Category: სლაიდერი

  • “მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას” – ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა

    “მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას”  – ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

    “მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა.

    ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.

    მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

    განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – წერს ის.

  • მტკვარში გადავარდნილ მანქანაში მსხდომთაგან ერთი უვნებლად ამოიყვანეს

    მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში გადავარდნილ ავტომანქანაში მყოფი მგზავრების ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად რამდენიმე მგზავრიდან ერთი უვნებლად ამოიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი გადავარდა მდინარე მტკვარში. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა.

    გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე” – წერია შსს-ს განცხადებაში.

  • 26 მაისისთვის ბიუჯეტიდან 7 მლნ-ზე მეტია გამოყოფილი, ნაწილი უტენდეროდ – ფლანგვის დეტექტორი

    26 მაისის ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან უკვე 7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, აქედან უდიდესი ნაწილი კი – ტენდერის გარეშე. ინფორმაციას ამის შესახებ, ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

    ”2025 წლის 26 მაისს საქართველო 107-ედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. თუმცა ეს აღნიშვნა სულ უფრო ნაკლებად უკავშირდება თავისუფლების იდეას და მეტად ტენდერის გვერდის ავლით შთაბეჭდილების შექმნისთვის დახარჯულ მილიონებს.

    წელს უკვე გამოყოფილია 7 მილიონ ლარზე მეტი, დიდწილად გამარტივებული შესყიდვებით, ტენდერის გარეშე. რუსთაველის გამზირი, სადაც ამჟამად ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები, ღონისძიებების გეგმის მიღმაა.

    სამთავრობო განკარგულებები და დაგეგმილი ღონისძიებები

    2025 წლის 15 აპრილს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება N657, რომლითაც დამტკიცდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა.

    განკარგულების საფუძველზე, რამდენიმე სამინისტროს, მათ დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს დაევალათ სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება.

    ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 657-ე განკარგულებაში არ არის ნახსენები რუსთაველის გამზირი, ადგილი, სადაც ამჟამად  ყოველ დღე იმართება აქციები. თავისუფლების მოედანზე მხოლოდ სამხედრო ფიცის ცერემონიაა დაგეგმილი.

    თბილისის გარდა, ღონისძიებები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:

    • ქუთაისი, თელავი, ახალციხე, რუსთავი, მესტია, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ახალქალაქი, მარნეული, მცხეთა, ამბროლაური

    საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობასა და აქტივობების უზრუნველყოფას სხვადასხვა სამინისტრო და მათზე დაქვემდებარებული სტრუქტურები უზრუნველყოფენ.

    2025 წლის 1 მაისს მთავრობამ გამოსცა დამატებითი განკარგულება N727, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს მიერ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 2,900,000 ლარი. თუმცა ეს სრული თანხა როდია.

    მთავარი ტენდენცია: გამარტივებული შესყიდვები და ბიუჯეტის ზრდა

    მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელ უწყებებს ადრევე ჰქონდათ ინფორმაცია მათზე დაკისრებულ ვალდებულებებზე, მათგან ბევრმა მაინც არ გამოაცხადა ტენდერი, არამედ მხოლოდ მაისში მიმართა შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის დასამტკიცებლად. ამის მაგალითი თავდაცვის სამინისტროა ₾2,2-მილიონიანი შესყიდვით, რომელსაც 15 აპრილს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა ელექტრონული ტენდერის დროულად გამოცხადების მაგივრად, 2025 წლის 2 მაისს შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის (SMP250001163) ჩატარების მიზნით მიმართა.

    დამოუკიდებლობის დღის ორგანიზებისთვის უწყებები მასშტაბურ შესყიდვებს ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვების ფორმით (SMP კოდებით) ახორციელებენ. წარმოგიდგენთ კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მიღმა, უკვე გამოცხადებული შესყიდვების ჩამონათვალს. ზოგიერთი უწყების შესყიდვები ჯერ არ გამოცხადებულა ან ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის, თუმცა 26 მაისამდე მხოლოდ ორიოდ კვირა რჩება:

     

