Category: სლაიდერი

  • აშშ-ში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

    ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიაყენეს.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 42 წლის კაცი მეგობარი ქალის ყოფილმა მეუღლემ, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. შემთხვევა ბრუკლინში მანქანების ავტოსადგომზე მოხდა, სადაც მანამდე ქალსა და მის 47 წლის ყოფილ ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

    ადგილობრივების თქმით, ჯერ ჩხუბის ხმა გაიგეს, შემდეგ კი ქალის, რომელიც 911-ის გამოძახებას ითხოვდა.

    საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

  • Guardian: რომან აბრამოვიჩმა ომის დაწყებამდე $4 მილიარდის აქტივები შვილებზე გადააფორმა

    რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა უკრაინასთან ომის დაწყებამდე მისი შვიდი შვილი მილიარდობით დოლარის ღირებულების 10 საიდუმლო ოფშორული აქტივის მაჟორიტარი ბენეფიციარი გახადა. ეს მოხდა თებერვლის დასაწყისში, ცოტა ხნით ადრე, სანამ აბრამოვიჩი, როგორც პუტინთან დაახლოებული ადამიანი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცეოდა რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო.

    ბრიტანული გაზეთ Guardian-ისთვის კვიპროსში ბაზირებული კომპანია MeritServus-ის მრავალი დოკუმენტიდან ცნობილი გახდა, რომ ოლიგარქის ფინანსების სწრაფი რეორგანიზაცია ომამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე მოხდა, რის შედეგადაც მისი შვილები  სულ მცირე 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ფონდების ოფიციალური მფლობელები გახდნენ. სწორედ ეს კომპანია მართავს აბრამოვიჩის  ოფშორულ ფონდებს. ეს ფაილები ჟურნალისტებს ანონიმმა წყარომ მიაწოდა.

    მანამდე პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიგარქის შვილები,  ყველა რუსეთის მოქალაქე, რომელთაგან უმცროსი 9 წლისაა, ორი ფონდის ბენეფიციარი გახდნენ, თუმცა, ბოლო დოკუმენტების მიხედვით, გაზეთის ცნობით, აქედან გამომდინარეობს, რომ ოლიგარქის აქტივების რეორგანიზაციის მასშტაბები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და შეიძლება მიუთითებდეს აბრამოვიჩის მცდელობაზე, თავი აარიდოს მისი უზარმაზარი ქონების გაყინვას ან თუნდაც ჩამორთმევას.

    10 ფონდის გარდა, ოლიგარქის შვილები სხვა აქტივების მფლობელებიც გახდნენ, მათ შორის იახტების, ვერტმფრენების და თვითმფრინავების.

    თავად აბრამოვიჩი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ არა ამერიკას, თუმცა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გასულ წელს  მისი ორი თვითმფრინავი ჩამოართვა იმ მოტივით, რომ ისინი  მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დარღვევით გამოიყენეს.

    თავად აბრამოვიჩმა და კომპანია MeritServus-მა უარი თქვეს პასუხი გაეცათ ჟურნალისტების კითხვებზე მისი ფინანსების რეორგანიზაციის შესახებ.

    რომან აბრამოვიჩი, რომელსაც აქვს რუსული, ისრაელის და პორტუგალიის პასპორტები, კატეგორიულად უარყოფს კრემლთან რაიმე ფინანსურ კავშირს და სარჩელიც კი შეიტანა, რათა გააუქმოს ევროკავშირის გადაწყვეტილება მის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ.

  • მტრის შეტევა 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს – უკრაინის გენშტაბი

    უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

    „ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკიივკას, დუბრავასა და ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ოზარიანოვკას, სოლედარის, კრასნაია გორას, პოდგოროდნოიეს, ბახმუტის, სოლის, კლეშჩეევკას, პერვომაისკოეს, მარინკასა და პობედას დასახლებებზე“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

  • თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

    თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

    საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    “ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

    „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13)

    დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა!

    იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“.

    როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანაავღდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად?

    ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია.

    ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასვე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.

    ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.

    ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.

    სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულვებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.

    ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს.

    „ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება … ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13).

    გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფლთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს.

    გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება.

    ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების. სიბრძნეც გვასწავლის: „კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება – კეთილდღეობაზე მეტად მაცხოვნებელი.“

    თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.

    ……..

    ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი.

    მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა;

    კაცთა განსწავლა ათასწლეულთა მანძილზე ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მიერ, სიტყვითა და რჯულით, ასევე, ომებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით… ბოლოს კი იუდას შტოში, იესეს მოდგმაში, დავითის სახლში, დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, – საღვთო აღმშენებლობის მთელი ისტორიის თავის თავში მომცველი.

    უფლის მოწყალებით მან მოიღო მადლი, – ეშვა შემოქმედი, რათა ადამიანის ბუნება განღმრთობილიყო და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი სასწაული აღსრულებულიყო.

    მოციქული ბრძანებს: „ამიერიდან აღარა ხართ მონა, არამედ შვილი, ხოლო თუკი ძე ხარ, მაშინ ქრისტეს მიერ ღმერთის მემკვიდრეც“ (გალ.4.7).

    ასეთი განსაცვიფრებელი სიდიადის თანაზიარია ადამიანი;

    ასეთი დიადია თითოეული თქვენგანი!

    და თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა.

    განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), – მოგვიწოდებს წმინდა წერილი.

    ……

    მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისაგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, „რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი“ (კოლას.1,19-20)

    ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.

    ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდით ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

    ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო!

    ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები:

    „ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, – მისდა სამკვიდროდ გამორჩეული“ (ფსალ. 32.12).

    თქვენთვის მლოცველი, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, თბილისი, შობა ქრისტესი 2023 წელი

  • ლიზა ქისტაური გარდაიცვალა – ინფორმაციას ბელგიის პოლიცია ადასტურებს

    ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა”.- აცხადებს უწყება.

  • რუსეთს არც ერთხელ შეუსრულებია ზავის პირობები – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

    ”ომის ცხრა წლის განმავლობაში რუსეთს არც ერთხელ შეუსრულებია ზავის პირობები. […] ყველა მათგანი მტრის განზრახ ქმედებებმა ჩაშალა. მაგალითად, 2018 წლის ე.წ. “ყოვლისმომცველი საგაზაფხულო დაზავების” დროს გამოცხადებული “სიჩუმის” 22 დღის განმავლობაში მტერმა როგორც მინიმუმ 153 დაბომბვა განახორციელა, რა დროსაც ექვსი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, 12-მა ჭრილობები მიიღო. […] 2020 წლის 27 ივლისს ოფიციალურად დაიწყო მორიგი “ცეცხლის შეწყვეტის სრული და ყოვლისმომცველის რეჟიმი”. თუმცა მტერი მას მხოლოდ ნახევარი საათი ასრულებდა. 2020 წლის 27 ივლისიდან 2021 წლის 27 ივლისამდე მტრის 2 ათასზე მეტი დაბომბვა არის დაფიქსირებული. ამიტომ რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და აგრესიის დასრულების მნიშვნელობა მხოლოდ რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გასვლას ექნება”,

    ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

  • ხერსონში სადგური დაიბომბა, “რუსული ზავი” კლავს ზურგში, იმიტირებს სიჩუმეს – პოდოლიაკი

    “6 იანვარი. საჰაერო განგაში უკრაინის მასშტაბით. ბავშვები ისევ ცივი თავშესაფრებში არიან. ხერსონში სახანძრო სადგური დაიბომბა. ეს არის “რუსული ზავის” არსი: კლავს ზურგში, იმიტირებს სიჩუმეს.
    “არასოდეს”. არასოდეს მიიღოთ რუსეთის ფედერაციის სიტყვები სერიოზულად. ეს ყოველთვის პრიმიტიული და ცინიკური სიცრუეა”.

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

  • “დღეს, 21:00 საათზე, ვიქნებით სალომე ზურაბიშვილის სახლთან” – გიორგი მუმლაძე

    “დღეს, 21:00 საათზე, ვიქნებით სალომე ზურაბიშვილის სახლთან” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე.

