Category: სლაიდერი

  • ”ოცნების” პრემიერობასთან ერთად, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარეც იქნება

    ”ქართულმა ოცნებამ” პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. გადაწყვეტილება ყრილობაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

    ირაკლი კობახიძე,  ამ თანამდებობას 2021 წლის 16 იანვრიდან 2024 წლის 24 იანვრამდეც იკავებდა.

    “ქართული ოცნების” ყრილობა ამ წუთებში სასტუმრო “პარაგრაფში“ მიმდინარეობს.

    25 აპრილს, ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

  • “სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს” – გომელაური MEGOBARI აქტზე

    “არ მინახია ნამდვილად სია, სიმართლე რომ გითხრათ. […] სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს”.

     

    ასე გამოეხმაურა “ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური MEGOBARI აქტის სასანქციო სიას.

  • „უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ერთადერთი დაბრკოლება ამ დროისთვის პუტინია“ – კიტ კელოგი

    „უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ერთადერთი დაბრკოლება ამ დროისთვის პუტინია“ — განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა.

    „ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია შედეგის მიღწევა — დონალდ ტრამპია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი დათანხმდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე პროგრესის გზაზე მთავარი დაბრკოლება სწორედ რუსეთის პრეზიდენტია, რომელიც უარს ამბობს შეთანხმებაზე,“ — აღნიშნა კელოგმა.

  • შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

    მზია ამაღლობელს შსს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავება, თითქოსდა ამ ქმედებით იერსახე დამახინჯდა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა სასამართლოში შესული.

     

  • ჯო უილსონს ვეტყოდი, თავის საქმეს მიხედოს, ვერ ამოვხსენი [რატომ ვარ სიაში] – ვიქტორ ჯაფარიძე

    ჯო უილსონისნაირი მექრთამეებისგან არაფერს არ ველოდები. […] მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ჩვენი ქართველი ხალხი. ჯო უილსონს ვეტყოდი, რომ თავის ქვეყანას და თავის საქმეს მიხედოს. სხვის ქვეყანაში ამ დოზით ჩარევა, მოგწონთ? ვერ ამოვხსენი [რატომ ვარ დასასანქცირებელთა სიაში]. […] დამოუკიდებელ ქვეყანაში პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე, ამისთვის დამასანქცირონ, ეგ არის დემოკრატია? ეგ არის უილსონისებური დემოკრატია, ალბათ.

    ამბობს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი და პროპაგანდისტული PosTV-ის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე.

  • “ქალს, რომელსაც საქართველოში მელანომისა და სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საფრანგეთში არცერთი არ დაუდასტურდა – რას წერს პარიზის კლინიკაში მომუშავე ქართველი

    ლელუკა ლაშხი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთში, პარიზში, სადაც ლელუკა მუშაობს სამედიცინო კულინარიული სექტორის ხელმძღვანელად, რეანიმაციაში მიიყვანეს ქართველი ქალი, რომელსაც დასმული ჰქონდა დიაგნოზი – მეოთხე სტადიის მელანომა და სწორი ნაწლავის სიმსივნე მესამე სტადია.

    როგორც ლელუკა ყვება ქართველ ქალს არცერთი დაავადება არ დაუდასტურდა და ოპერაცია ჩაუტარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიპების გამო.

    “ისეთი ამბავია, ერთდროულად რომ გაგაბრაზებს და გაგამწარებს.

    ჩემი სამი კლინიკიდან ერთ-ერთში ე.წ. სეფსის სექტორია განთავსებული.

    შესვენების შემდეგ დამირეკა მდივანმა, მადამ გალერის თქვენი ნახვა უნდაო. არ ვიცოდი ვინ იყო ეს ქალი და კადრებში მოვიძიე ინფორმაცია. სეფსის-ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ყოფილა. რომ ავედი მისი ასისტენტი დამხვდა. თვითონ ოპერაციაზე.
    რეანიმაციაში ქართველი ქალი ჰყოლიათ, ვერცერთ სხვა ენაზე ვერ ლაპარაკობს და გუგლით ვერაფერს გვაგებინებს, თუ შეძლებ დაგვეხმარეო.
    არც დავფიქრებულბარ.

