Category: სლაიდერი

  • გამორიცხულია, არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან აბსურდია- ზარქუა მაკფოლიზე

    ”გამორიცხულია, მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან, ეს არის აბსურდი. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ესეც ანალოგიურად არის დაწერილი ტექსტი, გაუმზადეს, როგორც ერთნაირი სათაურებით იბეჭდება მსოფლიოში და ანალოგიურად, აქაც ეტყობა ხელი მოაწერინეს და გამოქვეყნდა ბატონ მაკფოლის. აი მაგალითად, ბატონ ბაიდენს, რომ გაეყიდა სტრატეგიული ობიექტები, ირანისთვის მიეყიდა, ირანული კომპანიისთვის. მაგალითად, წყალი, რომელიც ვაშინგტონს ამარაგებს, ჩვენთან ეს გააკეთეს, რუსებს მიჰყიდეს. აბა ერთი იქ CNN და Fox News დაეხურა. ამის შემდეგ, ბატონი მაკფოლი ამ განცხადებებს გააკეთებდა, რომ დემოკრატიის შუქურაა? მაგრამ ეს რა, საქართველოა, პატარა ქვეყანაა და მოსულა? ეს არის თქვენი მიდგომა საკითხისადმი?”

    განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ირაკლი ზარქუამ.

  • პუტინის ახლო გარემოცვისგან ვიცით რომ ავად არის, ალბათ კიბო აქვს – ბუდანოვი

    ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ პუტინს კიბო აქვს. ის ძალიან დიდი ხანია ავად არის. ვფიქრობ, მალე მოკვდება, ამის იმედი მაქვს. როცა ის მოკვდება, ხელისუფლება შეიცვლება. ეს ომი უნდა დასრულდეს მის სიკვდილამდე. ჩვენ მისი ახლო გარემოცვისგან ვიცით, რომ ის ავად არის.”

    განაცხადა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურმა კირილო ბუდანოვმა.

  • მარტში იანუკოვიჩი მინსკში გაფრინდა, რათა კიევის აღებას დალოდებოდა – დანილოვი

    უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ მარტში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაფრინდა, რათა კიევის აღებას დალოდებოდა.მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის ხელჩი ჩაგდების ორი გეგმა მოამზადა. მისი თქმით, პირველი ეტაპი იყო მარცხენა სანაპიროს და კიევის აღება, შემდეგ კი დაიგეგმა უკრაინის მთელი ტერიტორიის, მათ შორის ლვივის აღება.

    “კიევის აღების შემდეგ, რუსებს 19 დღეში უკრაინის მთელი ტერიტორიის, მათ შორის ლვივის აღება სურდათ”, – თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

  • რუსეთი მაისამდე უკრაინაში ყველა ირანულ დრონს გამოიყენებს – ISW

    ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2023 წლის მაისამდე რუსეთი ირანში წარმოებულ ყველა, 1 750-ვე დრონს გამოიყენებს. ISW-ს თანახმად, რუსული ძალები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ირანულ დრონებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების კამპანიაში და სავარაუდოდ, ამ სისტემების ამჟამინდელი მარაგი მნიშვნელოვნად ამოწურეს.

    “რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება შემდგომ ორმხრივ თანამშრომლობას ირანთან, რათა უზრუნველყოს უფრო ზუსტი მართვადი იარაღის სისტემები უკრაინაში გამოსაყენებლად. რუსული ჯარები მაისამდე ირანში წარმოებულ ყველა, 1750 დრონს ამოწურავენ, თუ მათ იმავე ტემპით გამოიყენებენ, როგორც სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში”,

  • პრეზიდენტის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადავუვადებდი – მარგველაშვილი

    პრეზიდენტის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადავუვადებდი – მარგველაშვილი

