Category: სლაიდერი

  • კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში, ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება

    კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში, ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ტრამვაის ხაზი აშენდება, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას დიდუბის მეტროსადგურთან დააკავშირებს.

    „საქმე ეხება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევაზე ტენდერი. გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი. დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია“, – განაცხადა მერმა.

    მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ, საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

    რაც შეეხება უშუალოდ ტრამვაის ხაზს, მერის ინფორმაციით, ის 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.

    „შედეგად, ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • ივანიშვილი რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას – ლევან ხაბეიშვილი

    ენმ-ის ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას.

    “ცხადია, პატრონების გარეშე ვერ წყვეტს და შესაბამისად, ელოდება დასტურს.წარმოება იქნება ფორმალური და ცხადია, რომანოვს არავინ გადმოსცემს.სამაგიეროდ, დაზარალებულს ივანიშვილი გაუგზავნის “მესიჯს”, რომ ის ყველაფერს აკეთებს მკვლელების, დამკვეთებისა და შემსრულებლების დასასჯელად.ამ საქმის მფარველობისთვის, ხელშეწყობისთვის და შემდეგ უმოქმედობისთვის ივანიშვილს გამზადებული აქვს ლილუაშვილ-გომელაურის “თავი”.ფარცხალაძის გარდა, საჭიროა კიდევ მინიმუმ ერთი მაღალჩინოსანი, ვისთანაც საქმე “ლაგდებოდა”.ივანიშვილს მოუწევს ხელი დაადოს, შეაწმინდოს – გრიგოლ ლილუაშვილს.რამდენიმე ჩემი საჯარო განცხადების გამო ჯუანშერი, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ციხეს გადაურჩა (დროებით).ხელისუფლებას არ სურს კიდევ მსხვილი “დამთხვევები” – რა ვქნა გრიგოლ?! რამდენიმე კვირას კიდევ გაჩუქებ თავისუფლებაზე”, – წერს ხაბეიშვილი.

  • უკრაინული იერიშების შედეგად რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 13%-ზე მეტი დაკარგა

    The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 13%-ზე მეტი დაკარგა.

    აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინული  უპილოტო აპარატების თავდასხმებმა მინიმუმ ოთხი დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა: ნოვოკუიბიშევსკში, სარატოვში, სამარასა და ვოლგოგრადში. ასევე ნაწილობრივ შეჩერდა „როსნეფტის“ უდიდესი ქარხანა რიაზანში.

    საერთო დანაკარგმა წელიწადში დაახლოებით 44 მილიონი ტონა (13,5%) შეადგინა.

    Reuters-ის ცნობით, ზოგიერთი ქარხნის შეკეთებას ერთ თვეზე ნაკლები დასჭირდება, ხოლო სამარის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აგვისტოს ბოლომდე გაჩერებული იქნება.

    2023 წელს რუსეთმა 267 მილიონი ტონა გადაამუშავა – მინიმუმი ბოლო 12 წლის განმავლობაში.

  • „ევროპელები ცდილობენ ტრამპის კრემლისგან ჩამოშორებას“ — რას წერს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შესახებ დასავლური პრესა და რუსული სახელმწიფო მედია

    დასავლური პრესა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებები ევროპელ ლიდერებს, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის უკეთესად წარიმართა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. დასავლელი კომენტატორები პირდაპირ ამბობენ, რომ პუტინმა წარუმატებლობა განიცადა თავის მცდელობაში, დაეთესა უთანხმოება აშშ-სა და ევროპას შორის.

    რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე კი სრულიად საპირისპირო სურათია: იქ ამტკიცებენ, რომ ევროპა, რომელიც სანქციებით რუსეთის მიმართ ზეწოლის გაგრძელებას ემხრობა, მხოლოდ „ უშლის ხელს“ მოლაპარაკებებს, რადგან აშშ-ს ახლა სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს მიმდინარე სიტუაციის შესახებ.

    ევროპელი ლიდერების შეხვედრა თეთრ სახლში და დიპლომატიური ძალისხმევები,  რაც მას უძღვოდა წინ , ევროპის უსაფრთხოების მომავალს შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში განსაზღვრავდეს, — წერს გაზეთი Washington Post.

