Category: სლაიდერი

  • ვართ რთული არჩევანის წინაშე: ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკი – ზელენსკი

    ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია. ახლა უკრაინა შეიძლება დადგეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე: ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკი – ან ურთულესი 28 პუნქტი, ან უმძიმესი, ყველაზე რთული ზამთარი და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე და ის, რომ ვენდოთ მას, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს.

    ახლა უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზეწოლა ხორციელდება.

    ჩვენგან პასუხს ელიან, მაგრამ უკვე გავეცი ამაზე პასუხი 2019 წლის 20 მაისს, როდესაც ვთქვი, რომ ვიღებ ვალდებულებას დავიცვა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

    ჩვენ, რა თქმა უნდა, ფოლადისები ვართ, მაგრამ ყველაზე გამძლე ლითონმაც კი შეიძლება ოდესღაც ვეღარ გაუძლოს.

    ჩვენ რამდენიმე ათას კილომეტრიან ფრონტს ვამაგრებთ და ვინარჩუნებთ. ყოველ ღამე ხალხი დაბომბვების ქვეშაა. უკრაინელებს ძალიან უნდათ, რომ ეს ომი საბოლოოდ სამართლიანად დასრულდეს.

    მივმართავ ყველას — ხალხს და პოლიტიკოსებს — საჭიროა შევიკრიბოთ და შევწყვიტოთ დაპირისპირება.

    ჩვენ არ ვუღალატეთ უკრაინას მაშინ, 2022 წლის 24 თებერვალს და არც ახლა ვუღალატებთ. მე ვიცი, რომ ხალხი ჩემთანაა.

    მომავალი კვირა არ იქნება მარტივი და იქნება მოვლენებით დატვირთული. თქვენ ზრდასრული და ინფორმირებული ხალხი ხართ. ამ დროს დიდი ზეწოლა იქნება. მტერი არ ისვენებს.

    უკრაინული ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან. მე დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ნამდვილად არ მივცემთ მტერს საბაბს, თქვას, რომ უკრაინას მშვიდობა არ სურს“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვრცელ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

  • გია ჯვარშეიშვილს სასამართლომ 7-დღიანი, ელენე ბერიკაშვილს კი 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

    მოსამართლე დავით მაკარაძემ  მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეებს – გია ჯვარშეიშვილს 7-დღიანი და  ელენე ბერიკაშვილს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

    ორივე მათგანი 19 ნოემბერს, მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დააკავეს.

    19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.

  • დასავლეთი ხელებს უგრეხს საქართველოს, სჯის სუვერენიტეტის დაცვისთვის – მარია ზახაროვა

    ”დასავლეთი ხელებს უგრეხს საქართველოს, სჯის სუვერენიტეტის დაცვისთვის” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ 20 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ.

    „მოლდოვა და უკრაინა – ვგულისხმობ ამ ქვეყნებში წლების განმავლობაში არსებულ სიტუაციას, მხოლოდ მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ მათთვის, ვინც გძულს. დასავლეთის, მათ შორის ევროკავშირის, დესტრუქციული პოლიტიკა ნამდვილად იძენს იმპულსს სამხრეთ კავკასიაში. მათ ნამდვილად სძულთ ეს ქვეყნები. ეს ფაქტია. რას აკეთებენ ისინი, მაგალითად, საქართველოში? „დემოკრატიის დაცვის“ თვალთმაქცური ლოზუნგებით დასავლელები რეგიონის სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვას ცდილობენ.

    ევროკავშირის ქმედებები რუსეთთან დაპირისპირების იდეით არის განპირობებული. მუქარა და ზეწოლა ბრიუსელის პოლიტიკის რუტინად იქცა. საქმე დავიდა ერების წინააღმდეგ სანქციების მუქარამდე.

    საქართველო ამის ნათელი მაგალითია. ისინი ფაქტობრივად ხელებს უგრეხენ ქართველებს, სჯიან მათ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მცდელობისთვის. არა „ვიღაცასთან“ კოალიციის შექმნისთვის, არა „ვიღაცის“ მხარდაჭერისთვის, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოს ხალხმა გადაწყვიტა, საკუთარ ქვეყანაში საკუთარი კანონებით ეცხოვრა. როგორც ჩანს, ეს სხვების გაკვეთილის სასწავლებლად კეთდება.

