Category: სლაიდერი

  • დააკავეს TBC ბანკზე თავდამსხმელი,მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თიბისი ბანკზე თავდამსხმელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”. – წერია განცხადებაში.

  • ცინცაძეზე თიბისი ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა

    საბურთალოზე,  ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა.

    როგორც ცნობილია, კაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა და პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოახერხა.

    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

  • ირანში გენერალ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებას, სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა

    ირანში, ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. აფეთქებას ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე  73 ადამიანი ემსხვერპლა, 170 კი დაშავდა.

    პირველი აფეთქება საფლავიდან 700 მეტრში მოხდა, ხოლო მეორე კილომეტრით იყო დაშორებული.

    ოფიციალური პირების თქმით თავდასხმა, სავარაუდოდ, ტერორიზმს უკავშირდება, თუმცა დადასტურებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

    ამასთანავე ვრცელდება  არაოფიციალური ინფორმაცია რომ აფეთქება “ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია”, თუმცა, ირანული სამთავრობო მედიას ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ “ჯერჯერობით უცნობია, რა იყო აფეთქების მიზეზი – ბუნებრივი აირი თუ ტერორისტული თავდასხმა”.

  • ივანიშვილი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია და დამთავრდა – ვოლსკი

    ივანიშვილი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია და დამთავრდა – ვოლსკი

    ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და სწორადაც განაცხადა, რომ არსებობს ადამიანური სისუსტეები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია, მსოფლიოში ასეთი პროცესები მიდის და რასაკვირველია, წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა დაშვებულ იქნას რაღაც ისეთი, რომელიც გუნდს არ ახასიათებდა არასდროს, არ ახასიათებს და არც მომავალში უნდა ახასიათებდეს. ამაზე ილაპარაკა სავსებით გარკვევით და არ მგონია, ამაში რაიმე ოპოზიციისთვის გადაგდებული რაიმე მაშველი რგოლი არსებობდეს.

    ადრეც მითქვამს, ოპოზიცია ეპოტინება ხავსს და ხავსიც კი აღარ შერჩა იმ ლოდებს, რომელიც საკმაოდ რთული, მოუხერხებელია ჩამოსაკიდებლად და გასამყარებლად საკუთარი პოზიციის…

    ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ეს არის მთავარი ამოცანა, ბიძინა ივანიშვილი არის ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, სრული წერტილი.

    ამბობს ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში “დაბრუნებასთან” დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

  • ბრიტანული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის არმიამ ტაქტიკა შეცვალა

    ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით ბოლო კვირას რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების მიზანი უკრაინის სამხედრო წარმოების განადგურებაა.

    ბრიტანული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის არმიამ ტაქტიკა შეცვალა, რადგან სარაკეტო დაბომბვების წინა კამპანიის დროს, წინა წლის ზამთარში, მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები იყო.  ახლა კი რუსული სამხედრო სტრატეგები ხანგრძლივი ომისთვის ემზადებიან, და ხვდებიან ამ ომში ძლიერი თადვცავის ინდუსტრიის მზარდ მნიშვნელობას – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

    ამასთან, ბრიტანეთის სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის დეკემბერში რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები მაინც მიიტანა.

    უკრაინის ხელისუფლების ბოლო ინფორმაციით 2 იანვრის ღამეს ხარკოვსა და კიევზე მიტანილი მასირებული სარაკეტო  შეტევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი. დაშავდა 130–ზე მეტი. მათი ნაწილი საავადმყოფოებშია.

    2 იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი   მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა. ძირითადი სამიზნე კიევის და ხარკოვის რაიონები იყო.უკრაინის დედაქალაქში  ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა ქალაქის რამდენიმე რაიონში ნგრევა გამოიწვია. დაზიანდა როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობები.

  • ბათუმში კაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა

    ბათუმში კაცმა ცოლი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა – ბრალდებულმა 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

    არსებული ინფორმაციით, ოჯახი ქედიდან იყო და ბათუმში ისინი ქირით ცხოვრობდნენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • იაპონიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან – იაპონიაში საქართველოს ელჩი

    “იმ რეგიონში ქართველი არავინ ცხოვრობს, თუმცა, მაგალითად, როგორც მე მივემგზავრებოდი, საკმაოდ მდიდარი რეგიონია და არ გამოვრიცხავდი, რომ იქ ყოფილიყვნენ ქართველები სამოგზაუროდ.

    ჩვენ შევძელით, რომ გადაგვემოწმებინა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ჩვენი ყველა არხის მეშვეობით და, ჩვენი ინფორმაციით, იქ არავინ არის ჯერჯერობით. გავიდა ორი დღე. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს.

    რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი გახსნილი გვაქვს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, დაგვიკავშირდეს ნებისმიერ საჭიროებასთან დაკავშირებით. ამისთვის ისედაც ყოველთვის მზად ვართ. საქართველოს მოქალაქეებს, საბედნიეროდ, ეს შემთხვევა არ შეეხოთ. ყველაზე ახლოს ალბათ ჩვენ ვიყავით, ჩემი ოჯახი, ვინც, ასე ვთქვათ, დაზარალდა, თუმცა ჩვენც ჯანმრთელობის კუთხით, საბედნიეროდ, კარგად ვართ”,

    აცხადებს იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა.

  • პირველი ახალი წელია, როცა კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა – ივანე ჩხაიძე

    ”პირველი ახალი წელია, როცა კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა” – ამის შესახებ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

    „პიროტექნიკასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არაერთი გაფრთხილება იყო, თუმცა მე არ მახსოვს, ბოლო წლების განმავლობაში, ახალი წლის ღამეს იაშვილში არ მიგვეღოს მძიმედ დაზიანებული ბავშვები, ოპერაციის აუცილებლობა, მძიმე სისხლდენები, ტრავმები. ეს იყო 31 დეკემბრის ღამის თანმდევი. წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როცა პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა. არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის უკან დგას ის ელემენტარული სიფრთხილის შეგრძნება და სიფრთხილე, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მშობელს, როცა ახალ წელს ვხვდებით.

    აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, პიროტექნიკის გარდა, ახალი წლის ღამეს ჩვენ სხვა დაზიანებებიც გვქონდა ბავშვებში, წლევანდელი ახალი წელი კი იყო სრულიად გამორჩეული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და ჩვენ მივიღებთ უსაფრთხო ახალი წლის ღამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის მართლაც სიხარულით აღნიშვნისთვის”, – ამბობს ჩხაიძე.

  • ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი.ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვაა შესაძლებელი.

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლოა, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – წერს სააგენტო.

  • იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

    იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა.იშიკავას ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 20-ის მდგომარეობა მძიმეა.

    31 800-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში რჩება.

    პირველ იანვარს  იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.