Category: სლაიდერი

  • ISW: კრემლი და თავდაცვის სამინისტრო პრიგოჟინის გავლენის შესუსტებას ცდილობენ

    ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიური მოხსენება ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ ებრძვიან კრემლი და თავდაცვის სამინისტრო “ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის გაძლიერებულ გავლენას.

    ანგარიშში წერია:

    კრემლი განაგრძობს პრიგოჟინის მტკიცებების საჯარო უარყოფას იმის შესახებ,  საჯაროდ რომ  მხოლოდ ვაგნერის ძალები იყვნენ პასუხისმგებელი 12 იანვარს დონეცკის რეგიონში სოლედარის აღებაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 15 იანვარს, ტელეკომპანია “Россия 1” –ის  ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად  ფრონტის ხაზზე მიღწეული წარმატება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს მიაწერა. იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი მანამდე თავს იკავებს უკრაინაში ტაქტიკური წარმატებების კომენტირებისგან, სავარაუდოა, რომ მისი სიტყვები იყო მიზანმიმართული მცდელობა შეარყიოს პრიგოჟინის გავლენა რუსულ საინფორმაციო სივრცეში. პუტინს შესაძლოა ასევე სურდა ეჩვენებინა, რომ ის ინარჩუნებს კონტროლს ტრადიციულ რუსულ მედიაზე, მაშინ როცა პრიგოჟინი აგრძელებს თავის მიმდევრების გაზრდას Telegram-სა და სხვა სოციალურ ქსელებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაგრძო ბახმუტის რაიონში პროგრესზე საუბარი და, სავარაუდოდ, განზრახ გამორიცხა ვაგნერის ძალების ხსენება 15 იანვრის ყოველდღიურ ბრიფინგზე;

    ვაგნერის  მიმართ კრემლის შიშის კიდევ ერთი მტკიცებულებაა  რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის გუშინდელი კომენტარი, თვლიან ISW–ს ექსპერტები. მათი აზრით, კრემლის სპიკერმა ირიბად დაადანაშაულა პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერს შორის კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაში. ”ზოგჯერ თავად ჩვენი მეგობრები იქცევიან ისე, რომ მტერი აღარ არის საჭირო”, – თქვა პესკოვმა.

    პრიგოჟინი აგრძელებს ძალისხმევას,  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და პუტინთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სანდოობის შესარყევად. კერძოდ, ის საჯაროდ გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესმდივნის ზემოაღნიშნულ სიტყვებს და განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რომ არ ენდოს პესკოვს. როგორც ISW აღნიშნავს, პრიგოჟინს შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ “განაგრძო განზრახ ბუნდოვანი შეტყობინებების გამოყენების ტაქტიკა “, რათა რუსულ საინფორმაციო სივრცეშიმეტი დისკუსია გამოეწვია . საბოლოო ჯამში, ეს ასევე მიზნად ისახავდა თავდაცვის სამინისტროსა და პუტინის მიმართ ნდობის შელახვას. პრიგოჟინმა ასევე გადასცა მედლები ვაგნერელებს სოლედარის აღებისთვის  15 იანვარს, მათ შორის სიმბოლურად დააჯილდოვა მებრძოლი, რომელმაც მანამდე მიიღო მედალი პუტინისგან გამბედაობისთვის, ხაზს უსვამენ ექსპერტები.

  • “დავწერე განცხადება“ –არესტოვიჩი გადადგა

    – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

    “დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ.
    მინდა ვაჩვენე ცივილიზებული ქცევის მაგალითი:
    – პრინციპული შეცდომა დაუშვი, უნდა გადადგე.“– წერს არესტოვიჩი.

    საზოგადოების კრიტიკა ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან დნიპროში რუსული რაკეტის მიერ საცხოვრებელი კორპუსის განადგურებიდან რამდენიმე საათში მარკ ფეიგინის გადაცემაში გააკეთა. მან თქვა, რომ სავარაუდოდ რაკეტა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და კორპუსს მას შემდეგ მოხვდა. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა, თუმცა მისი სიტყვები რუსულმა პროპაგანდამ აქტიურად გამოიყენა, უკრაინის შიგნით კი მის მიმართ მწვავე კრიტიკა დაიწყო.

  • რუსეთის შეტევა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოვიგერიეთ–უკრაინის გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. დაღუპულთა რიცხვს გენერალური შტაბი არ ასახელებს.

    უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქებთან, ბახმუტსა და სოლედართან.

    უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 11 რაიონი, 1 მართვის პუნქტი და 2 საწყობი.

  • მემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება-პოლონეთის სეიმის ვიცე–სპიკერი

    პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟეტა გოშევსკამ ტელეკომპანია „ფორმულის” ეთერში, პოლონეთიდან ჩართვისას, მის მიმართ მუქარის შესახებ ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში პოლონეთის ელჩიც ესწრებოდა, დაემუქრნენ, რომ თუ კვლავ ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და საქართველოს სიტუაციის შესახებ, ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას აღარ მისცემენ.

    „მინდა ვთქვა, რომ მე არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის სიცოცხლეზე და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, მემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე და მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს. მე მაგალითად არ მაქვს რუსეთში და ბელარუსში შესვლის საშუალება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება…

    ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და იყოს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები. მე წლების განმავლობაში ვნახულობდი ციხეში ყოფილ პრემიერს, ბატონ ვანო მერაბიშვილს. მაშინ მქონდა ამის საშუალება, ახლა არ მაქვს ამის საშუალება და რამდენჯერმე სააკაშვილის ნახვაზე უარი მითხრეს, ასევე უარი მითხრეს გვარამიას მონახულებაზე…

    როგორც ვიცი ეს საუბარი შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში. როცა ასეთი ტიპის საუბრები ტარდება, ეს როგორც წესი საგარეო საქმეთა სამინისტროში ტარდება და მას [პოლონეთის ელჩს] იქ მიაწოდეს ეს ინფორმაცია. ელჩს უთხრეს, რომ თითქოსდა ჩემი გამონათქვამები ზიანს აყენებენ საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობას, ასევე ანა ფოტიგას გამონათქვამები. ამ კონტექსტში ელჩს უთხრეს, რომ მე დამემუქრება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა”, – ამბობს გოშევსკა [„ფორმულის” სინქრონული თარგმანი].

  • დნიპროში, დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში ქართულ ოჯახს ეძებენ

    დნიპროში , დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში ქართულ ოჯახს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალური ქსელში, ლაშა დიაროვი ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, ქართველი მებრძოლი, ზაქრო ნონიაშვილი, მარიუპოლში იბრძოდა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები. როდესაც, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მარიუპოლის მცველებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ზაქრო ნონიაშვილმა ოჯახი ცხელი წერტილიდან გამოიყვანა. დნიპროში სწორედ იმ კორპუსში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები,  რომელიც რუსმა ოკუპანტებმა 14 იანვარს დაბომბეს.

    ”მეგობრებო, მინდა სულისშემძვრელი ისტორია მოგიყვეთ. დილიდან ძალიან განვიცდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. ოჯახის წევრებისგან მაქვს ნებართვა და ამიტომ დავწერ დეტალებს.ომის დაწყების დღიდან დამიკავშირდა უწესიერესი ქალბატონი ნონა ნონიაშვილი, რომლის ძმაც ზაქრო ნონიაშვილი იბრძოდა მარიუპოლში. ვიდრე უკრაინის პრეზიდენტმა არ მოუწიდა მარიუპოლის დამცველებს ბრძოლის შეწყვეტისკენ, მანამდე ზაქრო გმირულად იცავდა უკრაინასა და საქართველოს. მისი ოჯახის წევრები გაჭირვებით გამოვიდნენ ცხელი წერტილიდან და ქალაქ დნეპრში ელოდებოდნენ ზაქროს ტყვეობიდან განთავისუფლებას. რუსული ტერორისტული სახელმწიფოს, ბოროტების იმპერიის მხრიდან მოხდა დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვა, სადაც იმყოფებოდნენ ზაქროს მეუღლე, შვილი და სიდედრი. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მათი ნანგრევებიდან ამოყვანა ვერ ხერხდება. იმედია, სამივე მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩება. ღმერთმა მისცეს გამარჯვება და თავისუფლება ზაქროს!
    ბოროტების იმპერია მალე განადგურდება, თითოეული რუსი მანიაკი პასუხს აგებს ჩადენილი”-წერს ლაშა დიაროვი.

    14 იანვარს რუსებმა დნიპროში მდებარე მაღალსართულიანი შენობას X-22 რაკეტით დაარტყეს. აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა სახლის ერთ-ერთი სადარბაზო. ეს რაკეტა შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში საზღვაო და ავიამზიდების განადგურების მიზნით.

    დაბომბვის შედეგად, 40 ადამიანი გარდაიცვალა,  საიდანაც 3 ბავშვია, 75 ადამიანი დაშავდა (მათგან 14 ბავშვი).

    ტრაგედიის ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

    რაკეტა რომლითაც რუსეთმა, დნიპროში კორპუსი დაბომბა, ზღვაში ავიამზიდების გასანადგურებლად შეიქმნა

     

  • ნორვეგია ადასტურებს, რომ “ვაგნერის” ყოფილმა წევრმა, ანდრეი მედვედევმა თავშესაფარი ითხოვა

    ნორვეგიის საიმიგრაციო სამსახურმა (UDI) დაადასტურა, რომ რუსმა ანდრეი მედვედევმა, რომელიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის (PMC) ვაგნერის ყოფილი მაღალჩინოსანი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია, ნორვეგიაში თავშესაფარი მოითხოვა.

