Category: სლაიდერი

  • გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალია – ჩხაიძე

    “ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად გაორმაგებულია, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს ციფრი 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი და უფრო მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე მიუთითებს გრიპის ვირუსის არსებობაზე. ბავშვებში ამას ემატება მომატებული ძილიანობა, საკვებზე უარის თქმა, ჭირვეულობა. ეს ყველაფერი გრიპის ვირუსის არსებობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს არამხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ ექიმის მიერ მართული”

    იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა გაზრდილია.

  • არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ – ცეცხლს ნუ ვეთამაშებით! – ბერძენიშვილი

    არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ – ცეცხლს ნუ ვეთამაშებით! – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

    „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის! დაიწყო 2024. წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე რომ ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ, ამაზე მოგახსენებთ. სწორი კონფიგურაცია კი გამარჯვების მთლად ფორმულა თუ არა, მაღალი შანსი რომაა, ამაზეც ცოტას. ამჟამად სტატისტიკური მონაცემები, თუ როდის რამდენი პროცენტი იყო 5%-ზე ქვევით მყოფი პარტიების ხმების ჯამი საპარლამენტო არჩევნებზე და როგორ იმოქმედა გამარჯვებულის გამოვლენაზე. ბარიერი სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა, დავთვალე 5%-ს ქვევით დარჩენილი პროცენტები, რადგან ახლა 5%-ია ბარიერი და თვალსაჩინოდ დავინახავთ სურათს.

    5%-ს ქვევით მყოფთა ჯამი საარჩევნო წლების მიხედვით:

    1990 – 17% (12 პატარა პარტია ბარიერს მიღმა)

    1995 – 62% (აქედან, დაახლოებით, 3/4 გამოკვეთილად ოპოზიციური ხმები იყო – რამდენიმე ათეულ პატარა პარტიაზე გადანაწილებული, ამომრჩეველი ოპოზიციური იყო, ოპოზიცია კი მისი დაქსაქსულობით და არაკომპეტენტურობით – არსებითად, სახელისუფლებო)

    1999 – 19% (“გამარჯვებული” “მოქკავშირი” 42%)

    2003 – 7% (არჩევნების შედეგების დასაცავად სამკვირიანმა მიხმარებამ ქუჩიდან შეცვალა ხელისუფლება)

    2004 – 9%

    2008 – 7%

    2012 – 5% (არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება)

    2016 – 20%

    2020 – 25%

    მივამატოთ თბილისის საკრებულოს არჩევნების პროპორციული ნაწილიც ამ ხელისუფლების დროს ჩატარებული არჩევნებიდან. 5%-ზე ნაკლების ამღები პატარა პარტიების პროცენტების ჯამი გახლდათ:

    2014 – 18%

    2017 – 15%

    2021 – 23%

    ერთნიშნა მხოლოდ ოთხჯერაა 5%-ს ქვევით დარჩენილი პარტიების ჯამი. აქედან ორჯერ, 2004 და 2008 წლებში ხელისუფლებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა (66% და 59%) და არ არის საინტერესო ამჟამად ჩვენთვის 5%-ს ქვევით დარჩენილების საკითხი.

    ორჯერ კი პოლარიზაციის მაღალი დონე იყო და ხელისუფლება შეცვალა ამომრჩეველმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ – 2003 და 2012 წწ. ორივე შემთხვევაში გამარჯვებული ოპოზიცია იყო კოალიციური( სხვადასხვა ფორმით).

    ეს რიცხვები მკაფიოდ აჩვენებს და ჯიუტად ადასტურებს, რომ როცა ხელისუფლებას არა აქვს ამომრჩევლის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა გაყალბება-მიმატებებითაც კი, ის ხელისუფლობას ინარჩუნებს ბარიერს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური ხმების სახელისუფლებო მანდატებად გადაქცევის საარჩევნო ტექნოლოგიით. პლუს მაჟორიტარებით.

    წელს მაჟორიტარები არ იქნებიან. ხელისუფლებას 2014-დან მოყოლებული არც ერთ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში არა აქვს 50%-ზე მეტი. გამონაკლისის გარეშე – ორივე საპარლამენტო და სამივე ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით. საპარლამენტო არჩევნებში 2016 წ. 20%-ია 5%-ს ქვევით, 2020-ში 25%. თბილისის საკრებულოში 2021-ში 23%, მანამდე 18% და 15%. ამ ოპოზიციური ხმების (მაგ. 20% არის დაახლ. 400 ათასი ოპოზიციური ხმა) ნახევარი ან მეტი გარდაიქმნება სახელისუფლებო მანდატებად.

