Category: სლაიდერი

  • რუსეთი პოკროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიურ შეტევებს ამზადებს – სირსკი

    „ფრონტზე სიტუაცია ამჟამად ძალიან რთულია, რუსეთის ფედერაცია შეტევით ოპერაციას აგრძელებს.ამჟამად მტერი გადაჯგუფდება და კონცენტრირდება ორ მთავარ მიმართულებაზე. ეს არის პოკროვსკის მიმართულება, რომელიც რუსებისთვის გადამწყვეტი რჩება. ახლა მტერს თავისი ქვედანაყოფები სუმიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაჰყავს. ანუ ეს იქნება მეორე მიმართულება, სადაც მტერი აქტიური შეტევითი მოქმედებების დაწყებას გეგმავს“,

    ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

  • მშვიდობა უნდა იყოს მყარი, არა ისეთი, როგორიც ადრე, როდესაც ყირიმი დავთმეთ..პუტინმა ეს თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენა – ზელენსკი

    ”მშვიდობა უნდა იყოს მყარი, არა ისეთი, როგორიც ადრე, როდესაც ყირიმი დავთმეთ..პუტინმა ეს თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენა” – აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი რომელიც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ჩავიდა.

    “უკვე ჩავედი ვაშინგტონში. დღეს მაქვს შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. შემდეგ ვისაუბრებთ ევროპელ ლიდერებთან. პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ მოწვევისთვის.

    ჩვენ გვსურს სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. მშვიდობა უნდა იყოს მყარი, არა ისეთი, როგორიც იყო წლების წინ, როდესაც უკრაინას ყირიმის და დონბასის ნაწილის დათმობა მოუწია, ხოლო პუტინმა ეს თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენა.

    უკრაინელები იბრძვიან საკუთარი მიწისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენს მებრძოლებს აქვთ წარმატებები დონეცკისა და სუმის ოლქში. დარწმუნებული ვარ უკრაინას დავიცავთ. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო”.- წერს ზელენსკი.

    დღეს, 18 აგვისტოს აშშ-ს დედაქალაქში ტრამპი ზელენსკის გარდა ევროპელ ლიდერებსაც შეხვდება.

  • ზელენსკის შეუძლია, ომი მყისიერად დაასრულოს, ან ბრძოლა გააგრძელოს – ტრამპი

    ზელენსკის შეუძლია, ომი მყისიერად დაასრულოს, ან ბრძოლა გააგრძელოს – ტრამპი

    თუ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის სურს, მას შეუძლია რუსეთთან ომი თითქმის მყისიერად დაასრულოს, ან გააგრძელოს ბრძოლა. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. არავითარი ყირიმის უკან დაბრუნება, რომელიც [რუსეთს] ობამამ მისცა (12 წლის წინ, ერთი გასროლის გარეშე!) და არავითარი უკრაინის ნატოში შესვლა. ზოგი რამ არასოდეს იცვლება!!!

    დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

  • მქონდა შესანიშნავი საუბარი ლუკაშენკოსთან..მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას მომავალში – ტრამპი

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  დაადასტურა საუბარი ბელორუსიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან და განაცხადა, რომ მომავალში მასთან შეხვედრას ელოდება.
    “მე მქონდა შესანიშნავი საუბარი ბელარუსის პატივცემულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. ზარის მიზანი იყო მისთვის მადლობის გადახდა 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის. ასევე განვიხილეთ კიდევ 1300 პატიმრის გათავისუფლების საკითხი. ჩვენი საუბარი ძალიან კარგი იყო. განვიხილეთ ბევრი თემა, მათ შორის პუტინის ვიზიტი ალასკაზე. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას მომავალში. მადლობა ყურადღებისთვის!“ — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
  • აქ იმისთვის არ ვარ, რომ უკრაინის მაგივრად ვაწარმოო მოლაპარაკებები – დონალდ ტრამპი

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში განაცხადა რომ ალასკაზე პუტინთან მოლაპარაკებებს უკრაინის მაგივრად არ აწარმოებს. მან აღნიშნა,  რომ  პუტინი „სერიოზული ეკონომიკური შედეგების წინაშე“ დადგება თუ მშვიდობიანი დარეგულირებისადმი არ გამოხატავს ინტერესს.