    ახლა მოკლედ დავწერ და გავრცობისგან თავს შევიკავებ უბრალოდ.

    ეს ქალი ორი დიაგნოზითაა. მთხოვა სახელი და გვარი არსად მივუთითო ჯერჯერობით, მაგრამ ამ ამბავს ასე არ დავატოვებინებ!

    მეოთხე სტადიის მელანომა და სწორი ნაწლავის სიმსივნე მესამე სტადია.

    მელანომაზე მკურნალობდა ორი წელი საქართველოში და თურქეთში. ნაწლავის სიმსივნე 7 თვის წინ დაუდგინეს და ოპერაცია ჩაუტარდა.

    ნათესავის ქმარმა უთხრა, მე დაგხვდები პარიზშიო. ის ბედოვლათი დაუჭერიათ იმ დილას, ეს ქალი რომ ჩამოდიოდა საღამოს.

    რასაკვირველია არცერთი არ დაუდასტურდა და ოპერაცია ჩაუტარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიპების გამო, რომელიც სრულიად უწყინარიაო ექიმმა. სავარაუდოდ პოლიპი იყო სწორ ნაწლავზეცო.

    რაც შეეხება მელანომას, პაციენტს ჰქონია თანდაყოლილი ხალი ბარძაყის არეში, რომელიც ბათუმში, პლაჟზე დაიზიანა და ესთეტიკურ ცენტრში ” უმკურნალეს”. ერთ-ერთ დიდ და სახელგანთქმულ კლინიკაში ავთვისებიან მელანომად შერაცხეს, სახლ-კარი გააყიდინეს და პრევენციას შეუდგნენ ხან იქ და ხან თურქეთში, მათ მიერ რეკომენდირებულ ექიმებთან.

    ამიხსნეს, რომ ხალის მორფოლოგია დაირღვა, იმ შემთხვევის დროს და რადგან სუსტი იმუნური სისტემა ჰქონდა იწვევდა მის გარკვეულ დეგრადაციასო.

    დაახლოებით 200 ადამიანი მყავს მე პირადად გაცნობილი, დაბინავებული და ” გზაზე დაყენებული”, რომლებიც პირდაპირი გაგებით გამოექცნენ სიკვდილს!

    კი, ეს ქალი გადარჩა და კიდევ უკეთესად იქნება მალე. ხვალაც ავალ და მოვინახულებ, დავუტოვე ჩემი კონტაქტები.
    მაგრამ რამდენი ადამიანია, ვისაც არ აქვს აქ ჩამოსვლის არანაირი გზა და ხოცავთ ცხოველებივით!

    ან რა ფიცი დადეთ ასეთი, ამ რით ვეღარ გეყოთ სხვისი უბედურებით აშენებული აგარაკები?!
    რამხელა უსამართლობაში ცხოვრობს ქვეყანა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებთ!” – წერს ლელუკა ლაშხი.

  • “მიიყენა თვითდაზიანება.ნიკა ბასილაძის მიმართ ციხეში რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია” – პენიტენციური ვიდეოს ავრცელებს

    “მიიყენა თვითდაზიანება, ძალადობას ადგილი არ ჰქონია” – სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული ნიკა ბასილაძის საქმეზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას და კამერების ჩანაწერს აქვეყნებს.

    განცხადება სრულად:

    გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2024 წლის 20 აგვისტოს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან 2024 წლის 25 აგვისტოს, ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება, საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე დაკარგა გონება და თავი დაარტყა იატაკს, რა დროსაც მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებით.

    ნ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ქ. ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო სამედიცინო კვლევების შედეგად გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად, იმავე დღეს – კლინიკა „ვივამედში“.

    2024 წლის 4 ნოემბერს შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

    ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2024 წლის 25 აგვისტოდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობისას ნ.ბ.-ს ოჯახის წევრებს და მის უფლებადამცველს არაერთხელ მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მათ შორის, მათთვის ხელმისაწვდომი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით მოპოვებული კადრები.