    2024-ში 150 კაციან პარლამენტში 20 % რომ დარჩეს 5%-იანი ბარიერის ქვევით, ამ 400 ათასი ოპოზიციური ამომრჩევლის ხმების ნახევარი გადაიქცევა 15-17 სახელისუფლებო მანდატად. ვთქვათ, 41%-ს თუ გაიფორმებს „ქართული ოცნება“, მას ამ 15-17 მანდატის დამატებით გაუხდება 76 ან მეტი, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა. კვლავ მივიღებთ უმცირესობის ხმებით სახელისუფლებო უმრავლესობას.

    გამსხვილებული სუბიექტების კონფიგურაციის პირობებში ოპოზიცია ჯამურად მოიგებს, რადგან ბარიერს ქვევით დარჩება ცოტა ხმა და პროცენტი. პროპორციული არჩევნები ერთტურიანია და მეორე ტურში „მიშა მოდის“ მსგავსი დამაშინებელი ტრიუკი ვეღარ იქნება.

    45%-ს თუ გაიფორმებს „ოცნება“ (2020 და 2021 ქვეყნის მასშტაბით ამ რიგის მონაცემებია), 5%- იან ბარიერს მიღმა დარჩენილი ამომრჩევლის ოპოზიციური ხმების 10 პროცენტიც კი ეყოფა მანდატების 76-მდე შესავსებად.

    ასე დაწვრილებით იმიტომ გაწვდით ამ ინფორმაციას, რომ კარგად გავიაზროთ, რა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბარიერს მიღმა ძალიან ცოტა, არაუმეტეს 5-7 %-ს დატოვება( რაც ნაკლები, მით უკეთესი). სწორედ ასე დაბალმა, 7-მა და 5-მა პროცენტმა უზრუნველყო ოპოზიციის გამარჯვება 2003 და 2012 წლებში.

    ორივე შემთხვევაში ოპოზიციის კონფიგურაცია იყო სწორი – მინიმალურად დაიკარგა ოპოზიციური ხმები. მეტიც, ჯამურად ოპოზიციამ ხელისუფლებებზე მეტი მიიღო და გადასანაწილებელი მანდატების უმრავლესობაც ოპოზიციას შეხვდა. ასეთია დათვლის წესი.

    1990 წლიდან მოყოლებული ბარიერის გადამლახველები არიან ან მხოლოდ 2 საარჩევნო სუბიექტი – სახელისუფლებო და წამყვანი ოპოზიციური(1990, 2004, 2012), ან მათ ემატება 1 მომცრო, ზომიერად ოპოზიციური, ან პირდაპირ სატელიტი პარტია(1995, 1999, 2016). შეგახსენებთ, 2020-ში 5%-ზე მეტი აქვს მხოლოდ 2 პარტიას – ოცნებას და ენმ-ს. 2008-ში წამყვან ოპოზიციურ ძალას-გაერთიანებულ ოპოზიციას დაემატა 2 ზომიერი, ხელისუფლებისთვის იმ მომენტში მისაღები პარტია. “რესპები” გარეთ დაგვტოვეს 2008-ში (ფინანსური ბარიერი 4%-იც კი არ გაიმეტეს, 3.78% გამოგვიწერეს), 1999-ში უსამართლოდ გარეთ დატოვეს მაშინ ნამდვილად ოპოზიციური ლეიბორისტები (6.97%, მაშინ ბარიერი იყო 7%) და შეუშვეს მრეწველები7%-ით, 1995-ში პარლამენტის კარი უსამართლოდ ჩაურაზეს „ზვიადისტების“ „21-ე საუკუნეს“, რომელიც მომდევნო არჩევნებისთვის ასლან აბაშიძესთან გადაბარგდა. 2016-ში თავისუფალი დემოკრატები 4.65-ით გარეთ დატოვეს და პარლამენტში შეიყვანეს ღია სატელიტი „პატრიოტთა ალიანსი“ 5.01%-ით.

    ასე, რომ ბარიერის დიდი რეზერვით დაძლევაა საჭირო, რომ ვერ გააგდონ პარლამენტიდან ბარიერგადალახული პარტია.

