Category: სლაიდერი

  • თუ ხვალ მშვიდობიანი გადაწყვეტა გვსურს, დღეს მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ უკრაინას – სტოლტენბერგი

    „ეს გადამწყვეტი მომენტია ომში და აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდა. თუ გვსურს ხვალ მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევა, დღეს უფრო მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ [უკრაინას]…[რუსეთის] პრეზიდენტმა მშვიდობისთვის მზადების არანაირი ნიშანი არ აჩვენა და ამიტომ მან უნდა გააცნობიეროს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს“,

    განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

  • ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და აღარ მალავს – მელია

    „სერგეი ლავროვი კმაყოფილია იმ ანტიდასავლური და შესაბამისად ანტიქართული პოლიტიკით, რასაც ატარებს რუსული ოცნება და რაც პირდაპირ გამორიცხავს საქართველოს უმთავრეს მისწრაფებებს, ეროვნულ ინტერესებს; ხელყოფს საქართველოს, როგორც სამშობლოს და როგორც სუვერენულ სახელმწიფოს.

    რუსეთისადმი როგორც მეტროპოლიისადმი, ივანიშვილის გუნდის მარიონეტული დამოკიდებულება, არის პირდაპირი ღალატი, საქართველოს ისტორიის, მისი თანამედროვეობისა და მისი მომავლის.

    ხარობს რუსეთი დღეს იმით, რაც საქართველოში ხდება; ხარობს რუსეთ-საქართველოს კონტაქტების გაუმჯობესებით.

    ეს ხდება იმის ფონზე როდესაც ცივილიზებული სამყაროდან რუსეთი სრულიად იზოლირებულია.

    რუსეთი მარცხდება ომში უკრაინასთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან, ამის ფონზე კი ასრულებს თავის მიზნებს საქართველოში, რბილი ძალისა და მათ მიერ მართული რუსული ოცნების ხელისუფლების მეშვეობით.

    ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და აღარ მალავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია.

    რუსეთს უხარია, რომ საქართველოში ოცნების ხელისუფლების ხელით კლავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, კლავენ კიდევ ერთ პრეზიდენტს საქართველოში – რომელმაც უთხრა რუსეთის მსახურებას „არა“, კლავს ისევე როგორც დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა.

    რუსეთს უხარია, რომ მოახერხა და საქართველოს თანამედროვე, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში შემოიტანა ბზარი და დაქსაქსულობა, მაშინ როდესაც საქართველო რომელიც დგას ისტორიულ გზაგასაყარზე, დგას ადგილზე საიდანაც ნაბიჯი უკან არის უფსკრულში გადაჩეხვა.

    დღეს არის დაქსაქსულობა, იმ პარტიაშიც რომელიც ლოკომოტივის როლს უნდა ასრულებდეს, და ამ უფსკრულიდან ევროპისკენ მიუძღოდეს ქვეყანას.

    ამ პარტიაში, ერთიან ნაციონალური მოძრაობაში, ახლა შიდა არჩევნებია.

    არჩევნები, რომელიც დროულად უნდა დასრულდეს. შემდეგ კი სწრაფი ცვლილებებით, ოპოზიციური ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების კონსოლიდაციით, დავიწყებთ სწრაფ მოძრაობას წინ ევროპისაკენ!

    დღეს რაც ხდება საქართველოში უხარია რუსეთს!

    ვერ გაიხარებს საქართველოში – ვერც რუსეთი, ვერც რუსული ოცნების მთავრობა და ვერც რუსეთის მიერ საქართველოში დამკვიდრებული მეთოდები.

    გავიმარჯვებთ ღირსებითა და სიმართლით ყველა ჩვენს ბრძოლაში, მხოლოდ ასე დამარცხდება რუსეთი საქართველოში”,

    განაცხადა, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

  • ყველაფერი რასაც ვაკეთებთ არის ომის შეჩერების მცდელობა – პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმქ განაცხადა, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ დონბასში ომის შესაჩერებლად დაიწყო.

    „ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციით, არის ამ ომის შეჩერების მცდელობა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

    მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი მტკიცება, რომ დონბასის მიწები, პირველ რიგში, რუსულია.

  • ყველა ინფორმირებული ადამიანისთვის ასეთი განცხადებები უნდა იყოს საგანგაშო – ბოკერია ლავროვზე

    “პუტინის რუსეთს, პუტინს, ლავროვს ახარებს, როდესაც საქართველო არის იზოლირებული დასავლეთისგან და მისი აგრესიისგან არის დაუცველი. ეგ იწვევს სწორედ სიხარულს და ყველამ, ვინც აქამდე მოტყუვდა ივანიშვილის პროპაგანდით, რომ თითქოს ეს ნიშნავს, რომ გადავრჩით რუსეთის თავდასხმას, უნდა გაიხსენოს მაგალითები, თუ რა მოსდით რუსეთის მოკავშირეებს, მათ შორის, ღია მოკავშირეებს, გაიხსენოს რა მოუვიდა ჩვენს მეზობელს, რა მოუვიდა თავის დროზე შევარდნაძეს, როცა დაუთმო, რა მოუვიდა იანუკოვიჩს, ამიტომ ეს განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან, ისევე როგორც ეს იყო 90-იან წლებში”.

    ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.

  • “მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან” – ლავროვი

    “მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან. არის დიალოგის მექანიზმები, რომლებშიც ჩვენც ვმონაწილეობთ. საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ჟენევის მოლაპარაკებებში ახლა დასავლელი მონაწილეები ცდილობენ რომ დიალოგის ეს ფორმატიც იმის მძევლად აქციონ, რაც ახლა უკრაინის გარშემო ხდება. ფიქრობ, ეს ვულგარულია, არაპროფესიონალური. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ კონკრეტულ რეგიონში, რაც მათი პოლიტიკური წყენებითა და კაპრიზებითაა განპირობებული”,

    აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

  • მსოფლიო უსაფრთხო რომ იყოს, რუსეთი ამ ომში უნდა დამარცხდეს – დუდა

    “მსოფლიო უსაფრთხო რომ იყოს, რუსეთი ამ ომში უნდა დამარცხდეს. ის ამ ომს ვერ მოიგებს, ამიტომ მალე ახალს დაიწყებს, ამაში ეჭვი არ მეპარება”,

    ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 17 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

  • მუმლაძე მელიასთან საჯარო დებატებს ითხოვს

    სამარცხვინოა, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ისეთი თავმჯდომარე ჰყავს, რომელიც ამ არჩევნების პირობებში, იმის ნაცვლად, იმაზე საუბრობდეს, თუ რატომ უნდა აირჩიონ ის, იმაზე საუბრობს, თუ ვინ არის დამნაშავე მის წარუმატებლობაში. ნიკა მელიას ეს საუბარი თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო. მე მასთან საჯარო დებატებს ვითხოვ. დამიჯდეს, ვიდებატოთ და საზოგადოებამ ნახოს, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ უკეთესია და ვინ უარესი. რაც შეეხება იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ნიკა მელიამ დაასახელა. პირდაპირ გეუბნებით, მე ნებისმიერი პირის პოლიტიკაში ჩართულობას მივესალმები, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, რადგან, საქართველო რუსულ ჭაობში არ გადაიჩეხოს. პირად წყენებზე მაღლა ყოველთვის საერთო ინტერესები უნდა დადგეს. მეც ასე მოვიქეცი, როცა 7 დეკემბერს პარტიაში მივედი და მათ ჩემი გეგმა შევთავაზე, რომ ქუჩის პროტესტი ძლიერი და მძლავრი ყოფილიყო – ამაზე დაგვთანხმდნენ, თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ პარტია ისევ უუნარო, უმოქმედოა და ნიკა მელია, როგორც თავმჯდომარე თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს.

    თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ TV პირველის ეთერში.

  • არ ვაპირებ “არჩევნებში” მონაწილეობას, ენმ-ს გაყოფა გარდაუვალია – უგრეხელიძე

    “არასდროს ვყოფილვარ პარტიულ სტრუქტურაში, არც შიდა ინტრიგებში ჩართული. ახლაც ვდუმდი, რათა არაფერი დამეზიანებინა. 2016 წელშიც არ ვემხრობოდი გაყოფას, ჩემი ახლო მეგობრები გავანაწყენე და იქ დავრჩი, სადაც ჩავთვალე სწორად.

    დღესაც გაყოფა უკვე გარდაუვალია. ჭუჭყიანი ნიაღვარია ირგვლივ და სუფთა ვერავინ დარჩება. ამიტომ არ ვაპირებ “არჩევნებში” მონაწილეობას. არც ვინმეს ანტიპიარი შემიძლია. ყველა კანდიდატზე შემიძლია დადებითი ვთქვა, მაგრამ ეს აღარავის აინტერესებს. არც ენმ-ს დემონსტრაციულად დატოვებაში ვხედავ აზრს. ვფიქრობ, იმ 600 ათასიდან უმეტესობა ჩემნაირია. ეს არცერთ მხარეს მოეწონება. იმედია, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი უჩემოდაც გადარჩება.”

    წერს Facebook-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სევდია უგრეხელიძე პარტიაში დაგეგმილ შიდა არჩევნებზე.

  • “ტრაგედიის რამდენიმე ვერსია განიხილება”- SBU-ს განცხადება ავიაკატასტროფაზე

    “ტრაგედიის რამდენიმე ვერსია განიხილება” – უკრაინის უშიშროების სამსახური ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

    “უკრაინის უშიშროების სამსახურის გამომძიებლებმა კიევის რეგიონში, ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს.
    ამჟამად ტრაგედიის რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის:
    ▪️ ფრენის წესების დარღვევა;
    ▪️ ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა;
    ▪️ მიზანმიმართული ქმედებები მანქანის განადგურების მიზნით.

    SBU-ს თანამშრომლები ატარებენ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებს, რათა დადგინდეს ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ტრაგედიის დეტალები.”-აცხადებს SBU.

    ავიაკატასტროფა, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები და უკრაინელი მაღალჩინოსნები, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში დღეს დილით მოხდა.

    ჩამოვარდნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღის შენობასთან დაეცა.

  • ლავროვი კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლების უნარით დასავლეთს დაუპირისპირდეს

    რუსეთი პატივს სცემს საქართველოს უნარს  გაუძლოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს ის შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე.

    „ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს … შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს. ის, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვთ სიმამაცე თქვან, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით და მათი ეკონომიკის ინტერესებით იმოქმედებენ, პატივისცემას იწვევს“- განაცხადა ლავროვმა 2022 წელს რუსული დიპლომატიის მუშაობის შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე.

    ლავროვის განცხადებას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტ ალენ ბერსეტთან შეხვედრაზე შვეიცარიულ მხარეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში შუამავლის როლისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილის და შვეიცარიის პრეზიდენტის შეხვედრა გუშინ დავოსში შედგა.