    „განიხილება, მაგრამ უკრაინას უნდა მივცე ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მგონი სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ აქ იმისთვის არ ვარ, რომ უკრაინის მაგივრად ვაწარმოო მოლაპარაკებები. აქ იმისთვის ვარ, რომ მაგიდასთან დავსვა“, – განაცხადა ტრამპმა.

    კითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, ტრამპმა უპასუხა: „შეიძლება, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. ნატოს ფორმით არა, ვინაიდან არის რაღაცები, რაც არ მოხდება“.

  • ვგმობთ NGO-ების დევნას, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებაა – ძლიერი საქართველო

    კოალიცია ძლიერი საქართველო განცხადებით ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც ქართული ოცნების FARA-ს დარღვევას ედავებიან.

    “სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, “ქართული ოცნების” მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს.

    რაჟდენ კუპრაშვილი, როგორც ამ პროცესის აღმასრულებელი მთავარი ჯალათი, აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მდგომი, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შევიწროებას.

    ანტიკორუფციული ბიურო დღეს “ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული. ისინი ებრძვიან არა კორუფციას, არამედ იმ ადამიანებს, ვინც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს მათივე კორუფციით დაზარალებულ ადამიანებს, შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს…

    “ძლიერი საქართველოს – ლელო” პოლიტიკური გუნდი გმობს “ქართული ოცნების” ამ და სხვა ინსტრუმენტების მიერ წარმოებულ დევნას რომელიც ისახავს ერთადერთ მიზანს – გააჩუმოს ქართველი ხალხი და დაამარცხოს ქართული სამოქალაქო საზოგადოება.

    “ქართული ოცნების” მიერ უკანონოდ დანერგილი რეპრესიული მექანიზმები, ეწინააღმდეგება როგორც ზოგადად დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე ქვეყნის კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას.

    ამ რეგულაციების გაუქმება არის ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საკითხშიც.

    ჩვენ, ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ აუცილებლად გავაუქმებთ ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას.

    სოლიდარობა ქართულ სამოქალაქო სექტორს. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • რეჟიმი ებრძვის ყველას, ვისაც რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს – ენმ

    ”რეჟიმი ებრძვის ყველას, ვისაც რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს ”-ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებით ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც ქართული ოცნების FARA-ს დარღვევას ედავებიან.

    “ივანიშვილის რუსული, კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიული დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა წარმომადგენლებსაც დღეს სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებით დაემუქრნენ, რადგან მათ უარი განაცხადეს რუსული კანონის მორჩილებაზე და თავი უცხო ქვეყნის აგენტებად არ დაირეგისტრირეს.

    ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად გვაშორებს ევროპულ გზას და ებრძვის ყველა იმ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, თავისუფალ მედიას, მოქალაქეს, რომლებსაც ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამყარება არ სურს და ამის საწინააღმდეგოდ აქტიურ ბრძოლაშია ჩაბმული.

    შესაბამისად, სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს.

    დარწმუნებულები ვართ, რომ სულ მალე ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული ფრონტით ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვებას ვიზეიმებთ!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • რა მოლოდინები არსებობს ტრამპის და პუტინის შეხვედრის წინ

    პარასკევს, ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, თბილისის დროით კი 23:30 საათზე დაიწყება.  ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ლიდერმა უკვე მიიღო ის, რაც სურდა — დიპლომატიური რეაბილიტაცია მსოფლიო არენაზე. ნებისმიერი მსჯელობა იმაზე, რას ცდილობს მიაღწიოს ამ მოლაპარაკებების დროს აშშ-ის პრეზიდენტი, რთულდება მისი არასისტემური განცხადებებისა და ქმედებების გამო.

