Category: სლაიდერი

  • ერთ-ერთ გოგონას ჩაცმულობის გამო ძალადობრივი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა

    ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა 9 აპრილის სკვერში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ერთ-ერთ გოგონას სავარაუდოდ ჩაცმულობის გამო რადიკალი ჯგუფები გაეკიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქის გარიდება სცადა ტერიტორიიდან თუმცა სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია. რადიკალური და მოძალადე დაჯგუფებები გადამღებ ჯგუფს ქვებს ესვრიან.

     

     

  • შსს “გმობს” ჟურნალისტებზე ძალადობას

    შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას.

    უწყების განცხადებით, მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

    აქციის მონაწილეების მხრიდან თბილისში, ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ჩამოხსნის, განადგურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, ასევე, გამოძიება.

    მათივე განცხადებით, გამოძიება დაიწყო რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე.

    “აღნიშნულ ფაქტებზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.

    მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ არსებული რისკების გათვალისწინებით ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.

    დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”,– წერია შსს–ს განცხადებაში.

  • ღირსების მარში დღეს არ შედგება, შსს არ რეაგირებს ძალადობაზე – თბილისი პრაიდი

    ღირსების მარში დღეს არ შედგება, შსს არ რეაგირებს ძალადობაზე – თბილისი პრაიდი

    თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ ღირსების მარში დღეს არ ჩატარდება, რადგან რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ ადამაინების სიცოცხლეს. მათი თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დაიცავს.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “გამოცხადებული ომი სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ.

    ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა. Პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო, ძალადობრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური განცხადება, რომელშიც მან პასუხისმგებლობა და აგრესიის ვექტორები აქტივისტებზე გადაიტანა, არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და პრორუსული ჯგუფების კოორდინირებული ძალადობრივი, შემგუებლური, წამახალისებელი და რუსული პოლიტიკის გაგრძელება. აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ყველა შესაძლებლობა უზრუნველეყო პრაიდ კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება, არ მიიღო არავითარი ქმედითი ზომა ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. “თბილისი პრაიდის” წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს არაერთი შეხვედრა ჰქონდა შსს-ს წარმომადგენლებთან, ისინი იცნობდნენ ჩვენს სამოქმედო სტრატეგიას, მათთვის შეთავაზებული იყო კონკრეტული გეგმები, რომელთა მიხედვითაც, უნდა მომხდარიყო მარშის უსაფრთხოების დაცვა, თუმცა, ნაცვლად ქმედითი ზომებისა, ჩვენ დილიდან ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას.

    Სწორედ ასეთ უმოქმედობასა და სიძულვილის ჯგუფების პოლიტიკური ძალაუფლების იარაღად გამოყენებას მოჰყვა ის, რომ დარბეულია “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისები, პოლიციის თვალწინ ძალადობენ ჟურნალისტებზე, ეს უფრო მეტია ვიდრე პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, ეს არის გამოცხადებული ნადირობა მედიაზე, აქტივისტებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც თანასწორობის იდეის სწამს.

    დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ვხედავთ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი.

    მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხარდამჭერებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მკაფიოდ გაემიჯნონ სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს და სახელმწიფოს სრულიად არასახელმწიფოებრივ უმოქმედობის პოლიტიკას.

    “თბილისი პრაიდის” სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. Ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა შეკრების უფლებით. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე!

    Ჩვენს მხარდამჭერებს გვსურს მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ბრძოლა ღირსებისთვის გაგრძელდება, ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების, საპატრიარქოსა და ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობისა, არ შეწყდება! Ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ღირსებისთვის!”,– წერია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

  • ჟურნალისტების ცემა, დარბევა ხელისუფლების მმართველობის სახეა – დეკანოიძე

    “გამოცხადებული ძალადობის და პუტინის ქრონიკაა ჩვენს ქვეყანაში. ჟურნალისტების ცემა, ევროკავშირის დროშის დახევა, დარბევა, უფლის სახელით მოთარეშე ძალადობა – ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სახე.

    ძალადობით საზრდოობს “ოცნება”, ძალადობაზე და ჩაგვრაზე დგანან ქრისტეს სახელით ადამიანების მჩაგვრელები. ორივეს ერთმანეთი სჭირდება.

    მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს, ვინც უკიდურესად დიდი ფიზიკური საფრთხის მიუხედავად, თავის მოვალეობას ასრულებდა”

    წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

  • “მთავარი არხის” ოპერატორს მოძალადეებმა პოლიციის თვალწინ სცემეს

    პარლამენტის წინ შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ამჯერად მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს პოლიციის თვალწინ, დაესხნენ თავს. ორგანიზებულ დაჯგუფებას რუსთაველის გამზირი აქვს გაკაკეტილი, შეკრებილი არიან ქაშუეთის ეკლესიასთან, ჟურნალისტებს არ აძლევენ მუშაობის უფლებას.

