Category: სლაიდერი

  • სამგზავრო მატარებლის ავარია ნიდერლანდებში: არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ნიდერლანდებში რელსებიდან გადავიდა სამგზავრო მატარებელი , რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სამშენებლო ამწეს შეეჯახა, რომელიც რკინიგზის ლიანდაგზე იდგა.

    ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით მგზავრი დაშავდა, მათგან ბევრი მძიმედ. სახანძრო-სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ 19 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

    სააგენტო ANP იუწყება, რომ მატარებლის პირველი ვაგონი შეჯახების შემდეგ რელსებიდან გადავიდა და მიწას დაენარცხა, მეორე გვერდზე გადაბრუნდა, მესამე ვაგონში კი ხანძარი გაჩნდა.
    ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NOS-ის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა.

    სამგზავრო მატარებელი ჰააგიდან ქალაქ ლეიდენისკენ მიდიოდა, ავარია კი ქალაქ ვორშოტენთან მოხდა.

    ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები.

  • “პუტინის ობობები”–Times პროპაგანდისტ ტატარსკის მკვლელობას რუსეთის შიდა დაძაბულობას უკავშირებს

    ბრიტანული გაზეთი  „თაიმსი“ აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „პუტინის ობობები“– სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების შესახებ, რომლის დროსაც  ომის მხარდამჭერი რუსი ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი (მისი ნამდვილი სახელია მაქსიმ ფომინი) დაიღუპა.

    გაზეთის ჟურნალისტების თქმით, ტატარსკის მკვლელობა უფრო მეტად უკავშირდება რუსეთში არსებულ შიდა წინააღმდეგობებს, ვიდრე უკრაინის სპეცსამსახურების ქმედებებს.

    ამავდროულად, Times მიუთითებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის სიტყვებზე, რომელიც ტატარსკის გარდაცვალების კომენტირებისას დაწერა, რომ “ობობები ქილაში ერთმანეთს ჭამენ”.

    რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვერსიის საპასუხოდ, რომ  აფეთქებაზე პასუხისმგებელი უკრაინაა, გაზეთი წერს: “ეს იყო მეტისმეტი პუტინის საინფორმაციო მანიპულატორებისთვისაც კი. ამგვარი ბრალდებები შეიძლება კიევის უსაფრთხოების სამსახურებისთვის კომპლიმენტიც იყოს, მაგრამ მათ ოფიცრებს აშკარად არც დრო აქვთ და არც შესაძლებლობა,  რუსეთის ულტრანაციონალისტურ წრეებში აგენტები გადაიბირონ“.

    „სინამდვილეში მკვლელობა ასახავს პუტინის ელიტაში განხეთქილებას, შიდა პოლიტიკის სისასტიკეს და განგსტერულ მენტალიტეტს, რომელიც ომის პერიოდის რუსეთში დომინირებს“, – ნათქვამია Times-ის რედაქციაში.

    გაზეთი რუსი ფილოსოფოსის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მკვლელობასაც იხსენებს, რომელიც გასულ ზაფხულს მოხდა, და მას რუსულ ელიტაში განხეთქილებას უკავშირებს.

    ამგვარი განხეთქილების აღწერისას, Times-ის ჟურნალისტები იხსენებენ კონფლიქტს ვაგნერის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინსა და მის მხარდამჭერ ულტრანაციონალისტებს შორის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ფომინი მხარს უჭერდა პრიგოჟინის შეხედულებებს – და ააფეთქეს კაფეში, რომელიც მას ეკუთვნოდა, იხსენებს გაზეთი.

    „პირველი, რაზეც შეიძლება ეჭვი მივიტანოთ, არის ის, რომ თავდასხმა მოაწყეს ან ვაგნერის ჯგუფის შიდა მოწინააღმდეგეებმა, ან მათ, ვინც ეჭვიანობს მისი გავლენების გამო კრემლში“, – თვლის გამოცემა.

    სტატიაში ნათქვამია, რომ რუსულ საზოგადოებაში უკმაყოფილება არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯარით. გაზეთი იხსენებს, რომ ბოლო დროს მსხვილი ენერგეტიკული კომპანიების სულ მცირე 15 მაღალი თანამდებობის პირი იდუმალ ვითარებაში დაიღუპა – მაღალი შენობების ფანჯრებიდან ან მოტორიანი ნავებიდან გადმოვარდა.

    მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს შემთხვევა ფორმალურად არის აღწერილი, როგორც უბედური შემთხვევა ან შესაძლო თვითმკვლელობა, სინამდვილეში ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს ფულადი სახსრების განაწილების ცვლილებებთან: რუსეთში ეკონომიკური ვარდნის ფონზე, “ფულის მოტეხვის“ შესაძლებლობები მცირდება, იტყობინება Times. .

    გაზეთი მოჰყავს Wall Street Journal-ის კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის სტატია, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებამდე თავის გაზეთში აღწერდა, თუ როგორ იზრდებოდა რუსული  წინააღმდეგობა ფინანსებთან დაკავშირებით  სამხედრო ხარჯების დაფინანსებასა და სუბსიდიების გადახდის აუცილებლობას შორის არჩევანის გამო, მუშახელის საერთო ნაკლებობისა და ახალგაზრდების მობილიზაციისგან მასობრივი გაქცევის გამო.

    „ამგვარად, ბზარები იწყებს ფორმირებას ავტოკრატიულ რეჟიმში, რომელიც სასტიკი ხდება, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს“, – ასკვნის Times. პუტინმა შექმნა სისტემა, რომლის დახმარებითაც მან მისი გაანგარიშებით მინიმუმ კიდევ 10 წელი შეიძლება მართოს ქვეყანა, თუმცა ყოველდღიურად ეს სცენარი სულ უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება.

  • პოლიტიკური დაკავებაა, წინასწარ ხატავდნენ ამ ადამიანის სურათს – მამუკა ახვლედიანი გრიგორიადსზე

    პოლიტიკური დაკავებაა, წინასწარ ხატავდნენ ამ ადამიანის სურათს – თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი განმარტავს, თუ რატომ არის ლაზარე გრიგორიადისის დაკავება პოლიტიკური.

    “ამ საკითხს მე დავარქვი პოლიტიკური დაკავება იმიტომ, რომ ფაქტობრივად, პოლიტიკური თანამდებობის პირები წინასწარ ხატავენ ადამიანის სურათს, აჩვენებენ ვიზუალს და ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მათ წინასწარვე იცოდნენ ვინ უნდა შეერჩიათ. დარღვევაზე რომ იყოს საუბარი, შესაძლებელია, იქ ბევრმა დაარღვია, თუმცა ასეთი ტიპის დემონსტრაციების დროს ბევრი რამე შესაძლებელია დასაშვები იყოს.

    მეც ვიყავი ამ დემონსტრაციაზე და გაცილებით მეტი დარღვევა დავინახე სამართალდამცავებისგან, ვიდრე მოქალაქეების მხრიდან. მოქალაქეები ფაქტობრივად თავს იცავდნენ, როცა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ხდებოდა. რა თქმა უნდა, როცა სხვა ფორმა არ გაქვს, რომ გამოხატო და დაიცვა შენ უფლებები, რაღაც ფორმები დასაშვებია. რა თქმა უნდა, მოლოტოვის კოქტეილი მოსაწონი არ არის, მაგრამ მაშინ ნახევარი ევროპა დაკავებული უნდა იყოს, იმდენჯერ ხდება მსგავსი ქმედებები. ამ ადამიანის მიმართ შესაძლებელია ადმინისტრაციულად ან ჯარიმით გამოიხატოს ამ ადამიანის მიმართ.

    ადვოკატი საუბრობს, რომ მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებით არის ადამიანი დაკავებული, რაც წარმოუდგენელია. როცა პოლიტიკოსები წინასწარ საუბრობენ და ხატავენ ამ ადამიანის სურათს და შემდგომ გვაჩვენებენ ვიზუალს, ესაა მიზანმიმართული ქმედება. ისინი, ფაქტობრივად, დავალებას იძლევიან სასამართლოს მიმართ”- აცხადებს ახვლედიანი.