    ტრამპი პუტინს მიიღებს ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე, რომელიც მდებარეობს ანკორიჯში — ალასკის ყველაზე დიდ ქალაქში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 300 ათასი ადამიანია.

    როგორც გუშინ  რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, მოლაპარაკებების დაწყება დაგეგმილია მოსკოვის დროით 22:30 საათზე: ჯერ პუტინი და ტრამპი პირისპირ შეხვდებიან, შემდეგ კი — დელეგაციების მონაწილეობით ფორმატში „ხუთი ხუთზე“.

    რუსეთის დელეგაციაში შედიან უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

    პრეზიდენტის მრჩეველი ვლადიმირ მედინსკი, რომელიც სტამბოლის შეხვედრებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.

    უშაკოვის განცხადებით, ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაც უკვე განსაზღვრულია, თუმცა მისი წევრების სახელები არ დაუკონკრეტებია.

    მოსალოდნელია, რომ ტრამპი და პუტინი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს „რამდენიმე სიტყვას“ ეტყვიან, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

    როგორი შეიძლება იყოს შეთავაზებები?

    2021 წლის შემდეგ პირველი აშშ–რუსეთის უმაღლესი დონის სამიტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილ სტივ უიტკოფსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრის შედეგად.

    უიტკოფი მოსკოვში 6 აგვისტოს ჩავიდა, ხოლო 8 აგვისტოს იწურებოდა ულტიმატუმის ვადა, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტმა ივლისის ბოლოს განაცხადა. მაშინ, პუტინთან უშედეგო სატელეფონო საუბართა სერიის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის ლიდერით და აძლევს მას 10 დღეს იმის საჩვენებლად, რომ ის ნამდვილად მშვიდობას ისახავს მიზნად.

    წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპმა გააფრთხილა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებდა, ასევე დააწესებდა „ძალიან მკაცრ ტარიფებს“ მის სავაჭრო პარტნიორებზე.

    თუმცა, უიტკოფისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, ტრამპის რიტორიკა კვლავ შერბილდა. მან მოსკოვში მოლაპარაკებები „ძალიან პროდუქტიულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მისმა სპეციალურმა წარგზავნილმა „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია.

    რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ უშაკოვმა კი განაცხადა, რომ კრემლმა უიტკოფისგან „სრულებით მისაღები შეთავაზება“ მიიღო.

    რა არის ეს შეთავაზება — ამ დრომდე უცნობია.

    მალე იმ განცხადებამდე, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაზე გაიმართებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შეიძლება გულისხმობდეს გარკვეულ ტერიტორიულ გაცვლას.

    ორშაბათს, 11 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ეს განცხადება და დაამატა, რომ ამ „გაცვლაში“, მისი აზრით, უკრაინისთვის როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური მომენტებიც იქნება.

    მეორე დღეს გაზეთმა Daily Telegraph-მა დაწერა, რომ უკრაინა შეიძლება დათანხმდეს რუსეთისთვის  უკვე ოკუპირებული ტერიტორიების გადაცემას, რაც ნიშნავს, რომ მას ფაქტობრივი კონტროლი მიეცემა ოკუპირებულ რაიონებზე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქებში, ასევე ანექსირებულ ყირიმზე.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, კომენტარი გააკეთა Daily Telegraph-ის სტატიაზე და განაცხადა, რომ ის „საკმარისად გამოცდილი ადამიანია იმის გასაგებად, როგორ მზადდება საინფორმაციო ველი“: “შემოაგდებენ იდეას, არის თუ არა უკრაინა მზად გაცვლისთვის“ . შემდეგ აკვირდებიან სხვადასხვა ადამიანების, სამოქალაქო საზოგადოების, ბლოგერების, ჟურნალისტების, მოსახლეობის რეაქციებს“.

    ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი არ დათანხმდება გარიგებას, რომელიც მოითხოვს ქვეყნის აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანას, რადგან ეს უკრაინას რეგიონში ფართო თავდაცვითი ხაზის გარეშე დატოვებდა და გაადვილებდა რუსეთისთვის მომავალში ქვეყნის სიღრმეში წინსვლას.

    ტერიტორიულ საკითხებზე, ზელენსკის თქმით, შეიძლება საუბარი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის და უკრაინის მიერ უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ.

    Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ევროპელ მოკავშირეებთან, უიტკოფმა მათ აცნობა, რომ რუსეთმა შესთავაზა ორფაზიანი გარიგება. პირველი ფაზა გულისხმობს უკრაინის ჯარების გაყვანას დონეცკის ოლქიდან და ფრონტის ხაზის გაყინვას, ხოლო მეორე ეტაპზე — პუტინი და ტრამპი შეათანხმებენ საბოლოო სამშვიდობო გეგმას, რომელიც შემდეგ ზელენსკისთან განიხილება, განაცხადეს ანონიმურად დარჩენილმა ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა.

    WSJ-ის ცნობით, ევროპულმა ქვეყნებმა და უკრაინამ წარადგინეს საპასუხო წინადადება, რომელიც წარუდგინეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ტრამპის სპეციალურ წარგზავნილებს — უიტკოფსა და კიტ კელოგს.

    ეს წინადადება შემდეგია: ჯერ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, და მხოლოდ ამის შემდეგ — ტერიტორიული გაცვლა; დათმობები უნდა იყოს ორმხრივი — თუ უკრაინა რუსეთს გადასცემს რაიმე ტერიტორიას, მანაც უნდა მიიღოს სხვა ტერიტორიები რუსეთისგან. მაგალითად, თუ უკრაინა დატოვებს დონეცკის ოლქს, მაშინ სანაცვლოდ რუსეთის ჯარები უნდა გავიდნენ ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქებიდან, განაცხადა გამოცემის ზოგიერთმა წყარომ.

    რუსეთი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და ეს მის კონსტიტუციაშია ჩაწერილი, რის საფუძველზეც რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი უკრაინისთვის დაბრუნება შეუძლებელია.

    პოლიტოლოგის, ტატიანა სთანოვაიას (შესული „უცხოელი აგენტების“ რეესტრში) აზრით, პუტინმა შეიძლება შესთავაზოს შემდეგი სქემა: რუსეთის ჯარების გაყვანა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებიდან, უკრაინის გასვლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან და კონტაქტის ხაზის გაყინვა ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქებში.

    ამასთან, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ პუტინი მზადაა უარი თქვას თავის რომელიმე ძირითად მიზანზე — უკრაინის უარი ნატოში შესვლაზე, მისი დემილიტარიზაცია და „დენაციფიკაცია“, ანუ მოქმედი პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ჩამოცილება, რომლებსაც კრემლი „ნაცისტურ“ სტრუქტურად მიიჩნევს.

    არც თეთრ სახლში და არც კრემლში მედიაში გაჟღერებული დეტალები არ დაუკომენტარებიათ. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ალასკის სამიტი უნდა გახდეს „ვარჯიში მოსმენის უნარში“.

    ევროპელთა გაფრთხილებები

    ოთხშაბათს, ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ ალასკის სამიტის შედეგების გაურკვევლობით, ონლაინ შეხვედრა გამართეს ტრამპთან, რომლისთვისაც ზელენსკი ბერლინში ჩავიდა.

    ევროპელი ლიდერები, ტრამპის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, არაერთხელ უსვამდნენ ხაზს, რომ ისინი მხარს უჭერენ მის სამშვიდობო ინიციატივებს, მაგრამ თანაც ამტკიცებდნენ: ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც უკრაინის მომავალს შეეხება, უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მისი მონაწილეობით.

    ევროპელები იმედოვნებდნენ, რომ ეს შეხვედრა ნაწილობრივ მაინც დააბალანსებდა ტრამპისა და პუტინის მომავალ მოლაპარაკებებს და მისცემდა მათ საშუალებას, ამერიკის პრეზიდენტისთვის განემარტათ, რა რისკები შეიძლება ჰქონდეს კიევის ინტერესების საზიანოდ გაფორმებულ ზავს.