    გამოცემის ცნობით, ტრამპი აღფრთოვანებული იყო ასეთი წარმომადგენლობითი შეკრებით თეთრ სახლში. მან აღნიშნა, რომ თეთრ სახლს არასოდეს უნახავს პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების ასეთი რაოდენობა, რომლებმაც ყველაფერს თავს დაანებებდნენ და ვაშინგტონში გაემგზავრებოდნენ, რათა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ესაუბრათ.

    ევროპელი ლიდერები, რომლებიც 18 აგვისტოს შეიკრიბნენ თეთრ სახლში, ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ აშშ-სა და ევროპის პოზიციების გახლეჩა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხში. „ევროპელები ცდილობენ ტრამპის კრემლისგან ჩამოშორებას,“ — ასკვნის WP.

    კეთილგანწყობილი განცხადებები და შეთანხმების ჩაშლის რისკი

    გაზეთი New York Times ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით საკმაოდ ბუნდოვანი დაპირებები გასცა.

    გამოცემა ციტირებს აშშ-ის ყოფილ ელჩს პოლონეთში, დენიელ ფრიდს, რომლის აზრითაც, უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება გახდეს ევროპული ქვეყნების თანხმობა, რომ კიევს სამხედრო რესურსები გადასცენ უკრაინაზე ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ტრამპს მოუწევს დათანხმდეს, რომ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩინოს იმ სამხედრო საშუალებებით, რომლებიც განთავსებულია ევროპის ქვეყნებში.

    სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება იყოს ფოკუსირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების გაფართოებაზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მაგალითად, ჯარების რაოდენობასთან მიმართებაში, რათა მომავალში რუსეთს  არ მიეცესსაშუალება მოითხოვოს უკრაინის არმიის შემცირება ომის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში.

    თუმცა, როგორც კონსერვატიული ამერიკული ტელეარხი Fox News წერს, ყველაზე კარგად ინფორმირებულ ჟურნალისტებსაც კი არ შეუძლიათ იცოდნენ რეალური მდგომარეობა, რადგან „საზოგადოების უცოდინრობა“ მაღალი დონის დიპლომატიის არსია, და ასეთი დიპლომატია საიდუმლოებასა და დეზორიენტაციაზეა აგებული.

    „ჩვენ ვერ ვხედავთ უკრაინაში მშვიდობას და უბრალოდ ვერ ვიცით, გამოიღებს თუ არა ტრამპის ინიციატივა ნაყოფს,“ — დაწერა დღეს არხის წამყვანმა საავტორო სვეტში.

    Le Monde-იც წერს, რომ მიუხედავად ბოლო დღეების აშკარა დიპლომატიური წარმატებებისა, მაინც საკმაოდ მაღალია შეთანხმების ჩაშლის რისკი. გამოცემის მიხედვით, თეთრ სახლში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა და ზელენსკიმ ტრამპს უხვად „უძღვნეს კომპლიმენტები“ და ერთიანობა აჩვენეს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პოზიციები კვლავ ბუნდოვანია.

    ზელენსკი და ტრამპი კამერების წინ განსაკუთრებულად ფრთხილად და მეგობრულად იქცეოდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ლიდერს მისი „ძალისხმევისთვის“. ჟურნალისტების შეფასებით, ეს კეთილგანწყობილი განცხადებები, ტრამპისთვის კომპლიმენტები და მისი „მშვიდობისმყოფელად“ წარმოჩენა დიპლომატიური თამაშის ნაწილია, სადაც წონასწორობა ძალიან მაღალია. ევროპელი ლიდერების მთავარი ამოცანა ამჯერად იყო აშშ-სა და ევროპის პოზიციების გაყოფის თავიდან აცილება, რაზეც აშკარად გათვლა აქვს ვლადიმირ პუტინს.

    ამასთან, Le Monde ხაზს უსვამს ორ რეალობას: ერთი მხრივ დიპლომატიურ აქტიურობას და მეორე მხრივ — ომის გაგრძელებას. სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რუსული არმია უკრაინის ტერიტორიას კვლავ უტევდა.

    ფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები იყვნენ ერთადერთნი, ვინც ვაშინგტონის შეხვედრისას განაცხადეს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

    „ვერ წარმომიდგენია შემდეგი შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის გარეშე,“ — აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

    ბრიტანული Times-ი ყურადღებას ამახვილებს, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარემ სცადა თავისუფალი ატმოსფეროს შექმნა და დაპირისპირების თავიდან აცილება, რომელიც თებერვალში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრისას მოხდა ოვალური კაბინეტში.

    ამჯერად ტრამპი თანმიმდევრულად ამჟღავნებდა თავაზიანობას, თავს არიდებდა რთულ კითხვებსა და თემებს, რომლებიც სიტყვიერ დაპირისპირებას გამოიწვევდა. უკრაინის პრეზიდენტმა რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას მშვიდობის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის. ევროპელმა ლიდერებმაც ასევე გამოხატეს მადლიერება ტრამპის მიმართ.

    თუმცა, როგორც Times წერს, მხარეების მიზნები განსხვავებულია: ტრამპს სურს რაც შეიძლება სწრაფად გააფორმოს შეთანხმება — ნებისმიერი შეთანხმება. კიევი და მისი ევროპელი პარტნიორები კი ცდილობენ დრო მოიგონ, რათა დეტალები დააზუსტონ და თავიდან აიცილონ მათთვის არახელსაყრელი შეთანხმება.

    თეთრ სახლში შეხვედრისას უკრაინისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობდნენ გაეგოთ, რას აპირებს აშშ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მას შემდეგ, რაც სამშვიდობო შეთანხმება შედგება.

    Financial Times-ის ცნობით, კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა ამჯობინეს ყურადღება გამახვილებულიყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და არა რუსეთიდან წამოსულ იდეაზე, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიების „გაცვლას“.

    ტრამპის წინადადება უსაფრთხოების გარანტიებზე ორშაბათს ძალიან ბუნდოვანი იყო. მან განაცხადა, რომ აშშ „მნიშვნელოვან დახმარებას“ გაუწევდა ევროპულ ქვეყნებს და არა უშუალოდ უკრაინას.

    Financial Times დასძენს, რომ რუსეთმა უკვე მოახერხა ტრამპის დარწმუნება იმაში, თითქოს მისი ტერიტორიული მოთხოვნები — რომელთა მიღება უკრაინისთვის შეუძლებელია — ერთადერთი საფუძველია შეთანხმებისთვის. შესაბამისად, უკრაინამ და ევროპელებმა ანალოგიურად უნდა მოახერხონ, უსაფრთხოების გარანტიების საკითხი აქციონ შეთანხმების საფუძვლად.

    ფინური გამოცემა Helsingin Sanomat წერს, რომ ვაშინგტონში გამართული შეხვედრა აშკარად უკეთესად წარიმართა, ვიდრე ელოდნენ. ამასთან, გაზეთი საკმაოდ რეალურ სცენარად მიიჩნევს, რომ რუსეთი შეეცდება ჩაშალოს ვაშინგტონში შეთანხმებული სამოქმედო გეგმა.

    ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იუსი ლასილა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ტრამპი საკმაოდ არაპროგნოზირებადი მოთამაშეა. თუმცა, ექსპერტის აზრით, ვაშინგტონის შეხვედრის მიხედვით ჩანს, რომ პუტინმა წარუმატებლობა განიცადა მცდელობაში, დაეთესა უთანხმოება აშშ-სა და ევროპას შორის.

    „ევროპასა და აშშ-ს შორის მოქმედებების კოორდინაცია უკვე ჩამოყალიბებულია. ეს ცხადყოფს, რომ პუტინმა ვერ შეძლო გაყოფის შექმნა,“ — ამბობს იუსი ლასილა.

    რუსული მედია: ზელენსკის პიჯაკი და ევროპა–აშშ-ის უთანხმოებები

    რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე კი პირიქით ცდილობდნენ გაემახვილებინათ ყურადღება დასავლელ მოკავშირეებს შორის უთანხმოებებზე.

    „პირველი არხი“ ამტკიცებდა, რომ „ბზარები დასავლელ მოკავშირეებს შორის სულ უფრო ნათლად ჩანს“. საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა: „ევროპელები სანქციებით ზეწოლის გაგრძელებას ემხრობიან, აშშ-ს კი ახლა განსხვავებული ხედვა აქვს“, და დაამატეს, რომ „ეს სწორედ ევროპაა, ვინც მოლაპარაკებებს უშლის ხელს“.

    ვლადიმირ ზელენსკი და მასთან ერთად ჩამოსული ევროპელი ლიდერები აღწერილნი იყვნენ როგორც „ომის პარტია“.

    „პირველი არხის“ ფორმულირებით, ესენი იყვნენ „შვიდი ევროპელი ლიდერი, რომელთაც სურთ კონფლიქტის გაგრძელება უკრაინაში“, ხოლო ასევე ითქვა, რომ „ალასკაზე გამართული რუსულ-ამერიკული სამიტის შემდეგ თეთრი სახლიდან მოდის სიგნალები, რომლებიც აშკარად არ მოსწონს ომის პარტიას“.

    სამივე წამყვანმა რუსულმა არხმა დიდი ყურადღება დაუთმო ზელენსკის ქცევის სტრატეგიასა და გარეგნობას.

    საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა: „ამჯერად ის საკმაოდ თავმდაბალი და თავშეკავებული იყო, არ იძლეოდა მკვეთრ განცხადებებს, არ აწყვეტინებდატრამპს და რეალურად საკმაოდ თავშეკავებულად პასუხობდა, მეტი საუბრის საშუალებას კი ტრამპს აძლევდა“.

    „პირველი არხი“ ზელენსკის სტილს „გლოვის კეჟუალს“ უწოდებს და დასძენს: „თეთრი სახლის დრესკოდის სრული დაცვაც კი ვერანაირ გარანტიას ვერ იძლეოდა, რომ ოვალურ კაბინეტში ტრამპი და ვენსი კვლავ არ მოუწყობდნენ ზელენსკის საჩვენებელ საყვედურს.“

    ამასთან, დონალდ ტრამპი რუსეთის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში წარმოჩენილი იყო როგორც პოლიტიკოსი, რომელიც სრულად იზიარებს რუსეთის პოზიციას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

    მაგალითად, НТВ-ზე აცხადებდნენ, რომ „ამერიკულმა მხარემ დაანახა ყველას, რომ იზიარებს მოსკოვის პოზიციას — საჭიროა მშვიდობის შეთანხმების დადება და არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება.“

    „ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინაში არ იქნებიან ამერიკელი სამხედროები და ასეთი გარანტიები ნატოს ჩარჩოში არ შევა,“ — ამბობდნენ „Россия 1“-ზე.

    „ეს, ფაქტობრივად, ის მოთხოვნაა უკრაინის ნატოში არმისაღებად, რაზეც კრემლი წლების განმავლობაში საუბრობდა. ტრამპმა თქვა, რომ ეს იყო მთავარი მოთხოვნა. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნები, ბოლოს და ბოლოს, ვაშინგტონამდე მივიდა,“ — თქვეს „Россия 1“-ის საინფორმაციო გამოშვებაში.

  • უკრაინას არ უნდა რომ გახდეს საქართველო. მათ არ უნდათ რუსეთი მათზე დომინირებდეს – ბენ შაპირო

    “ვლადიმირ პუტინის მხოლოდ ტეროტირული გაფართოება არ სურს უკრაინაში. მას უნდა, რომ დანარჩენი აღმოსავლეთ ევროპა და გარკვეულ ეტაპზე დასავლეთ ევროპაც გადააქციოს ანტიატლანტიკურ ნაკრძალად. ეს არის ის, რასაც აქტიურად მხარს უჭერს მისი “ტვინი”, ალექსანდერ დუგინი. ის და პუტინი ზუსტად ერთნაირად საუბრობენ. რაც პუტინს სურს, არის რომ ევროპა გახდეს რუსეთის გავლენის სფერო. რუსეთი მიზანი არ არის, რომ მხოლოდ სტრატეგიული მოთამაშე იყოს, არამედ უნდა, რომ იყოს კვაზი იმპერია.
    უკრაინას უნდა, რომ დამოუკიდებელი სახელწმიფო იყოს. მათ რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნა არ სურთ. არ უნდათ, რომ გახდნენ ბელარუსი. არ უნდათ, გახდნენ სატელიტები, არ უნდათ, რომ გახდნენ საქართველო. მათ არ უნდათ, რომ რუსეთი მათზე სრულად დომინირებდეს, არამედ უნდათ, რომ იყვნენ დამოუკიდებლები”