    “მიშას სიკვდილით საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს კლავენ! ჰუმანირობასა და სოლოდარობას რომ თავი დავანებოთ, პრაგმატულად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი შვილების მომავალზე!

    ამიტომ, დღეს – 21:00 საათზე ვიქნებით სალომე ზურაბიშვილის სახლთან!”, – წერს გიორგი მუმლაძე.

  • ვაკეში არასრულწლოვნებმა ერთ ღამეში 6 ობიექტი გაქურდეს

    ვაკეში არასრულწლოვნებმა ერთ ღამეში 6 ობიექტი გაქურდეს

    ვაკეში არასრულწლოვნებმა ერთ ღამეში 6 ობიექტი გაქურდეს. ობიექტებიდან ჯამში რამდენიმე ათასი ლარია წაღებული.

    ობიექტის დაზარალებული მფლობელები ფორმულასთან აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია, თუმცა, არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე 14 წლამდე პირების პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია.

  • SBU-მ დაადგინა სპეცრაზმი, რომელიც აწამებდა უკრაინელ პატრიოტებს ზაპოროჟიეს რეგიონში

    უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა რუსი სპეცრაზმის ვინაობა, ვინც ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპაციის დროს უკრაინელი პატრიოტები გაიტაცეს და აწამეს.

    SBU-ს პრესცენტრის ცნობით, დადგენილია კიდევ სამი რუსი დამპყრობლის ვინაობა. ერთ-ერთი თავდამსხმელი რუსეთის გვარდიის 22-ე ცალკეული ოპერატიული ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფის მეთაურია. მელიტოპოლის აღების შემდეგ იგი დაინიშნა უკრაინის ქალაქის საოკუპაციო ადმინისტრაციის „სამხედრო კომენდანტად“, ნათქვამია მოხსენებაში.

    აღნიშნულია, რომ ამ „პოზიციაზე“ მან შეასრულა მოსკოვის დავალება, ჩაეხშო წინააღმდეგობის მოძრაობა აზოვის რაიონში, რისთვისაც ჩამოაყალიბა „დამსჯელი რაზმები“, რომლებიც მასობრივ დარბევას ახორციელებდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლების სახლებში.

    ასეთი „დარბევისას“ რუსები იტაცებდნენ ხალხს და მიჰყავდათ რუსეთის „სამხედრო კომენდანტის“ საწამებელ კამერებში, სადაც მოტაცებულებს აწამებდნენ, რეგიონში უკრაინელი სამხედროების ადგილსამყოფელის, ინფორმაციის გასაგებად.

    „კიდევ ორი ​​სამხედრო დამნაშავე დაღესტნის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მახაჩკალას პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის (უფრო ცნობილია, როგორც OMON) თანამშრომლები არიან. ვასილიევსკის ოლქის ოკუპაციის დასაწყისში ისინი აგრესორის მიერ შექმნილი რუსეთის ფედერაციის “კომენდანტის ოფისის” ნაწილი: ერთიმა საოკუპაციო ორგანოს უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, მეორე მის თანაშემწედ დაინიშნა. “- აცხადებენ SBU-ში.

    დადგინდა, რომ დამპყრობლები პირადად იღებდნენ მონაწილეობას უკრაინის მოქალაქეების უკანონო დაკავებასა და წამებაში. პირადად უკეთებდნენ მსხვერპლს შხამქიმიკატებს, იყენებდნენ ელექტროშოკს და მუდმივად ემუქრებოდნენ ახლობლების მოკვლით.

    OMON-ი ომში

    The New York Times-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, OMON-ისა და SOBR-ის წარმომადგენლები შევიდნენ პირველ ნაკადში.

    მარტში ცნობილი გახდა, რომ კრასნოდარის მხარეში რუსული გვარდიის ოპერატიული კომპანიის OMON “Plastun” ოცეულის მეთაურმა და მისმა 11 მებრძოლმა უარი თქვა უკრაინაში ომში წასვლაზე. შედეგად ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

    ზაფხულში ოკუპირებულ ლისიჩანსკში ომონის 12 რუსი ოფიცერი ლიკვიდირებულ იქნა.