Category: სლაიდერი

  • გავრცელებული ინფორმაციით, რიყის პარკში არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

    ტვ პირველის“ ინფორმაციით, რიყის პარკში არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მედია ამბობს, რომ მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ბიჭის ამოყვანა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.

    გამაფრთხილებელი ნიშნები და უსაფრთხოების ზომები არ იყო მონიშნული.

    შემთხვევა 25 იანვარს მოხდა.

    „რიყის დოქების“ მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

    შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • როგორც კი ევროპული დემოკრატია ჩამოყალიბდება, მზად ვართ $200 მლნ ინვესტიციისთვის – ოქრიაშვილი

    როგორც კი ევროპული დემოკრატია ჩამოყალიბდება, მზად ვართ $200 მლნ ინვესტიციისთვის – ოქრიაშვილი

    გავრცელდა ინფორმაცია, 5,7 მილიარდი დოლარის შესაძლო ინვესტირებასთან დაკავშირებით გაერთიანებული საამიროებიდან. თუ ეს ასეა, ძალიან გამეხარდება. მაგრამ მეც და საზოგადოებასაც გვიჩნდება ეჭვი, საერთოდ განხორციელდება თუ არა ეს ინვესტიცია, თუნდაც წყალტუბოს მაგალითზე. მეექვსე წელი გადის დაპირებიდან, რომ წყალტუბო წალკოტი უნდა გამხდარიყო, თან პირადად ბიძინა ივანიშვილმა დადო ფიცი, მაგრამ რამე გაკეთდა?!  რამდენი ასეთი შეუსრულებელი დაპირება გვახსოვს პირადად ივანიშვილისგან? ან ბოლო 12 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში რაიმე ახალი სტრატეგიული პროექტი განხორციელდა?! რა თქმა უნდა, არაფერი, იმიტომ, რომ ხედვა არ აქვთ!

    თუ ეს არაბული ინვესტიცია მართლაც განხორციელდება, მაშინ ორი კითხვა მექნება: ვის ეკუთვნის ორი უზარმაზარი ტერიტორია, თბილისში და გონიოში, სახელმწიფოს თუ კერძო პირებს, სადაც ინვესტიცია უნდა განხორციელდეს?! თუ კერძო პირებს ეკუთვნით, ეს ნაკვეთები რა ვითარებაში და რა პირობებით გასხვისდა? ერთი სიტყვით, მაინტერესებს ამ ინვესტიციის გამჭვირვალობა ქართული მხრიდან. საზოგადოებამ უნდა აწარმოოს მონიტორინგი, ხომ არ არის ჩადებული ამ პროექტში რაიმე კორუფციული.

    შემდეგი საკითხია, 5,7 მილიარდი დოლარი ბევრია თუ ცოტა ჩვენი ქვეყნისთვის და რეალურად, რამდენ წელიწადში შეიძლება ჩაიდოს ეს თანხა მშენებლობაში? ჩემი აზრით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ამ ინვესტიციის ეტაპობრივად შემოსვლას, ანუ ასეთი მასშტაბური მშენებლობის დასრულებას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება. უხეშად რომ დავთვალოთ და მთლიანი საინვესტიციო თანხა გავყოთ 5 წელზე, მივიღებთ წლიურად დაახლოებით 1,15 მილიარდ დოლარს, რაც ძალიან კარგია. მაგრამ აქვე, ეს თანხა ჩვენი ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად ჩამორიცხულ პირდაპირ ინვესტიციას, ანუ ფულად გზავნილებს რომ შევადაროთ, რაც საქართველოს ეკონომიკაში და საბანკო სექტორში ირიცხება და 2024 წლის მაგალითზე 3,36 მილიარდ დოლარს შეადგენს, ვნახავთ, რომ სავარაუდო არაბული ინვესტიცია თითქმის სამჯერ ნაკლებია. და აი, ამ ხალხს, ვინც საქართველოს და მათ შორის, ე.წ. ქართულ ოცნებასაც ინახავს, არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება წაართვეს, რადგან არ გაუხსნეს საარჩევნო უბნები, მათი ოჯახის წევრების უდიდესი ნაწილი კი დააშინეს და ხმა არალეგიტიმური, დე-ფაქტო ხელისუფლების სასარგებლოდ იძულებით მიაცემინეს.