    ამბობს ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და კონსერვატიული პოდკასტის, Daily Wire-ის წამყვანი ბენ შაპირო.

  • ტრამპის მხრიდან ალასკა ძალის დემონსტრირება იყო – ბესენტი

    ალასკა ძალის დემონსტრირება იყო პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან. მან პრეზიდენტი პუტინი მიიწვია მიწაზე, რომელსაც წარსულში რუსები ფლობდნენ. მან გამოფინა უზარმაზარი ოდენობის სამხედრო აღჭურვილობა და შემდეგ მოაწყო [ბომბდამშენებისა და ავიაგამანადგურებლების] გადაფრენა. ეს იგივეა, რომ უკონტროლო მეზობელი მოიწვიო და მას იარაღის ყუთი აჩვენო.

    განაცხადა აშშ-ს ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა NBC News-თან ინტერვიუში.

  • რუსეთი არასდროს ისწრაფოდა უბრალოდ სხვისი ტერიტორიების მიტაცებისკენ – ლავროვი

    რუსეთი არასდროს ისწრაფოდა უბრალოდ სხვისი ტერიტორიების მიტაცებისკენ – ლავროვი

    „კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს გვისაუბრია, რომ უბრალოდ ესა თუ ის ტერიტორია უნდა მიგვეტაცებინა. არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი სამიზნე. ჩვენი მიზანი იყო დაგვეცვა ადამიანები, რუსი ხალხი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ მიწებზე, რომლებმაც აღმოაჩინეს ეს მიწები, დაღვარეს სისხლი მათთვის როგორც ყირიმში, ასევე დონბასში, შექმნეს ქალაქები – ოდესა, ნიკოლაევი, მრავალი სხვა, პორტები, ქარხნები“,

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

  • ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელ არცევიდან  საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

    ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელ არცევიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

    ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ არცევში ოლქის ე.წ. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრის “უკანონოდ კვეთისთვის” 1992 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

    „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ”ნარკოტესტირებაზე უარის გამო დამაჯარიმეს და ჩამომართვეს მართვის მოწმობა” – ოთო ფარულავა

    8 ივნისს მე და ჩემმა მეგობრებმა უარი ვთქვით ნარკოტესტირებაზე, პოლიციასთან ერთად წასვლაზე და არც ოთხსაათიანი ვადა გამოვიყენეთ დამოუკიდებელი ტესტირებისთვის. ამ ფორმით ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ მავნე და ღირსების შემლახავი პრაქტიკის დაბრუნების წინააღმდეგ.

    დღეს სასამართლომ ამ საქმეზე დამაჯარიმა 1000 ლარით, 3 წლით ჩამომართვა მართვის მოწმობა და 5 წლით ამიკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა. ბრძოლა გრძელდება!

    წერს ამის შესახებ,  ლელო – ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოთო ფარულავა.

  • ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა ევროპაში უნდა გაიმართოს – მაკრონი

    „შეხვედრა ევროპაში უნდა ჩატარდეს. ეს მხოლოდ ჰიპოთეზა არ არის, ეს კოლექტიური ნებაა. შეხვედრა ნეიტრალურ ქვეყანაში უნდა მოხდეს. შესაძლოა, შვეიცარიაში. მე მხარს ჟენევას ვუჭერ. ან შეიძლება სხვა ქვეყანაში ჩატარდეს, ბოლოს ორმხრივი მოლაპარაკებები სტამბოლში იყო.[…]გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, შემდეგ სამმხრივი შეხვედრა (დონალდ ტრამპის მონაწილეობით), შემდეგ კი მრავალმხრივი შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელებიც იქნებიან“,

    ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.