    მიაღწიეს თუ არა ამას სრულად  — ძნელი სათქმელია. მთლიანობაში, ევროპელებმა ტრამპთან საუბარი დადებითად შეაფასეს.

    ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან „ძალიან კარგად“ შეაფასა, ხოლო ვირტუალური შეხვედრის ორგანიზატორმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „მშვიდობის იმედი უკრაინაში არსებობს“.

    თვით ტრამპმაც განაცხადა, რომ „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან და შესთავაზა სამმხრივი შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით, თუ ალასკაზე პუტინთან სამიტი წარმატებით დასრულდება.

    თუ პუტინი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რუსეთს „ძალიან სერიოზული შედეგები“ ელოდება, — კვლავ გააფრთხილა აშშ-ის პრეზიდენტმა.

    ოთხშაბათ საღამოს, NBC News-მა, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ონლაინ სამიტის დროს ტრამპმა ზელენსკი და ევროპელი ლიდერები დაარწმუნა, რომ არ აპირებს პუტინთან ტერიტორიული საკითხების განხილვას და კონცენტრირდება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე.

    ამასთან, ზოგი ევროპელი ლიდერი საუბრის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ტრამპს „განსაკუთრებული ოპტიმიზმი არ აქვს პუტინთან შეხვედრის შედეგების მიმართ“, — განუცხადეს წყაროებმა NBC-ს.

    რაში გაიმარჯვა უკვე პუტინმა
    ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ის ფაქტი, რომ ტრამპი პუტინს აშშ-ში მასპინძლობს, დასავლეთის მხრიდან მისი ხანგრძლივი იზოლირების მცდელობების შემდეგ, უკვე პატარა გამარჯვებაა რუსეთის ლიდერისთვის.

    „პირველი, რაც პუტინს ამ სამიტიდან სურს, უკვე მიიღო. ეს არის — აღიარება. აღიარება მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნისგან, აშშ-ისგან, რომ რუსეთის ლიდერის იზოლირების მცდელობები ჩაიშალა. ახლა მოსკოვი შეძლებს განაცხადოს, რომ რუსეთი კვლავ დაბრუნდა მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მაგიდასთან,“ — მიიჩნევს BBC-ის რუსეთის რედაქტორი სტივ როზენბერგი.

    როზენბერგის აზრით, ის ფაქტი, რომ სამიტი ალასკაზე ტარდება, ისტორიულ სიმბოლიკას ატარებს. მისი თქმით, ალასკის გაყიდვა ცარისტული რუსეთის მიერ აშშ-ისთვის XIX საუკუნეში, მოსკოვს აძლევს არგუმენტს, რომ XXI საუკუნეშიც სახელმწიფო საზღვრები შეიძლება ძალით შეიცვალოს.

    ამასობაში, ფრონტზე იზრდება რუსეთის ჯარების ზეწოლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე. რამდენიმე დღით ადრე ამერიკულ-რუსული სამიტის დაწყებამდე, უკრაინელი სამხედროების მდგომარეობა რამდენიმე მიმართულებაზე მნიშვნელოვნად გაუარესდა.

    ორივე მხარის წყაროების ცნობით, რუსეთის ჯარებმა მოულოდნელი შეტევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, უკრაინულ პოზიციებში 10 კილომეტრით შეიჭრნენ. გარდა ამისა, აღინიშნება რუსების წინსვლა სხვა რიგ მიმართულებებზეც.

    ანკორიჯში, ტრამპ–პუტინის სამიტის წინ, გაიმართა მიტინგი უკრაინის მხარდასაჭერად და პუტინის აშშ-ში ჩასვლის წინააღმდეგ.

    მიტინგზე რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა.

    საზოგადოებრივი ორგანიზაცია Stand UP Alaska-ს ხელმძღვანელმა ერინ ჯექსონ-ჰილმა სამიტამდე სამი დღით ადრე, სააგენტო Укрінформ-თან განაცხადა, რომ თანამებრძოლებთან ერთად 14 აგვისტოს ანკორიჯის ცენტრში გამართავდა მიტინგს სლოგანით „ალასკა უჭერს მხარს უკრაინას“, ხოლო მეორე დღეს, სამიტის მიმდინარეობისას, იმავე ადგილას ჩატარდება სხვა ორგანიზაციის მიტინგიც.