  • რუსებმა დაბომბეს ხერსონში საავადმყოფო, სადაც 200-ზე მეტი პაციენტი იმყოფება

    რუსებმა დაბომბეს ხერსონში საავადმყოფო, სადაც 200-ზე მეტი პაციენტი იმყოფება  – ინფორმაციას რეგიონული ადმინსიტრაცია ავრცელებს.

    “ორასზეე მეტი ფანჯარაა მინის გარეშეა, ასევე დაზიანებულია საავადმყოფოს ირგვლივ ღობე. ამჟამად დაწესებულებაში ორასზე მეტი პაციენტი მკურნალობს და 100 სპეციალისტი მუშაობს”, – წერს ხერსონის რეგიონული ადმინისტრაცია.

  • “რესპუბლიკურის დემონტაჟი მოხდება, რეაბილიტაცია თუ ა.შ, საბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ მივიღებთ” – აზარაშვილი

    “თვენახევრის წინ ვთქვი, რომ პირველადი შეფასებით, პირველადი დასკვნებით, აუცილებელი იქნებოდა შენობის ნაწილის დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება. როგორც მაშინაც აღვნიშნე, ვმუშაობდით კონცეფციაზე, შესათავაზებელ პირობებზე; ყველა დასაქმებული სამედიცინო პერსონალიდან აუცილებლად იქნებოდა უზრუნველყოფილი სამსახურით ან გაგრძელდებოდა სახელფასო ანაზღაურების გადახდა….

    პარალელურად, რამდენიმე სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარეობს შეფასებითი სამუშაოები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ტექნიკური, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით – რას ვიზამთ, დემონტაჟი მოხდება, რეაბილიტაცია თუ ასე შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას ყველა დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ მივიღებთ.

    კლინიკა რომ უნდა იყოს სახელმწიფო კლინიკა, მაღალტქენოლოგიური და ყველა სტანდარტების შესაბამისი, რა სტანდარტებსაც ჩვენ 2025 წლიდან საქართველოში მოქმედ ყველა კლინიკას ვთხოვთ, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მიღებულია და არ შეიცვლება. ახლა უკვე დეტალებია დასაზუსტებელი, როგორ მოხდება. სხვადასხვა ვადაში იქნება წარმოდგენილი დოკუმენტები. პარალელურად სწავლობს როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის დაქირავებული კონსულტანტების ჯგუფი.

    ბოლო ორი თუ სამი წლის განმავლობაშიც ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად სწავლობდა აღნიშნულ კლინიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს და თავის შეთავაზებას ამზადებდნენ. რაღაც პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო, დღეს უკვე გაგრძელებულია პროცესი და საბოლოო დასკვნა გვექნება”

    ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს. აზარაშვილი  ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხის დეტალურად განიხილვა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.

  • ვერავის ვენდობით, ვერც ევროპასა და ამერიკას – ბეჟან წაქაძე

    თუ ვინმე დააშავებს, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს, იქნება ეს ოპოზიციის ლიდერი, ბეჟან წაქაძე თუ ვინმე სხვა. [მარტის აქციებზე] პოლიტიკოსებმაც დააშავეს, მაგრამ ეს რა სტატუსით, როგორ და რა პროცენტით იყო, ამას გაარკვევენ […] ხედავთ, საფრანგეთში რა ხდება. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები გაცილებით ლმობიერად იქცევიან, ვიდრე პარიზში. ჩვენ გამოვიყენეთ ადეკვატური ძალა, ისიც ძალიან მსუბუქად, რომ იმაზე მეტი უბედურება არ მომხდარიყო, რაც მოხდა. ეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულება იყო, რომ როდესაც ადამიანი არ გიჯერებს და დანაშაულს სჩადის, უნდა აღკვეთო […] ცალსახად ჩვენ ვერავის ვენდობით. ცალსახად, რომ აი, მივენდოთ და რასაც იტყვით თქვენ, გავაკეთოთ – ვერც ევროპასა და ამერკას და ვერც ვერავის.

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ.

  • ნობელის ლაურეატიც რომ იყოს, მაინც სამარცხვინო ამბავია – სამადაშვილი იოსელიანის მოადგილეზე

    ნობელის ლაურეატიც რომ იყოს, მაინც სამარცხვინო ამბავია – ასე ეხმაურება, ლელოს დეპუტატი სალომე სადამაშვილიმ სახალახო დამცველის,  ლევან იოსელიანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით მან  თავის მოადგილედ “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილი დანიშნა.