    ყოველივე ზემოთქმული ნათლად აჩვენებს, რომ ბარიერგადამლახველი ოპოზიციური პარტიების მაქსიმალური რაოდენობა არის 4, ისიც იყო ერთადერთხელ, 2003 წ. 2 ნოემბრის გაუქმებულ არჩევნებში (ბლოკი ენმ/რესპები/კონსერვატორები, ლეიბორისტები, ახლები, ბურჯანაძე-დემოკრატები). სამიდან ორი, არამკვეთრი ოპოზიციური პარტიაც ერთხელ იყო სულ – 2008-ში. „ქდმ“ მუშაობდა პარლამენტში, „ლეიბორისტებიდან“ კი მხოლოდ ისინი დადიოდნენ და აძლევდნენ ხმას სახელისუფლებო გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელისუფლებამ ჩაუსვა სიაში. არც მეტი, არც ნაკლები. სხვათა შორის, 2008 წ. იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ხელისუფლების მოთხოვნით იყარა კენჭი შალვა ნათელაშვილმა, რათა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის წაერთმია ხმების ნაწილი. ეს პირდაპირ გამოგვიცხადა ეროვნულ საბჭოს მისმა წარმომადგენელმა 2007-ის ნოემბერში. ბევრს გვახსოვს. ეს ისე, ცნობისთვის და იმის ასახსნელადაც, თუ რატომ ჰყავდათ „ნაცებს“ ლეიბების სიით გაყვანილი საკუთარი დეპუტატები. წამყვანი ოპოზიციური გაერთიანების დეპუტატთა უმრავლესობამ გაუმართლებელი ბოიკოტი გამოაცხადა და დაჭრა მანდატები. დღემდე მიკვირს ძალიან სიმპათიური და კვალიფიციური ახალი მემარჯვენეების ასეთი საქციელი – 5 მანდატი ჰქონდათ.

    ცეცხლს ნუ ვეთამაშებით! 4 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტი პარლამენტში ჯერ არ შესულა 1990 წლიდან მოყოლებული უამრავი არჩევნების შედეგად.

    „ენმ“ გადის გარანტირებულად, მაღალი შანსი აქვს გახარიასაც. ე.წ. „შუაშისტების“ (ყოფილი „ნაცების“ ჩათვლით) ერთი დიდი გაერთიანება მე გამარჯვების ფორმულა მგონია. ამ კონგლომერატს 20 %-ზე მეტის აღება შეეძლებოდა. იქნებოდა არა მესამე ძალა ოპოზიციაში, არამედ პირველი ძალა და დანარჩენ ორთან შეკრავდა პოსტსაარჩევნო კოალიციას( პოლონეთის ანალოგიურად). რაკი ჯერ კიდე პატარების დიდი გაერთიანების ნაცვლად პატარების დიდი ბაქიბუქობის დროში ვცხოვრობთ, უფრო რეალისტური მგონია, რომ ორი საშუალო, არანაცურ/არაგახარია გაერთიანება ჩამოყალიბდეს, როგორ დე-ფაქტო ბლოკები. ეს ორი ერთმანეთთან მაინც უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებდა საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში. პირველად საქართველოს პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ ისტორიაში პარლამენტში მაღალ ბარიერგადამლახველი 4 ოპოზიციური გაერთიანება შევიდოდა სახელისუფლებო კოალიციის ჩამოყალიბების კარგი შანსებით.

    ამდენი იმიტომ ვწერე, რომ სრულიად მკაფიოდ ვაჩვენო და დავუსაბუთო ყველა მობაქიბუქეს, რომ 4-ზე მეტი რეალური ოპოზიციური სუბიექტით წარდგომა საარჩევნოდ ნიშნავს ბარიერს ქვევით ოპოზიციური ხმების მოგროვებას ხელისუფლებისთვის მანდატებად გადასაცემად.

    ზოგი პატარა, ზოგიც ძალიან დაპატარავებული პოლიტჯგუფი რეალურად იბრძვის არა საარჩევნო ბარიერის დასაძლევად, არა 100 ათასი ხმის ასაღებად( ნულია შანსი ბევრისთვის და ეს იციან), არამედ 1 პროცენტის გადასაბობღებლად, რაც საბიუჯეტო დაფინანსებას – წელიწადში მინიმუმ 300 ათას ლარს, 2%-600 ათასს ნიშნავს. ოპოზიციური ხმებით საკუთარი ფინანსების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან არაა მთლად წესიერი პოლიტიკა და ამომრჩეველმა ასეთი პოლიტიკოსები უნდა დასაჯოს – ვერც ის 1 პროცენტი ვერ უნდა აიღონ. ეს სულაც არაა რთული – მაგ პოლიტჯგუფების უმრავლესობას სწორედ 1 პროცენტის მიდამოებში აქვთ ხმები 2020 და 2021 წწ. შედეგებით და სულ უფრო ცვდებიან, გასდით ყავლი. ხელისუფლება სპეციალურად უტოვებს ასეთებს ასეთ დაბალ ფინანსურ ბარიერს – 1%-ს. ფაქტობრივად ოპოზიციურ მინდორზე საბალახოდ ბიუჯეტის ხარჯზე უშვებს ამ ფსევდოოპოზიციურ ადამიანებს.

