Category: მსოფლიო

  • ირანელი აქტივისტი საპატიმროში შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ირანელი აქტივისტი საპატიმროში შიმშილის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარს გმობს აშშ შეერთებული შტატები. ვაჰიდ საიადი ნასირი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მოსაზრებისთვის დააპატიმრეს

    მას ბრალად ედებოდა “უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფა”.

    რადიო თავისუფლებას ნასირის დამ განუცხადა, რომ ყომის საავადმყოფოში აქტივისტის სიკვდილის შესახებ ოჯახს ხელისუფლებამ შეატყობინა. ნასირიმ შიმშილობა დაიწყო მოთხოვნით, ყომის საპატიმროდან თეირანში, ევინის ციხეში გადაეყვანათ, რადგან ყომის ციხის პირობები გაუსაძლისი იყო. ნასირი პირველად 2015 წელს დააპატიმრეს “ხამენეის შეურაცხყოფისა” და “სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის” ბრალდებით და ორ წელიწად ნახევარში გაუშვეს, მაგრამ იმავე წელს, კვლავ დააკავეს მსგავსი ბრალდებით.

  • კოსოვოს პარლამენტმა არმიის შექმნას მხარი დაუჭირა

    {{ARTICLEIMAGE}}
    კოსოვოს პარლამენტარებმა კანონპროექტი დაამტკიცეს, რომელიც სრულფასოვანი არმიის შექმნას ითვალისწინებს და რასაც მწვავედ ეწინააღმდეგება სერბეთი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 14 დეკემბერს გამართულ სხდომას, რომელზეც კოსოვოს მსუბუქად შეიარაღებული ძალების პროფესიულ არმიად გარდაქმნა უნდა დაემტკიცებინათ, ბოიკოტი გამოუცხადა სერბ კანონმდებელთა უმცირესობამ, ასეთ ფონზე კანონპროექტი ერთხმად მიიღეს.

    ნაბიჯს მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ ამ ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ ქვეყანაში, გარდა კანონმდებლებისა, რომლებიც წარმოადგენენ 120,000 ადამიანისგან შემდგარ სერბ უმცირესობას. აშშ-მა მხარი დაუჭირა კოსოვოს ნაბიჯს, თუმცა შეეცადა მოწინააღმდეგეები დაერწმუნებინა, რომ ამ პროცესს “ბევრი წელიწადი” დასჭირდება. პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ფილიპ კოსნეტმა განაცხადა, “კოსოვოსთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, ბუნებრივია თავდაცვის შესაძლებლობის ქონაო”. ნაბიჯს ძლიერად ეწინააღმდეგებიან ბელგრადი და კოსოვოს ეთნიკური სერბები, რომლებიც ამბობენ, რომ ამით დაირღვევა გაეროს რეზოლუციები და ამ ძალას სერბი უმცირესობის წინააღმდეგ გამოიყენებენ – რასაც პრიშტინა უარყოფს. ნაციონალისტური ორიენტაციის სერბული გაზეთები წერენ, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა, ახალი კონფლიქტი მოჰყვეს.

    ცნობისათვის, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში, კოსოვოს ომიდან თითქმის დეკადის შემდეგ, გამოაცხადა. კონფლიქტს 13 000 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 10 000 ეთნიკურად ალბანელი იყო. სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობა დღემდე არ აღიარებს, რადგან თვლის, რომ ეს ტერიტორია სერბეთის “იერუსალიმია”, სადაც რამდენიმე ისტორიული სერბული მონასტერია. ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1389 წელს სერბეთის მეფე ლაზარმა ოტომანთა იმპერიის სულთანი მურადი დაამარცხა, საიდანაც “სერბული ცივილიზაციის” ათვლა იწყება. კოსოვო გაეროს 114 ქვეყანამ უკვე აღიარა, მაგრამ არა რუსეთმა და ევროპის კავშირის რამდენიმე ქვეყანამ: საბერძნეთმა, ესპანეთმა, რუმინეთმა, კვიპროსმა და სლოვაკეთმა.

  • სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

    {{ARTICLEIMAGE}}
    საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი, 29 წლის შერიფ შეკატი მოკლა. საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეცოპერაცია ნოდორფის რაიონში ჩაატარეს. სწორედ აქ ცხოვრობდა შერიფ შეკატი. როგორც უცხოური მედია იუწყება, ეჭვიმატანილი ერთ-ერთ საწყობში იმალებოდა.

    11 ნოემბერს სტრასბურგის ცენტრში, კლებერის მოედანზე, საშობაო ბაზრობასთან სროლისას 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ავტომატით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელიც, სავარაუდოდ, შერიფ შეკატი იყო, პოლიციის მიერ საპასუხო გასროლისა დაიჭრა და შემთხვევის ადგილიდან ტაქსით მიიმალა.

  • სარკინიგზო კატასტროფა ანკარაში

    {{AUDIO}}
    9 ადამიანი გარდაიცვალა და 40-ზე მეტი დაშავდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ანკარიდან კონიაში, დასავლეთ თურქეთში მიმავალი მატარებლის ავარიის შედეგად.

    ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავარია. წინასწარი ინფორმაციით, მატარებელი სხვა შემადგენლობას დაეჯახა.

    BBc წერს,  რომ არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, მატარებელი რელსებიდან გადავიდა.

    მატარებელში ავარიის დროს 206 მგზავრი იყო.

  • გერმანიაში საკონდიტრო ქარხნიდან შოკოლადმა გაჟონა

    {{ARTICLEIMAGE}}

    გერმანული გაზეთი, Soester Anzeiger-ი იუწყება, რომ კომპანია Dreimeister-ის საკონდიტრო ქარხნიდან, რომელიც დორტმუნდიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, მეზობელ ქუჩაზე ერთი ტონა გამდნარი შოკოლადის მასამ გაჟონა.


    მიზეზად ერთი ავზის დაზიანება სახელდება. ადგილზე გამოძახებული მეხანძრეები 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ გამდნარი შოკოლადის აფხეკას გზის ზედაპირიდან. ”პროდუქციის შეჩერება ზუსტად შობის პერიოდის დაწყების წინ კატასტროფა იქნებოდა” – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა მარკუს ლაქიმ. მისი სიტყვებით, შოკოლადის გაჟონვა მცირე ტექნიკური პრობლემის გამო მოხდა და ოთხშაბათიდან ქარხანა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ‘ქუჩის შოკოლადისაგან გაწმენდით სამუშაოებში დაახლოებით 25 მეხანძრე მონაწილეობდა. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ქარხანა მალე ამუშავდება. მათივე განმარტებით, მსგავსი ინციდენტი შობის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე რომ მომხდარიყო, ეს მათთვის კატასტროფა იქნებოდა.

    {{PHOTOGALLERY}}

  • სტრასბურგში თავდასხმისას 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა

    {{ARTICLEIMAGE}}
    3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა სტრასბურგის ცენტრში სროლის შედეგად. 7 დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდასხმა 11 დეკემბერს საღამოს კლებერის მოედანზე, საშობაო ბაზრობასთან მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, ავტომატიდან ცეცხლი ახალგაზრდა კაცმა გახსნა. თავდამსხმელი პოლიციის საპასუხო სროლის შედეგად სავარაუდოდ, დაიჭრა, თუმცა გატაცებული ავტომანქანით გაქცევა შეძლო და ამჟამად იძებნება.

    საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, რადგან ადრეც იყო ეჭვმიტანილი კანონის დარღვევაში.

    “გაზეთ “ფიგაროს” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, რომელიც 29 წლისაა, პოლიციას 11 დეკემბერს, დილით უნდა დაეკავებინა, თუმცა, სახლიდან გაქცევა მოასწრო. ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ხელყუმბარები აღმოაჩინეს. საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ეჭვმიტანილს მიანიჭეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში პირის სტატუსი. სტრასბურგში მომხდარი თავდასხმის გამო საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა გამომძიებლები უკვე ღიად საუბრობენ ეჭვმიტანილის ტერორისტულ საქმიანობაზე. საქმეს იძიებენ პროკურატურის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილება და შიდა უსაფრთხოების სამმართველო. სტრასბურგში მომხდარი თავდასხმის გამო, გვიან ღამით პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამართა კრიზისული საბჭოს სხდომა

    სტრასბურგის საშობაო ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ბაზრობაა, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი სტუმრობს. სტრასბურგში განთავსებულია ევროპარლამენტის შენობა, ევროსაბჭო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო”,იუწყება რადიო თავისუფლება.

  • თურქეთი შავ ზღვაში, სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას იწყებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    თურქეთის თავდაცვის სამინისტრო შავ ზღვაში, სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას იწყებს. ადგილობრივი მედიის ცნობით ახალი სამხედრო ობიექტი დასახლებული პუნქტის, სიურმენის რაიონში იქნება განლაგებული, რომელიც ტრაპიზონიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ბაზაზე 400 სამხედრო განთავსდება.

    ეს თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების რიგით მეცხრე ბაზა იქნება. ამჟამად, თურქეთს სამხედრო-საზღვაო ბაზები აქვს ხმელთაშუა ზღვაში, ეგეოსის ზღვაში, მარმარილოსა და შავ ზღვაში.

  • სევდიანი სიმართლე არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ

    გამოქვეყნების თარიღი: 10.12.2018


    რობი მუკი (Robby Mook)

    ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი

    სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ პარასკევს წარმოდგენილი ახალი დოკუმენტები საშუალებას გვაძლევს ახალი თვალით შევხედოთ, იმას თუ რა მიმართულებით მიდის გამოძიება აშშ–ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. 2015 წელს მაიკლ კოენს “რუსი“ დაუკავშირდა, რომელსაც “ურთიერთსასარგებლო კოორდინაციის“ დამყარება უნდოდა ტრამპის შტაბსა და რუსეთის სახელმწიფოს შორის. სპეცპროკურორის გუნდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ცრუობდა თავისი შეხვედრის შესახებ კონსტანტინ კილიმნიკთან რომელსაც ამერიკის მთავრობა რუსეთის დაზვერვასთან კავშირში ადანაშაულებს.

    რა თქმა უნდა, მიულერის ახალი დასკვნები სენსაციად იქცა. მაგრამ შეიცვალა თუ არა ბევრი რამ 2016 წლის შემდეგ და გახდა თუ არა ჩვენი ცოდნა უფრო მოცულობითი ტრამპისა და რუსეთის შესახებ? არც ისე.

    2016 წლის ივლისში დემოკრატიული პარტიის ყრილობის წინ რუსეთის აგენტებმა ვიკილიქსის საშუალებით ათასობით ელექტრონული წერილი გამოაქვეყნეს, რომლებიც დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტიდან იყო მოპარული.  გამოქვეყნების დრო ზუსტად იყო შერჩეული და მან დემოკრატებს კრიტიკულ მომენტში მაქსიმალური ზიანი მიაყენა. იმ დროს მე, დემოკრატების კანდიდატის ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა შემდგომი ორი დღის განმავლობაში ორ საკვირაო პოლიტიკურ თოქ–შოუში მივიღე მონაწილეობა და მზად ვიყავი ამ წერილებთან დაკავშირებული უამრავი კითხვისთვის მეპასუხა. მაგრამ ვთვლიდი, რომ მნიშვნელოვანი იყო არა მოპარული დოკუმენტების შინაარსზე კონცენტრირება, არამედ იმაზე თუ რატომ გამოქვეყნდა ისინი.

    “ექსპერტები გვეუბნებიან, რომ რუსეთის სახელმწიფოს აგენტებმა გატეხეს დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის კომპიუტერები და მოიპარეს ეს ელექტრონული წერილები.  სხვა ექსპერტები კი ახლა აცხადებენ, რომ რუსები ამ წერილებს ტრამპის დახმარების მიზნით აქვეყნებენ. ეს ჩემი პირადი აზრი არ არის. ეს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების დასკვნებია “– ვუთხარი ჯეიკ ტეპერს სი ენ ენ –ზე გამოსვლისას.


    რუსული კვალი ამ ელექტრონული მიმოწერის გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო ცხადი. 14 ივნისს “ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია დემოკრატიული პარტიის კომპიუტერების გატეხვის შესახებ. სტატიის სათაურში კი ნათქვამი იყო, რომ ეს გააკეთეს “რუსმა ხაკერებმა სახელმწიფო სტრუქტურებიდან“. ორი დღის შემდეგ ახალი ამბების არხმა Vice News გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოპარული დოკუმენტების დამუშავებისას გამოიყენებოდა აპარატურა, რომელიც რუსულ ენაზე იყო აწყობილი. ერთ–ერთ ლოგ–ინში კი საბჭოთა სპეცსამსახურების პირველი ხელმძღვანელის გვარი იყო გამოყენებული.

    იმ დროისათვის ტრამპსა და რუსულ სახელმწიფოს შორის სიახლოვე იმდენად აშკარა იყო, რომ ჟურნალმა პოლიტიკომ თავის მაის/ივნისის ნომერში დიდი სტატია გამოაქვეყნა და ტრამს “კრემლის კანდიდატი“ უწოდა. სწორედ იმ პერიოდში ტრამპმა პოლ მანაფორტი თავისი წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა. მანაფორტი უკრაინის პრორუსული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ლობისტი და კონსულტანტი იყო, რომელიც 2014 წელს გადატრიალების შედეგად დაამხეს. გარდა ამისა ის რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას მრჩევლად მუშაობდა.

    ივლისის შუა რიცხვებში ტრამპის შტაბმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სრულიად მოულოდნელად მისი მონაწილეებისთვის ხელის ამოტიალების მეთოდი გამოიყენა რათა დიდი ძველი პარტიის პლატფორმა უფრო პრორუსული და პროპუტინური გაეხადა. ამ ყრილობას ესწრებოდა აშშ–ში რუსეთის ელჩი სერგეი კისლიაკი რაც ძალიან უჩვეულო იყო. იმავე თვეში ტრამპის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კარტერ პეიჯი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში, აშშ გააკრიტიკა “დემოკრატიზაციის მიმართ პირფერული ყურადღების გამო “ და პუტინის რეჟიმი შეაქო.

    დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ჩვენთვის ეს ყველაფერი ცნობილი იყო. ამის მიუხედავად როცა მე და ჩვენი შტაბის სხვა წევრებმა დავიწყეთ გამეორება, რომ ხაკერულ თავდასხმაში რუსეთი იყო ჩარული რომელსაც ტრამპისთვის დახმარება უნდოდა, პრესის ბევრი წარმომადგენელი ამას სკეპტიკურად შეხვდა და ეს განცხადება ჩვეულებრივ პიარად ჩათვალა. ბევრი ფიქრობდა, რომ განცხადებები ტრამპისთვის რუსეთის ხელშეწყობის შესახებ სიმართლეს არ გავდა. ჩვენმა ყველაზე მტკიცე მხარდამჭერებმაც კი იფიქრეს რომ ჭკუიდან გადავდექი.

    არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ნათელი გახდა და ბევრი ამას დაეთანხმა, რომ რუსეთი საარჩევნო კამპანიაში ერეოდა. კრემლს კი შესაძლოა ტრამპის შტაბის წევრ აგენტებთან ქონოდა ურთიერთობა. დღესაც კი არის ხალხი, ვისაც ეჭვი ეპარება ტრამპის პოლიტიკურ ოპერაციასა და დამნაშავეებს შორის კავშირში, რომლებმაც დემოკრატიულ პარტიაზე ჰაკერული შეტევა განახორციელეს. თუმცა ტრამპის დიდი ხნის თანამებრძოლმა, როჯერ სტოუნმა 2016 წელს არაერთხელ განაცხადა, რომ მას მიმოწერა ჰქონდა ვიკილიქსის დამფუძნებელთან, ჯულიან ასანჟთან. ბოლო დროს სტოუნი უარყოფს ასანჟთან ურთიერთობას, გასულ კვირას კი სტოუნის ადვოკატმა სენატის იურიდიულ კომიტეტს შეატყობინა, რომ მისი კლიენტი მეხუთე შესწორებით მინიჭებული უფლებით ისარგებლებს და რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიების ფარგლებში კომიტეტს ჩვენებას არ მისცემს.

    სრულიად ცხადია, რომ 2016 წლის შემდეგ გამოჩნდა რუსეთის ჩარევის უამრავი მტკიცებულება. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევიდან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანეთ. რატომ გახდა საჭირო ორი წელი და ათობით საბრალდებო დასკვნა რომ ადამიანებს დაეჯერებინათ: რუსეთი არა მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმის უკან იდგა, არამედ შეთქმულებაში ტრამპის შტაბიც მონაწილეობდა. მტკიცებულებები და ფაქტები ხომ 2016 წელსაც საკმარისზე მეტი იყო.

     

    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც დამალულია და საიდუმლოა. თუ ინფორმაცია სასამართლოს კარის მიღმაა დამალული, მას შეიძლება სენსაცია ვუწოდოთ. მაგრამ თუ ყველას თვალწინ დევს, მაშინ მას სერიოზულად არავინ აღიქვამს.


     

    სტატიის ორიგინალი

    https://www.washingtonpost.com/opinions/the-sad-truth-about-russian-election-interference-is-that-we-knew-about-it-before-election-day/2018/12/09/0d13d30c-fb06-11e8-8d64-4e79db33382f_story.html?utm_term=.ed1830e9737b

     

  • საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს მოსახლეობას მიმართავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. მაკრონის გადაწყვეტილების მიზეზი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებია, რომლის მონაწილეებიც გადასახადების შემცირებას, ხელფასის, ასევე პენსიის გაზრდას და პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ.

    საფრანგეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ნოემბრის ბოლოს დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ახალ გადასახადს, რომელიც საწვავის გაძვირებას გამოიწვევდა. საფრანგეთის მთავრობამ ახალი გადასახადის შემოღება გადაავადა, თუმცა საპროტესტო გამოსვლები ხელფასის და პენსიის გაზრდის მოთხოვნით გაგრძელდა.

    რადიო თავისუფლების ცნობით, საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებს ყვითელი ჟილეტები აცვიათ, პარიზში რამდენჯერმე გადაიზარდა მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში. საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “ყვითელი ჟილეტების” აქციების გამო ქვეყნის ეკონომიკამ შემოსავლების 40% უკვე დაკარგა. პარიზში მინიმუმ 10%-ითაა შემცირებული სასტუმროების დაჯავშნის მაჩვენებელი, რომელიც ტრადიციულად მაღალია საშობაო და საახალწლო პერიოდში.

    საპროტესტო გამოსვლების გასული კვირის ბოლოს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ მთავრობა დიალოგისთვის მზად არის და პრეზიდენტს აქვს ახალი წინადადებები. ფილიპს დეტალები არ დაუკონკრეტებია. მიმართვამდე ემანუელ მაკრონი დღეს პროფკავშირების, ბიზნესის და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.