულობა შეუქმნა ოპოზიციას – ვოლსკი

    ჩვენი მიდგომა დეოლიგარქიზაციაზე იმდენად სამართლიანია, უხერხულობა შეუქმნა ოპოზიციას – ვოლსკი

    “ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის მიდგომა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით იმდენად სამართლიანია, რომ გარკვეული უხერხულობები შეუქმნა რადიკალურ ოპოზიციას ამ თემაზე საერთოდ პოლემიკაში ჩართვისთვისაც კი. როგორც სჩვევიათ, არის საუბარი ბიძინა ივანიშვილისვე, ქართულ ოცნებაზე, ზოგადად დამოკიდებულებაზე ცალკეული საკითხების მიმართ, მაგრამ კანონპროექტზე არ არის ლაპარაკი.”

    ამბობს ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით.

  • უკრაინელებმა სამხრეთში რუსული საბრძოლო მასალის 4 საცავი გაანადგურეს

    უკრაინელმასამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში,რუსეთის პოზიციებზე საჰაერო თავდასხმის შეედეგად გაანადგურეს საბრძოლო მასალის ოთხი საცავი და საწვავის გადამზდი ტანკი.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უკრაინის სამხედროებმა განახორციელეს 150 საცეცხლე მისია და საჰაერო თავდასხმა რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სამხრეთში.

  • ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე შეექმნება – რუსეთი

    “ბირთვული შეკავების პოლიტიკის განხორციელებაში რუსეთი მკაცრად და თანმიმდევრულად ხელმძღვანელობს პოსტულატით, არ იქნას დაშვებული ბირთვული ომი, რომელსაც გამარჯვებული ვერ ეყოლება და რომელიც არასდროს უნდა გაჩაღდეს. რუსეთის დოქტრინალური მითითებები ნახსენებ სფეროში ნათლად არის ასახული, ისინი წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევიან. რუსეთის მიერ ბირთვული იარაღით ჰიპოთეტური რეაგირება დაიშვება მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღით განხორციელებულ აგრესიაზე პასუხის გასაცემად ან თუ აგრესია, ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, საფრთხეს უქმნის თავად სახელმწიფოს არსებობას”

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბირთვული ომის თავიდან არიდებასთან დაკავშირებული განცხადებას ავრცელებს.