Category: სლაიდერი

  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დავიწყებთ – ტყემალაძე

    „გიდასტურებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. ეს დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს. ახლა ტექნიკურ დეტალებზე ვმუშაობთ, შევარჩევთ დროს, როცა ნაკლები დისკომფორტი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ვფიქრობთ, 4 თვის ვადაში იყოს განხორციელებული აღნიშნული პროექტი“,

    ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • რუმინეთმა და პოლონეთმა, უკრაინაზე საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები განალაგეს

    უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის დროს პოლონეთსა და რუმინეთში NATO-ს ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავები ააფრინეს. ამის შესახებ, ვარშავასა და ბუქარესტში სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

    ერთმა რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 7 კილომეტრის სიღრმემდე შეაღწია რის შემდეგაც, ის რადარიდან გაქრა.

    რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის სასაზღვრო საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის ორი გერმანული Eurofighter და ორი რუმინული F-16 ააფრინეს.

    სამინისტროს განცხადებით, რუმინეთის ტერიტორიაზე დარტყმის ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისი უწყებები დრონის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

    პოლონეთში შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ შეტევის დროს ავიაგამანადგურებლები საჰაერო განგაშზე გადავიდნენ და საჰაერო თავდაცვამ “უმაღლესი მზადყოფნის მდგომარეობას” მიაღწია.

    „სიტუაციას მუდმივად ვაკვირდებით. დაქვემდებარებული ძალები მზად არიან ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში მყისიერი რეაგირებისთვის,“ — აცხადებს პოლონეთის საოპერაციო სარდლობა.

  • tv იმედის წამყვანი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის სამინისტროს ანაზღაურებადი კონსულტანტი გახდა

    სამთავრობო ტელეკომპანია იმედის წამყვანი და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის სამინისტროს ანაზღაურებადი კონსულტანტი გახდა – ინფორმაციას BMG ავრცელებს. ის მარიამ ქვრივიშვილის გუნდს „სამინისტროსთან დაკავშირებული სტრატეგიული კომუნიკაციის ჩარჩოს შემუშავებაში“ დაეხმარება.

    BMG-ის აღნიშნული ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, მაგრამ კონკურენტული პასუხების გარეშე დატოვეს BMG-ის კითხვები: 1. როდის დაინიშნა გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის სამინისტროს კონსულტანტად და რამ შექმნა აღნიშნულის საჭიროება; 2. რამდენია გიორგი აბაშიშვილის სახელფასო ანაზღაურება; 3. ასევე, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები ეხება თუ არა გიორგი აბაშიშვილს?

    ეკონომიკის სამინისტროს წერილობითი განმარტების თანახმად, გიორგი აბაშიშვილი არ წარმოადგენს შტატით გათვალისწინებულ/შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს. როგორც ჩანს, სამინისტრო მისგან მომსახურებებს პერიოდულად შეიძენს.

     

    „გაცნობებთ, რომ შემხვედრი საჭიროებებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მიზანშეწონილად მიიჩნია, სამინისტროსთან დაკავშირებული სტრატეგიული კომუნიკაციის ჩარჩოს შემუშავების, ანალიტიკური მიმართულების გაძლიერების, კერძო სექტორთან, აკადემიურ და ბიზნესწრეებთან თემატური სტრატეგიული მართვის ხელშეწყობის და გაუმჯობესების მიზნით, განეხორციელებინა შესაბამისი სპეციალისტის მომსახურების შეძენა, რომელიც აქტიურად იქნებოდა დაკავშირებული სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებებთან.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა გიორგი აბაშიშვილთან, მითითებულ სფეროში მისი ცოდნის და სათანადო გამოცდილების გათვალისწინებით“, – წერია მარიამ ქვრივიშვილის უწყების მიერ მომზადებულ წერილობით პასუხში, რომლის მისაღებად BMG-ის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა დასჭირდა.

    სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, ეკონომიკის სამინისტროს, ჯერჯერობით, ფიზიკურ პირ გიორგი აბაშიშვილთან ერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მომსახურების საგანი ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებაა. ხელშეკრულების ღირებულებაა 833 ლარი და 33 თეთრი. მომსახურების პერიოდი: 11 ნოემბერი – 31 დეკემბერი.

    ცნობისთვის: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანახმადვე, გიორგი აბაშიშვილის დაფუძნებულ „მედია ჯგუფი ინსაიდერ – საქართველოსთან“ [გარდა გამარტივებული შესყიდვებისა] სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციას არაერთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომელთა ღირებულება ათასობით ლარია. მაგალითად: 2025 წელს დადებულ ხელშეკრულებებს შორისაა: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება – 14 400 ლარი; საქაერონავიგზაცია – 9 960 ლარი; კურორტების განვითარების სააგენტო – 4 994 ლარი; ჩუღურეთის რაიონის გამგეობა – 3 675 ლარი; სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო – 9 934 ლარი. პროფესიული უნარების სააგენტო – 4 920 ლარი;; სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო – 4 992 ლარი; აწარმოე საქართველოში – 16 500 ლარი; აჭარის წყლის ალიანსი – 4 400 ლარი.

  • საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო – საგარეო

    საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო – საგარეო

    “საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო” – ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გაუქმების შემდეგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა “გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით”.„ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო. იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ევროკავშირის მხარემ ყველა დონეზე შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა, როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა.

    ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გაწია იმისათვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირის მხარისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყოფილიყო შესაძლებელი და სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით შედგა საქართველოს დელეგაციაც შესაბამისი უწყებების მონაწილეობით.

    სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით. აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის.

    ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის, პოლიტპატიმარ ჟურნალისტის მზია ამაღლობელის განაჩენი, 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.

    მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სააპელაციო საჩივრით მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმება და გათავისუფლება მოითხოვეს, პროკურატურა კი მზია ამაღლობელისათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვდა.

    სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმე მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილა. მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი იყო. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები – მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. სააპელაციოში პროკურატურას პროკურორები თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე წარმოადგენდნენ. ისინი ბრალის დამძიმებასა და სულ მცირე 4 წლით პატიმრობას ითხოვდნენ.

    6 აგვისტოს მოსამართლე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიტიკურ პატიმარს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. სახელაშვილმა ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

  • პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის თუ რა დამხვდება პატიმრობის შემდეგ გარეთ – მზია ამაღლობელი

    “პატიმრობა არ მაშინებს, პატიმრობის შემდეგ რა დამხვდება გარეთ” – განაცხადა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

    „სათქმელი არაფერი არ არის, რეალურად, გარდა იმისა, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ ღირსებული დაცვისთვის. დაცვის სიტყვა, რომელიც დღეს ამ ისტორიულ შენობაში მოვისმინეთ, რომელსაც სასამართლო ჰქვია, არის სიმართლის ხმა, ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს მე და ვფიქრობ, ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ბრძოლის მაგალითი. განსაკუთრებით, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვის.

    არ ვიცი, დღეს თუ ხვალ, როდის გამოიტანთ გადაწყვეტლებას და რამდენად სამართლიანი იქნება. რამდენად ჩამტოვებთ სისხლის სამართლს დანაშაულში სილის გაწვსითვის. არ ვიცი, დაველოდები გადაწყვეტილებას.

    საპატიმრო სასჯელის რაოდენობაზე აღარ ვსაუბრობ, გამომდინარე იქიდან, რომ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს დღეს ქვეყანაში …

    ერთ-ერთი ადვოკატი გამეხუმრა, დარბაზიდან რომ გაგიშვან, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთო. ჩავთვალოთ, დარბაზიდან გამიშვით. ვფიქრობ, რომ სახლში მისვლამდე შეიძლება უკან მიმაბრუნონ, იმდენად რეპრესიული კანონებია. სამედიცინო პირბადის ტარების გამო შეიძლება დაგაჯარიმონ, დაგაპატიმრონ […] კითხვა – „რატომ“ – არ უნდა დავსვათ. იმიტომ, რომ რეჟიმს რაც მოუნდება, გააკეთებს და მოიფიქრებს მიზეზებს.

