Category: სლაიდერი

  • პირველად ისტორიაში ვარშავა საჰაერო თავდაცვის სისტემით დაიფარება – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

    “ეს ისტორიული მოვლენაა, ისტორიაში პირველად ვარშავა საჰაერო თავდაცვას მიიღებს. სარაკეტო თავდაცვა ძალიან თანამედროვე, პატრიოტის სისტემის აღჭურვილობას იყენებს”,

    ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა დღეს გაავრცელა.

  • “მტკიცედ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას” – EU-ის ელჩი კარვების კანონზე

    “ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის პოზიცია, რომელმაც გამოხატა საკუთარი პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გუშინ. მე რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ როგორც ევროკავშირი, ვგმობთ ძალადობას, ნებისმიერი სახის ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული. მაგრამ, მეორე მხრივ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას”,

    საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მიღებულ გამკაცრებულ ცვლილებებს ეხმაურება.

  • პუტინი: ავიაკატასტროფაში დაღუპული პრიგოჟინისა და მისი თანამგზავრების სხეულებში ხელყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

    რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის და სხვა ადამიანების სხეულებში, რომლებიც 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

    „საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა წინა დღეს მომახსენა, რომ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ ყოფილა. ეს უკვე დადგენილი ფაქტია – რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები“, – განაცხადა პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბში საუბრისას.

    მან დასძინა, რომ ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების კვალის არსებობის დასადგენად დაღუპულთა ცხედრებზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა პრიგოჟინის ოფისის ჩხრეკისას მისი თქმით 5 კგ კოკაინი აღმოაჩინეს.

    პუტინის თქმით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

  • 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში, ფერენც კრაუსი მიღებულ თანხას უკრაინის სკოლებს გადასცემს

    2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ფიზიკის დარგში, უნგრელმა
    მეცნიერმა ფერენც კრაუსმა განაცხადა, რომ ნობელის კომიტეტიდან მიღებულ თანხას უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს, ​​იუწყება უნგრული გამოცემა Portfolio.

    წლევანდელი ნობელის პრემია ფიზიკაში 11 მილიონი შვედური კრონაა (დაახლოებით $995,000), მაგრამ რადგან სამი გამარჯვებული იყო, ეს თანხა მათ შორის გაიყო.

    გავრცელებული ინფორმაციით, კრაუსი პრიზის თავის ნაწილს გადასცემს საერთაშორისო ინიციატივას Science4People, რომელიც აღადგენს სკოლებს უკრაინაში.

    იუნესკოს მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1300-ზე მეტი სკოლა მთლიანად განადგურდა.

  • ევროპარლამენტი რეზოლუციით გამობს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმას და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს

    ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს. მიზეზი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმაა, რომელსაც ევროპარლამენტი გმობს ა გაუმართლებელს უწოდებს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ  თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარება, როდესაც 100 ათასზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ეთნიკურ წმენდას უტოლდება.

    ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ინდივიდუალური სანქციები შემოიღოს ბაქოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე მთიან ყარაბაღში.

    ევროპარლამენტი ასევე გმობს, თურქეთის ჩართულობას აზერბაიჯანის შეიარაღებასა და 2020 და 2023 წლების ბაქოს შეტევების მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ევროპარლამენტარები ანკარას მოუწოდებენ, მისი მოკავშირე შეაკავოს.

    რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების “ყოველმხრივი მიმოხილვა” უნდა მოახდინოს. ევროპარლამენტარების თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის მაგვარ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, და ადამიანის უფლებების მხრივ საგანგაშო ვითარება აქვს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამება.

    ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს, ხოლო სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი.

    რეზოლუციას 491-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღდეგ წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.

  • ომის გაყინვის შემთხვევაში, 2028 წელს რუსეთმა შესაძლოა სხვა ქვეყნებს შეუტიოს – ზელენსკი

    “ამჟამად რუსეთი განიხილავს განსხვავებულ სცენარს მომდევნო რამდენიმე წლისთვის. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. თუკი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია შეჩერდება და ომის პროცესი ადგილზე გაიყინება, მაშინ ახალი კრიტიკული მომენტი დადგება – 2028 წელი.

    თუ რუსეთს ახლა ადაპტაციის უფლებას მივცემთ, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ ჩამოვართვით, შედეგად რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი ექსპანსიონისტური ამბიციების ყურადღების ცენტრია. გარდა უკრაინისა, ეს ნამდვილად არის ბალტიისპირეთის ქვეყნები და ქვეყნები, რომელთა ტერიტორიაზე ბევრი რუსია.ეს ინფორმაცია არის ცალსახად სიმართლე, შესაბამისად გაფრთხილებთ  ამის შესახებ”.

    განაცხადა ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

  • “ოცნებამ” ე.წ კარვების კანონპროექტი მეორე მოსმენითაც მიიღო – პარლამენტთან 8 საათზე აქცია იმართება

    “ქართულმა ოცნებამ” “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენითაც მიიღო. მას მხარი 74 დეპუტატმა დაუჭირა, კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი კი პარლამენტის 22 წევრი იყო.

    ”არა ახალ რუსულ კანონს! საქართველოს ევროპული მომავლისთვის!” – ამ სახელწოდებით პარლამენტთან დღეს, საღამოს 20 საათზე აქცია ჩაინიშნა. ინფორმაციას მოძრაობა “ნაბიჯი” ავრცელებს:

    • “დღეს, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით, რათა არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში ავტოკრატია და დიქტატურა, არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, მოუწყოს საბოტაჟი საქართველოს ევროპულ მომავალს.  ერთად დგომა უმნიშვნელოვანესია, ვანახოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ დავუშვებთ ახალი “რუსული კანონის” მესამე მოსმენით მიღებას!
      ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, 20:00 საათზე, პარლამენტთან!” ნათქვამია ინფორმაციაში.

    კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების  და  მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”.

    კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები 14:00 საათიდან არიან შეკრებილები.

  • პარლამენტმა ე.წ კარვების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო – საპროტესტო აქცია გრძელდება

    76 მომხრე, 20 წინააღმდეგი  – პარლამენტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენითაც მიიღო.

    კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების  და  მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”.

    კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები 14:00 საათიდან არიან შეკრებილები.

    აქციის ორგანიზატორები მოძრაობა ტალღის, ჯიუტის, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის წევრები არიან. ორგანიზატორების თქმით, “რუსულ მთავრობას არ გაატანინებენ მორიგი რუსული კანონის” დამტკიცებას.

    კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მტკიცებით, კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას არ ზღუდავს.

    “ეს არ არის თვითონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შემზღუდავი კანონპროექტი. აქ ორიენტირი  კეთდება იმ დამხმარე საშუალებებზე, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს შესაძლოა გამოიყენონ  შეკრებისა და მანიფესტაციის წარმომადგენლებმა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

  • რუსმა ოკუპანტებმა, კუპიანსკში, სასურსათო მაღაზია დაბომბეს – დაღუპულია 49 ადამიანი

    დღეს, 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:25 საათზე  რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვში, კუპიანსკის რეგიონში სასურსათო მაღაზია დაბომბეს, რის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

    წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 6 წლის ბავშვია. დაშავდა კიდევ 7 ადამიანი.

    პროკურატურის ცნობით ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული.

  • მეტყველებს ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე – გახარია ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

    “რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ მეტყველებს ივანიშვილის მიერ კრემლის დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხზე.
    საქართველოს მმართველი პარტია უარს ამბობს რეაგირება მოახდინოს, ან თუნდაც შეიმჩნიოს მოსკოვის მიმდინარე შეხვედრები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან, რომლის კულმინაცია რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის დაანონსება გახლავთ.
    ამის ნაცვლად, „ოცნება” დაკავებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცედურით და გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვით. ყოველივე ამის მიზანია დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსიტუტების მოსპობა, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ევროკავშირში ინტეგრაციის საბოტაჟი, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.”

    ასე აფასებს, ექსპრემიერი, გიორგი გახარია ასლან ბჟანიას განცხადებას, რომლის მიხედვით ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზა განთავსდება.