მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს მივმართო და ვუთხრა, დღევანდელი არჩევნები რამდენად მნიშვნელოვანია. აღვნიშნავ, რომ აქტივობა ძალიან მაღალია და ეს კარგის ნიშანია. საჭიროა, რომ ეს დღის მეორე ნახევარშიც ასევე გაგრძელდეს. საზღვარგარეთაც არაჩვეულებრივი აქტიურობაა […]
ასევე, მინდა აღვნიშნო ძალიან ცუდი, ძალადობის ფაქტები, რაც სხვადასხვა უბანზე ხდება. ხან მედიის წარმომადგენლებს აპარატურა დაუმტვრიეს, ხან პირდაპირი ძალადობაა. ჯგუფები არიან შეკრებილი. ერთადერთი მიზანია, რომ იქ დაძაბულობა და კონფრონტაცია მოხდეს […] ეს სისუსტის მაჩვენებელია, ასე რომ, ამით არავინ შეშინდეს.
მინდა, შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართო, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვუკავშირდები. ჩემი ადმინისტრაცია მის მოადგილეს ვერ უკავშირდება. ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს. მინდა, მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს, რადგან არ შეიძლება, საარჩევნო უბნებზე ამ ტიპის დაძაბულობა დავუშვათ. ეს ჩვენ არ გვეკადრება.
Category: სლაიდერი
-
შს მინისტრს ვერ ვუკავშირდები, მოვუწოდებ, პოლიციის რეაგირება უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს – პრეზიდენტი
-
ქართველებო დარწმუნებული ვარ სწორ არჩევანს გააკეთებთ! მშვიდობასა და მეზობლებთან მეგობრობას აირჩევთ – კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი
ეს დღეებია, ბევრი ადამიანი საქართველოზეა ფოკუსირებული. ჩვეულებრივი არჩევნების ნაცვლად, ისინი ამ არჩევნებს “ცივილიზაციურ არჩევანს” უწოდებენ, თუმცა, როგორც მე მესახება, ქვეყანამ არჩევანი რამდენიმე წლის წინ უკვე გააკეთა.
ჩემ ხალხს მათი ანტიკური ისტორია, ტრადიციები და კულტურა ახსოვს. ეგრეთ წოდებული “ევროპული გზა” ჩვეულებრივი კოლონიზაციაა და უარყოფაა ყველაფრისა, რასაც ისინი ფლობენ. რა აზრი ჰქონდა 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუ ორივე, ვაშინგტონიც და ბრიუსელიც აბსოლუტურ მორჩილებას მოითხოვენ?
თქვენ იცით, რომ მე მდიდარ და კარგად დაპურებულ საბჭოთა საქართველოში დავიბადე. მახსოვს 90-იანების რთული დრო და სიღარიბე, მახსოვს უსაფუძვლო იმედები სააკაშვილზე, რომ “უცხო ქვეყნები დაგვეხმარებოდნენ”. არ ვიცი, რამდენად გულუბრყვილო უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ 2024-ისთვის კეთილი ამერიკელი და ევროპელი ბიძის ჩამოსვლას დალოდებოდა, რომელიც მას ფულით სავსე ჩემოდანს ჰპირდებოდა.
ერთადერთი რამ, რაც მათ შეუძლიათ მოგიტანონ, არის იარაღი რუსეთთან საომრად და ამისთვის თქვენ თქვენი ფულით, სისხლით და შუა საუკუნეებში დაბრუნებით გადაიხდით. თანამედროვე უკრაინა ამის ნათელი მაგალითია.
ქართველებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ. თქვენ დამოუკიდებლობას, ტრადიციებს, მშვიდობასა და მეზობლებთან მეგობრობას აირჩევთ. და თქვენთვის ეს 21-ე საუკუნის უდიდესი გამარჯვება იქნება.
-
აქტივობა 15:00 საათზე: 41.62%-ია, 2020 – 36.45%; 2016 – 34.79%; 2012 – 44.99%
15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.62% შეადგინა. ამ დროისთვის არჩევნებზე გამოცხადდა 1 454 837 ადამიანი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45% იყო.
2012 წელს – 44.99%.
-
TV პირველის გადამღებ ჯგუფზე იყო თავდასხმა, დამტვრეულია აპარატურა – მელაძე
“თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე. დამტვრეულია აპარატურა. პირდაპირ ცემაზე გადადიან”,
აცხადებს ამის შესახებ, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე.
-
ფოთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი გარდაიცვალა
ფოთის მეთხუთმეტე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე გარდაიცვალა. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ის “ცუდად გახდა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, გარდაიცვალა”.
-
მოვითხოვ, საოლქო კომისია გაერკვეს სიტუაციაში და მიიღოს ზომები! – კალანდარიშვილი მარნეულზე
“მოვითხოვ, საოლქო კომისია გაერკვეს სიტუაციაში და მიიღოს ზომები!” – განაცხადა ამის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, რითიც გამოეხმაურა, მარნეულში მომხდარ ინციდენტს.
მარნეულში, N69 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენა.
“ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებაში ჩავდეთ. მე მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება”, – თქვა კალანდარიშვილმა ბრიფინგზე.
მარნეულის ოლქში სულ 81 საარჩევნო უბანია, საიდანაც მხოლოდ 41 უბანზე მოქმედებს ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემა.
-
12:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 22.22%-ია
12:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 22.22%-ია. ხმა 776 726-მა ამომრჩეველმა მისცა. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
2020 წელს ამავე დროს აქტივობა – 19.41% (681 583 ამომრჩეველი) იყო.
2012 წელს 12:00 საათზე აქტივობა 25.88% იყო (935 278 ამომრჩეველი). 2016 წელს -19.81% (695 988 ამომრჩეველი).
2024 წლის არჩევნებში 3 508 294 ამომრჩეველი მონაწილეობს.
-
აქტივობა 10:00 საათზე: 9.27 %-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, დილის 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 9.27 % შეადგინა.
ამ დროისთვის არჩევნებზე გამოცხადდა 324 197 ადამიანი.
ამაზე მაღალი აქტივობა (10.66%) დაფიქსირდა მხოლოდ 2012 წელს
2020 წელს, ამავე დროს ამომრჩეველთა აქტივობა 8.33% იყო, ხოლო 2016 წელს 10:00 საათვისთვის აქტივობა 8.34% იყო.
-
როცა ამდენი ამომრჩეველი მოდის, ეს ნათელი გზავნილია, რომ ხელისუფლება იცვლება – მარგველაშვილი
თქვენ ხედავთ, როგორი რიგია და ეს საქართველოში ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ როდესაც ამდენი ამომრჩეველი მოდის, ეს არის ნათელი გზავნილი იმის, რომ ხელისუფლება იცვლება და მეც დღეს ქართველ ხალხთან ერთად გამოვუწერე ბილეთი ამ ხელისუფლებას იქ, სადაც მათი ადგილია – რუსეთის ფედერაციაში. ასეთია ჩემი განწყობა, ასეთია განწყობა იმ ადამიანების, ვისაც მე აქ ვხედავ.
თქვა ძლიერი საქართველოს წევრმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
-
ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ ზუგდიდში – ნაცვლიშვილი
ახლა მაწვდიან ინფორმაციას, რომ ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ ზუგდიდში, მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას. არ დავტოვებთ არცერთ სამართალდარღვევას შესაბამისი რეაგირების გარეშე.