    […]თუ დავკარგავთ რწმენას, რეჟიმი აუცილებლად არაერთჯერ დაგვაპატიმრებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ მუდმივად დამცირებულები, შეურაცხყოფილები და საკუთარი ქვეყნიდან განდევნილებიც ვიყოთ.

    პატიმრობა სასურველი არ არის, არც მარტივია, მაგრამ საშიშიც არ არის. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის, პატიმრობიდან როცა გამოვალ, რა დამხვდება გარეთ.

    დამხვდება ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ დამხვდება ქვეყანა, რომელიც პროპაგანდამ ეკონომიკურმა გამოწვევებმა … ტანკის გარეშე რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა დამხვდება?!

    ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დარბაზიშია, ღირსება გადის საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის, იმიტომ, რომ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება გვაქვს.

    ბრძოლა ბოლომდე!“ – ასე დაასრულა მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოში.

  • თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება, ქვეყანა დაუბრუნება გაფართოებას – კუბილიუსი

    როგორ უნდა დავეხმაროთ საქართველოს? პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაწევრიანდეს მოლდოვა, უკრაინა, დასავლეთ ბალკანათი და მონტენეგრო. ამით დავეხმარებით საქართველოსაც. ეს იქნება არგუმენტი, რომ გაფართოება ხორციელდება. დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი ოლიგარქი აგზავნიდა მესიჯებს, რომ დაივიწყეთ გაფართოება, რადგან ის არ არის რეალური რამ. ახლა ჩვენ შეგვიძლია მკაფიოდ ვაჩვენოთ არგუმენტიც და მტკიცებულებაც. გაფართოება მოხდება და საქართველოც დაუბრუნება გაფართოებას თუ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება.

    ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

  • სასწრაფოდ საჭიროა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა – პეტრას აუსტრევიჩუსი

    „საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციით დაარსებული ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება გადაწყვიტა, როგორც გარედან თავსმოხვეულის. სასწრაფოდ საჭიროა ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა“,

    ამის შესახებევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.

  • ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას რომ მათი არსებობა არ დავაზიანოთ – კოსი

    „რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რასაკვირველია [ვაგრძელებთ], მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან, ძალიან რთულია. რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ფული ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობდა. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა“

    აცხადევს გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსი.

  • რეჟიმი ქართველი ხალხის ნებას არ მიჰყვება, მას მთავრობად არ მოვიხსენიებ – ცაჰკნა

    სულ რაღაც წელიწადზე მეტი ხნის წინ საქართველოში ვიყავი. იქ ბალტიისა და ისლანდიის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ჩავედი არჩევნების ჩატარებამდე და მეც დავინახე ქართველი ხალხის დიდი სურვილი და მათ სჯეროდათ, რომ ამჯერად, ხელმძღვანელობა დაპირებას შეასრულებდა დასავლეთთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ, მაგრამ ეს [დაპირება] ძლიერ დაირღვა.

    ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ქართველ ხალხთან, ძლიერ მხარს ვუჭერდით მათ რეფორმებს და ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ… ამ მთავრობას მთავრობად არ მოვიხსენიებ, არამედ ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ მიჰყვება და რასაც ახლა ვხედავთ მოვლენების ისეთივე განვითარებაა, რაც ბელარუსში წლების წინ ვიხილეთ. ეს ძალიან სახიფათო რამაა. ესტონელ ხალზე შემიძლია გითხრათ, რომ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ნების მხარდაჭერას თავისუფლებისთვის.

    თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აშშ-ს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, რომელიც “NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების” პოლიტიკას ეხებოდა.