    “მე შევადგინე წერილი, რომელსაც ხელი მოაწერეს ფაქტობრივად საქართველოს ყველა წინა მთავრობის ოფიციალურმა პირებმა და პოლიტიკოსებმა. გზავნილი ასეთი იყო, რომ არ არის საჭირო იურიდიულ საკითხებში შესვლა და მსჯელობა, რომელი განაჩენი უნდა გასაჩივრდეს და რომელი არა. არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომელიც მე არაერთხელ გამომიყენებია, ეს არის სასჯელის მოხდის გადავადება. ასეთი რამ ხდება, როდესაც განსაკუთრებული გარემოებებია და ადამიანის პატიმრობაში ყოფნა ფაქტობრივად წამებას უდრის. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სწორედ ასეთია. მისი ციხეში დატოვება ნიშნავს მისი წამების გაგრძელებას. მას რომ სისხლის სამართლის კოდექსის ყველა პუნქტი ჰქონდეს დარღვეული, სახელმწიფოს მაინც არ აქვს უფლება, რომ ის აწამოს.

    გარდა ამისა, ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც თავისი პირველი პრეზიდენტი მოკლა, რამაც ეს საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში დატოვა გახლეჩილი. თუ ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავაკებთ, ეს იქნება კატასტროფა არა მხოლოდ სხვა ქვეყნების ჩვენდამი დამოკიდებულების შეცვლის მხრივ, არამედ კატასტროფა თვითშეფასებაში. მე წესი მაქვს, რომ მოქმედ პრეზიდენტებს არასდროს ვაკრიტიკებ. თუმცა, ვიტყვი, რომ მე მის ადგილზე სააკაშვილის მიერ ჩადენილ თუ არჩადენილ დანაშაულებს არ განვიხილავდი და მას სასჯელს გადავუვადებდი”,

    აცხადებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

  • მსოფლიო ვერ დაუშვებს სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდეს–მაიკლ მაკფოლის სტატია The Washington Post- ში

    რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, პროფესორი მაიკლ მაკფოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით The Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს, სათაურით – მოსოფლიომ არ უნდა დაუშვას საქართველოს ექს-პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი.

    გთავაზობთ სტატიას  სრულად:

    იმის გამო, რომ მსოფლიო სამართლიანად არის ორიენტირებული ვლადიმერ პუტინის ბარბაროსულ ომზე უკრაინაში, რუსეთის ლიდერი განაგრძობს მისი მადესტაბილიზებელი  ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის განვითარებას მსოფლიოს სხვა ადგილებში. მათ შორის არის პატარა, მაგრამ სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქართველო, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს.

    ამჟამად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქ პატიმრობაში იტანჯება – ზოგიერთი ცნობით, სიკვდილის  პირას მყოფი. ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები ამას ვერ დაუშვებენ. სააკაშვილის გასათავისუფლებლად გლობალური კამპანიის დროა – სწორედ  წარსულში მისი დამსახურების გამო მისი სამშობლოში დემოკრატიზაციის საქმეში.

    ორი ათეული წლის წინ სააკაშვილი დემოკრატიული გარღვევების მსოფლიო გმირი გახდა. 2003 წელს სააკაშვილი ხელმძღვანელობდა “ვარდების რევოლუციას” საქართველოში, დაამხო ცნობილი კორუმპირებული რეჟიმი და ხელისუფლებაში მოიყვანა ახალგაზრდა ლიდერების პროდემოკრატიული, თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი გუნდი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროპისკენ სვლას. როგორც ყველა რევოლუციას, ვარდების რევოლუციას ჰქონდა თავისი წინააღმდეგობები. სახელმწიფო ძალაუფლების გაძლიერებისა და საქართველოში ენდემურ კორუფციასთან გამკლავების მიზნით, სააკაშვილი ხანდახან  დემოკრატიულ ნორმებს არღვევდა. მაგრამ საქართველოს ზოგადი დემოკრატიული ტრაექტორია სააკაშვილის ეპოქაში არასოდეს ყოფილა ეჭვქვეშ.

    სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განახორციელეს ზოგიერთი ყველაზე მასშტაბური ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმა პოსტსაბჭოთა სამყაროში. მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, სააკაშვილი ხელმძღვანელობდა ძალაუფლების გადაცემას მშვიდობიანი არჩევნების გზით. სწორედ ამას აკეთებენ დემოკრატები.

