Category: სლაიდერი

  • იმედია ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ – დეგნანი

    “დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. ჩვენ უდავოდ ვეთანხმებით საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარისკენ მიმართულ იმ მოწოდებებს, რომელიც ერთიანობასა და ამბიციური დემოკრატიული, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას ეხება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მიღწევები აქვს მის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპული ექსპერტული ორგანოების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით. შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტების წარდგენის შემდგომ, საქართველო ვენეციის კომისიისგან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებისგან შეფასებებს იღებს იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ევროპულ სტანდარტებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია, გაერთიანდებიან და უზრუნველყოფენ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამუშაო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება ჩატარებული. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ქართველი ლიდერები ქართველი ხალხისთვის ამას შეძლებენ“,

    ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის მიღებას.

  • ევროპარლამენტი „ოცნებას“ ეუბნება: „არ გაგივათ ჩვენთან თამაში, არ ვაპირებთ, რომ თქვენი ტყუილები კიდევ „ვჭამოთ“ – ხოშტარია

    „ეს არის პირველი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი იმ პროცესში, როდესაც ჩვენ ველოდებით შეფასებებს ევროკავშირის მხრიდან, სადაც საუბარია არა თუ წარმატებასა და პერსპექტივაზე, არამედ უკუსვლაზე და რეგრესზე. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ არცერთი საკითხი არ არის დაკავშირებული რაიმე სახის რთული რეფორმების გატარებასთან. კერძოდ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და სურვილზე დამოკიდებული, რომ ევროპას დავუახლოვდეთ. მაგალითად, ნიკა გვარამიას გამოშვებას დღეს უნდა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ნება, სასამართლო რეფორმას უნდა პროპაგანდასთან წინააღმდეგობა, რაც ასევე დოკუმენტში არის აღნიშნული. უკრაინის მხარდაჭერას და იმას, რომ არ მოხდეს სანქციებისგან თავის არიდება, უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ნება არ აქვს. პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ და კონსოლიდირებულად შევცალოთ ეს ხელისუფლება. [..] ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, არ გაგივათ ჩვენთან თამაში! თუ თქვენ შიდაპოლიტიკურად თამაშობდით, რომ არ იცით, ვინ არის ოლიგარქი, არ გაგივათ! ჩვენ არ ვაპირებთ, რომ თქვენი ტყუილები კიდევ „ვჭამოთ“. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“? არაფერს, რადგან არ უნდათ. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის, თავი კი არ მოვიტყუოთ, რომ გავაკეთებინებთ იმით, რომ მწვავედ ვიტყვით რამეს პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ, არამედ, ჩვენი ამოცანა არის მოვახდინოთ სრული კონსოლიდაცია ყველა იმ პროდასავლურ ძალასთან, რომელიც არის უმრავლესობაში ამ ქვეყანაში და ეს ხელისუფლება შევცვალოთ, რაც არის ევროპული არჩევანის პირველი წინაპირობა. არ გამოდის ოლიგარქია ევროპულ პერსპექტივასთან ერთად, ამიტომ კონსოლიდაციის მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება“

    ამის შესახებ,პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

  • ”ყველაზე მნიშვნელოვანი კონსოლიდაციაა” – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა და სტრატეგია აღმაშენებელი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

    “ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გუშინ მხარდაჭერილი ანგარიში ევროპული ოფიციალური სტრუქტურის მიერ მიღებული პირველი წერილობითი დოკუმენტია საქართველოს შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ “ქართული ოცნება” არ აპირებს ევროკომისიის მიერ ზაფხულში ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებას, რითიც მიზანმიმართულად ამბობს უარს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.

    ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებით არანაირი წინსვლა არ აღინიშნება. უფრო მეტიც, მთელი რიგი ძირითადი მიმართულებებით ადგილი აქვს უკუსვლას. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი არსებობს და რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჭარბი გავლენების ამოძირკვას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. შესაბამისად, კანონის მიღება, რომელიც არ ეხება ბიძინა ივანიშვილს, არ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციის მუხლის შესრულებად.

    ევროპული სტრუქტურის ოფიციალურ დოკუმენტში პირველად არის ჩაწერილი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და კორუფციასთან ბრძოლის მხრივ სტაგნაცია შეინიშნება. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, შეინიშნება რეგრესი მთელი რიგი მიმართულებებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ან უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების ნომინირების პროცესი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის პროცესთან დაუშვებელია “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან აგრესიული თავდასხმები ევროპარლამენტარებზე, ასევე ევროკავშირისა და აშშ ოფიციალურ პირებზე. განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელია ისეთი მავნე რიტორიკა, როგორიცაა „დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა“.

    ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ოპონენტების დევნა, რისი მკაფიო მაგალითიცაა კრიტიკული მედიის მფლობელების და მათი ოჯახების წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო საქმეები, ნიკა გვარამიას საქმე, ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე. ასევე, მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჰუმანიტარული მიზნებით, ადეკვატური მკურნალობისთვის მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში.

    ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესება გასულ წელს. ევროპარლამენტი მოითხოვს “ტვ პირველის”, ტვ “მთავარისა” და ტვ “ფორმულას” წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური საქმეების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

    ანგარიშში ასახულია საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობა. აღნიშნულია არჩევნების პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა, ძალადობა, ხმის მოსყიდვა და სხვა ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება. ანგარიში ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ დაცული და გარანტირებული იყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმის უფლება. ცალკე პუნქტად არის აღნიშნული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა და რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების გამორიცხვა.

    24 ივნისიდან 4 თვის თავზე, 12 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად, “ქართულმა ოცნებამ” საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება და კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპული ოჯახის წევრობის პერსპექტივას. შექმნილ ვითარებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის გზა გადის პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციასა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან მაქსიმალურად სწრაფად ჩამოცილება”, – აღნიშნულია „გირჩი-მეტი თავისუფლების, „სტრატეგია აღმაშენებლის” და პარტია „დროას“ ერთობლივ განცხადებაში.

  • ყირიმის ხიდის შესაკეთებლად რუსეთის ძალისხმევა გრძელდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ფუნქციონირება 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს – დაზვერვა

    დიდი ბრიტანეთის  თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშში ნათქვამია,რომ ნ რუსეთის ძალისხმევა ყირიმის ხიდის შესაკეთებლად გრძელდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სრულად ფუნქციონირება მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს.

    უწყების ცნობითვე, ყირიმის ხიდზე თავდასხმამ ზიანი მიაყენა ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ლოგისტიკურ მიწოდებებს, რამაც რუსეთისთვის სარკინიგზო ან საავტომობილო გზით, სამხედრო აღჭურვილობისა და ჯარების რეგიონში გადატანის შესაძლებლობა შეამცირა.

  • რუსები განიცდიან მასშტაბურ ზარალს, მაგრამ ბრძანება დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვართან მიღწევაზე, არ შეცვლილა – ზელენსკი

    “მძიმე მდგომარეობაა მთელ ფრონტზე. ზოგიერთ რაიონში სასტიკი პოზიციური ბრძოლები გრძელდება, როგორც ადრე და განსაკუთრებით რთულია – ისევე როგორც ადრე – დონეცკის რეგიონში. ოკუპანტების აქტიურობა იქ რჩება უკიდურესად მაღალ დონეზე – ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება. ისინი განიცდიან უკიდურესად მასშტაბურ ზარალს, მაგრამ მათი ბრძანება არ შეცვლილა – მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ ვუთმობთ. და მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, რომლებიც დონბასში პოზიციებს იკავებენ”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

  • რად გინდათ ვიღაც უნიჭო მელია, ვის უგდებთ ყურს, თქვენი ლიდერი რომ კვდება? – ჩარკვიანი ენმ-ს

    ”ვეყრდნობი ხელისუფლების განცხადებას, ამოვიღოთ, არქივია, განცხადება გააკეთეს, რომ არანაირი დაზიანება პრეზიდენტს არ აქვს – არის უჯანმრთელესი, არც თავის ტვინში აქვს დაზიანებები, არც არსად. ახლა აღმოაჩნდა უმძიმესი დაზიანებები. ეს მხოლოდ ემპათიის დასკვნა არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ვამბობ. ამიტომ, ახლა ესენი იძულებული გახდებიან, ვერ გახდებიან და შემირცხვენიხართ ნაციონალური მოძრაობის პარტია და ყველა მისი ამომრჩეველი, თამარ ჩარკვიანის დასაცავი გახადეთ ეს კაცი? რად გინდათ ნიკა მელია. დათქვით საათი, დრო და კეთილი ვინებოთ და ვივამედთან მივიდეთ და გავჩნდეთ სულ ყველა, რომ თავი არ მოგვეჭრას.