    მე ვარ კახა ოქრიაშვილი, PSP ჯგუფის დამფუძნებელი, ექიმი, რომელიც 1994 წლიდან ბიზნესს ვაწარმოებ საქართველოში და შევქმენი 8 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ჩვენი ჯგუფი მილიარდობით ლარს ამობილიზებს ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ბიუჯეტში. ჩვენ ავაშენეთ უმაგრესი ფარმაცევტული ქარხანა, ევროპული გაიდლაინებით ვამზადებთ მედიკამენტებს და ძირითადად, ვყიდით საზღვარგარეთ. 12 წელია, ვითხოვთ ჩვენს დარგში ისეთივე კანონმდებლობას, როგორიც არის თურქეთში, რათა ვიყოთ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. მაგრამ რაც ამ არალეგიტიმური ხელისუფლების პირდაპირი ინტერესის სფერო არ არის, ის თემა საერთოდ არ აინტერესებთ. ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც, როგორც კი ევროპული დემოკრატია ჩამოყალიბდება ქვეყანაში, მზად ვართ, განვახორციელოთ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში და ვაწარმოოთ არამხოლოდ მყარი ფორმით ტაბლეტები  და კაფსულები, არამედ კრემები, სიროფები, გარეგანი საშუალებები და მოვიცვათ როგორც პარაფარმაცევტული, ისე ფარმაცევტული სპექტრი.

    დემოკრატია სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ ვერავინ გაბედოს, მათ შორის ხელისუფლებამ, ბიზნესის დაჩაგვრა, დაშანტაჟება, წართმევა. მანამ, სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, ჩვენს ქვეყანას ვერც არაბული ინვესტიცია უშველის და ვერც ექსპორტ-ორიენტირებული ეკონომიკა გვექნება, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის!

    აცხადებს ამის შესახებ, კახა ოქრიაშვილი.

  • ამაღლობელს ჯანმრთელობას ვუსურვებ.. ჩაიდინა დანაშაული.. არ მახსენდება გამოსულიყო და ეთქვას, შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ – კალაძე

    ამაღლობელს ჯანმრთელობას ვუსურვებ.. ჩაიდინა დანაშაული.. არ მახსენდება გამოსულიყო და ეთქვას, შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ – კალაძე

    მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? მე არ მახსოვს, არ მომისმენია (და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია) ამდენი ხნის განმავლობაში, თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ.

    ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში. არავის მიეცემა იმის უფლება, მოაწყოს არეულობა, რომელიც იმართება გარედან; არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში მოაწყოს რევოლუციები, დაპირისპირებები და ა. შ.

    თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

  • დასანქცირების შემდეგ, ივანიშვილმა 4 ოფშორიდან 12 კომპანია საქართველოში გადმოიტანა – TI

    საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ, მან ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების საქართველოში გადმოტანა დაიწყო.  კველვაში ნათქვამია, რომ 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ივანიშვილმა, მისმა ცოლმა და შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირეს. ესენია: სს „ატუ ჰოლდინგი“, სს „ტერა“, სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“.

    დეტალურად:

    “გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან.

    29 იანვრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ოფშორული კომპანიიდან სრულად გადმოიტანეს კომპანიები საქართველოში: 1) Visalia Enterprises Limited (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited (ბელიზი) 3) Fresno Management Limited (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა).

    მაღალი ალბათობით, კომპანიების გადაფორმების დროს, ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც დაწესდა ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. „ოფშორული კანონით“. მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერდა, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, დიდი ალბათობით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის საჭიროებებს იყო მორგებული.

    აღსანიშნავია, რომ გადაფორმებები ეხება ივანიშვილების ოჯახის იმ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი უფიქსირდებათ.ჯამში ამ კომპანიების განთავსებული კაპიტალი 163,187,800 ლარს შეადგენს.

    ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდგომი მოქმედებები

    31 დეკემბერი 2024: ბიძინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა, უტა ივანიშვილმა, სს „ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა.

    22 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოფშორული კომპანიიდან Visalia Enterprises Limited (ბელიზში რეგისტრირებული კომპანია), უტა ივანიშვილს უსასყიდლოდ გადასცა ოლიგარქის შუშის სასახლის ნაწილის მფლობელი კომპანია შპს „ფინსერვის XXI“. 24 იანვარს, უტა ივანიშვილმა ეს კომპანია გადასცა მის ახლად დარეგისტრირებულ კომპანია სს „ატუ ჰოლდინგს“.

    28 იანვარს „ატუ ჰოლდინგს“ ბელიზზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიიდან Fresno Management Limited უსასყიდლოდ გადაეცა 3 შპს: შპს „ინტერ კონსალტინგ +“, შპს „ქართუ მშენებელი“ და შპს „ქართუ მენეჯმენტი“.