    დასავლეთის დემოკრატიული ლიდერები სააკაშვილს, შთამაგონებელ დემოკრატად  ეფექტურ რეფორმატორად თვლიდნენ. ვარდების რევოლუციაში წარმატებით გამოყენებული ზოგიერთი მეთოდი განმეორდა მომდევნო წელს უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციაში. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დაამყარა მჭიდრო პირადი ურთიერთობა სააკაშვილთან; თბილისის ცენტრში ერთ-ერთ მთავარ ქუჩას აშშ-ის პრეზიდენტის სახელი ჰქვია.  როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ასევე აღფრთოვანებული იყო ქართველი ლიდერით. (მათი ურთიერთობის მომსწრე გავხდი, როცა ბაიდენს ვახლდი საქართველოში 2009 წელს, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამდებობის პირი.) პატივისცემა იყო გულწრფელი. სააკაშვილი არ იყო სრულყოფილი; მან შეცდომები დაუშვა. მაგრამ მისი, როგორც ქართული დემოკრატიის მამის მიღწევები ისტორიული იყო.

    მაგრამ იყო ერთი უცხოელი ლიდერი, რომელსაც ეზიზღებოდა სააკაშვილი: ვლადიმერ პუტინი. წარმატებული ქართული დემოკრატია მის სამხრეთ ფლანგზე იყო ანათემა იმ ყველაფრისთვის, რასაც პუტინი უჭერდა მხარს და მას გადაწყვეტილი ჰქონდა დაბელოკა სააკაშვილის სწრაფვა, საქართველო დასავლეთისკენ წაეყვანა. რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით არ მოეწონა მისი განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. პუტინს ეშინოდა ფერადი რევოლუციების საქართველოსა და უკრაინაში სწორედ იმიტომ, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთში მისი ავტოკრატიის ლეგიტიმურობასა და სტაბილურობას. 2008 წლის აგვისტოში პუტინმა ხელი გამოაჩინა საქართველოში შეჭრით. მას მოჰყვა ქვეყნის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რითაც ბრიუსელში საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დისკუსიები გაიყინა.

    მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქის თბილისისკენ შემოტრიალდნენ, ზოგიერთმა სააკაშვილს გაქცევისკენ მოუწოდა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად გასულ წელს უკრაინაში, სააკაშვილმა დარჩენა არჩია. პუტინმა საბოლოოდ გადაწყვიტა არ ეცადა სააკაშვილის დაპატიმრება ან მოკვლა ან საქართველოს ხელისუფლების დამხობა სამხედრო ძალის საშუალებით, მაგრამ რუსეთის ლიდერი კვლავ  ორიენტირებული იყო საქართველოს პრეზიდენტის დაკნინებაზე. (დღეს რუსეთი კვლავ იკავებს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედს).

    პუტინმა და მისმა რწმუნებულებმა მალევე გაარკვიეს, როგორ გამოეყენებინათ დემოკრატიული ინსტიტუტები რუსი ლოიალისტების ხელისუფლებაში მოსაყვანად, რომელიც ორკესტრირებული იყო საქართველოში პუტინის მთავარი სუროგატის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის (რომელმაც ქონება რუსეთში მოიპოვა და არა საქართველოში) მიერ. ივანიშვილის პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის ძალაუფლებისა და დამოუკიდებლობის ეროზია, რამაც მკვეთრად შეასუსტა ქვეყნის დემოკრატია. გასულ წელს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინა და მოლდოვა წევრობის კანდიდატად, მაგრამ არა საქართველო. საქართველოს დაქვეითებული სტატუსის უკეთ დრამატიზაციას ვერაფერი შეძლებდა.

    მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა გახდა უფრო ავტოკრატიული და რუსეთთან მეგობრული, სააკაშვილი იქ თავის როლს ვერ ხედავდა და გაემგზავრა უკრაინაში, სადაც სხვადასხვა ხარისხის წარმატებით ეკავა ოფიციალური თანამდებობების სერია.