    ”იოსელიანი ეტყობა იმ პირობით დანიშნეს ქოცებმა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს უბრალოდ კი არ გაანეიტრალებდა, არამედ რაღაც კანტორად აქცევდა.

    წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა მისი პარტიის თავმჯდომარის ნათესავი, სულ რომ ნობელის პრიზის ლაურეატი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, მაინც სამარცხვინო ამბავია მისი მოადგილედ დანიშვნა.

    თავისუფლად შეეძლო პირიქით, არასამთავრობო სექტორის ნდობით აღჭურვილი პირი დაენიშნა და ამით მის მიმართ უნდობლობის პრობლემა შეემსუბუქებინა.” – განაცხადა სამადაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს ახალი მოადგილეები წარადგინა, რომელთა შორის ერთ-ერთი, ნათია ჯულუყიძე “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია.  ის სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.

    სახალხო დამცველის ახალი მოადგილე ნათია ჯულაყიძე ამბობს, რომ ის ლევან იოსელიანთან წლების განმავლობაში მუშაობდა და პარტია მოქალაქეების პოლიტიკური საბჭოს წევრიც იყო. ჯულაყიძე ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილის დისშვილია.

    “კი, მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო არის ჩემი ბიძა, ბიძად მეკუთვნის, მისი დისშვილი ვარ. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და იქიდან გამომდინარე, მე მანამდე, ლევანთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთად ვმუშაობდით.

    აქედან გამომდინარე, მეც, როდესაც დააარსეს ეს პარტია, ჯერ როგორც აქტიური მხარდამჭერი, ისე ვეხმარებოდი და მერე როგორც უბრალოდ რიგითი წევრიც, ვიყავი პარტიის. კი, პოლიტიკურ საბჭოშიც ვიყავი.” – ამბობს ჯულაყიძე.

  • წინასწარი ვარაუდით, რეკომენდაციას გასცემენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე – იოზვიაკი

    ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის შესახებ. გაფართოების საბოლოო მოხსენება მოსალოდნელია ოქტომბერში, ასე რომ დარჩენილია 6 თვე, მაგრამ წინასწარი სამუშაო ვარაუდი ასეთია: რეკომენდაცია რომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე, კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“,

    ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი  Twitter-ზე წერს.

  • ”შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას” – ლაზარე გრიგორიადისის მამა

    შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას – წერს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი.

    ”როცა ვფიქრობ, როგორ უთენდება დღე და უღამდება იმ ოთხ კედელში ჩემს შვილს, უფრო და უფრო რაც დრო გადის, გული მეწვის. მე არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ ბოღმას გულში. იტყვიან, სხვას შვილები უკვდებიან და შენ ცოცხალი მაინც გყავსო და მალე გამოუშვებენო – ბევრი მამხნევებს. არა, ხალხნო, მე შვილი ციხისთვის არ მომივლენია ამ დუნიაზე, ის მოვავლინე იმისთვის, რომ ცხოვრებით დატკბეს და იხაროს, ყოველთვის შეგვეძლო ევროპაში გადაცხოვრება, მაგრამ არა, საქართველოში დავრჩით იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო – საქართველო.

    აი, ეხლა კიდევ მეტყვიან, აი, შენი საყვარელი საქართველო, გაგიმწარა თუ არა ცხოვრებაო? როგორ ფიქრობთ, ხალხნო, საქართველო და ქართველი ერი გაწირავს ბერძენ ვაჟკაცს, რომლის სამშობლოც საქართველოა?

    ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები.” -აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი.

  • შემსრულებელია, უნდა გაირკვეს ორგანიზატორებიც – კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე

    ”ბრალად ედება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციის მიმართულებით, რაც კანონდარღვევაა და კატეგორიულად მიუღებელია. მე ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ასევე უნდა  გაირკვეს ორგანიზატორები, თუ ვინ გაუწია ორგანიზება ამ ყველაფერს. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი. მან შეასრულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს.”

    აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე.