Category: სლაიდერი

  • თუ ვინმეს ჰგონია, სანქციები შეგვაშინებს, მწარედ ცდება – უზენაესის მოსამართლე

    ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების “ლინჩის” წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა “ქმედებების” გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა.

    წერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან თევზაძე სასამართლო კლანის წევრებისთვის დაწესებულ სანქციებზე.

  • საქართველოში ნათელი წერტილი სამოქალაქო საზოგადოება და მისი ძალაა – ფრიდი

    “ეს მკვეთრი ანალიზი საქართველოს რესპუბლიკის სამწუხარო მდგომარეობისა სამწუხაროდ ზუსტია. ნათელი წერტილი არის ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად საზოგადოების მუდმივი ძალა: ისინი არც დაშინებულები არიან და არც ავტორიტარიზმს ეგუებიან”,

    ასე ეხმაურება ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი საქართველოს შესახებ Foreign Affairs-ის სტატიას, რომელშიც განხილულია ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში ქვეყნის რუსეთისკენ სვლა

  • მხოლოდ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, აწარმოებს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებას – კირბი

    “მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია განსაზღვროს მზად არის თუ არა და როდის მოლაპარაკებისთვის (რუსეთთან – რედ.), რა კონტექსტში და რის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის გარეშე მოლაპარაკებები უკრაინაზე არ შეიძლება”,

    ამბობს თეთრი სახლის წარმომადგენელი, ჯონ კირბი.

  • პოდოლიაკმა უკრაინის მომავალი კონტრშეტევის ოთხი კომპონენტი დაასახელა

    უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა არხ 24-თან ინტერვიუში დაასახელა უკრაინული ძალების მომავალი კონტრშეტევის ოთხი ძირითადი კომპონენტი რუსეთის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

    პირველი კომპონენტი – უნდა გაგრძელდეს იარაღისა და აღჭურვილობის  დაგროვება კონტრშეტევისთვის.

    მეორე – უკრაინელი სამხედროების ინტენსიური მომზადება და ამ ოპერაციაში მონაწილეობის კოორდინაცია.

    მესამე – გენერალური შტაბის მიერ მომავალი კონტრშეტევის დაგეგმვის გაგრძელება ყველა შესაძლო ფაქტორის გათვალისწინებით.

    მეოთხე – საინფორმაციო კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს რუსული არმიის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

    მისი თქმით, კონტრშეტევა დაიწყება „როცა ყველაფერი ერთ ფაზლში აეწყობა“.

  • აშშ, გერმანია და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების “საგზაო რუქის” მინიჭებას- FT

    აშშ, გერმანია და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მცდელობებს, შესთავაზონ კიევს ნატოს წევრობისთვის „გზის რუკა“ ნატოს ივლისის სამიტზე, რაც ასახავს დასავლეთში განხეთქილებას კიევის ომის შემდგომი სტატუსის გამო.

    ამის შესახებ Financial Times-ი მოლაპარაკების ოთხ მონაწილეზე დაყრდნობით იტყობინება.

    მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების ფონზე, რომ ის დაესწრება ვილნიუსის სამიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს რეალურ ნაბიჯებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ, როგორიცაა ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ან ალიანსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.

    მარტში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წევრ ქვეყნებს წარუდგინა დოკუმენტი კიევისთვის “პრაქტიკული და პოლიტიკური” წინადადებებით, როგორიცაა ახალი დეკლარაცია უკრაინის ურთიერთობების შესახებ ნატო-სთან, რომელიც დაეფუძნება 2008 წლის განცხადებას, რომ უკრაინა რაღაც მომენტში გახდება ალიანსის წევრი.

    ამ კვირაში მოლაპარაკებებში ჩართულმა დიპლომატებმა განუცხადეს FT-ს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში აქტიურად განიხილავდნენ, თუ რა უნდა შესთავაზონ უკრაინას.

    ალიანსის ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება სერიოზულად ვერ განიხილება მაშინ, როცა ქვეყანა ომშია.

    მაგრამ ორმა ადამიანმა, რომლებიც ესწრებოდნენ ამ კვირის შეხვედრებს, უთხრა FT-ს, რომ იყო მზარდი მხარდაჭერა  ვილნიუსის სამიტზე უკრაინის წევრობის “პოლიტიკური გზის” შეთავაზებისთვის, რაც გააძლიერებდა კავშირებს ნატოსა და კიევს შორის. თუმცა, ამ წყაროების მიხედვით, შეერთებული შტატები, ისევე როგორც გერმანია და უნგრეთი, ეწინააღმდეგებიან ამ წინადადებას.

    ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ ომის დროს კიევის ალიანსთან კავშირების გაღრმავებამ შეიძლება ხელი შეუწყოს  პუტინის ნარატივს რუსეთ-ნატოს ბრძოლის შესახებ და გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია, ბირთვული იარაღის პოტენციური განლაგების ჩათვლით.

    ამის ნაცვლად, აშშ მოუწოდებს მოკავშირეებს, ფოკუსირება მოახდინონ უკრაინის მოკლევადიან სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რათა დაეხმარონ მას წინააღმდეგობის გაწევაში და, საბოლოოდ, რუსეთის აგრესიის მოგერიებაში. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ვილნიუსის სამიტზე მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინის პრაქტიკული დახმარება, როგორიცაა საბრძოლო მასალები და ომის შემდგომ შესაძლო პოლიტიკურ ურთიერთობებზე დისკუსიები მხოლოდ ამ მიზანს აკნინებს.

    „ჩვენ წინ გვაქვს რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებები, რათა დავხუროთ ეს უთანხმოება და მივაღწიოთ პოლიტიკურ შედეგს“, განუცხადა FT-ს ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა.

  • მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს პროცესის დასაწყისია – იუკნევიჩიენე სანქციებზე

    “მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს პროცესის დასაწყისია” – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი  რასა იუკნევიჩიენე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს ოთხი მოსამართლის დასანქცირებას.  ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სანქციები დაუწესდეს  ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისი თქმით, “ყველაფრის, მათ შორის, მართლმსაჯულების, მოსამართლეების, პოლიტიკური სისტემების უკანაა”.

    ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ევროპულ პარლამენტს არა ერთხელ მოუთხოვია სანქციების დაწესება, მაგრამ საუბარია სანქციების დაწესებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის მიმართ, რომელიც ყველაფრის უკანაა, მათ შორის მოსამართლეების, მართლმსაჯულების და პოლიტიკური სისტემების, ბუნებრივია, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. მჯერა, რომ მოსამართლეების საქმე და ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გაზიარებას ევროკავშირში, ვნახოთ, ჯერჯერობით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. აქ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ერთსულოვნებაა მნიშვნელოვანი“,

  • ყველაფრისთვის მზად ვართ! ჩემი შვილის წერილში გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელი – რამიშვილის ყოფილი ცოლი

    “ყველაფრისთვის მზად ვართ! ჩემი შვილის წერილში გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელი” – ასე ეხმაურება,  POSTV-ს დირექტორისა და ქართული ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი, თეა აბაშმაძე და მისი შვილის, ლაშა რამიშვილის Facebook სტატუსს.

    ”[ჩემი უფროსი შვილის წერილში] გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში.

    ვიცი რომ ამ აქტს მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა და ყველაფრისთვის მზად ვართ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და ჩვენი მოტივაციის სიწმინდეში.” – განაცხადა შალვა რამიშვილის ყოფილმა ცოლმა.

    ცნობისთვის,  ცოტა ხნის წინ,  სოციალურ ქსელში, შალვა რამიშვილის შვილმა, ლაშა რამიშვილმა  დაწერა, რომ მისი მოთმინება საბოლოოდ დასრულდა მაშინ, როცა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს რამიშვილმა, სრულიად დაუმსახურებლად პოლიტიკური ძალებისგან მართულ ბრბო უწოდა”.

    ”ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა. ერთი კვირის წინ მქონდა მძიმე საუბარი მასთან, ვისაც ეხება ეს წერილი და ავუხსენი რასაც ვაპირებდი, რადგან მსურდა მზად ყოფილიყო ამ ყველაფრისთის. არ მამოძრავებს შურისძიების წყურვილი და არ მსურს ფიზიკური ზიანი მივაყენო ვინმეს. ეს ბოლო დღეები უმძიმესი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი წარსულის გახსენებამ, ისევ გამიცოცხლა ყველა ტკივილი და გავაცნობიერე რომ უთქმელობა არის უსამართლობა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახის მიმართაც.

    ხალხთან ურთიერთობისას ყოველთვის განვიცდიდი სირცხვილს, რომ ჩემი პიროვნება მაშინვე იმედგაცრუებას გამოიწვევდა, როცა გაიგებდნენ ვისი შვილი ვარ.

    მე ვარ შალვა რამიშვილის შვილი და მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო მამა, რეალურად კი არასდროს შეუსრულებია ეს როლი.

    რაც თავი მახსოვს, ჩვენი ოჯახი სისტემატიურად დგებოდა მძიმე კრიზისების წინაშე, ამ ადამიანის გამო და დაუსრულებელი ქაოსის რეჟიმში გვამყოფებდა. ეს წნეხი დღემდე გრძელდება…
    რაციონალურად მესმოდა, რომ არ უნდა მეგრძნო პასუხისმგებლობა მის მიმართ, რადგან არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა გვაკავშირებს მე და ჩემს ძმებს მასთან.

    მის მიერ ფორმალურად გამოხატული მზრუნველობის იმიტაცია, ჩემს ქვეცნობიერებაში რეალური მამის არსებობის იმედს აღვივებდა. ეს მოლოდინი კარგა ხნის წინ გახუნდა, მაგრამ დუმილის ინერციას ისევ ვაგრძელებდი.

    ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კი, ჩემი მოთმინება საბოლოოდ დაასრულა, როცა აქციაზე გულწრფელად გასულ მე და ჩემს თანატოლებს „ჩმორები“ გვიწოდა სრულიად დაუმსახურებლად და წარმოგვაჩინა პოლიტიკური ძალებისგან მართულ ბრბოდ. ამას დაემატა მისი მხილება იმ გოგოების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ღირსების შემლახველი გამოცდილება მასთან ურთიერთობისას.

    მე უკვე ვეღარ გავაგრძელებდი ამ ყველაფერთან, თუნდაც ირიბ მონაწილეობას, რადგან შალვას მავნებლობები ჩვენი ოჯახის გარდა დიდი ხანია სხვა ადამიანებსაც აზარალებს.
    მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ გოგონას, რომლებიც შეურაცხყო შალვა რამიშვილმა. მინდა დავგმო მათ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია, რითაც ახლა უკვე საჯაროდ მეორდება ძალაუფლების გამოყენებით მათზე მანიპულაცია.
    მახსოვს მისი უპატივცემულო დამოკიდებულება და სრული უმადურობა დედაჩემის მიმართ და ვიცი, რომ ის ზოგადად არ სცემს ქალს პატივს.

    ჩემს თანადგომას ვუცხადებ ლაზარეს, რომელსაც შეგნებულად უპირებენ ციხეში გამომწყდევას. დღეს ლაზარე წარმოადგენს მთავრობისთვის იმ მარტივად გასაწირ მსხვერპლს, რომელსაც ახალგაზრდობის დასაშინებლად იყენებენ.

    ქართული ოცნება ყოფილი დამნაშავე რეჟიმის მტრის ხატად გამოყვანით ინარჩუნებს საარჩევნო ხმებს, რითაც ხელოვნურად აცოცხლებს ისედაც მორალურად გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობას და ამით ცდილობს ქვეყნის რეალური მტრიდან ჩვენი ყურადღების არიდებას.
    სინამდვილეში მთავრობაში მყოფ კაცებს, არც პატრიოტული მიზნები აინტერესებთ და არც გაჭირვებული ხალხის ბედი. ისინი არიან „ბასლაინებზე“ მოსიარულე, რეალობას აცდენილი ინდივიდები.

    მე ვაცნობიერებ მთელ პასუხისმგებლობას, რომ ჩემს ამ საჯარო წერილს სავარაუდოდ შეიძლება მოყვეს გარკვეული ხმაური. მივმართავ პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ დაქვემდებარებაში მყოფ მედიებს, რომ ეს წერილი არ გამოიყენონ პოლიტიკური ვაჭრობისა და უღირსი მანიპულაციის იარაღად.

    კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს წერილი ემსახურება შალვას მსხვერპლებისადმი, მათ შორის ჩემი ოჯახის მიმართ თანადგომას.” – წერს ლაშა რამიშვილი.

    • შალვა რამიშვილის შვილის სტატუსს, კომენტარებში გამოეხმაურა ასევე, თათია სამხარაძე, რომელმაც პროპაგანდისტული პოსტივის დირექტორი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოც მოუგო. თათია სამხარაძე, ლაშა რამიშვილს მადლობას უხდის გაკეთებული განცხადებისთვის.

    “ლაშა, მთელი გულით ვწუხვარ მართლა, რომ ამ ამბებმა ასეთი ტკივილი მოგაყენა!
    ბოდიში და უღრმესი მადლობა” – დაწერა თათია სამხარაძემ.

  • გვაქვს სანდო ინფორმაცია საიმისოდ რომ გვჯეროდეს სერიოზულ კორუფციაში მათი ჩართულობა – სახელმწიფო დეპარტამენტი მოსამართლეთა კლანის სანქცირებაზე

    გვაქვს სანდო ინფორმაცია საიმისოდ რომ გვჯეროდეს სერიოზულ კორუფციაში მათი ჩართულობა – ასე პასუხობს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარი მოადგილე ვედანტ პატელი, დემნა დევდარიანის შეკითხვას სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით.

    “რაც შეეხება გუშინ გამოცხადებულ სანქციებს, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში მათ ამჟამინდელ და წარსულ როლებში. ამ კორუფციამ საფუძველი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, მან დააზარალა საზოგადოების რწმენა დემოკრატიული ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების მიმართ. როგორც ადრეც ვთქვით, ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია საიმისოდ რომ გვჯეროდეს სერიოზულ კორუფციაში მათი ჩართულობა.” – ამბობს სპიკერი.

  • არანაირი სურვილი აღარ გვაქვს,მე და ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს! – ირაკლი შენგელი სანქციებზე

    დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. – ასე ეხმაურება, სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია „ფეისბუქზე“  შშ-ის მიერ  დაწესებულ სანქციებს.

    „მსურს გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემზე და ჩემს კოლეგებზე სანქციის დაწესების შესახებ.

    უპირველეს ყოვლისა, თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს; მე განმარტება ამის შესახებ ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან მოვისმინე, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც ,,სანდო ინფორმაცია“, რომელიც თურმე ადასტურებს ჩვენს კორუმპირებულობას.

    ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში ვერც იარსებებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კორუფციის ფაქტები არ არსებობს. მეც და ჩემი სხვა კოლეგები (დასანქცირებულების ჩათვლით) ჩვენს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (მართლმსაჯულების განხორციელების ჩათვლით) ვასრულებდით და ვასრულებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური განხილვა-შეფასების შედეგად. არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არ განხორციელებულა არასდროს არც ჩემი და არც არავის მხრიდან სხვა მოსამართლეებზე, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით.

    ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, ,,რეფორმების“ შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისაგან სისტემის წმენდა, სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ,,რევიზორთა“ კომისიაზე.

    დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს. პირიქით, გამრუდებული და დაკნინებულია ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია და, პირველ რიგში, ეს იყო სამართლიანობა და მის საფუძველზე ადამიანის უფლებების შეუვალი დაცვა, თანსწორუფლებიანობა და ა.შ. ყველაფერ ამაზე ხაზის გადასმით, გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით ,,გაასამართლეს“ და ,,დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ,,მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“.

    პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ ,,ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი ,,ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება“, – წერს შენგელია.

  • ასე იბადებიან ინდივიდები! – ზურა ჯიშკარიანი ლაშა რამიშვილზე

    ჩემი უპირობო სოლიდარობა ლაშა რამიშვილს,  შალვა რამიშვილის შვილს.
    დიდი ვაჟკაცობა უნდა ქვეყანაში სადაც “რაც მამას უნდა” დიმპიტაურია – გამოხვიდე მამის ჩრდილიდან და გაემიჯნო მას. დიდი ვაჟკაცობა უნდა ღიად ილაპარაკო საკუთარ მოწყვლად ნაწილზე. და ლაშა ჩემთვის ასეთი ვაჟკაცი და გმირია, რომელიც იქ დგას, სადაც უნდა იდგეს: ახალგაზრდების, დაჩაგრული ქალების და სისტემის მსხვერპლების მხარეს. წაიკითხეთ ეს წერილი.
    ასე იბადებიან ინდივიდები!

    ასე ეხმაურება  მწერალი, ზურა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში, შალვა რამიშვილის შვილის, ლაშა რამიშვილის  სტატუსს.