    ეს ინფორმაცია ნორვეგიის იმიგრაციის დეპარტამენტმა Associated Press-ს დაუდასტურა. ”უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მიზეზების გამო, UDI-ს არ შეუძლია ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება”, – თქვა UDI-მ გამოცემას ელექტრონული ფოსტით პასუხში.

    ყოფილი დაქირავებულის ნორვეგიელმა ადვოკატმა ბრინჯულფ რისნესმა დაადასტურა, რომ მედვედევი ნორვეგიაში იმყოფებოდა და თავშესაფარი ითხოვა.

    საქმე გადაეცა ნორვეგიის საიმიგრაციო პოლიციას, რომელმაც ასევე უარი თქვა საქმის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მედვედევი ოსლოში გადაიყვანეს და მიგრაციის კანონდამრღვევთა ცენტრში მოათავსეს.

    შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნორვეგიის პოლიციამ განაცხადა, რომ მამაკაცმა ნორვეგია-რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

    მამაკაცი, რომელიც ხელისუფლებამ მხოლოდ უცხოელად დაასახელა, მესაზღვრეებმა დააკავეს. პოლიციის თქმით, მისი დაკავება ძალადობრივი არ ყოფილა. სასაზღვრო ზოლში მდებარე კერძო სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა.

    ნორვეგიული საინფორმაციო სააგენტო NTB-ის ცნობით, მამაკაცი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც მედვედევი, გაქცეული იყო მას შემდეგ, რაც 6 ივლისს დატოვა რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი”.

    ვაგნერის ყოფილი მეთაური ნორვეგიაში: რა არის ცნობილი

  • რადას დეპუტატები არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

    უკრაინის რადას დეპუტატები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ოლექსი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. რადას  დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს თქმით, დეპუტატის მიმართვა უკვე გაეგზავნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეს.

    “დროა არესტოვიჩი გადადგეს! ჩვენ, რადას სხვა დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვითხოვთ პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გადაყენებას. არესტოვიჩის წარმოდგენები დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გამო დანგრევის შესახებ სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს”, – განაცხადა გონჩარენკომ.

    • არესტოვიჩის სკანდალური განცხადება დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე  სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით: 

    როგორც ადრე UNIAN-მა იტყობინება, 14 იანვარს რუსი ტერორისტები რაკეტით დაარტყეს დნეპერში მდებარე მაღალსართულიან შენობას, სადაც 1100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. აფეთქებამ კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო მთლიანად გაანადგურა.

    იმავე დღეს, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც სახლს მოხვდა, სავარაუდოდ ჩამოაგდეს საზენიტო თავდაცვის მიერ. შემდგომში საჰაერო ძალებმა უარყვეს ეს განცხადება და აღნიშნეს, რომ უკრაინა ვერ ჩამოაგდებდა ამ ტიპის რაკეტებს.

    დაბომბვის შედეგად, 16 იანვრის მდგომარეობით, დადასტურდა 40 ადამიანის დაღუპვა, მათ შორის 3 ბავშვი, 75 დაშავებული, მათ შორის 14 ბავშვი დაშავდა. მაღალსართულიან კორპუსში მთლიანად განადგურდა 72 ბინა, დაზიანდა 236, განადგურდა 25 მანქანა.

    დღეს, 16 იანვარს, SBU-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ დაადგინეს რუსი სამხედროები, რომლებიც მონაწილეობდნენ სარაკეტო თავდასხმაში.

  • მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო – სალომე ზურაბიშვილი

    ”მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

    მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში

    ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.”

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • “მიხარია, რომ რუსეთის სანქციების ქვეშ ვარ” – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    “კარგი… თუ ეს არის უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასი, მაშინ მოხარული ვარ, რომ სანქციების ქვეშ ვიქნები“,

    აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი.

    ცნობისთვის, 12 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი და კიდევ 36 ადამიანი შავ სიაში შეიყვანა

  • პესკოვი უარყოფს, რომ იერიში დნიპროში კორპუსზე რუსეთმა მიიტანა

    კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ იერიში დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთმა მიიტანა.

    “რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ურტყამს საცხოვრებელ შენობებს ან სოციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. თავდასხმები ხდება სამხედრო ობიექტებზე, აშკარა ან შენიღბული”.-აცხადებს პესკოვი.

    შაბათს მომხდარი თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ცნობებით, რუსეთის თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია.