Category: სლაიდერი

  • უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

    უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრანული გამოცემები იუწყებიან, რომ ბელარუსში აფრინდა რუსეთის ფედერაციის MiG-31k VKS, რომელიც არის ე.წ. „ხანჯლების“ რაკეტების შემცველი.

    საჰაერო განგაშის შესახებ ცნობებს ადასტურებს ასევე უკრაინის შინაგან საქმეთა მინსიტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო.

  • გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები – კასიანოვი

    „მივმართეთ თხოვნით და ჩემთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი უკრაინას გადმოსცეთ, სამედიცინო აფთიაქები, გადმოსცეთ ასევე თავის დამცავი საშუალებები, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, ასევე საველე ჰოსპიტლები, რომელიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არის ისეთი პრაქტიკული საგნები, რომლებიც შედის ჰუმანიტარული მხარდაჭერის კატეგორიაში.

    მე მეკითხებოდნენ ქართველი კორესპონდენტები: ბატონო ანდრეი, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“?“, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნით რომ გამოიყენებოდეს ჩვენი დაჭრილების გადასარჩენად, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა“,

    ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

  • ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება – ზელენსკი ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

    ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება. ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს, არსებობს ომის სხვადასხვა მიმართულება, ყოველი სიკვდილი ომის შედეგია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, სადაც მას ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

    პრეზიდენტ ზელენსკის ასევე ჰკითხეს, ღელავს თუ არა საკუთარ უსაფრთხოებზე და გრძნობს თუ არა თავს დაცულად საკუთარ ქვეყანაში.

    „მე ეს არ მაღელვებს. არაფერი შეცვლილა, ისევ გვჭირდება საბრძოლო მასალა, არსად წასვლას არ ვაპირებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • კობახიძის თქმით, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლის აღდგენა “მისასალმებელი იქნება”

    გახსოვთ, რომ 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე, ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართული, ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სომხები, ჩვენი თანამოქალაქეები და რა თქმა უნდა, მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მისასალმებელი იქნება

    აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

  • ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი საქართველოს მიმართულებაზე? – პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი ლავროვზე

    “ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი იმ მიმართულებაზე, რომლითაც საქართველო მიდის და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის სასტიკი პატიმრობის რეალურ მიზეზებზე?

    სანქციები ივანიშვილს და მის ქვეშევრდომებს!!!”

    ასე ეხმაურება პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მალგოჟეტა გოშევსკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

  • აშშ მზადაა დაეხმაროს უკრაინას ოკუპირებულ ყირიმს დაარტყას- NYT

    შეერთებულმა შტატებმა შეიძლება აღიაროს, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი, რომლითაც ოკუპირებულ ყირიმში სამიზნებზე დარტყმას შეძლებს. ამის შესახებ New York Times წერს.

    გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის გადადგას ასეთი ნაბიჯი, თუნდაც ამან ესკალაციის რისკი გაზარდოს. თეთრმა სახლმა დაასკვნა, რომ თუ უკრაინელი სამხედროები აჩვენებენ რუსეთს, რომ ყირიმზე მის კონტროლს შეიძლება საფრთხე დაემუქროს, ეს გააძლიერებს კიევის პოზიციას მომავალ მოლაპარაკებებში. უფრო მეტიც, შეერთებული შტატები აღარ არის დარწმუნებული, რომ მოსკოვი გადაწყვეტს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას ესკალაციის შემთხვევაში.

    როგორც დარა მასიკოტმა, RAND Corporation-ის პოლიტიკის უფროსმა მკვლევარმა თქვა, ყირიმი უკვე არაერთხელ დაიბომბა კრემლის მხრიდან მასირებული ესკალაციის გარეშე.

    ”უფრო მეტი სიცხადეა გამოჩნდა მათ თმენასთან დაკავშირებით  ზიანისა და თავდასხმების მიმართ,” – თქვა მან.

    სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის საზოგადოება ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. ნახევარკუნძულზე დარტყმებმა შეიძლება გააძლიეროს რუსების რწმენა, რომ ომი უნდა მოიგონ. უფრო მეტიც, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არ იციან, რა რეაქცია ექნება პუტინს, თუ უკრაინა ყირიმს ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღით დაესხმება თავს.

    გამოცემა წერს, რომ ამის მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს თავის ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ ნაბიჯს – უკრაინის დახმარებას 2014 წელს ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე შეტევაში. უკვე მიმდინარეობს დისკუსია აშშ-ს მიერ მოწოდებული იარაღის, მათ შორის HIMARS და Bradley AFV-ების გამოყენებაზე.

    თუმცა, როგორც მასალაშია ნათქვამი, პრეზიდენტი ბაიდენი ჯერ არ არის მზად უკრაინას მიაწოდოს შორი დისტანციის სარაკეტო სისტემები, რომლებიც კიევს დასჭირდება ნახევარკუნძულზე რუსული სამიზნეების გასანადგურებლად.

    ჟურნალისტების თქმით, უკრაინის ოფიციალური პირები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ყირიმი მნიშვნელოვანი სამიზნეა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებისთვის. საუბარია სამხედრო ბაზებზე და ზურგში სამხედრო ეშელონებზე, რომლებიც დარტყმის სამიზნე გახდება.

    როგორც აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, უახლოეს თვეებში უკრაინულ ჯარებს შეუძლიათ გამოიყენონ ბრედლი რუსეთის სახმელეთო დერეფნის გასაწყვეტად ყირიმამდე. მისი თქმით, სწორედ ყირიმის სამხედრო ბაზები დაეხმარა რუსეთის ფედერაციას ასე სწრაფად დაეპყრო უკრაინის სამხრეთ რეგიონები  ომის დასაწყისში.

    გამოცემა ასევე წერს, რომ თუ უკრაინა ზაპოროჟიეს რეგიონის დეოკუპაციაზე კონცენტრირდება, მაშინ შესაძლოა წინასწარი დარტყმები  ყირიმში სამიზნეების განადგურებასაც მოიცავდეს.

  • გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე

    გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა BBC-სთან ინტერვიუში.

    ლინდნერმა თქვა, რომ გერმანიამ  მისი  ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სრული დივერსიფიცირება მოახდინა  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

    ლინდნერის თქმით, ბერლინმა ენერგიის იმპორტის ახალი წყაროები მოიძია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეწყვიტა გაზის  მიწოდება ევროპაში.

    „დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მაგრამ დღეს ის აღარ არის რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებული, არამედ მსოფლიო ბაზრებზე“, – განაცხადა მან.

    ადრე გერმანიას რუსეთიდან მიეწოდებოდა გაზის მოხმარების დაახლოებით ნახევარი და ნავთობის მესამედზე მეტი.

    რუსეთმა ქვეყანას გაზის მიწოდება აგვისტოში შეუწყვიტა, ხოლო გერმანიამ რუსული ნავთობის იმპორტი ამ წლის დასაწყისში შეწყვიტა.

    ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიებაში ქვეყანამ ხელახლა გახსნა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, შეაჩერა გერმანიის სამი დარჩენილი ატომური ელექტროსადგურის დახურვის გეგმები და გაზარდა სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის საცავების მოცულობა., როგორიცაა ნორვეგია და აშშ.

    ლინდნერმა, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, ყურადღება გაამახვილა გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის ახალი ტერმინალის აშენების სისწრაფეზე – საცავი დაახლოებით რვა თვეში  აშენდა– თქვა მან.

    ”ეს მხოლოდ ერთი მაგალითია გერმანიის პოლიტიკის უზარმაზარი ცვლილებისა”, – თქვა მან.

    “ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობა უნდა გავაძლიეროთ კანცლერ მერკელის ეპოქის შემდეგ. ეს ეპოქა იყო ორიენტირებული წარსულის ძლიერ მხარეებზე და ახლა ჩვენ ვაშენებთ მომავლის ძლიერ მხარეებს”, – თქვა ლინდნერმა.

    ბატონმა ლინდნერმა ასევე თქვა, რომ გერმანიის ინფლაციამ პიკს გასულ წელს მიაღწია.

    „სავარაუდოდ, გლობალური ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკა აღდგება იმაზე სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

  • გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენები ბაიდენსა და შოლცს მოუწოდებენ უკრაინას ტანკები დაუყოვნებლივ მიაწოდონ

    მაიკლ მაკკოლმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და მაიკ როჯერსმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, მოუწოდეს აშშ-სა და გერმანიის მთავრობებს უკრაინას მიაწოდონ ტანკები და შორი მოქმედების რაკეტები, რაც მას რუსეთის დასამარცხებლად ჭირდება.

    “ბაიდენის ადმინისტრაციისა და ზოგიერთი ჩვენი ევროპელი მოკავშირის ამჟამინდელი ხელების ჩამოშვება და ყოყმანი  უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღები სისტემების მიწოდებაში,  2021 წლის სუსტ პოლიტიკას წააგავს, როგორიც იყო  სანქციების არშემოღება Nord Stream 2–ი მიმართ ან ამერიკული სტინგერების მიწოდება სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკამ ვერ შეაჩერა ეს კონფლიქტი, არსებული გაურკვევლობა და თავშეკავება გაახანგრძლივებს მას, რაც უკრაინელებს სიცოცხლის  ფასად  დაუჯდებათ. დროა ბაიდენისა და შოლცის მთავრობებმა მიბაძონ ჩვენი მოკავშირეების მაგალითს დიდ ბრიტანეთში და აღმოსავლეთ ევროპაში –  დაუყოვნებლივ უნდა დამტკიცდეს Leopard 2 ტანკები, ATACMS და სხვა შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალების გადაცემა.“ – წერს ორი გავლენიანმა რესპუბლიკელი კონგრესმენი ერთობლივ განცხადებაში.

  • დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტი მკვლელობისთვის იყენებს – ზელენსკი

    “დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტი მკვლელობისთვის იყენებს” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

    “ტირანია უსწრებს დემოკრატიას. რუსეთს ომის დასაწყებად ერთ წამზე ნაკლები სჭირდებოდა… დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს. თითქმის ერთი წელია უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთს წინააღმდეგობას უწევენ, ამ პერიოდმა დაამტკიცა, რომ ჩვენმა სწრაფმა ქმედებებმა დადებითი შედეგი მოიტანა”, – თქვა ზელენსკიმ.

    ზელენსკის თქმით, “მსოფლიო ყოყმანობდა”, როდესაც რუსეთმა 2014 წელს, ყირიმი აიღო და 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეიჭრა.

    “მსოფლიომ არ უნდა იყოყმანოს არც დღეს და არც არასდროს. მსოფლიომ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, ვიდრე რუსეთი თავის ახალ ნაბიჯებს გადადგამს. უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებამ უნდა გადააჭარბოს რუსეთის მომდევნო სარაკეტო თავდასხმების რიცხვს. უკრაინაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე რუსეთის თავდასხმა უსაფრთხოებასა ან მშვიდობაზე სხვა ქვეყნებში”, – თქვა ზელენსკიმ.

  • მყარი ნაწილაკების მატება, დიდი ალბათობით, უდაბნოდან მტვრის გავრცელებამ გამოიწვია – სააგენტო

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში, 18 იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.

    „აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

    ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე”,- აცხადებენ სააგენტოში.