    ჩემი ვარაუდით, გაზაფხულზე უკვე გამოჩნდება, ვის რა შანსი ექნება და მაინც დაიწყება გამსხვილებების მცდელობა. არ ვარ დარწმუნებული, რომ შედეგიანი გამოდგება ეს მცდელობები, ცხადია, არც კარგ შედეგს გამოვრიცხავ და ვგულშემატკივრობ საარჩევნო სუბიექტების გამსხვილების პროცესს. გამსხვილება თუ რეალობად იქცა, სულაც არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ ბარიერის დაწევაც კი დააპიროს, რათა ამ ნაბიჯს წამოგებული რამდენიმე ოპოზიციური პარტია სწორედ ამ დაწეული (3 ან 2) პროცენტის ქვევით აღმოჩნდეს. ” პატარების დიდ გაერთიანებას” აქვს სინერგიის ეფექტი და მართლა ეს მგონია საერთო ოპოზიციური გამარჯვების ფორმულა. ეს იცის ხელისუფლებამაც და ამიტომაც უკრძალავს პარტიებს საარჩევნო სახელის დარქმევას, ერთი პარტიის სიაში მეორე პარტიის წევრების შეყვანას, ბლოკები ხომ ისედაც აკრძალული აქვს და ა.შ.

    მთავარი ის კი არაა, რომელიმე 1 ან 2 პატარა პარტია გადალახავს თუ არა მაღალ ბარიერს, მთავარია, ბარიერგადაულახავებმა არ შეადგინონ ჯამში ორნიშნა პროცენტი, რაც ამ ხელისუფლებას კვლავ დაგვიტოვებს უმცირესობის ხმებით უმრავლესობაში. რომელიმე პატარა პარტიის პოლიტიკურ ოპოზიციაში თავის დამკვიდრების ფუფუნება ჩვენს ქვეყანას ამჟამად არ აქვს, ჩემი აზრით. ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!“ – აღნიშნავს დავით ბერძენიშვილი.

  • ამერიკელმა სამხედროებმა დაჯგუფება “ჰარაკატ ალ-ნუჯაბის” ლიდერი მოკლეს

    ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში მოკლეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფება “ჰარაკატ ალ-ნუჯაბის” ლიდერი, მუშტაკ ჯავად კაზიმ ალ-ჯავარი. ამის შესახებ, პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

    ერაყსა და სირიაში მოქმედი დაჯგუფების მეთაური აქტიურად მონაწილეობდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

    პენტაგონში ასევე აღნიშნეს, რომ იერიში თავდაცვის ფარგლებში განხორციელდა და მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.

  • ირანში, ყასემ სოლეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

    ირანში, ქალაქ კერმანში, ყასემ სოლეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 84 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 284 დაშავდა.

    ISIS-მა ტელეგრამის არხებში აფეთქების ორი ორგანიზატორი დაასახელა. მათ ე.წ. კამიკაძე-ქამრები ეკეთათ.

    პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე.

  • ”დაიწყო ხროტინი და გული გაუჩერდა… ახლა ჩვენი საშიშროება ტვინია” – როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

    მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ზურა ბერიკაშვილი რამდენიმე დღეა, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. 28 დეკემბერს, ბერიკაშვილი საავადმყოფოში გაჩერებული გულით შეიყვანეს. ექიმებმა,გულის ამუშავება ხელოვნურად შეძლეს.

    მსახიობი ჯერჯერობით ისევ კომაში რჩება და ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

    პრაიმტაიმი, ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მანანა ბერიკაშვილის ინტერვიუს ავრცელებს: 

    ”წამოვიდა თირკმლის ფუნქცია, გული ნორმაშია, ფილტვების ორმხრივი უმძიმესი ანთება ჰქონდა და ჩაქრა, ღვიძლი და სხვა ორგანოები, რაღაცნაირად, მოწესრიგდა. ნახევრად ხელოვნურ სუნთქვაზეა და აქვს ბუნებრივი კომა.