    ვარძელაშვილი ქაშვეთის ეზოში საპატრიარქოს წარმომადგენლების პარაკლისს იღებდა, როცა ფორმულას კიდევ ერთ ჟურნალისტზე, რატი წვერავაზე თავდასხმის შესახებ შეიტყო.

  • პუტინისტურმა ჯგუფებმა “რადიო თავისუფლებას” ჟურნალისტსაც სცემეს

    სიძულვილის ჯგუფებმა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტებსაც სცემეს. ჟურნალისტ თორნიკე მანდარიასა და ოპერატორ დათო ქორიძეს დაზიანებები მაშინ მიაყენეს, როცა ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

    რადიო თავისუფლების ცნობით, ჟურნალისტი ახლა სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ელოდება, ოპერატორი კი გაეროს სახლშია.

    პუტინისტური ჯგუფები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დათარეშობენ და ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს ფიზიკურად უპირისპირდებიან.

    ცნობისთვის, ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფორმულას ჟურნალისტს, თავში კეტი ჩაარტყეს ტაბულას ჟურნალისტს, სცემეს TV პირველის ოპერატორს და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

  • ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს – კუჭავა

    პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეხმიანება თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ჟურნალისტებზე ძალადობას და მოუწოდებს პუტინისტურ ჯგუფებს, “იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”.

    ის პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ვერ ახერხებენ მედიის წარმომადგენლების ძალადობისგან დაცვას, მხარდაჭერას უცხადებს.

    “დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას – ეს მიუღებელია! ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!”,– წერს კუჭავა.

    ცნობისთვის, ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფორმულას ჟურნალისტს, თავში კეტი ჩაარტყეს ტაბულას ჟურნალისტს, სცემეს TV პირველის ოპერატორს და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

  • გცხვენოდეთ, თქვენო უწმინდესობავ, ამ ცოდვას ღმერთი არასდროს გაპატიებთ – უგულავა

    “რუსთაველზე ფაქტიურად პუტინისტი რუსები დგანან. ჯაღმაიძე უწყვეტ ხაზზე ქურდივით დაიარება. იაკობი გაიძახის ჰკა მაგას! ჯვარს აცუთ ეგე! ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა. პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს. დიახ, ყოველი ჩაგრული დღეს იესოა და მთავარი მჩაგვრელი იესოს სახელით მქადაგებელი პატრიარქი, კაიაფა და მისი სინედრიონია.

    საკუთარი ცოდვის მონანიების ნაცვლად მისი გადაფარვა გადაწყვიტეს. მთელი საპატრიარქო ერთმანეთს უბეში უძვრებით, მხოლოდ იმაზე ჭორაობთ ვინ ვისთან წევს და ასე უსინდისოდ აგიჟებთ ამ ხალხს. პირდაპირ რუსეთის მეხუთე კოლონა ხართ.

    გცხვენიდეთ თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ. ზოგჯერ მთხვევის ნაცვლად სახარებასაც თუ წაიკითხავთ მიხვდებით: “რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს” “არა არს დაფარულ რომელი არა განცხადდეს”

     

    წერს პოლიტიკოსი გიგი უგულავა.

  • აღკვეთეთ საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა – სახალხო დამცველი შსს-ს

    აღკვეთეთ საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა – სახალხო დამცველი შსს-ს

    “საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას.

    პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან.

    სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ.

    სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე”

    აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

  • ოპოზიციას მივმართავ! ეს თუ არ შეჩერდა, დავტოვოთ პარლამენტი! – ჩარკვიანი

    ოპოზიციას მივმართავ! ეს თუ არ შეჩერდა, დავტოვოთ პარლამენტი! – ჩარკვიანი

    თაკო ჩარკვიანი ოპოზიციას მოუწოდებს, თუ არ შეჩერდა თბილისში მოძალადე ჯგუფების ძალადობა, პარლამენტი დატოვონ.

    “ვიღაც რუსი ოკუპანტის მსახური ოლიგარქი ერთმანეთს აპირისპირებს ხალხს! ვაახ, საქართველოვ, მერამდენედ?!

    ოპოზიციას მივმართავ! ეს თუ არ შეჩერდა, დავტოვოთ პარლამენტი! ეს საკანონმდებლო ორგანო არ არის! საკანონმდებელო “ორგანო ” არა!”,– წერს ჩარკვიანი.