    მაგრამ ემიგრაციაში ცხოვრება მისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. მას სურდა საქართველოს მცოცავი ავტოკრატიის შეჩერება. ასე რომ, 2021 წელს ის დაბრუნდა. ეს შეცდომა იყო. მთავრობამ ის სწრაფად დააპატიმრა სავარაუდო “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის” და მას შემდეგ ის პატიმრობაშია. მისმა იურიდიულმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა სამედიცინო დასკვნა, რომ ის შესაძლოა მოწამლული იყოს. ბოლოდროინდელმა სურათებმა კლინიკიდან, სადაც ის ახლა იმყოფება, აჩვენა, რომ ის დაღლილი და დეზორიენტირებულია.

    პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის გადასარჩენად. ჰუმანიტარული ნიშნით, ბაიდენმა და სხვებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეწყალების ნებართვა მისცეს სააკაშვილს და მისცეს მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება – ეს ღონისძიება უკვე მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც ასევე გამოაცხადა სააკაშვილი პოლიტპატიმრად.

    სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დარტყმა. ეს არავის ესმის უკეთესად, ვიდრე ზელენსკის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა „მოწყალება გამოიჩინონ“ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებით.

    ზელენსკი სწორად მოიქცა. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა მიბაძონ მას. თავისუფალი სამყარო ერთად დადგა უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად. იგივე უნდა გააკეთოს საქართველოში სააკაშვილის გასათავისუფლებლად ზეწოლის საქმეში.

  • ვანო მერაბიშვილი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ ცემა–რუსთავი2

    ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი   მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიგიშა შარაშიძემ ცემა. მედიაში და სოციალური ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით ვანო მერაბიშვილს 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.  “რუსთავი 2” დაუკავშირდა შარაშიძეს, რომელიც მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის.

    “დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას,” – განაცხადა გიგიშა შარაშიძემ და დაადასტურა, რომ ყოფილ მინისტრს ფიზიკურად შეეხო.

  • კარგია, რომ გამოცოცხლებულია, კარგია, რომ იძულებულია გარეთ გამოვიდეს – ხაბეიშვილი მელიაზე

    „რაც მეტი აქცია, მეტი დაორგანიზებული პროტესტი იქნება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ამან არავინ უნდა ააღელვოს. მართლა გულწრფელად არ მესმის, როდესაც საუბარია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების, ჩემი მეგობრების მიერ დაანონსებულ აქციაზე, რომელიც არის სახელმწიფო კანცელარიასთან და შემდეგ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რატომ შეიძლება აღიქმებოდეს ვინმესთვის პრობლემად, გულწრფელად ვერ გამიგია, მეტიც, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე არის გააქტიურებული. შეგიძლიათ ნახოთ წინა წლის ახალი წლის დღეები. მაშინაც ტყვეობაში გვყავდა ჩვენ პრეზიდენტი სააკაშვილი. შესაბამისად, კარგია, რომ ახლა ლოკაციებზე მიდის კამათი, საათზე, ფორმაზე. რაც მეტი პროტესტი, მოძრაობა და მოქმედება იქნება მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ვხედავ, ნიკას მეგობრები ადგილს იწუნებდნენ და ამბობდნენ, რომ „მშვიდობის ხიდთან“ იკრიბებოდნენ, დღეს ნიკა არ არის მშვიდობის ხიდზე, საერთოდ სხვა ლოკაციაზე წავიდა და რატომ არის პრობლემა სახელმწიფო კანცელარიის მოედანზე გაპროტესტება, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლა, ეს უკვე თავად ნიკას და მის მომხრეებს უნდა ჰკითხოთო. რატომ შეიძლება აღელდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მისი მომხრეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციაზე. […] ნიკა მელიას როცა უნდოდა ჩვენთან კომუნიკაცია, საჯარო პოსტი დაწერა, დაგვიძახა, მივედით და მგონი ამაზე პრობლემა არ იყო. შემდეგ, როცა სოციალური ქსელით, „ფეისბუქ“ პოსტით რაღაცებს აანონსებს, ეს მისი დაანონსებულია და პრობლემას ვერ ვხედავ. 8 ლოკაციაზე უნდა? – გააკეთოს სადმე რამის კეთება თუ შეუძლია, აკეთოს. კარგია, რომ გამოცოცხლებულია. კარგია, რომ იძულებულია გარეთ გამოვიდეს, კარგია, რომ მოქმედებს. სადაც გაუხარდეს, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს და იმოქმედოს იქ“

    აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილი.

  • ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თქვენი დახმარების თხოვნა მომიწევდა – სააკაშვილის მიმართვა ხრისტო გროზევს

    “ძვირფასო ხრისტო,

    დიდი ხანია ვარ თქვენი საქმიანობის თაყვანისმცემელი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თქვენი დახმარების თხოვნა მომიწევდა.

    ალბათ იცით, რომ ამერიკული ლაბორატორიის და ცნობილი ნიუ იორკელი ტოქსიკოლოგის მიერ დადგინდა, რომ ამა წლის მარტში ვიყავი მოწამლული ციხეში. მართლაც, მარტში თავს ვგრძნობდი ძალიან ცუდად, მქონდა მაღალი სიცხე, კრიზისული მდგომარეობა, ღებინება, ძლიერი ოფლიანობა, თავის ტკივილი. კოვიდ ტესტები იყო უარყოფითი. მას შემდეგ ჩემი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა. ციხის ხელმძღვანელობას მოუწია ჩემი გადაყვანა კლინიკაში, სადაც ექიმებმა მაშინვე მიიტანეს ეჭვი მოწამვლაზე, მაგრამ ადმინისტრაციამ მაქსიმალურად გაწელა დრო, რათა საწამლავის კვალი გამქრალიყო სისხლიდან. მათთვის სამწუხაროდ, ბევრად მოგვიანებით, საწამლავი და მძიმე მეტალები აღმოჩნდა ჩემს თმასა და ფრჩხილებში.

    მე გწერთ ღიად, რადგან ჩემი კორესპონდენცია მაინც კონტროლდება. თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთისა და რუსეთთან აფილირებული მოძრაობები საქართველოში? დადგენილი ფაქტია, რომ გენერალი ბესედა და ფსბ-ს სხვა თანამდებობის პირები ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში. თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები? დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ არის საპოვნელი, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის”

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის ხელმძღვანელ ხრისტო გროზევს მიმართავს.

     

  • ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა – კობახიძე

    “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ვულოცავ 90 წლის იუბილეს!

    როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რიგითი წარმომადგენელი და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მადლობას ვუხდი პატრიარქს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერი გაძლიერებისათვის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის გასწია.

    უწმინდესი და უნეტარესი ილია II გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე იყო არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქის განუყოფელი ნაწილი, არამედ მან თავად შექმნა ეპოქა, რომელმაც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობა მოუტანა. ამ ეპოქას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გასდევდა პატრიარქის გასაოცარი სიბრძნე, რომელიც იყო ღმერთის გამორჩეული საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ საჩუქარს თითოეული ჩვენგანისგან განსაკუთრებული დაფასება და მოფრთხილება სჭირდება.

    გასული ათწლეულების მანძილზე, ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა. თუმცა, მისი სიწმინდის წინაშე ყველა ეს მცდელობა უძლური აღმოჩნდა. პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა ბოროტზე კეთილის გამარჯვების, ურწმუნობაზე რწმენის გამარჯვებისა და უსამშობლობაზე სამშობლოს გამარჯვების გამორჩეული მაგალითი იყო და იქნება მრავალი თაობისთვის.

    პატრიარქს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, დიდხანს მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!”

    ქართული ოცნების თავმჯდომარი კათალიკოს-პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს.