Category: მსოფლიო

  • ისრაელის არმიამ განაცხადა რომ ქალაქი ღაზა ალყაშია

    ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა დაასრულეს ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ღაზას ალყაში მოქცევა.

    მან დასძინა, რომ ისრაელის სამხედროები “უტევენ ჰამასის პოზიციებს, სამეთაურო პუნქტებს, რაკეტების გამშვებ პოზიციებს და ინფრასტრუქტურას და კლავენ ტერორისტებს ახლო მანძილიდან ბრძოლაში”.

    ადრე ისრაელის არმიის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ სამხედროები ჩართულნი არიან მჭიდრო ბრძოლებში ჰამასის წევრებთან, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს მიწისქვეშა გვირაბებიდან.

    IDF-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჰამასის 130 წარმომადგენელი დაიღუპა. ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან 20-მდე ისრაელელი ჯარისკაციც დაიღუპა.

  • “სიკვდილის ზონად იქცევა” – ისრაელმა ჰამასის გვირაბების ქსელის განადგურება დაიწყო

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა ”ჰამასის” გვირაბების ქსელის განადგურების ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს. 

    ამასთანავე ცნობილია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები, ჰამასის გვირაბებში შესვლას არ აპირებენ და სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდება გვირაბების შესასვლელების პოვნა და განადგურება.

    როგორც IDF-ის ინჟინრები აცხადებენ, სპეცოპერაცია ღაზას სექტორის იმ ნაწილებზე მიმდინარეობს, რომლებზეც ბოლო დღეებში ისრაელმა კონტროლი დაამყარა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ამ ეტაპზე  ისრაელმა 100-მდე გვირაბი გაანადგურა.

    “ჩვენ გვირაბებში შესასვლელებს დავანგრევთ. ეს სიკვდილის ზონად იქცევა. მათ შეცდომა დაუშვეს – ისეთ ადგილზე გადაწყვიტეს ყოფნა, საიდანაც გაქცევა არ შეუძლიათ. ისინი გვირაბებში დაიხოცებიან”, – თქვა IDF-ის ერთ-ერთმა ოფიცერმა.

  • გაფართოების პროცესი EU-ს რეფორმის მძევალი არ უნდა გახდეს – კულება

    “არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს შეუძლია, დაუშვას გაჭიანურებული რეფორმა. ჩვენ ვახორციელებთ რეფორმას და ამ პროცესს გავაგრძელებთ. ჩვენ შეგვიძლია კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი ჩვენი რეფორმების ჩატარება უფრო სწრაფად, ვიდრე ევროკავშირი მოახდენს საკუთარი რეფორმების გატარებას. მთავარია, გაფართოება დამსახურებაზე იყოს დაფუძნებული, რომელიც პატივს სცემს თითოეული ქვეყნის ტემპსა და დინამიკას. გაწევრიანება არ უნდა გადაიდოს ან შეყოვნდეს რეფორმის გამო. უფრო ფართო ევროკავშირი უკეთესია ყველა ჩვენგანისთვის. ჩემი აზრით, რომ ევროკავშირს სჭირდება, იყოს უფრო დიდი, რათა გახდეს უფრო ძლიერი. ეს ძალიან მარტივია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა უნდა შეფასდეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით. ვფიქრობ, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ ევროპის ყველა ქვეყანამ და კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ მტკიცე ვალდებულება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების წინაშე და ეს იყოს ურთიერთობებში შემდგომი წინსვლის წინაპირობა”.

     

    აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

  • არესტოვიჩი უკრაინაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აპირებს, რომ უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს. ინფორმაცია ამის შესახებ მან გამოცემა Interfax უკრაინას დაუდასტურა. არესტოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ წინადადებები უკრაინაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მან ოთხშაბათ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, მისი საარჩევნო პროგრამაა.

    “სპეციალისტები დაასრულებენ, დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. წინააღმდეგობები, მოსაზრებები, რჩევები, კრიტიკა მისასალმებელია”, – ამბობს არესტოვიჩი.

    ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც თავის ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც დნეპრში 46 ადამიანი იმსხვერპლა უკრაინული საჰაერო თავდაცვის მიერ იყო გაშვებული, არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა

  • პარიზში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ბურკაში გამოწყობილ ქალს, რომელიც მატარებლის მგზავრებს ემუქრებოდა

    საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პარიზში ანტიტერორისტულმა პოლიციელებმა ბურკაში გამოწყობილ ქალს ცეცხლი გაუხსნეს, რომელიც მატარებლის მგზავრებს ემუქრებოდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა პოლიციის მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვა. მის მიმართ 8 გასროლა მოხდა და ქალი დაიჭრა.

    როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალი შეიარაღებული არ იყო.

    განგაში სამგზავრო მატარებლის მგზავრებმა პარიზის მე-13 ოლქში გამოაცხადეს. საქმეში პოლიცია ფრანსუა მიტერანის ბიბლიოთეკის სადგურზე ჩაერია..

    კონკრეტულად როგორ დაემუქრა ქალი მგზავრებს, უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ის ყვიროდა „ალაჰ აკბარ“ (ანუ „ალაჰი დიდია!“).

    პოლიციის ცნობით, ოფიცრებს შეეშინდათ მათი და მგზავრების უსაფრთხოების გამო, და ამიტომ ქალს ცეცხლი გაუხსნეს. ქალს ჭრილობა მუცელში აქვს მიყენებული და ახლა მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია საავადმყოფოში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

    პარიზის პრეფექტის, ლორან ნუნესის თქმით, ეს შეიძლება იყოს იგივე ქალი, რომელიც 2021 წელს უკვე დაემუქრა უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც იცავენ მნიშვნელოვან ობიექტებს შესაძლო ტერორისტული თავდასხმებისგან.

    შემდეგ ეს ქალი ფსიქიკური მდგომარეობის გამო გარკვეული დროით იზოლირებული იყო.

    როგორც მთავრობის სპიკერმა ოლივიე ვერანმა აღნიშნა, პოლიციელებს, რომლებმაც ეჭვმიტანილს ესროდნენ, დამაგრებული ჰქონდათ ვიდეოკამერები, რაც ხელს შეუწყობს ინციდენტის ზუსტი გარემოებების გარკვევას, რაზეც ერთდროულად ორი გამოძიება დაიწყო. ერთი ეხება თავად ეჭვმიტანილის ქმედებებს, მეორე გამიზნულია იმის გასარკვევად, თუ რამდენად გამართლებული იყო იარაღის გამოყენება.

    ინციდენტი მოხდა საფრანგეთში დაძაბულობის ფონზე, რომელიც  ისრაელსა და ჰამასს შორის ომით არის გამოწვეული.

    ამ თვის დასაწყისში ქვეყნის სამხრეთით სკოლის მასწავლებელი მოკლეს და ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, თავდამსხმელი ასევე ყვიროდა „ალაჰ აკბარ“. ამ ინციდენტის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული განგაშის უმაღლესი დონე შემოიღეს.

    საფრანგეთის ხელისუფლება შეშფოთებულია ქვეყანაში ანტისემიტიზმის ზრდის გამო
    ბოლო დღეებში ასევე მოხდა რამდენიმე ანტისემიტური ინციდენტი პარიზში და მის გარშემო. ზოგიერთ რაიონში დავითის ვარსკვლავები კედლებზეა დახატული, როგორც ეს ერთ დროს ნაცისტურ გერმანიაში იყო.

    ზოგადად, შინაგან საქმეთა მინისტრის ჯერალდ დარმანინის თქმით, 7 ოქტომბრიდან, როცა ჰამასმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო, 850-ზე მეტი ასეთი აქტი დაფიქსირდა.

    „ვტირი, რადგან ისევ ვხედავ იმავე სიძულვილს, რომლითაც ბავშვობაში გვეპყრობოდნენ და ამის გაგება არ შემიძლია“, განუცხადა BFMTV-ს იმ სახლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სადაც დავითის ვარსკვლავი გამოჩნდა.

    როგორც ამ ტელეარხის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, ანტისემიტური გამოხტომები ქვეყნის მოსახლეობის 83%-ს აშფოთებს.

    პარიზის ერთ-ერთი ჩრდილოეთ გარეუბნის მერმა, კარიმ ბუმრანმა მოითხოვა „ანტისემიტური და რასისტული“ გრაფიტის ავტორების კანონის სრული სიმკაცრით დასჯა.

    პარიზის მერის მოადგილემ, ემანუელ გრეგუარმა განაცხადა, რომ კედლებზე დახატული დავითის ყველა ვარსკვლავი გადაიღებება და ამ ინციდენტებზე გამოძიება ჩატარდება.

  • გვირაბები იმისთვის ავაშენეთ რომ არ მოგვკლან, მოსახლეობის დაცვა გაეროს პასუხისმგებლობაა – “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი

    ჰამასის ერთ–ერთმა ლიდერმა, აბუ მარზუკმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობა ჰამასის ბოევიკების საზრუნავი არ არის.
    წამყვანმა მას კითხა, რატომ არ ააშენეს ბომბებისგან დამცავი თავშესაფრები მშვიდობიანი მოსახელობისთვის, როცა ჰამასმა თავისთვის 500 კილომეტრიანი გვირაბები აიშენა., რაზეც აბუ მარზუკმა უპასუხა:

    ”ჩვენ გვირაბები იმიტომ ავაშენეთ, რომ სხვა გზა არ გვქონდა თავის დასაცავად, რომ სამიზნე არ გავხდეთ და არ მოგვკლან. ეს გვირაბები ჩვენ თვითმფრინავებისგან გვიცავს, ჩვენ გვირაბების შიგნიდან ვიბრძვით. ყველამ იცის, რომ ღაზას მოსახლეობის 75% ლტოლვილია, და მათი დაცვა გაეროს პასუხისმგებლობაა. ჟენევის კონვენციის მიხედვით გაეროს პასუხისმგებლობაა მათ ყველა სერვისი მოაწოდოს, რადგან ისინი ოკუპაციის ქვეშ არიან”.

     

    https://www.youtube.com/watch?v=k-LYyndOLSs

  • ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას მინიმუმ 31 ჟურნალისტი დაიღუპა – CPJ

    ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ)  ცნობით, ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას მინიმუმ 31 ჟურნალისტი დაიღუპა.

    “განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე ღაზაში მყოფი ჟურნალისტები დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო თავდასხმის ფონზე ცდილობენ,” – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

    მსხვერპლს შორის 26 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ 8 ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო 9 დაკარგულად ან დაკავებულად მიიჩნევა. დაღუპულთა შორის არიან ცნობილი პალესტინელი რეჟისორი როში სარაჟი და ისაამ ანდალაჰი, Reuters-ის ოპერატორი ბეირუთიდან, რომელიც ლიბანის საზღვართან ახლოს ისრაელის მხრიდან დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

  • ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურას დავარტყით – IDF

    ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილში „ჰეზბოლას“ რამდენიმე პოზიციას დაარტყეს.

    “IAF-ის საბრძოლო თვითმფრინავებმა დაარტყეს ჰეზბოლას ტერორისტული ინფრასტრუქტურას, მათ შორის იარაღი, პოსტები და ადგილები ლიბანში”, – განაცხადა IDF-მ.

    IDF-ის თქმით,  მათი ქმედება იყო პასუხი ჩრდილოეთ ისრაელზე ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებულ სარაკეტო და ნაღმმტყორცნებით განხორციელებულ თავდასხმაზე. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა.

  • ნეთანიაჰუმ ჰამასის ვიდეოჩანაწერს “სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა” უწოდა

    ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა ჰამასის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც მძევლად აყვანილი 3 ისრაელელი ქალი ჩანს, “ბოროტი ფსიქოლოგიური პროპაგანდა” უწოდა.

    ვიდეოს პირადად ნეთანიაჰუც გამოეხმაურა და “მძევლებს” მიმართა.

    „ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია „ჰამასის“ და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

    ნეთანიაჰუმ ვიდეოში ნაჩვენები სამივე ქალის იდენტიფიცირებაც მოახდინა და მათი სახელებიც თქვა – დანიელ ალონი, რიმონ კირშტი და ელენა ტრუპანობა.

    რამდენიმე საათის წინ „ჰამასმა“ ვიდეო გაავრცელა. 76-წამიან ვიდეოჩანაწერში, ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერმინისტრს,ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

    „გამარჯობა, ბიბი ნეთანიაჰუ. ჩვენ 23 დღეა „ჰამასის“ ტყვეობაში ვიმყოფებით. გუშინ მძევლების ოჯახებთან ერთად პრესკონფერენცია იყო. ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. თქვენ ჩვენ ყველანი უნდა გაგეთავისუფლებინეთ. თქვენ აიღეთ იმის ვალდებულება, რომ ყველანი გაგვათავისუფლოთ“, – აცხადებს ერთ-ერთი მძევალი.

  • დასავლეთი ცდილობს კრიზისი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააფართოოს – შოიგუ

    „ევროპაში მწვავე კრიზისის პროვოცირების შემდეგ, დასავლეთი ცდილობს კრიზისი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააფართოოს.[…]დასავლეთის პოზიცია რუსეთის მიმართ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი კონფლიქტის რისკს წარმოადგენს, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება“,

    ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.