    ახლა ვესაუბრებით ბერლინის ცნობილ, მრავალ პროფილურ “შარიტეს” კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების მედიკოსებს. დღეს თუ ხვალ, ჩვენი და იქაური ექიმების კონსილიუმი (ზუმის პლათფორმაზე) შედგება. მთავარია ის, ტვინის ქერქის რა დონის დაზიანება აქვს და აღდგენა როგორ მოხდება.[…]ახლა გავიგეთ, რომ თურმე, ინსულინდამოკიდებულებს, ანუ დიაბეტით დაავადებულებს, გულის ტკივილის შეგრძნება არ ჰქონიათ. მას რომ ტკივილი ეგრძნო, წავიყვანდით და ჩაიდგამდა სტენტს და არ გამწვავდებოდა მდგომარეობა.

    დილით სპექტაკლიდან მოვიდა სახლში და დისკომფორტის შეგრძნება ჰქონდა, კუჭზე დამაწვაო და კანფეტი ჩაუწუწნია. როგორც ჩანს, ეგონა შაქარი დაუვარდა. მოკლედ, დაიწყო ხროტინი და გაუჩერდა გული.

    ბედია, ალბათ, ზუსტად შვიდ წუთში მოვიდა სასწრაფო და ფაქტობრივად, ზურიკოს სიცოცხლე გვაჩუქეს. ელექტრო შოკით მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარია, საოცარი ექიმი. აქამდე ასე, კუს ნაბიჯებით მოგვიყვანა. და მიდის უკეთესობისკენ. რეანიმაციული თვალსაზრისით, გაუკეთდა მაქსიმუმის მაქსიმუმი და შედეგიც არის. უბრალოდ, ახლა ჩვენი საშიშროება თავის ტვინია.

    დიდი მადლობა ქართველ ექიმებს, შეუძლებელი გააკეთეს. ერი და ბერი ერთად დგას ზურასთვის ფეხზე”.- ამბობს  ზურა ბერიკაშვილის და.

  • იმის გამო, რომ ოპოზიციამ დემოკრატიული პროცესი ჩააგდო, კაცი იძულებული გახდა პოლიტიკაში მოსულიყო – ქადაგიშვილი ივანიშვილზე

    „პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან აბსოლუტურად პოზიტიურად იქნა აღქმული. რაც მთავარია, ამ წელს, როდესაც საქართველოს გეოპოლიტიკური ხარისხის გამოწვევებთან გამკლავება უხდება და ძლიერი კონსოლიდაცია მართლაც მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც ქვეყანაში ნორმალური და სერიოზული პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს, როდესაც ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე რეალური დადებითი გავლენა არ გააჩნია და მხოლოდ უკიდურესი მარგინალიცაზიით არის დაკავებული, ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება დემოკრატიული კონტროლის გარეშე რჩება და შესაძლოა გარკვეული რისკები გაჩნდეს. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ რისკების თაობაზე ისაუბრა და ის ამ რისკების დასაზღვევად არის – ეს არის შესაძლო რისკი და არა ფაქტი. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ “ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა მისადაგებული იყოს იქითკენ, რომ ქვეყანაში კორუფციის რისკების გაჩენის პრევენცია მოხდეს“,

    ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე დასმულ კითხვას.

  • ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა კაცმა თითები დაკარგა

    ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა კაცმა თითები დაკარგა. ინფორმაციას  გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.

    კლინიკა ბაუში (ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში) თქვეს, რომ ერთი კაცი 40 წლისაა, რომელმაც ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. მეორე პაციენტი კი 25 წლის კაცია, რომელსაც თითი კლინიკაში შეყვანამდე უკვე დაკარგული ჰქონდა.

  • კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო მესტიისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია

    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა – მესტიისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია.

    ადგილზე მძიმე ტექნიკა და პოლიციაა მობილიზებული. ვერ ხერხდება მესტიიდან პაციენტების გადმოყვანა, მანქანების გრძელ რიგში დგანან ტურისტები და ადგილობრივები, რომლებიც 4 საათზე მეტია გზის გახსნას ელოდებიან. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზის ჩაკეტვაზე ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონიათ და მხოლოდ ადგილზე მისულებს განუცხადეს, რომ გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო.

    აღნიშნულ მონაკვეთზე 4 იანვრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ნაწილისთვის მოძრაობა აკრძალულია

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

    აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთიდან 1 კილომეტრში იყო.

    მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.