    ცხადია, მოქალაქეების ნების გამოხატვას ევროკავშირისთვის მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მისი შედეგები ქვეყანას „დიდ თამაშში“ პაიკად აქცევს. ამასობაში, დასავლური ინტერესების დამცველ პოლიტიკურ ძალებს უფლება აქვთ გააკეთონ ის, რაც სურთ, რა თქმა უნდა, მიღებული დიდი თანხების სანაცვლოდ“. – თქვა ზახაროვამ.

  • „ამერიკელებთან 1 საათიანი შეხვედრიდან 45 წუთი კობახიძე ივანიშვილის 607 მილიონ დოლარზე საუბრობდა“ – ბოკუჩავა

     „ივანიშვილმა მისი ფულის გამო ქვეყანა ტყვედ აიყვანა, რადგანაც თვლის, რომ ეს 607 მილიონი, რომელიც სინამდვილეში, კერძო დავის საგანი იყო მასა და შვეიცარიულ ბანკს შორის, ახლა უხილავ მასონთა ლოჟას აქვს დროებით მიტაცებული და მისი დაბრუნების მიზნით ივანიშვილმა მიიტაცა მთელი ქვეყანა. ახლა ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ის შედგა, როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკონ, რომ საბოლოო ჯამში, მან დაიბრუნოს ეს 607 მილიონი.

    მე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე ვიზიტი, რაც შედგა საქართველოში აშშ-ს მხრიდან და ეს იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, ერთ საათიანი შეხვედრიდან ირაკლი კობახიძე 45 წუთი სწორედ ამ 607 მილიონ დოლარზე საუბრობდა, რომლის დაბრუნებაც ივანიშვილისთვის დღეს, უმთავრესი ამოცანაა“,

    ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა 24 ნოემბერს ლონდონში ჩანიშნულ პროცესს, რა დროსაც სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს ბერმუდაზე ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე.

  • გზაზე აღარ არის საუბარი, ტროტუარზე გავლას უზღუდავენ მარშის მონაწილეებს, ეს სამართლის რომელ ნორმაში ჯდება? – სიმონიშვილი

    „პოლიცია აქციის მონაწილეებს აღარ აძლევს გზის გადაკეტვის შესაძლებლობას და ამიტომ აქციები გახდა უფრო მობილური – დაიწყეს საპროტესტო მსვლელობა. ეს პროტესტის იმდენად ეფექტური ფორმა აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, არ აწყობდათ თბილისის ქუჩებში ბევრ ადამიანს დაენახა პროტესტის შესახებ, ამიტომ სხვადასხვა ქუჩაზე უქმნიან წინააღმდეგობას აქციის მონაწილეებს.

    28 ნოემბერს რას გააკეთებენ, როდესაც ათასობით ადამიანი კვლავ გამოვა ქუჩაში? ისევ შეეცდებიან, რომ ტროტუარზე დააყენონ პოლიციელები და შეკრება შეზღუდონ? ამას ხომ ვერ გააკეთებენ. 28 ნოემბერს ათასობით ადამიანი გამოვა და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ერთმანეთს, რომ ათასობით ადამიანი აპროტესტებს იმას, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. რეალურად, ტროტუარზე გავლას უზღუდავენ ადამიანებს, რომლებიც მარშში მონაწილეობენ. გზაზე კი არ არის საუბარი. ეს სამართლის რომელ ნორმაში და ჩარჩოში ჯდება? სამართლის ვერცერთ ნორმას ვერ ასახელებენ, რომლითაც ტროტუარზე გადაადგილება არის შეზღუდული. „ქართული ოცნების“ კანონებშიც კი, ტროტუარზე პროტესტის გამართვა და გადაადგილება შეზღუდული არცერთ შემთხვევაში არ არის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროტესტის ცვლილებით მიიღო, ეს არის ისევ და ისევ მისი გაუაზრებელი, დაუფიქრებელი პოლიტიკის შედეგი. რეალურად, დღეს „ქართული ოცნების“ მდგომარეობა არის კედელში რომ წყალი ჟონავს, ხან ერთ ადგილს ააფარებ ხელს, ხან მეორეს, მაგრამ ის წყალი აუცილებლად სხვა ადგილას გამოჟონავს. თუნდაც ის, რომ ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვას შეეცადონ, ეს პროტესტი აუცილებლად სხვა ფორმას მიიღებს“,

    ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სვიმონიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობისას სამართალდამცველების მიერ დაწესებული შეზღუდვები.

  • პირადი გადაწყვეტილებაა, უამრავი შეურაცხყოფა მიიღო – კალაძე ძაძამიაზე

    პირადი გადაწყვეტილებაა, უამრავი შეურაცხყოფა მიიღო – კალაძე ძაძამიაზე

    “ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს. ის ქართული ოცნების მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას”

    ქართული ოცნების მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ლუკა ძაძამიამ საკრებულო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა და მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

     

  • შსს-ს ცნობით, 2019 წელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე, 2019 წლის 23 ივნისს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავისა და სახის არეში ბლაგვი საგნის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა 1932 წელს დაბადებულ მ.კ.-ს.

    სხეულზე მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად მ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

    დანაშაულის ჩამდენი პირი გ.ფ. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    უწყების ცნობით, გ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების ბ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ვინ ეკითხება მეორე მხარეს, როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია? – პაპუაშვილი

    ვინ ეკითხება მეორე მხარეს, როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია? – პაპუაშვილი

    მზად იყო დელეგაცია, რომ მიეღო მონაწილეობა ამ შეხვედრაში, მზად იყო, რომ ყველა ის ცრუ ნარატივი, რომელზეც დღეს ბრიუსელი დგას, იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ბრიუსელი ავრცელებს არგუმენტირებული პასუხი გაეცა. სინამდვილეში გაექცნენ ზუსტად ამ დიალოგს. ვინაიდან იციან, რომ ცრუ ნარატივებს ვერ შეინარჩუნებენ და ერთი მართალი სიტყვა ჩამოამსხვრევდა ამ ცრუ ნარატივებს. ასე რომ ვინც გაურბის დისკუსიას, ის არის სუსტი. ძლიერს არ ეშინია დისკუსიის. ამიტომ არის, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერი რადიკალური აზრის მქონე ადამიანთანაც კი დისკუსიისთვის და მსჯელობისთვის. მსჯელობას გაურბიან სუსტები.

    რაც შეეხება საბაბების ძიებას, რომ თითქოს ვიღაც იყო დელეგაციიდან მიუღებელი, ჯერ ერთი, ვინ ეკითხება იმ მეორე მხარეს როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია. მათ თუ სურთ მოისმინონ პასუხები, საქართველოს მთავრობამ დააკომპლექტა დელეგაცია ისე, რომელიც გასცემდა კომპეტენტურ პასუხებს. და მეორე, ვინ გვეუბნება ამას – ბრიუსელი? სადაც ევროკომისიის კაბინეტებში ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ სულ ცოტა ხნის წინ, მართლმსაჯულების კომისართან რომ ეჯდათ ზურაბ ადეიშვილი, წამების სისტემის შემქმნელთან რომ იჯდნენ, დიალოგი, დისკუსია, მეგობრობა და ჩახუტება ჰქონდათ? ეს ხალხი გვიწუნებს ჩვენ რამეს დელეგაციაში?

    ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გაუქმებაზე.

  • სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ – ჩვენი გეგმაა რუსეთის დასუსტება – კალასი

    სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ – ჩვენი გეგმაა რუსეთის დასუსტება – კალასი

    „ევროკავშირი ყოველთვის უჭერდა მხარს სამართლიან, მყარ და ყოვლისმომცველ მშვიდობას. დღეს ბოლო მოვლენები განვიხილეთ და [უკრაინის საგარეო სააქმეთა] მინისტრმა სიბიგამ მოკლედ გაგვაცნო უკრაინის პოზიცია. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა: ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ“

    ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ქრთამის აღების ფაქტზე თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი დააკავეს

    ქრთამის აღების ფაქტზე თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმ ქრთამის აღების ბრალდებით, თბილსერვის ჯგუფის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს. ბრალდებული ქალაქ თბილისში, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისთვის კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის მიწოდების, მათი დაჯარიმებისგან თავის შეკავებისა და ჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების სანაცვლოდ, ამავე გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პირებისგან ორ კვირაში ერთხელ 3 000 ლარს ითხოვდა.

    სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით 3 000 ლარის აღებისთანავე და ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკაცრად აფრთხილებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ კორუფციული დანაშაულისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი უკანონო ქმედებების აღკვეთაზე სამსახურის რეაგირება ყოველთვის იქნება მყისიერი და პრინციპული”, – ვკითხულობთ განცხადებაში.