Category: სლაიდერი

  • ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდეა გავრცელებული

    ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდეა გავრცელებული.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით,  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

    ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

    “ამ დროისთვის, ლილოს ბაზრობაზე დამწვარია, დაახლოებით, 5 000 კვადრატული მეტრი – როგორც სასაწყობე ფართი, ასევე მაღაზიები. ადგილზე 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 22 ერთეული სახანძრო ავტოცისტერნაა მობილიზებული. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს […] მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ”. – თქვა მღებრიშვილმა.

  • სტიმულია, რომ ქვეყანას უფრო უკეთ ვემსახუროთ – ბოჟაძე EU-ს სანქციებზე

    ნებისმიერი ასეთი ზეწოლა, სანქცია და მუქარა ერთადერთ რამეს უკავშირდება: შანტაჟს, რომ როგორმე ჩვენ დავთმოთ ჩვენი პოლიტიკა, პირობები, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რასაც, ბუნებრივია, არ გავაკეთებთ და პირიქით, ნებისმიერი ასეთი მცდელობა, პასპორტების შეზღუდვა იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ, ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ ჩვენს ხალხსა და ქვეყანას უფრო უკეთ ვემსახუროთ […]

    მთავარია არა ის, ჩვენთან მიმართებით რა შედეგი დადგება და რა შეზღუდვა იქნება, არამედ ის დამოკიდებულება, რაც გამოჩნდა. მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით მივდივართ და ის ზეწოლა, რომელიც გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის კანონს უკავშირდებოდა, ის ძირითადი მიზეზები იყო, რითიც უნდოდათ, რომ ჩვენზე ზეწოლა მოეხდინათ.

    თქვა “ოცნების” წევრმა  ვლადიმერ ბოჟაძემ.

  • “შიმშილობის მე-17 დღეს შეიძლება განვითარდეს გულის, თირკმელების, ღვიძლის უკმარისობა” -ბათუმელი ექიმები მზია ამაღლობელზე

    ”შიმშილობის მე-17 დღეს შეიძლება განვითარდეს ორგანოების უკმარისობა ისეთი, როგორიც არის გული, თირკმელები, ღვიძლი და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება”.- ამის შესახებ ბათუმელი ექიმები განცხადებას ავრცელებენ და რეჟიმის პატიმარ, მზია ამაღლობელთან შესვლას ითხოვენ.

    “დღეს მე-17 დღეა შიმშილობის. მხოლოდ წყლის მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, ამ დროს ორგანიზმში ენერგიის უკიდურესად დაბალი დონეა, რაც იწვევს შეუქცევად ცვლილებებს.

    ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს, თუ მზიას ჯანმრთელობა 100%-იანი იყო მაშინ როცა შევიდა ციხეში და რა მდგომარეობა იყო ეს კიდევ ცალკეა.

    შიმშილობის მე-17 დღეს შეიძლება განვითარდეს ორგანოების უკმარისობა ისეთი, როგორიც არის გული, თირკმელები, ღვიძლი და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება. ნერვული სისტემის მხრივ თავის ტვინის ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს ფუნქციონირების შესუსტებას, რაც თავის მხრივ იწვევს გონების დაკარგვას, კომას და შესაძლოა სიკვდილსაც. ირღვევა ელექტოლიტული ბალანსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია, კუნთების სპაზმი და სხვა სერიოზული პრობლემები. იმუნური სისტემის მხრივ, ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ, პაციენტს  წარმოექმნება ლიმფალური პრობლემები. შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.

    რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება? წყალი არ შეიცვას ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომლებიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან, ცხიმებიდან. ასევე, ამ დროს ვითარდება ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

    შიმშილობის საკითხი პენიტენციურ სისტემაში რეგულირდება მრავალი საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის ადამიანთა უფლებების ეროვნული კონვენციით, საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, მინიმალური სტანდარტებით პატიმრობის პირობების შესახებ. მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ასევე ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აქამდე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს საზოგადოებისთვის და ოჯახის წევრებისთვის ყოველდღიურად უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია მზია ამაღლობელის ყოველდღიური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე მოეხდინა ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი.

    მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში, საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის, სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის. მზია ამაღლობელის დახსნა უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა, ისევე, როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის.

    ჩვენი მოთხოვნაა სანდო, კვალიფიციური, მრავალპროფილური ექიმები, კონსილიუმისთვის დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. თითოეული აქ მდგომი მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით შევიდეს მზია ამაღლობელთან. თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება საქართველოს დიქტატურისგან,” – განაცხადეს ექიმებმა.

  • ”თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს!”- მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა

    აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა.

    საბა სხვიტარიძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა. არ ვიცი, რას გიხდიან, ან რით გაშინებენ, მაგრამ ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უკანონობის დაკანონებისთვის. თუმცა მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თითოეული თქვენი ქმედების გამო…დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და არ დაიჩოქებს პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე…თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ – განაცხადა საა სხვიტარიძემ სასამართლო დარბაზში.

    საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციაში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლი სამართლის წესით დააკავა.აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს გვიან ღამით რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააპატიმრეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება.

    25 დეკემბერს სხვიტარიძე ფეისბუქ პოსტში, დეტალურად იხსენებს თავისი დაკავების დღეს, 4 დეკემბერს, თუ როგორ იძალადეს მასზე დიღმის მთავარ სამმართველოში.

    „მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი.[…] „მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის „ექიმები“ არიანო, ამ ქალაქში ასე „პროფესიონალურად“ საქმეს არავინ ასრულებსო“.

     

  • ცესკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება ექნებათ – კანონპროექტი

    ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ. ეს ცვლილებები “იარაღის შესახებ” კანონში არის დაგეგმილი.

    პროექტის ავტორები არიან – გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

    • “იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება ცესკოს იმ წევრს, რომელიც თავის უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდა უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრისა, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით” – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

    ამავე ცვლილების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება ცესკოს იმ წევრს, რომელიც თავის უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდა უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრისა, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით.

     

  • მზია ამაღლობელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, როდესაც ტელევიზიით ვნახეთ უსასტიკესი ძალადობა ადამიანებზე ნიღბიანების მიერ და არავინ დაუკავებიათ – ჰერჩინსკი

    მზია ამაღლობელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, როდესაც ტელევიზიით ვნახეთ უსასტიკესი ძალადობა ადამიანებზე ნიღბიანების მიერ და არავინ დაუკავებიათ – ჰერჩინსკი

    “მე შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით, რომელიც უკვე 16 დღე გრძელდება. ის წინასწარ პატიმრობაშია. საშუალო ასაკის ქალს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, როდესაც ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ უსასტიკესი ძალადობა ადამიანებზე, ნიღბიანების მიერ, და არავინ იქნა დაკავებული. ეს არის უპრეცედენტო რამ. სწორედ ამიტომ, სანქციების შესახებ მსჯელობა ევროკავშირში კვლავაც გაგრძელდება. სამწუხაროდ ჯერ ერთსულოვნება არ გვაქვს, რადგან არსებობს ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ სანქციებს შეუერთდნენ. თუმცა, გამომდინარე ევროკავშირის ლიდერების მონდომებიდან, ჩვენ ამაზე მუშაობას დავუბრუნდებით და მივაღწევთ ერთსულოვნებას, რომელიც სანქციების დასაწესებლად არის საჭირო.”

    განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.  

  • მზია ამაღლობელი დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა.ახლავე უნდა გაათავისუფლონ – კონგრესმენი კოენი

    “როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი”

    წერს დემოკრატი ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი X-ზე.

  • აგენტების კანონის პასუხად დიპ. პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერება უცნაურია..დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ! – ზურაბიშვილი

    აგენტების კანონის პასუხად დიპ. პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერება უცნაურია..დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ! – ზურაბიშვილი

    ევროკავშირის გადაწყვეტილება, უცხო ქვეყნის აგენტების კანონის საპასუხოდ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის, გარკვეულწილად უცნაურად ჩანს. საქართველომ მას შემდეგ უარესი გადაიტანა: წართმეული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასშტაბური აქციები, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ!

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

  • “აჭარის ტერიტორიაზე, 3 წერტილში, საეჭვო დაზიანება დაფიქსირდა” – “მაგთი” გუშინდელ ხარვეზზე

    “აჭარის ტერიტორიაზე, 3 წერტილში, საეჭვო დაზიანება დაფიქსირდა” – ნათქვამია მაგთიკომის განცხადებაში.

    გუშინ, 27 იანვარს, მაგთიკომის აბონენტებს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისები არ მიეწოდებოდათ.

    “გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა.

    რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება (გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე).

    მაგთიკომის ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება.

    ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს ნიკოლოზ ბერიანიძეს ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

    უკრაინის მხარეს მებრძოლ, საქართველოს მოქალაქეს, ნიკოლოზ ბერიანიძეს ოკუპირებული დონეცკის “სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ქართველ მებრძოლს “დაქირავებულ მებრძოლობასა” და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე თავდასხმაში სდებენ ბრალს.

    ე.წ. დნრ-ის პროკურატურის თანახმად, ბერიანიძის დატყვევება ქალაქ მარიუპოლში, 2022 წელს მოხდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ბერიანიძე წარსულში საქართველოს არმიაში მსახურობდა და, სავარაუდოდ, ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში იღებდა მონაწილეობას.

    “სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წელს ჩავიდა კიევში, სადაც შეუერთდა უკრაინულ ნაციონალისტური ბატალიონის „აზოვის“ რიგებს. იგი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო როგორც დაქირავებულს, დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკების”  წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ბატალიონში ქართველი სამხედრო ინსტრუქტორად მსახურობდა.

    ბერიანიძე 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე მსახურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უსაფრთხოების ნაწილებში ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის 18 მარტს დაქირავებულმა სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლი გაუხსნა რუსი სამხედროების ჯგუფს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. შემდგომში ქართველი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა დააკავეს.” წერს რუსული მედია.