    რა შუაშია ვიღაც უნიჭო ლიდერი, ვიღაც ნიკა მელია, რომელიც ჩემთვის არავინ აღარ არის საერთოდ. თქვენ, ამომრჩეველი, ყველას არ ვეხები, იქ არიან ადამიანები, დღე და ღამე რომ ათენებენ – ვის უდგებთ ყურს, თქვენი ლიდერი რომ კვდება? თქვენ ვის უგდებთ ყურს, მანდ, საბჭოში რომ სხედხართ, ვის მისჩერებიხართ? ერთი დიდი აქცია იმისთვის, რომ მომაკვდავი პრეზიდენტი ცოცხალი გავიყვანოთ აქედან. რა გახდა ერთი აქცია და ამის მობილიზება? ჩემთვის გაუგებარია. ”

    აცხადებს  პარტია კანონი და სამართალის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.

  • “ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება შეცდომა იყო, რუსეთში ჩატარება–არა“– ფიფას ყოფილი პრეზიდენტი სკანდალურ დეტალებზე საუბრობს

    ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა შვეიცარიულ გაზეთ Tages Anzeiger-თან ინტერვიუში აღიარა, რომ გადაწყვეტილება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარების შესახებ შეცდომა იყო.

    “ეს ძალიან პატარა ქვეყანაა და მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან დიდია მისთვის”, – თქვა ბლატერმა.

    FIFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით – 14 რვის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ყატარში 12 წლის წინ, როდესაც ბლატერი ამ ორგანიზაციის სათავეში იყო. თავად ბლატერი აცხადებს, რომ მან ხმა მისცა აშშ-ს კანდიდატურას და ყველაფერში უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის ადანაშაულებს, რომელმაც ვითომ სასწორი ყატარის სასარგებლოდ გადახარა.

    ”მაშინ, უკვე სოციალური  საფუძვლები  და ადამიანის უფლებები ამოქმედდა,” – ამბობს ის.

    მაშინაც კი, უფლებადამცველები აკრიტიკებდნენ ამ ქვეყანას ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ შეუწყნარებლობის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და შრომითი მიგრანტების მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო. თუმცა,  ამის მიუხედავად ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატი ახლო აღმოსავლეთში ჩატარდება, კონკრეტულად კი ყატარში. ჩემპიონატის ჩატარება 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით არის დაგეგმილი. ის ზაფხულიდან ზამთრისთვის გადაიდო, რადგან ყატარში ზაფხულში ძალიან ცხელა.

    ამასთან, 2010 წელს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის იმავე სხდომაზე გადაწყდა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება, მაგრამ ბლატერი ამას არ ნანობს ინტერვიუში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თავის მეგობარსაც კი უწოდებს. თუმცა ყოფილს, რადგან დიდი ხანია მასთან ურთიერთობა არ აქვს.

    ბლატერის თქმით, ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში იყო შეთანხმება, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში გამართულიყო, ხოლო შემდეგი ჩემპიონატი აშშ-ში. კომიტეტის თვალსაზრისით, თუ ორი დიდი ხნის მეტოქე რიგრიგობით უმასპინძლებს ჩემპიონატს, ეს იქნებოდა კეთილი ნების ჟესტი და ფეხბურთის ეგიდით.

    მაგრამ კენჭისყრამდე ერთი კვირით ადრე, ბლატერის თქმით, მიშელ პლატინიმ დაურეკა და უთხრა: “Sepp, ça ne va plus jouer”, ანუ ძველი გეგმა უნდა გაუქმდეს. და ეს იმიტომ, რომ ის, ანუ პლატინი, მიწვეული იყო ელისეის სასახლეში, სადაც ნიკოლა სარკოზიმ ყატარის პრინცის საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი თითქოს მეგობრულად ჰკითხა: “მიშელ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ შენ და შენმა კოლეგებმა უეფადან, რომ ყატარმა ჩემპიონატი ჩაატაროს?”

    „ზეპ, რას გააკეთებდი, პრეზიდენტმა რომ რამე გთხოვოს?“ მკითხა პლატინიმ. მე ვუპასუხე, რომ შვეიცარიაში პრეზიდენტი არ გვყავს, მაგრამ ბოლოს ეს ყველაფერი პლატინის წყალობით და მისი ხალხისი წყალობით ასე გამოივდა და  ყატარმა მიიღო ჩემპიონატი და არა ამერიკამ. ექვსი თვის შემდეგ კი ყატარმა იყიდა 14 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავები საფრანგეთისგან.“– ყვება ბლატერი.