    31 დეკემბერი 2024: შპს „ტერა“, რომლის ერთადერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, სააქციო საზოგადოებად რეორგანიზდა. 2025 წლის 17 იანვარს, სს „ტერამ“ ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიიდან (Limestone Finance International SA, რეგისტრირებული პანამაში), 7 კომპანია უსასყიდლოდ გადმოიფორმა:

    შპს „სანაპიროს ხედი“
    შპს „ახალი კაპიტალი“
    შპს „ინვესტ კაპიტალი“
    შპს „ქართუ კონსალტინგი“
    შპს „აბასთუმანი 2019“
    შპს „ბლექ სი არენა“
    შპს „ჯეოფერტ“
    20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძემ ოფშორული კომპანიის (GCF Luxembourg SARL) გავლით მის საკუთრებაში არსებული 4 ქართული შპს სააქციო საზოგადოებად გადააკეთა:

    სს „ქართული აგრო სახლი“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 2,700,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 684,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გრინჰაუს ჰოლდინგი“.
    სს „გეოაგრო“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 40,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 31,608,130 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „აგრო ჰოლდინგი“.
    სს „გალერია თბილისი“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 68,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 17,000,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გალერია ჰოლდინგი“.
    სს „სიშორ“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 20,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 5,817,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „რიზორთ ჰოლდინგი“.

    20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ლუსოლი“.

    27 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ჯი სი ეფ საქართველო“.

    28 იანვარი 2025: უტა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოიფორმა შპს „ქართული ჰოლდინგი“, რომელიც მანამდე უტას ბელიზში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა. კომპანიის კაპიტალი შეადგენს 32,087,800 ლარს.

    20 იანვარს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის, მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ აშშ-ს მიერ პირადად ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქცია რეალურად მის ოჯახის წევრებსაც შეეხო – შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა ივანიშვილების ოჯახს ანგარიშები გაუყინა – რის გამოც ის ჩივილს აპირებს.”

  • მზად ხართ, ზიდოთ ამაღლობელის უკანონო პატიმრობის სიმძიმე? – ანა ნაცვლიშვილი გაბიტაშვილს

    ყველამ ვიცით, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი უსამართლობის და შეურაცხყოფის პასუხად მე-18 დღეა საპატიმროში შიმშილობს. ჩვენ ვიცით, რომ მზია ამაღლობელი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე, ამასთან, არცერთ ადამიანს, რომელმა მისი საქმე შეთითხნა არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამოეფარება ჯგუფურ პასუხისმგებლობას, ამოეფარება რეჟიმს და მომავალში თავს იმით გაიმართლებს, რომ მაშინ დრო იყო ასეთი.

    ამიტომ, დღეს, მე მინდა მივმართო გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც სახელის და გვარის გასწვრივ უწერია, რომ არის საქართველოს გენერალური პროკურორი. ბატონი გიორგი თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მზია ამაღლობელი დღეს არათუ პატიმრობაში არ უნდა იყოს, არამედ მის წინააღმდეგ საქმე საერთოდ არ უნდა დაგეწყოთ, იმიტომ რომ კანონით და არა პროპაგანდით, რომელსაც ქართული ოცნება ამუშავებს, ქმედება, რომელსაც მას ედავებით, არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას, რომლის გამოც ის გამომწყვდეული გყავთ ციხეში.

    პროპაგანდა აქტიურად მუშაობს, მაგრამ თქვენ, როგორც იურისტმა, ძალიან კარგად და ზუსტად იცით, რომ ეს პატიმრობა არის აბსოლუტურად უკანონო. ამიტომ მინდა მოგმართოთ კითხვით, პირადად თქვენ მზად ხართ, რომ მთელი ცხოვრება ზიდოთ ამაღლობელის უკანონო პატიმრობის და მისი ჯანმრთელობის ხელყოფის სიმძიმე?  მზად ხართ რომ ამ ცოდვით იცხოვროთ?

    ამიტომ მოგმართავთ, როგორც პირს, რომელსაც გაქვთ კანონით შესაძლებლობა და ვალდებულება დაუყოვნებლივ დააყენოთ მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი სასამართლოში და ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე, რომელსაც არ გააჩნია არც სამართლებრივი და არც ზნეობრივი გამართლება, დაუყოვნებლივ იყოს შეწყვეტილი. თავისუფლება მზია ამაღლობელს.

    განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

  • მზია ამაღლობელი არის ჩვენი სინდისი.. ჩვენი სიამაყე რეპრესიების წინაშე – ზურაბიშვილი

    მზია ამაღლობელი არის ჩვენი სინდისი.. ჩვენი სიამაყე რეპრესიების წინაშე – ზურაბიშვილი

    შიმშილობის მე-17 დღეს #თავისუფლებამზიაამაღლობელს გახდა #გადავარჩინოთმზიაამაღლობელი. ის არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე რეპრესიების წინაშე. ის ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, შეათრიოს საქართველო რუსეთში.

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ნეტგაზეთსა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი მე-18 დღეა ციხეში შიმშილობს.

  • მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა

    მსახიობი და იუმორისტი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქესლში მსახიობის ახლობლები ავრცელებენ. თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

    ალეკო თეთრაშვილი იყო ქართული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემის, “პა-სეანსის” ერთ-ერთი ავტორი. ასევე სხვადასხვა იუმორისტული პროექტისა და გადაცემების მონაწილეც იყო.

  • “შიმშილობის მე-18 დღე საგანგაშოა. გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია… “- ხოშტარია

    “შიმშილობის მე-18 დღე საგანგაშოა. გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია… “- ხოშტარია

    “შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა.
    გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია. ჩემ სანახავად რომ მოდიოდნენ ძალას ვიკრებდი ჯდომისთვის და მერე საათები ტაქიკარდიას, ამოვარდნებს ვებრძოდი
    ექიმმა გამაფრთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს და ვარკვევდი დიალიზით ცხოვრების სცენარებს
    კოორდინაცია ირღვევა
    პერიოდული დერეალიზაცია
    ღებინება
    აღქმის შენელება
    ეს მხოლოდ ნაწილია და არასამედიცინო შეგრძნებების დონეზე ახსნილი უბრალოდ.
    მე უამრავი მეგობარი და ექიმი მყავდა გარშემო. ასევე ტვში ვჩანდი.
    მზია არის შეურაცხყოფილი, ჩაკეტილი და სამედიცინო შეფასების გარეშე.
    ჩემთვის რომ გეკითხათ მხნედ ვიყავი მეც, მართლა ასე ვგრძნობდი თავს.
    მოეშვით მარჩიელობას, სასწრაფოდ გამოუშვით!
    ბოდიშს ვიხდი ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ რადგან ხილული არაა მზიას შიმშილობა, ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ.
    სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები უკვე”

    წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია.
    ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი  მზია ამაღლობელი უკვე მე-18 დღეა შიმშილობს. 

  • “მოვუწოდებ EU-ს და დიდ ბრიტანეთს, დაუწესონ სანქციები ივანიშვილს, მის ოჯახს და ახლობლებს” -უილსონი

    “მოვუწოდებ EU-ს და დიდ ბრიტანეთს, დაუწესონ სანქციები ივანიშვილს, მის ოჯახს და ახლობლებს” -უილსონი

    “მოვუწოდებ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს, დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ. შეერთებულ შტატებს შეუძლია მეორე დონის სანქციების დაწესება მის უკანონო სიმდიდრის მართვაში ჩართულ ინსტიტუტებზე. დონალდ ტრამპი ამას გამოასწორებს,”

    ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

  • თბილისის ბიუჯეტი 209 მილიონი ლარით იზრდება

    დღეს, საკრებულოს სხდომაზე, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის  ბიუჯეტის მოცულობა 209 684,9 ათასი ლარით იზრდება და 2 192,862.9 ათას ლარს შეადგენს.

    “საკრებულოს სხდომაზე ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს თამარ ბერუაშვილს მოუსმინეს, რომელმაც სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ  საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-98 დადგენილებაში ცვლილება გააცნო საკრებულოს წევრებს. ცვლილების მიზანი, 100 წელს მიღწეული მოქალაქეებისათვის განსაზღვრული ფულადი დახმარების ოდენობის გაზრდა და ქვეპროგრამის მოსარგებლედ განსაზღვრის კრიტერიუმების დაზუსტებაა. წესის მოქმედი რედაქციის მიხედვით, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ფულადი დახმარება განსაზღვრულია 1000  ლარის ოდენობით, ხოლო წარმოდგენილი პროექტით, ფულადი დახმარება განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ლარით. აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი, ასევე  სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“  განკარგულების პროექტი,  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს.

    საკრებულოს წევრებმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტებზეც იმსჯელეს. საკითხი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ბაგაშვილმა წარადგინა.  საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ რამდენიმე მისამართზე  არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით  პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინა.საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური  ცვლილებები დაამტკიცეს.დღესვე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს”. – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.