    2025 წლის 23 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. ცნო დამნაშავედ სსკ-ის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

    სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისთანავე მსჯავრდებულს გადაუვადა სასჯელის მოხდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე, რის საფუძველზეც ნ.ბ. გათავისუფლდა N18 სამკურნალო დაწესებულებიდან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერი გახდა

    გერმანიის კანცლერად კონსერვატორი ლიდერი ფრიდრიხ მერცი აირჩიეს – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერს მხარი 325-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 289 კი მის წინააღმდეგ წავიდა. კანცლერად არჩევისთვის 316 ხმა იყო საჭირო, მერცის კოალიციას კი 328 მანდატი აქვს.

    დღეს  ფრიდრიხ მერცის კანცლერის თანამდებობაზე ასარჩევად ბუნდესტაგში ხმის მიცემის ორი ტური გაიმართა. პირველ ტურში მან ვერ მოაგროვა საკმარისი ხმების რაოდენობა. ფარული კენჭისყრით, მერცს 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი – საჭირო 316-დან, 307-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. რის შემდეგაც, დღესვე ჩაინიშნა მეორე ტური.

    ფრიდრიხ მერცმა, რომლის CDU/CSU-ს კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა თებერვლის არჩევნებში, 5 მაისს განაცხადა, რომ სწრაფად შეუდგება გერმანიის ეკონომიკის რეფორმირებას. ახალი მთავრობა აპირებს უზრუნველყოს გერმანიის ეკონომიკის ზრდა და ამასთან ერთად – ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა.

  • დიდი ძმა გიყურებს: მთავრობა თვალთვალის ჩინურ სისტემებს ნერგავს – “ფლანგვის დეტექტორი”

    2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, სახელმწიფო უწყებებმა — მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-მა და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ — ჯამში 461 ერთეული მაღალი ტექნოლოგიის ვიდეოთვალთვალის კამერა შეიძინეს.ნათქვამია  “ფლანგვის დეტექტორის” სტატიაში.

    ”პარლამენტის შენობას გარშემორტყმულ კამერებს არაფერი გამოეპარებათ. ისინი სახეებს ცნობენ, ემოციებს აანალიზებენ და მონაცემებს ცენტრალურ ბაზაში აგზავნიან. ჩინური წარმოების ეს მაღალტექნოლოგიური სისტემები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, რათა მოქალაქეთა თითოეული მოძრაობა დააფიქსირონ.

    რას ემსახურება ეს ტექნოლოგია — საზოგადოებრივ უსაფრთხოებას თუ თავისუფლების შეზღუდვას?

    უკვე მეექვსე თვეა, რაც საქართველოში მასშტაბური გამოსვლები მიმდინარეობს. სწორედ ამ პროცესების პარალელურად დაიწყო სახელმწიფო უწყებების მიერ ჩინური თვალთვალის სისტემების მასობრივი შესყიდვა. კამერები განთავსდა იმ ადგილებში, სადაც მოქალაქეთა ყველაზე ინტენსიური შეკრებები ფიქსირდება — მათ შორის პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სტრატეგიული შენობების მახლობლად.

    ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ტექნოლოგიები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ემსახურება. უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ კამერების მეშვეობით ხდება დემონსტრანტების სისტემური თვალთვალი და დაშინება.

    ვიდეოთვალთვალის ახალმა ტალღამ შექმნა ახალი რეალობა: სახელმწიფო ციფრულად აკვირდება მოქალაქეებს და ამას თანამედროვე ტექნოლოგიის უმაღლესი საშუალებებით აკეთებს.

    2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, სახელმწიფო უწყებებმა — მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-მა და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ — ჯამში 461 ერთეული მაღალი ტექნოლოგიის ვიდეოთვალთვალის კამერა შეიძინეს.

    შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ეს კამერები განთავსდება დედაქალაქის სტრატეგიულ წერტილებში, მათ შორის პროტესტის ეპიცენტრებში.

    კამერების დიდი ნაწილი ჩინური კომპანიის, Dahua Technology-ის მიერ არის წარმოებული — ბრენდის, რომელიც დასავლეთში კრიტიკის ქვეშ მოექცა ადამიანის უფლებების დარღვევების და ჩინეთის სახელმწიფო მეთვალყურეობის სისტემებთან კავშირის გამო. კომპანიის სახელი უიღურების რეპრესიის კონტექსტშიც გაჟღერდა.

    პირველი შესყიდვა 2024 წლის 12 დეკემბერს განხორციელდა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ქუჩის აქციებმა პიკს მიაღწია.  „112“-მა გამარტივებული შესყიდვით შეიძინა 30 ერთეული მართვადი კამერა (PTZ), მაღალი ოპტიკური ზუმით, რომლის კონტრაქტიც შპს „ჯი-ეს-სი“-სთან გაფორმდა და ღირებულება 84,963 ლარს შეადგენდა.

    ყველაზე მასშტაბური შესყიდვა კი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. შპს „დელტა კონსალტინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, სააგენტომ 331 კამერა 2,972,620 ლარად შეიძინა.

    ამ გარიგებაში შედის არა მხოლოდ კამერების მიწოდება, არამედ მათი გარე გამოყენებისთვის განკუთვნილი უწყვეტი კვების სისტემების მონტაჟი და შემდგომი მომსახურებაც.

    ტენდერი 2024 წლის 14 ნოემბერს, მასობრივი აქციების ფონზე გამოცხადდა.

    სწორედ ამ ფაქტობრივი პარალელების გამო — შესყიდვების დროის, რაოდენობისა და მდებარეობის გათვალისწინებით — ექსპერტები კამერების ინსტალაციას უსაფრთხოების სტანდარტებზე მეტად პოლიტიკურ რეალობას უკავშირებენ.

    რა შეუძლიათ სათვალთვალო კამერებს?

    ​Dahua-ს PTZ (Pan-Tilt-Zoom)-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვიდეოთვალთვალის სისტემათა შესაძლებლობები და ფუნქციები სცდება სახის ამოცნობას:

    • კამერებს შეუძლიათ ადამიანის სქესის, ასაკის, სათვალის, ნიღბის ან ჩაფხუტის დაფიქსირება;
    • სისტემას აქვს ემოციების ამოცნობის შესაძლებლობა — ბრაზი, შიში, დაბნეულობა, სევდა და ბედნიერება;
    • რეალურ დროში ხდება ადამიანებისა და მანქანების იდენტიფიცირება – როგორც მონაცემთა ბაზებში, ისე ვიდეოებსა და ფოტოებში;
    • სისტემას შეუძლია განგაშის სიგნალის გაგზავნა, თუ ვინმე არ აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს – მაგალითად, ნიღაბი უკეთია;
    • შესაძლებელია ტანსაცმლის იდენტიფიკაციაც;
    • ზუმირებისას კამერები უზრუნველყოფენ ზუსტ ფოკუსირებას და მაღალი გარჩევადობის ფოტოების გადაღებას.
    • კამერებს ასევე შეუძლიათ ხალხის დათვლა

    ყველა ეს ფუნქცია ეფუძნება ე.წ. ღრმა დასწავლის ალგორითმებს (deep learning), რაც სისტემას საშუალებას აძლევს, დამუშავებული მონაცემები დააკავშიროს ვიდეომასალასა და ფოტოსურათებთან, ანალიტიკის ბაზაზე კი გამოიტანოს დასკვნები.

    ეს შესაძლებლობები აჩენს კითხვას — როდის გადადის თვალთვალი უსაფრთხოებიდან კონტროლში? ვინ აკონტროლებს მას, ვინც გვაკონტროლებს?

    ირღვევა თუ არა კანონი?

    ვიდეოთვალთვალის ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ საქართველოში უფლებადამცველების მხრიდან მწვავე შეფასებები განაპირობა.

    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ერთ-ერთ ანგარიშში აღნიშნა, რომ კამერების ფუნქციური მახასიათებლები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოიყენება მასობრივი დაკვირვებისა და დემონსტრანტების იდენტიფიცირების მიზნით.

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) იურისტმა შორენა ლოლაძემ ჩვენთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ შსს კამერებს იყენებს არა მხოლოდ სამართალდარღვევათა მტკიცებულებების შესაგროვებლად, არამედ რეალურ დროშიც ახორციელებს მონიტორინგს.

    მისი თქმით, ჩანაწერები გამოიყენება როგორც მტკიცებულებები, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც კამერები ოპერატიულ რეჟიმში აკვირდებიან ადამიანებს და პირდაპირ ეთერში ხდება მათი თვალთვალი. ერთ-ერთი მაგალითია პირი, რომელსაც ხელში ეჭირა დოკუმენტი — შსს დაინტერესდა დოკუმენტის შინაარსით, რომელიც კამერის მეშვეობით მკაფიოდ ჩანდა.

    მისი შეფასებით, სახელმწიფო ამ ფორმით არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, რადგან მიმდინარეობს გაუმართლებლად დიდი მოცულობის ინფორმაციის შეგროვება მოქალაქეთა შესახებ.

    GYLA-მ ბოლო პერიოდში ორგანიზაციამ მომზადა ორი ოფიციალური განცხადება ამ პრაქტიკის წინააღმდეგ. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქართული კანონმდებლობის დარღვევით — ასე მუშაობას აქვს საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის ნიშნებიც.

    ეს არის კანონდარღვევა, არ შეესაბამება არც საქართველოს კონსტიტუციას, არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას… Human Rights Watch-საც აქვს გაკეთებული შეფასება” – ამბობს შორენა ლოლაძე.

    საერთაშორისო გამოცდილება: Dahua?

    სამეთვალყურეო კამერების მწარმოებელი “Dahua Technology”  ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ვიდეოთვალთვალის ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა. ბოლო წლების განმავლობაში კომპანია საერთაშორისო კრიტიკის სამიზნე გახდა ადამიანის უფლებების დარღვევებთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან და ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო.

    2019 წელს, “Dahua Technology” დასანქცირდა აშშ-ს მიერ თავდაცვა/უსაფრთხოების სანქცირების პროგრამით ჩინეთის სინძიანის რეგიონში მეთვალყურეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო.

    Dahua Technology შევიდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შავ სიაში (DoD blacklist), როგორც კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან.

    Dahua შეტანილია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) მიერ დაფარული სუბიექტების სიაში.

    აშშ-ში Dahua-ს (და Hikvision-ის) წინააღმდეგ მიღებულია მთელი რიგი შეზღუდვები ეროვნული უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. Dahua-ს პროდუქტის გამოყენება ფედერალურ პროექტებში აკრძალულია (კამერების გამოყენება შესაძლებელია შტატების დონეზე ან კერძო სექტორში, თუ პროექტი ფედერალურად არ ფინანსდება).

    კვლევის ფარგლებში კომპანიას კითხვებით მივმართეთ. Dahua უარყოფს ბრალდებებს სამხედრო კავშირებზე და აცხადებს, რომ მისი პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ სამოქალაქო უსაფრთხოების მიზნებისთვის. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ის არ ინახავს და არ ამუშავებს მომხმარებელთა მონაცემებს, ხოლო მონაცემებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უშუალო მფლობელებს — ანუ სახელმწიფო უწყებებს.

    კომპანიამ თავი აარიდა უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას.

    თუმცა დასავლურ დემოკრატიებში, სადაც მოქმედებს მკაცრი რეგულაციები მონაცემთა დაცვაზე — მაგალითად, ევროკავშირში ან კანადაში — კამერების მსგავსი სისტემების გამოყენება ექვემდებარება მკაფიო შეზღუდვებს. GDPR-ის თანახმად, თუ კამერა ახდენს სახის ამოცნობას ან ბიომეტრიული მონაცემების შეგროვებას, საჭიროა მკაცრი დასაბუთება, მიზნობრიობა და მინიმალიზაცია.

    მონაცემთა დაცვის ევროპული ზედამხედველის განცხადებით, ვიდეოთვალთვალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს, როცა ის აუცილებელია და პროპორციულია კონკრეტული მიზნის მისაღწევად — წინააღმდეგ შემთხვევაში, ის წარმოადგენს პირდაპირ ჩარევას ადამიანის პირად სივრცეში.

    ამგვარი რეგულაციების ფონზე, საქართველოში მიმდინარე ვიდეოთვალთვალის პრაქტიკა კიდევ უფრო მძაფრ კითხვებს ბადებს — რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობა იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა დაცვაზეც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები პრეტენზიას აცხადებენ?

    დასკვნა: უსაფრთხოება თუ კონტროლი?

    საპროტესტო მოძრაობის ფონზე განხორციელებული მასობრივი შესყიდვები, ჩინური წარმოების კამერები და მათი მაღალი შესაძლებლობები აჩენს მნიშნელოვან შეკითხვებს — ნამდვილად ემსახურება თუ არა ეს სისტემა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, თუ მისი მიზანი უფრო ფართო კონტროლი და პროტესტის ჩახშობაა?

    სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ კამერების გამოყენება რეალურ დროში, პროტესტის მონაწილეთა იდენტიფიცირების მცდელობები და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა — ყოველივე ეს ქმნის სურათს, რომელიც შორსაა მოქალაქეთა უფლებებისა და კონსტიტუციური პრინციპების დაცვისგან.

    დასავლური სახელმწიფოები მკაცრი სტანდარტებით არეგულირებენ მსგავს ტექნოლოგიებს და კონკრეტულად ზღუდავენ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას. საქართველო კი — მიუხედავად ევროინტეგრაციის დეკლარირებული კურსისა — სულ უფრო უახლოვდება იმ სისტემურ მიდგომას, რომელიც დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის.

    თუ სახელმწიფო არ წარადგენს მკაფიო სტანდარტებს, განმარტებებსა და კანონის სრული დაცვით არ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, საზოგადოების ნდობის კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება. ამ პირობებში, ვერც ერთი კამერა ვეღარ დაიცავს იმას, რაც თავად სახელმწიფო არღვევს — სამოქალაქო თავისუფლებებს.

  • პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ერთ დღეში კრიმინალიზებული გზის გადაკეტვის საქმეში ფიგურირებენ – არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

    არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ დაკავებულთა სისხლის სამართლის საქმე შეაფასეს – იდენტიფიცირებულია იმ პროკურორებისა და მოსამართლეების ვინაობა ვინც NGO-ბის შეფასებით, გზის გადაკეტვა და გამოხატვის თავისუფლება კრიმინალიზებულ ქმედებად გამოაცხადა. „კანონის უზენაესობის ცენტრის“ დირექტორმა ლონდა თოლორაიამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა საზოგადოებას გააცნეს საქმეში დარღვეული პროცედურები და მონაწილე მხარეები.

    „ერთ დღეში კრიმინალიზებული გზის გადაკეტვა

     ვაგრძელებთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას აქციის მონაწილეთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. ამჯერად, ინფორმაციას მოგაწვდით 2025 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდიბარე ტერიტორიაზე ავტომაგისტრალის გადაკეტვის ფაქტზე დაკავებულ 8 პირზე.

    უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს რომ  2025 წლის 31 იანვარს, სასწრაფო წესით, ერთ დღეში, მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით ,,ქართულმა ოცნებამ“ ქ. თბილისში, „თბილისი მოლის“ წინ არსებული გზის მონაკვეთის გადაკეტვა, ბლიოკირება გამოაცხადა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად. აღნიშნულის მიზანი იყო აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და ამ გზით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პროტესტის  მუხტის შემცირება.

    გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა შეცვალა პარლამენტის გვერდის ავლით, რაც ნონსენსი და სრულიად არადემოკრატიულია, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში არის კანონმდებლობის შემდეგი არსებითი დარღვევები: დარღვეულია ბრალდებულთა დაკავების ვადები და პროცედურები, უკანონოდ არის ჩატარებული ბრალდებულთა პირადი ჩხრეკები, უკანონოა ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალდება და საქმეში მოთავსებული მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დარღვევით.

    დარღვეულია დაკავების ვადები და პროცედურები

     საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირის დაკავება დაუშვებელია 72 საათზე მეტი ვადით. ამ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული 8-ვე პირი დაკავებული იყო 72 საათზე მეტი ვადით – ჯერ ადმინისტრაციული, ხოლო შემდეგ – სისხლის სამართლის წესით;

    კერძოდ, 8-ვე პირი ადმინისტრაციულად დააკავეს 2025 წლის 2 თებერვალს, 18:05 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში. მათგან 7 დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი მათგანი – მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე;

    საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ  ადმინისტრაციული დაკავების ოქმები დიდი ალბათობით გაყალბებულია. კერძოდ, საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ერთ-ერთ პირს აკავებენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფორმაში ჩაცმული თანამშრომლები, თუმცა ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და საქმეში დაკითხული პოლიციის თანამშრომლის ჩვენების თანახმად, იგი დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა;

    ზემოაღნიშნული 8 პირი, ადმინისტრაციულად დაკავებულები იყვნენ 24 საათზე მეტი ვადით, რაც კანონმდებლობის თანახმად, უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული. საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, სადაც დასაბუთებული იქნება რატომ გაგრძელდა ადმინისტრაციული დაკავების ვადა;  

    2025 წლის 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8-ვე დაკავებული ფორმალურად გაათავისუფლა ადმინისტრაციული დაკავებიდან და ყველა მათგანი გათავისუფლებისთანავე დააკავა სისხლის სამართლის წესით – ნაწილი ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო ნაწილი – დროებითი მოთავსების იზოლატორის ეზოში, ისე რომ ისინი არ გასულან სახელმწიფო კონტროლიდან. ისინი დააკავეს სტრატეგიული  მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობის ბრალდებით;

    4 თებერვალს, რვავე პირის დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც უკანონოა, ვინაიდან არ არსებობდა არც ერთი პირის გადაუდებლად დაკავების საფუძველი. ეს პირები 2 თებერვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამასთან აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 3 თებერვალს ანუ, დაკავებამდე 1 დღით ადრე. შესაბამისად, გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო დაკავების საკითხზე სასამართლოსგან ნებართვის მისაღებად;

    სასამართლომ, დაკავებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინება გამოიტანა 2025 წლის 5 თებერვალს, 21:00 საათის შემდგომ, მათი დაკავებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ.

    უკანონოა ბრალდებულებისთვის ჩატარებული პირადი ჩხრეკები

     აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ 8-ვე პირს, სისხლის სამართლის წესით დაკავებისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, სასამართლო განჩინების გარეშე. არ არსებობდა დაკავებულებისთვის გადაუდებლად ჩხრეკის ჩატარების საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, ეს პირები 2 თებერვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამასთან აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 3 თებერვალს ანუ, დაკავებამდე 1 დღით ადრე. შესაბამისად, გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო ჩხრეკაზე სასამართლოსგან ნებართვის მისაღებად.

    ამასთან, პირადი ჩხრეკის დროს დაკავებულებისგან ამოიღეს ნივთები, როლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს იმ დანაშაულთან, რომლის ჩადენასაც პროკურატურა მათ ედავებათ. კერძოდ, დაკავებულებს, პირადი ჩხრეკის დროს, სხვა ნივთებთან ერთად ამოუღეს: პირადობის მოწმობები, პასპორტები, ხის ჯვარი, საფულეები, პლასტიკური ბარათები), საცვლები, წინდები, ქამრები, ფეხსაცმლის თასმები, სიგარეტი.

    შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უკანონოა პროკურორების შუამდგომლობები სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებები, რომლითაც კანონიერად იქნა ცნობილი ჩატარებული ჩხრეკები.

    უკანონოა ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალი.

    2025 წლის 5 თებერვალს დაკავებულ პირებს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ანუ იმ დანაშაულისსთვის, რომლის კრიმინალიზება ,,ქართულმა ოცნებამ“ 4 დღის წინ, სწორედ ამ მიზნით განახორციელა.

    ბრალდების შესახებ რვავე დადგენილება აბსოლუტურად იდენტურია. დადგენილებებში მმითითებულია, რომ ბრალდებულები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავთა არაერთ მოწოდებას და ცდილობდნენ სტრატეგიული ობიექტის – საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთის – ბლოკირებას, რაც ვერ შეძლეს პოლიციის თანამშრომელთა დროული რეაგირების შედეგად. ბრალდების დადგენილებებში მითითებული ბრალდების ფორმულირებები ემთხვევა ამავე პირების ადმინისტრაციული დაკავების ოქმებში მითითებულ გარემოებებს. ოქმებში მითითებული იყო, რომ ეს პირები იმყოფებოდნენ გზის სავალ ნაწილზე, არ ემორჩილებოდნენ პოლიციას და სცადეს შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა. 

    თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 2 თებერვალს, ბრალდებულთა ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, დადგენილ ფაქტად მიიჩნევდა აქციის მონაწილეთა მიერ გზის გადაკეტვისა და  ბლოკირების ფაქტს, მას ზემოაღნიშნული პირები უნდა დაეკავებინა არა არა ადმინისტრაციული, არამედ პირდაპირ სისხლის სამართლის წესით.

    ამ პირთა ჯერ ადმინისტრაციულად და შემდგომ სისხლის სამართლის წესით დაკავებას შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ ერთი ახსნა – დაკავებულთა პატიმრობაში ყოფნის პერიოდის  ხელოვნურად, განზრახ გახანგრძლივება, რაც უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს სისხლის სამართლის 147-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – განზრახ უკანონო დაკავება. ამ დანაშულზე რეაგირება პროკურატურის მოვალეობაა.

    ყველა ბრალდებულს ბრალად ედება დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ბრალდებულთათვის პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით. თუმცა ბრალდების დადგენილებებში არ არის გამოკვეთილი თითოეული ბრალდებულის ინდივიდუალური როლი, ჯგუფის თითოეული წევრის მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ვინაიდან საქმეში არსებული არც ერთი მტკციებულება ჯგუფის არსებობას არ ადასტურებს. 

    მტკიცებულებების მოპოვების დროს არსებითად დარღვეულია კანონმდებლობა

    საქმეში პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების გარდა არ არსებობს დანაშაულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება. საქმეზე დართულ ვიდეოჩანაწერში ჩანს მხოლოდ დაკავების კადრები. გამოკითხული პოლიციის თანამშრომლების უმრავლესობა იდენტურ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას – იდენტურია ჩვენებების შინაარსი, წერტილ-მძიმე, სიტყვებს შორის დაშორება.

    სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პროფილიდან, სახელად ,,ანუკი ჩიხლაძე“ ჩამოტვირთულია ტელეკომპანია ფორმულას მიერ გადაღებული 8 წამიანი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს მხოლოდ დაკავების კადრები. საქმის მასალები აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ამ მომხმარებლის ავთენტურობაზე. დიდი ალბათობით, აღნიშნული მომხმარებელი სპეციალურადაა შექმნილი პოლიციის მიერ ასეთი შემთხვევებისთვის, რათა ვიდეოჩანაწერებიდან ამოჭრან მათთვის სასურველი მონაკვეთი, ატვირთონ Facebook-ზე და შემდგომ მოიპოვონ მარტივად და სწრაფად, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი მტკიცებულებად დამაგრებულია დათვალიერების გზით (ანუ, საგამოძიებო ორგანომ, პროკურატურამ თავიდან აიცილა ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, განჩინების აღება და ტელეკომპანია ,,ფორმულადან“ ინფორმაციის გამოთხოვა). როგორც ჩანს გამოძიებისთვის არც ტელეკომპანია ,,ფორმულასგან“ ტკიცებულებების გამოთხოვაა კომფორტული. 

    სასამართლო კონტროლი არის ფორმალური

    ამ სისხლის სამართლის სამართლის საქმეშიც, ისევე როგორც აქციის მონაწილეთა მიმართ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებში, საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურასა და სასამართლოს შორის არის სწრაფი კოორდინაცია. სასამართლო შუამდგომლობებს აკმაყოფილებს იმავე დღეს, რამდენიმე საათში, ზოგჯერ ერთ საათზე ნაკლებ დროში. ცხადია, ეს მიუთითებს სასამართლო კონტროლის ფორმალობაზე, ვინაიდან შეუძლებელია ასე მოკლე დროში მოსამართლემ შეისწავლოს საქმის მასალები და მის საფუძველზე მოამზადოს განჩინება.

    პროკურორი და მოსამართლეები:

    პროკურორები:

    •         როინ ხინთიბიძე;

    •         ირაკლი ყვავაძე;

    •         ანა ლეკიაშვილი;

    •         ნათია ქართველიშვილი.

    მოსამართლეები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები:

    •         თამარ მახარობლიძე;

    •         ეკა ბარბაქაძე.

    მოსამართლე, რომელმაც განიხილა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი:

    •         ⁠დავით კურტანიძე“, – აღნიშნულია განცხადებაში.