    შვეიცარიელმა ჟურნალისტებმა ბლატერს კითხეს, შეცდომა იყო თუ არა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების რუსეთისთვის მიცემა.

    ბლატერი ამტკიცებს, რომ ეს ნამდვილად არ იყო შეცდომა.

    “ჩვენს გეგმას რომ ემუშავა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში ჩატარებულიყო, თქვენთან ჩვენი საუბარი სულ სხვა მიმართულებით წარიმართებოდა, ან საერთოდ არ მოხდებოდა. და რუსეთმა კარგად მოახერხა ჩემპიონატის ორგანიზება“– ამბობს ბლატერი.

    ჟურნალისტების კითხვაზე, რომ  ვლადიმერ პუტინმა  ეს ჩემპიონატი, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი გამოიყენა,”მას სურდა წარმოედგინა რუსეთი, როგორც მშვიდობისმოყვარე სპორტული ძალა, მაგრამ დღეს უკრაინაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის სრულიად განსხვავებულ სახეს”, ბლატერი პასუხობს:

    “მერე რა, ბევრი ადამიანი იყენებს სპორტს პოლიტიკური მიზნებისთვის. მე ვერ ვიქნები ამის მსაჯული”.

    ”მაგრამ პუტინმა პირადად მიგიწვიათ რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე…”–კითხა ჟურნალისტმა.

    ”მე მასთან აღარ მაქვს ურთიერთობა“- ამბობს ბლატერი, ”პუტინი ყოველთვის ფრთხილი იყო, ის არ წასულა ციურიხში FIFA-ს აღმასრულებელ კომიტეტში 2010 წელს და მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთმა გაიმარჯვა,  გაფრინდა კალინინგრადიდან და მოიწვია პრესკონფერენცია, შემდეგ კი მითხრა: „ახლა ვხედავ, რომ შემიძლია გენდოთ. ახლა ჩვენ მეგობრები ვართ”.

    “რა დაემართა თქვენს მეგობარს?” – ჰკითხეს ბლატერს ჟურნალისტებმა.

    “მე აღარ მაქვს მასთან ურთიერთობა და ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს”, – უპასუხა ბლატერმა.

    ზეპ ბლატერმა 17 წელი გაატარა ფიფას პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ 2015 წელს ის იძულებული გახდა კორუფციაში ბრალდებების გამო  გადამდგარიყო (და ეს ძალიან უხალისოდ გააკეთა).მას ბრალი ედებოდა იმავე მიშელ პლატინის ანგარიშზე 2 მილიონი შვეიცარული ფრანკის (თითქმის 2,2 მილიონი დოლარის) გადარიცხვაში, რომელსაც ასევე უეფას მაღალი თანამდებობის დატოვება მოუწია.

    თავიდან ბლატერს 8 წლით აუკრძალეს ფეხბურთთან რამენაირი შეხება. შემდეგ ეს ვადა 6 წლამდე შემცირდა, მაგრამ 2021 წლის მარტში ფიფას ეთიკის კოდექსის სხვადასხვა დარღვევისთვის აკრძალვა კვლავ 2028 წლამდე გაგრძელდა.

    გასული წლის ნოემბერში ბლატერსა და პლატინის ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, მაგრამ ივლისში შვეიცარიის სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ სცნო.

    იმავდროულად, რუსეთსა და ყატარში 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ საკამათოა და კორუფციის მრავალმა ბრალდებამ აიძულა შვეიცარიის პროკურორები და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი 2015 წელს გამოეცხადებინათ, რომ ისინი საკუთარ გამოძიებას ჩაატარებენ. ასე რომ, შესაძლებელია,  ბლატერს და პლატინის კვლავ მოუწიოთ პასუხის გაცემა გამოძიების კითხვებზე.

    ყატარიც და რუსეთიც კატეგორიულად უარყოფენ უკანონო თაღლითობაში მონაწილეობას, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მისაღებად უფლება. ფიფამ კი საკუთარი გამოძიების შედეგების მიხედვით, მათ მიმართ ყველა ეჭვი ჯერ კიდევ 2017 წელს მოხსნა.