    „ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ავტორიტარ დიქტატორებს ჩვენს შტატში იწვევდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას არ აკეთებს ჩვენი გუბერნატორი და ჩვენი კონგრესის წარმომადგენლები. ის [პუტინი] — სამხედრო დამნაშავეა და მას ადგილი არ აქვს ამერიკის მიწაზე,“ — განაცხადა ჯექსონ-ჰილმა.

     

    როიტერმა, თეთრი სახლის მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე გამოაქვეყნა ტრამპთან ერთად ალასკაში მყოფი ამერიკული დელეგაციის შემადგენლობა.

    მოლაპარაკებებს დაესწრებიან:

    • სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო;
    • ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლანტიკი;
    • ცსს-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი;
    • ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი;
    • ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი;
    • თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლივიტი;
    • თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და მისი მოადგილე დენ სკავინო.
  • მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, დავით ხომერიკს 4.6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

    აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკი მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა  დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.
    პროკურატურა დავით ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებოდა (სსსკ-ის 18-229 მუხლი). ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული ნივთები/ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.   პროკურატურა ამბობს, რომ მის ჩანთაში გამოუყენებელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვეს.
    • ხომერიკი ბრალდებაზე: „ეს არის სრული აბსურდი და სისულელე, მე არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ ჩამიდენია, პროკურატურას არ აქვს ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებები,,,, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურორი ყოველ სიტყვაში მის მიერ გამოგონილ მოლოტოვის კოქტეილებს იმეორებს, რომლის შესახებაც მე ინფორმაციას არ ვფლობ”.

    ხომერიკმა განაცხადა, რომ სასამართლოში მოვიდნენ „ცრუ მოწმეები“, რომლებმაც მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადეს.

    • „ეს ხომ თქვენი[მიმართავს მოსამართლეს] ბრძოლაცაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის შენარჩუნებისთვის, იყავით ბოლომდე დამოუკიდებელი, რომ შეინარჩუნოთ სამართლიანი სასამართლოს იმიჯი, ხალხი იმსახურებს სამართლიანობას”.-მიმართა მოსამართლეს  ხომერიკმა.
    • „თქვენ ჩემი იმედის ვარსკვლავები და სხივები ხართ[მიმართავს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს], იმ იმედის, რომელიც ყოველდღიურად რწმენითა და მოტივაციით მავსებს და თქვენგან წამოსული სიყვარული ჩემთვის უძვირფასესია… ყველაფრის მიუხედავად რაც არ უნდ ამოხდეს, მეც ძალიან მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს”.- განაცხადა ხომერიკმა. 
    ცნობისთვის, დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თევდორე აბრამოვი წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდანვე გაათავისუფლა.
  • ანტიკორუფციული ბიურო 6 არასამთავრობო ორგანიზაციას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება

    ანტიკორუფციული ბიურო 6 არასამთავრობო ორგანიზაციას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება  –  არასამთავრობოები აცხადებენ, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან  წერილი მიიღეს, რომელშიც ქართული ოცნების FARA-ს დარღვევას ედავებიან. ანტიკორუფიული ბიურო მათგან ითხოვს განმარტებას, რატომ არ დარეგისტრირდნენ აგენტებად.

    განცხადება სრულად:

    “2025 წლის 11 აგვისტოს ექვსმა ორგანიზაციამ მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.

    მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით.

    პუტინის რუსეთის სტილში, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად დემოკრატიის დასრულებას ისახავს. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.

    კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად”, – აცხადებენ NGO-ები.

    განცხადების ავტორი ორგანიზაციები:

    • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი,
    • საფარი,
    • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,
    • მედიის განვითარების ფონდი,
    • ისფედი,
    • სოციალური სამართლიანობის ცენტრი