    უწყება შესყიდვის კოდი თანხა (ლარი) მიმართვის თარიღი დეტალები
    თავდაცვის სამინისტრო SMP250001163 2 200 000 2025-05-02 ფიცის ცერემონია, სცენა, ტრიბუნები, ავიაგადაფრენა, ტექნიკის გამოფენა
    თბილისის მერია SMP250001090 278 700 2025-04-29 ავეჯის აქსესუარები, გასართობი და კომერციული მომსახურება
    შინაგან საქმეთა სამინისტრო SMP250001198 370 067 2025-05-07 სპეციალური ტანსაცმელი, აქსესუარები, საპოლიციო მოწყობილობები
    სოფლის განვითარების სააგენტო (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო) SMP250001066 320 000 2025-04-28 კომერციული და თანმდევი მომსახურებები 26 მაისისთვის
    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (იუსტიციის სამინისტრო) SMP250001186 400 131 2025-05-06 გორის მოედანზე ინსტალაციები, საბავშვო სივრცეები, კონცერტი, ჰიმნი
    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია SMP250001143 342 853 2025-05-06 მესტიაში ღონისძიებების ორგანიზება და ლოკალური აქტივობები
    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო SMP250001125 284 774 2025-05-02 ამბროლაურში ინსტალაციები, სცენა, გასტრონომიული და საბავშვო სივრცეები

     

     

    ფაქტები, რომლებიც კითხვებს აჩენს

    ბოლო წლებში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ხარჯები ასე გამოიყურება:

    2023: 7.7 მლნ ლარი
    2024: 10.1 მლნ ლარი
    2025: უკვე 7 მილიონი და მზარდი

    ყველა ძირითადი ღონისძიება ტარდება ტენდერის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ:

    • ბიუჯეტის ეკონომია არ ხდება
    • კონტროლის მექანიზმები სუსტია
    • გადაწყვეტილებები საჯარო პროცესს მიღმა მიიღება

    იბადება კითხვები: რატომ აღარ ტარდება ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე? რატომ არ ცხადდება ტენდერები, როცა დაგეგმვის დრო საკმარისია? რატომ იზრდება თანხები ყოველწლიურად? ეს კითხვები რიტორიკულია და დიდი ალბათობით, უპასუხოდ დარჩება. დამოუკიდებლობის დღე კი სამწუხაროდ, წელსაც ბიუჯეტის ხარჯზე დაგეგმილი შოუ უფრო იქნება, ვიდრე, ქვეყნის ისტორიული არჩევნისთვის დამსახურებული პატივის მიგება.

  • სოსო რამიშვილი საზმაუს შენობაში თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა – ჩიკვაიძე

    ”სოსო რამიშვილი საზმაუს შენობაში თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა”-წერს ამის შესახებ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში,  ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელზე.

    “ჩემი და ჩემი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ შეკერილი საქმის მთავარი მიზეზი იყო ამ მთავრობის მხილება!

    მიუხედავად იმისა რომ მე მკვლელმა მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ მომისაჯა 9 წელი და ამჟამად ვიმყოფები იძულებით შიმშილობაზე, მაინც გავაგრძელებ ამ დამნაშავე, რუსული ხელისუფლების მხილებას!

    ჩვენი საქმის შეკერვაში მთავარ ფიგურანტთან გენერალურ პროკურორ გაბიტაშვილთან ერთად არანაკლები ბრალი მიუძღვის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე გადამდგარ ხელმძღვანელს რამიშვილს.

    ჩვენი საქმის გამო რომ აუცილებლად უმკაცრესად მოგეკითხებათ სამართლებრივად მაგას კი უნდა ხვდებოდეთ უკვე, მაგრამ მანამდე იცოდეთ, რომ ყველა იმ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას ევროპასა და ამერიკაში უკვე მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ ქმნიდა და მფარველობდა ბატონი [სოსო] რამიშვილი თაღლითურ ქოლ-ცენტრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. ახლა ბევრისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდება თუ რატომ იცავთ კბილებით საზმაუს. რამიშვილის უთხარით ვინმემ რომ ვერ უშველის თანამდებობის დატოვება!

    ქართულ საგამოძიებო უწყებებთან ამ საკითხზე არ ვაპირებ თანამშრომლობას ამ რეჟიმის პირობებში, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უკეთესი და სამართლიანი საქართველოს პირობებში ჩემს საქმესთან ერთად, ამაზეც აგებთ პასუხს”. – წერს ჩიკვაიძე.

  • ხელშეკრულებები არასდროს იძლევა მშვიდობის გარანტიას. საქართველომ ეს 2008-ში, უკრაინამ 2014-ში ისწავლა – კალასი

    ხელშეკრულებები არასდროს იძლევა მშვიდობის გარანტიას. საქართველომ ეს 2008-ში, უკრაინამ 2014-ში ისწავლა – კალასი

    ხელშეკრულებები არასდროს იძლევა მშვიდობის გარანტიას. საქართველომ ეს 2008-ში ისწავლა; უკრაინამ 2014-ში, ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთის 3-წლიანი სრულმასშტაბიანი ომით.

    ჩვენ უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას, თუ როგორ შევაჩეროთ დემოკრატიების წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის ისტორიული ციკლი.

    სიძლიერე აკავებს აგრესორებს. სისუსტე მათ შინ პატიჟებს.

    კიევი ვერ დათანხმდება კიდევ ერთ ბუდაპეშტის მემორანდუმს – მხოლოდ სიტყვები არასდროსაა უსაფრთხოების საკმარისი გარანტია.

    ამიტომაც არის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის არმიის უდიდესი მხარდამჭერი და ამიტომ უნდა იყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უკრაინაში ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი.

    განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა

  • უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთის განაჩენის საფუძველზე შსს იარაღის ფლობის ნებართვას უუქმებს

    უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთის განაჩენის საფუძველზე შსს იარაღის ფლობის ნებართვას უუქმებს  – შესაბამის ინფორმაციას, ქართველი მებრძოლი, რატი ბურდული თავად  ავრცელებს და შსს-ს წერილს აქვეყნებს.

    „გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის “იარაღის შესახებ” 27-ე მუხლის “დ(5)” ნაწილის თანახმად ლიცენზია (ნებართვა) უქმდება იმ შემთხვევებში თუ: ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
    ვინაიდან თქვენ მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 359-3 მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი, ამავე კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გევალებათ საქართველოს კანონმდებლობით…”, – წერია მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

    რატი ბურდულს რუსეთში ბრალად ედება 2022 წლის მარტსა და 2024 წლის აგვისტოს პერიოდში უკრაინის მხარეს ბრძოლა, მას რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

  • ოცნების პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

    ოცნების პარლამენტმა პარტიების აკრძალვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

    ოცნების პარლამენტმა პარტიების ამკრძალავ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა.

    ცნობისთვის, ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება. სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომელიც უკვე აკრძალული პარტიის იდენტურია – მათ შორის გაცხადებული მიზნებით, საქმიანობის არსითა და პერსონალური შემადგენლობით.

    ცვლილებები შეეხება ორ კანონმდებლობას – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებს. პარტიის აკრძალვა შესაძლებელია, თუ ის ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს, დამოუკიდებლობას, ან აწარმოებს ძალადობის პროპაგანდას.

    • “წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.  შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება”. – წერია ოცნების მიერ წარდგენილ კანონპროექტში.
  • ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება – ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე

    ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება – ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე

    “საზოგადოებას მოვუწოდებ, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი. ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო: აქ დაცული არ არის არც ერთი პროტოკოლური და არც მეგობრული ურთიერთობა, და წერილს ამის არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია. არ ვიცი, ვინ დაუწერა; არ ვიცი, რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ რაც ჩანს – ამას უნდა ვუყურებდეთ.

    აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა. ეს, ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს. ის ვერც MEGOBARI Act-ის შედეგებს დაალაგებს, და ცხადია, რომ ძალიან დიდი ნერვიულობაა „ქართული ოცნების“ რიგებში. ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი.

    ძალიან მაინტერესებს, ოდესმე თუ წაიკითხავს ამას ამერიკის პრეზიდენტი. ალბათ დღეს ამისთვის არ სცალია – ნაკლებად სცალია. მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა – ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი. გამაოგნებელი იქნება იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც ამერიკა 30 წელზე მეტია ყველა კუთხითა და ფორმით ეხმარება: ამერიკა, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა, მოამზადა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტები, რომელიც მოგვეხმარება იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილზე.

    და 30 წელი ვიყავით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების. ეს არის ჩვენი პასუხი. ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება – არ ვიცი. მაგრამ ეს რომ არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის, ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ”

    ასე ეხმაურება, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლითაც მან აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს მიმართა.

  • “რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას აგრძელებს” – პესკოვი

    “რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას აგრძელებს,”

    ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს.

  • ვტოვებ მერის თანამდებობას, მადლობა ქართული ოცნების დიდ ოჯახს – არჩილ ჩიქოვანი

    მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ.

    ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.

    განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად.

    წერს არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.