  • ზელენსკი “ნამდვილი” მოლაპარაკებისთვის მზადაა

    უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან “ნამდვილი” მოლაპარაკებისთვის მზად არის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გლობალურ კლიმატურ სამიტზე, სამშაბათს დაგეგმილი მიმართვის წინ გააკეთა, რომელზეც მთელი მსოფლიოს ლიდერები იყრიან თავს.

    მოსკოვთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუკი უკრაინის საზღვრები აღდგება, რუსეთის თავდასხმის და იერიშების მსხვერპლს დანაკლისს აუნაზღაურებენ და იქნება დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დაყენების მცდელობა – აცხადებს ზელენსკი.

    უკრაინის პრეზიდენტის კომენტარამდე, “ვაშინგტონ პოსტმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებს სურდა, სამშვიდობო მოლაპარაკებაში უკრაინას მზაობა ეჩვენებინა. ამერიკული გამოცემის ცნობით, ეს კიევისადმი საერთაშორისო მხარდაჭერას განამტკიცებდა.

    “მთავარი წინაპირობა” მსგავსი მოლაპარაკებების გასამართად, “უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” იქნება – აცხადებს ოლექსი დანილოვი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი. ის ასევე თვლის, რომ საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით რაიმე სახის “გარანტია”, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების, თვითმფრინავების, ტანკების და გრძელრადიუსიანი რაკეტების სახით.

  • Sky News: რუსეთმა ირანს გადასცა დასავლური იარაღი, რომელიც უკრანაში ჩაუვარდა ხელში

    რუსული თვითმფრინავი 140 მილიონ ევროთი და  ბრიტანული და ამერიკული NLAW, Javelin და Stinger–ის რაკეტებით,  რომლებიც რუსებს უკრაინაში ჩაუვარდათ ხელში, 20 აგვისტოს ფარულად გაფრინდა მოსკოვიდან ირანში, განაცხადა Sky News-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების რედაქტორმა დებორა ჰეინსმა  უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.

    ირანში გაგზავნილი იარაღი, მისი წყაროს თქმით, უკრაინისთვის დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღის ნაწილი იყო , რომელიც რუსი სამხედროების ხელში აღმოჩნდა.

    შედეგად, მიღებული დასავლური იარაღი ირანს საშუალებას მისცემს შეისწავლოს და დააკოპიროს დასავლური ტექნოლოგიები, რათა აწარმოოს იარაღი, რომელიც შეიძლება მომავალ ომებში იქნას გამოყენებული, განუცხადა Sky News-ს ანონიმურმა წყარომ.

    დებორა ჰეინსის წყაროს თქმით, სწორედ ამ იარაღის სანაცვლოდ გადასცა თეირანმა რუსეთს  უპილოტო საფრენი აპარატიები, მათ შორის  შაჰედის დრონები.

  • დასახელდა მიმართულებები, სადაც რუსეთის არმია ყველაზე დიდ დანაკარგებს განიცდის

    ბახმუტი, ავდიივკა, ვუჰლედარი ფრონტის ის მიმართულებებია, სადაც რუსი ოკუპანტები უზარმაზარ ზარალს განიცდიან.

    როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების პრესმდივანმა, სერხი ჩერევატიმ საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა, „ეს არის რუსეთის ომის ეპიცენტრი ახლა, იქ მიმდინარეობს ყველაზე სასტიკი, სისხლიანი ბრძოლები. .”

    მისი თქმით, მტერი იყენებს ყველა სახის იარაღს, რაც აქვს, პირველ რიგში არტილერიას, რეაქტიული ცეცხლის სარაკეტო სისტემებს (MLRS) და თვითმფრინავებს.

    “კერძოდ, დონეცკის მიმართულებით ამ დღის განმავლობაში 12-ჯერ გამოიყენეს ავიაცია. თუმცა ერთხელ მათ გამოიყენეს სუ-25, რომელიც მათ პოზიციებზე რაკეტებს ისროდა”, – განაცხადა ჩერევატიმ.

    გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში 710 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს.

    3 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების  პრესმდივანმა ჩერევატიმ განაცხადა, რომ დამპყრობლები ცდილობდნენ უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევას დონეცკის ოლქის ვუჰლედარის მახლობლად, მაგრამ მათ დიდი ზარალი განიცადეს.

    დონეცკის OVA-ს ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს თქმით, ბახმუტის მიმართულება ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია.