Category: სლაიდერი

  • ცეცხლის შეწყვეტის საუკეთესო გზა რუსული ჯარების გაყვანაა-ზელენსკი პუტინის საშობაო ცეცხლის შეწყვეტაზე

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, მისი გუნდის წევრების შემდეგ, თავადაც უარყო რუსეთის ლიდერის პუტინის საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება, როგორც ფარისევლური მცდელობა სულის მოსათქმელად.

    ზელენსკიმ მისი ვიდეომიმართვის  მეორე ნახევარი პუტინის განცხადებას მიუძღვნა და ამ ნაწილში რუსულ ენაზე  რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.

    უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინა უკვე გამოვიდა თავისი „მშვიდობის ფორმულის“ შეთავაზებით, მაგრამ მასში მთავარი ელემენტი რუსი ოკუპანტების გაყვანაა.

    „რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა არის გარანტირებული და საიმედო გზა ცეცხლის, ადამიანური დანაკარგების და ზოგადად ომის შესაჩერებლად.

    ახლა მათ უნდათ შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და მობილიზებული სამხედროების ჩვენს პოზიციებთან ახლოს თავმოყრა შეძლონ. რას მოგვცემს ეს? მხოლოდ დანაკარგების მორიგ ზრდას. მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი ომში სულის მოთქმის შესაძლებლობას. იყენებს იმისთვის, რომ ომი ახალი ძალით განაგრძოს.  

    ომი დასრულდება მაშინ, როდესაც თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გავყრით. ასე რომ, დაე წაიღონ უნიტაზები – გზაში დასჭირდებათ – და დაბრუნდნენ სახლებში.

    იმისათვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, სულ სხვა რამ არის საჭირო: რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გამონახონ გამბედაობა საკუთარ თავში მინიმუმ 36 საათის განმავლობაში, სულ მცირე, შობის დროს, რათა განთავისუფლდნენ თავიანთი სამარცხვინო შიშისგან ერთი ადამიანის მიმართ კრემლში. მისდამი თქვენი შიში ანადგურებს თქვენს ქვეყანას.“ – თქვა ზელენსკიმ.

    ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს  რუსეთის ჯარს საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა და უკრაინელებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა პუტინის მოწოდებას თვალთმაქცობა და მზაკვრობა უწოდეს.

  • კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი და სატრაპეზო ეკლესია უკრაინის სახელმწიფოს დაუბრუნდა

    სატრაპეზო ეკლესია და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრის მთავარი ტაძარია, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სარგებლობიდან ამოიღეს და სახელმწიფოს დაუბრუნეს.

    “მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ბოლო სხდომაზე არ გამოცხადდა მიტროპოლიტი პავლე, რომელსაც აქტზე ხელი უნდა მოეწერა, ეს სახელმწიფო ქონების დაბრუნების წინაღობა არ არის”, – თქვა უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ.

    სატრაპეზო ეკლესია და მიძინების ტაძარი უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას სარგებლობაში 2016 წელს გადაეცა. იჯარის ხელშეკრულება 2022 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას გეგმავს.

  • რამდენი “პატრიოტის სისტემა” გადაარჩენს უკრაინას რუსული თავდასხმებისგან

    მხოლოდ მნიშვნელოვანი ცენტრების დასაცავად, უკრაინას სჭირდება მინიმუმ ათი საზენიტო სარაკეტო სისტემა პატრიოტი. ეს აზრი ავიაციის ექსპერტმა ვალერი რომანენკომ გამოთქვა.

    მისი თქმით, პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთ ბატარეას 90 კაციანი პერსონალი სჭირდება, იუწყება არხი 24.

    მან აღნიშნა, რომ ერთი SAM ბატარეა, რომელსაც შეერთებული შტატები დაჰპირდა უკრაინას, მხოლოდ ნაწილობრივ გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.

    ექსპერტმა ასევე ისაუბრა კომპლექსის შესანარჩუნებლად უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დროზე. რომანენკო დარწმუნებულია, რომ ექვს თვეში შეძლებენ სწავლას, თუმცა ამას ჩვეულებრივ ორჯერ მეტი დრო სჭირდება.

    “ჩვენი ოფიცრები უკვე მეტ-ნაკლებად იცნობენ NASAMS სისტემებს, IRIS-T სისტემებს. ერთადერთი, რისი ათვისებაც მათთვის რთული იქნება, არის რადარები ახალი ოპერაციული პრინციპებით”, – დასძინა ექსპერტმა.

  • პუტინმა უკრაინის ფრონტის მთელ ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ფრონტის მთელ ხაზზე 6-7 იანვარს  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა.

    პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს დაავალა, შემოიღოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკრაინაში მხარეებს შორის 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, იუწყება რია ნოვოსტი კრემლზე დაყრდნობით.

    ამ პერიოდში ზავის გამოცხადების მოწოდებით რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი გამოვიდა.

    რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სწორედ ამ მოწოდებას გამოეხმაურა პუტინი. გარდა ამისა, მან ცეცხლის შეწყვეტისკენ და უკრაინელებსაც მოუწოდა.

    ”იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს” – ციტირებს ვლადიმერ პუტინს მისი პრესსამსახური.

  • ფიზიკურად დავუპირისპირდი, მე დავიწყე! იმედია ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის, რაზე დაიწყო დაპირისპირება – გაჩეჩილაძის სიძე მერაბიშვილზე

    ”პირაპირ გეუბნებით, თუ ეყოფა გამბედაობა, თვითონ თქვას დაპირისპირების მიზეზი, მე არ ვაპირებ”, – ამის შესახებ მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. როგორც ის აცხადებს, ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება თავად დაიწყო.

    „კი, ფიზიკურად დავუპირისპირდი, იმედი მაქვს თვითონ ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის რაზე დაიწყო დაპირისპირება… მე დავიწყე დაპირისპირება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

  • რუსეთის სისასტიკით გაკვირვების მიზეზი არ არსებობს:საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია… – სტოლტენბერგი

    “რუსეთის სისასტიკემ ყველა გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ომი მოსალოდნელი იყო. ეს არის იმ ნიმუშის ნაწილი, როცა მოსკოვი იყენებს სამხედრო ძალას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაში ომი, რომელიც არ დაწყებულა გასული წლის თებერვალში, ის 2014 წელს, რუსეთის მხრიდან უკრაინის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმებით დაიწყო”

    აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

  • შეიძლება, ბევრად ეფექტური იყოს სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანა – მამულაშვილი

    ”ეს წერილი ატარებს სიმბოლურ ხასიათს უფრო, ვიდრე პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, იგნორირებული იქნება. მე მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო ეფექტური, სინამდვილეში, შეიძლება, იყოს სწორედ სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანა, რაზეც ვმუშაობთ ახლა. ეს ჩემი დის ინიციატივა იყო და პირდაპირ უკავშირდება ჩვენს საქმიანობას უკრაინაში, იმიტომ, რომ ჩვენი სტრუქტურის ხელმძღვანელი, სადაც ქართული ლეგიონი შედის, ხელმძღვანელობს ტყვეთა გაცვლის კომისიას და მგონია, რომ ეს უფრო ეფექტური მეთოდი შეიძლება აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ მთავრობა იმართება რუსეთიდან, არავისთვის ეს დასამალი აღარ არის.”

    განაცხადა ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა.

  • მაკფოლი იმ პროპაგანდის ნაწილია, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ სოლიდურ თანხას იხდის – ვოლსკი

    “მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის. არ ვამბობ, რომ მაკფოლი პირადად ხელფასს იღებს აქედან, მაგრამ ისიც ამ პიარის ნაწილია, თუ თანაავტორი არა. რა ინტერესი აქვს სააკაშვილს, რომ ეს ქვეყანა დაანგრიოს, იგივე ინტერესი აქვს მაკფოლს, რომ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი. სააკაშვილს შეკვეთას აძლევს, რომ ცუდად იყოს. ეს მათი გეგმაა. რა ინტერესი აქვს სააკაშვილს, რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს, რა ინტერესი აქვს იმ შემადგენლობას, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას უქადის. ჯერჯერობით ვერ შეასრულეს, ვერც შეასრულებენ. ამ გეგმის ნაწილია მაკფოლიც. რა ინტერესი აქვს კუბილიუსს. ის ინტერესი აქვს, რა ინტერესიც აქვთ „ნაცმოძრაობას და მის ტელევიზიებს“

    აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით.

  • აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლებია–Reuters

    Reuters-ი უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება ხუთშაბათს აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლების შესახებ.

    როგორც ცნობილია, რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევის მცდელობას დონეცკის რეგიონში ბახმუტის მიმართულებით. მათი თავდასხმები ავდეევკასა და კუპიანსკის მიმართულებებზე ჯერჯერობით წარუმატებელი იყო.

    ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ჯარები აგროვებენ ძალებს ბახმუტის რაიონში დიდი დანაკარგების მიუხედავად.

    ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები ტერიტორიებს „ეტაპობრივად“ იბრუნებენ, მაგრამ ეს სწრაფად არ ხდება.

    ის ელოდება, რომ ბრძოლა მხოლოდ სიცივესთან ერთად გაძლიერდება, რადგან გაყინული მიწა მძიმე ტექნიკის გამოყენების საშუალებას იძლევა.

    ამავდროულად, აშშ-ს ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი სააგენტოსთან საუბარში უკრაინაში გაჭიანურებულ ომს წინასწარმეტყველებს.

    „ბრძოლა ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმეა… რასაც ბახმუტში ვხედავთ, მოსალოდნელია ფრონტის სხვა სექტორებში, ბრძოლები გაგრძელდება უახლოეს თვეებში“, – ციტირებს Reuters-ს ანონიმი ოფიციალური პირის განცხადებას ვაშინგტონიდან

  • ჩემი სურვილია, რომ იყოს გადაყვანილი უცხოეთში – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

    ჩემი სურვილია, რომ იყოს გადაყვანილი უცხოეთში – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

    ”მე ვერ გეტყვით, სალომემ უნდა შეიწყალოს თუ არა. ჩემი სურვილია, რომ [მიხეილ სააკაშვილი] იყოს გადაყვანილი უცხოეთში სამკურნალოდ. მე დავდივარ მასთან ხშირად და ვხედავ, რომ მძიმდება. ამიტომ, მე შემიძლია, გამოვხატო ეს პოზიცია.”

    აცხადებს ფორმულასთან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი.