Category: მსოფლიო

  • აუცილებელია თუ არა ნიღაბი?  საფრანგეთი კონცეფციას ცვლის

    აუცილებელია თუ არა ნიღაბი?  საფრანგეთი კონცეფციას ცვლის

    შარფები, ძველი მაისურები და პლასტმასის სახურავებიც კი – ეს ყველაფერი გამოსადეგია. პარიზის სამხრეთით მდებარე ქალაქ სოს მაცხოვრებლებმა სხვადასხვა ხერხი მოიფიქრეს თავის დასაცავად და მერის დადგენილების შესასრულებლად: დამცავი ნიღბების ტარება აქ აუცილებელი გახდა. დამრღვევებისთვის კი 38 ევროიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

    “პირადად მე ვთვლი, რომ ჩვენს მთავრობას ყველა მოქალაქე უნდა დაევალდებულებინა ცხვირი და პირი დაიფარონ ქუჩაში გამოსვლისას. მაშინ არ გვექნებოდა პრობლემები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დადგენილებებთან  და სხვადასხვა ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით. თუმცა თუ ცენტრალური ხელისუფლება ამას არ აკეთებს, მე როგორც მერი და ხელმძღვანელი საკუთარ მოვალეობად ვთვლი ასეთი წესი შემოვიღო“– ამბობს ქალაქის მერი ფილი ლორანი.

    ორგანიზაცია  ადამიანის უფლებათა ლიგა თვლის, რომ მერი უფლებამოსილებებს აჭარბებს. უფლებადამცველებმა სასამართლოს მიმართეს, რომელიც მომავალ კვირას განიხილავს, ქონდა თუ არა მერიას ასეთი განკარგულების გამოცემის უფლება და ხომ არ არღვევს ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

    ქალაქის მაცხოვრებლებს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ზოგადად არაფერი აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ მისი შესრულება სირთულეებს უკავშირდება – ნიღბები არ იშოვება. მათმა ნაწილმა ნიღბების მაგივრად შარფების გამოყენება დაიწყო. თვლიან რომ ეს უსარგებლოა, თუმცა ჯარიმის თავიდან ასაცილებლად გამოდგება.

    სო ერთადერთი ქალაქი არ არის საფრანგეთში, ვინც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე მიიღო გადაწყვეტილება. ნიცა და კანი აპირებენ მის მაგალითს მიბაძონ. მთავრობაც , რომელიც ადრე ამბობდა, რომ ნიღბების ტარება სავალდებულო არ არის ახლა უკვე მოუწოდებს მოსახლეობას ინდივიდუალური დაცვის ეს საშუალება გამოიყენონ და საჭიროების შემთხვევაში თვითონაც დაამზადონ.

  • Covid19-მა ნიუ იორკში ხანდაზმულთა თავშესაფრები დააცარიელა

    Covid19-მა ნიუ იორკში ხანდაზმულთა თავშესაფრები დააცარიელა

    Covid-19 ნიუ იორკის მოხუცებულთა თავშესაფრებს აცარიელებს. ამ დასკვნას შეიცავს პარასკევს შტატის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის თანახმად ეპიდემიის დაწყების შემდეგ ასეთ სახლებში 2477 ადამიანი გარდაიცვალა.

    ყველაზე მეტად ბრუკილინის სამედიცინო ცენტრი, კობლ ჰილი დაზარალდა, სადაც 55 გარდაცვალების შემთხვევაა დარეგისტრირებული.

    კიდევ ოთხ ხანდახმულთა სახლებში, მათ შორის ბრონქსში მდებარე Kings Harbor Mulitcare Center–ში ეპიდემიამ 40 ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.

    “სასწრაფო დახმარების სირენა ახლა უკვე უწყვეტად მესმის. ადრე ასეთი რამ არასდროს ყოფილა“– ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი, მარისოლ რივერა.

    აშშ–ს ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ციფრები ევროპულ სტატისტიკას ადასტურებს.

    Covid19-ით გარდაცვალების შემთხვევების ნახევარი ხანდაზმულთა თავშესაფრებში მოხდა. ლონდონის ეკონომიკის სკოლის მიერ შეგროვილი მონაცემებით იტალიაში , ესპანეთში, საფრანგეთში, ირლანდიასა და ბელგიაში ეს მაჩვენებელი 42–დან 57%–მდე შეადგენდა. სპეციალისტები ყველას აფრთხილებენ, რომ ხანდახმულთა თავშესაფრებში იგივე ზომები და ძალისხმევა უნდა გამოიყენონ, რასაც საავადმყოფოებში იყენებენ.

  • CNN: საქართველოს ურჩი ეკლესია, კარანტინის მიუხედავად, მრევლს აღდგომის დღესასწაულზე უმასპინძლებს

    CNN: საქართველოს ურჩი ეკლესია, კარანტინის მიუხედავად, მრევლს აღდგომის დღესასწაულზე უმასპინძლებს

    CNN საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატებას.

    “საქართველოს სერიოზული გამოცდის ჩაბარება უწევს. კვირას  მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს და გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს,”- წერია CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

    სტატიაში – “საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია იზოლაციის მიუხედავად აღდგომას მრევლს უმასპინძლებს“, საუბარია იმ ღონისძიებებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გაატარა, ასევე იმ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზე, რაც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა გამოსცეს და აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მათ მოწოდებას არ ემორჩილება.

    „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირების მოწოდებას არ ემორჩილება. ქვეყნის მასშტაბით ღია რჩება და ცერემონიების ჩატარებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტების თქმით, ეს შესაძლოა კატასტროფული აღმოჩნდეს… იმ შემთხვევაში, თუკი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს არ დაემორჩილება, მან, შესაძლოა, ქვეყანა ყველაზე დიდი რისკის წინაშე დააყენოს. თუკი სააღდგომო დღესასწაულებზე ბევრი ადამიანის თავმოყრა მოხდება, საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაფიქსირებული წარმატება, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს,“ – წერს CNN-ი.

    სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირას ქვეყანაში ბზობის დღესასწაული აღინიშნა და ტაძრებში ჩატარებული ღვთისმახურებები მთავრობის მიერ 30 მარტს გამოცემული განკარგულების აშკარა დარღვევით ჩატარდა, რომელიც სამ პირზე მეტის შეკრების აკრძალვას ითვალისწინებს.

    სტატიაში ზიარების რიტუალზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიები ამ რიტუალის ჩატარებაზე უარს არ ამბობენ.

    „კოვზი ხშირად არც კი ირეცხება“, – აცხადებს CNN-თან საუბარში „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტში“ რელიგიის საკითხებზე მომუშავე სალომე კანდელაკი. საპატრიარქოში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს, თუმცა საეკლესიო პირებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რელიგიური რიტუალების დროს დაინფიცირება გამორიცხულია“, – აღნიშნულია სტატიაში.

    ნილ ჰოუერი აღნიშნავს, რომ ქართული ეკლესიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, მათ შორის რუსულმა და ბერძნულმა ეკლესიებმა მრევლს აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

     

  • ამერიკული მედია ეჭვობს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და არა ბაზრობიდან

    ამერიკული მედია ეჭვობს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და არა ბაზრობიდან

    აშშ–ს სადაზვერვო სამსახურები ამოწმებენ ვერსიას იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა მსოფლიოში ჩინეთში, უხანში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. ამერიკული ტელეარხების ინფორმაციით, ანალიტიკოსები შემთხვევითობის ვერსიისკენ იხრებიან და ეჭვით უყურებენ ვირუსი ხელოვნურად შექმნისა და სპეციალურად გავრცელების ვერსიას. ამის მიუხედავად პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა ინფექციის შესახებ სრული ინფორმაცია არ გაამჟღავნა.

    გამოძიების დაწყებას ამ კვირაში ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულმა სტატიამ უბიძგა. სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკელი დიპლომატები ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოხატავდნენ ეჭვებს უხანის ლაბორატორიის უსაფრთხოების შესახებ, სადაც გამოცემის მონაცემებით სწორედ კორონავირუსების ჯგუფს იკვლევდნენ.

    აშშ–ს მოკავშირეები ასეთ განცხადებებს სიფრთხილით ეკიდებიან, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ჩინეთს უსიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

    დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი თვლის, რომ აუცილებელია ძალიან ღრმა ანალიზი და გაკვეთილების სწავლა, მათ შორის ეპიდაფეთქების თავდაპირველ მიზეზებთან დაკავშირებით.

    “ჩვენ ამას ვერ გავექცევით. და ამ საქმეს სათავეში მეცნიერება უნდა ჩაუდგეს. უკვე ვამბობდი, რომ იმის გარკვევას, ზუსტად როგორ დაიწყო აფეთქება და როგორ უნდა აღვკვეთოთ მსგავსი რამ მომავალში, ჩვენ მთელ მსოფლიოში პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შევეცდებით, მათ შორის ჯანმოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან“– თქვა მან.

    მსგავს კითხვებს ევროპის ბევრი ქვეყნის ლიდერი სვამს. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარი ეჭვები ფაინენშელ თაიმსის ჟურნალისტებს უთხრა.

    ჩინეთში კი ლაბორატორიული, თუნდაც შემთხვევითი კვალის არსებობას უარყოფენ, რომ აღარაფერი ვთქვათ განზრახ ქმედებაზე და დასავლელი ჟურნალისტების ინფორმაციებს ცილისწამებას უწოდებენ.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ჩაო ლიცძიანი ამბობს:

    “რაც შეეხება ახალი კორონავირუსის წარმოშობას და გავრცელების გზებს, ჩინეთის პოზიცია მკაფიოა: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სუფთა სამეცნიერო საკითხია, რომელიც მეცნიერების და გამოცდილი ექიმების პროფესიონშალურ მიდგომას მოითხოვს. ჯანმოს ხელმძღვანელმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არ არსებობს ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობის მტკიცებულებები“.

    ის კი არა, ჩინეთის ოფიციოზი დღემდე ხშირად ამბობს იმას, რომ ახალი კორონავირუსის გენომი მეტყველებს, რომ ის უხანში არ გაჩენილა და იქ რაღაც გზებით მოხვდა.

     

     

  • კორონავირუსმა ჩინეთის ეკონომიკა ჩამოაქცია

    კორონავირუსმა ჩინეთის ეკონომიკა ჩამოაქცია

    კორონავირუსმა ჩინეთში ღრმა კრიზისი გამოიწვია. მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სერიოზულ ვარდნას განიცდით. ასეთია Covid19-ის გლობალური პანდემიის შედეგების წინასწარი შეფასება. ეს პროცესი დანარჩენ მსოფლიოსაც პრობლემებს მოუტანს.

    ჩინეთმა მსფოლიოს დიდი სახელმწიფოებიდან პირველმა მიიღო ვირუსისგან დარტყმა და კარანტინი გამოაცხადა. მანვე დადო პირველმა ანგარიში ეკნომიკური შედეგების შესახებ და ეს შედეგები უპრეცედენტოა. ქვეყნის ეკონომიკა წლიური გამოხატულებით 6.8%–ით შემცირდა. არადა, თითქმის ნახევარი საუკუნეა ჩინეთის ეკონომიკაში ვარდნა არ ყოფილა და თითქმის ყოველწლიურად ის ლამის  15%–ით იზრდებოდა.

    ასეთი კატასტროფა ჩინეთში 1970–იანი წლების მაო ძედუნის “კულტურული რევოლუციის “ პერიოდის ნგრევისა და რეპრესიეის შემდეგ არ ყოფილა.

    ჩინეთში დაწყებული ვარდნა პლანეტის ყველა მაცხოვრებელზე აისახება.

    ჩინეთი ამჟამად მსოფლიო ეკნონომიკის 17%–ს შეადგენს და არა 4%–ს, როგორც ეს კორორნავირუსის წინა ეპიდემიის–  SARS–ის  დროს იყო. პანდემიის ამჟამინდელი მაშტაბებიც შეუდარებლად დიდია. მაშინ ატიპიური პნევმონიით 26 ქვეყანაში 8000 ადამიანი დაინფიცირდა და ყოველი მეათე, ანუ 800 ადამიანი გარდაიცვალა. ახლა გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში 150 000–ს შეადგენს, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 2 მილიონს გადააჭარბა.

    ჩინეთის ეკონომიკის პრობლემები მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებსაც შეუქმნის პრობლემებს, ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს კი საერთოდ კატასტროფით ემუქრება. ისინი დიდწილად უცხოური კაპიტალის შედინებაზე არიან დამოკიდებული, ის კი ეპიდემიის დროს ბევრად მცირდება, ვიდრე ეს მაგალითად 2008–2009 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს იყო.

    ფინანსისტთა მსოფლიო ასოციაციამ დაითვალა, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან, როცა ჩინეთში ეპიდემიის მაშტაბები გამოიკვეთა, განვითარებადი ბაზრებიდან ფულის გადინებამ დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი შეადგინა და ბევრად გადააჭარბა თუნდაც ათი წლის წინანდელი ფინანსური კრიზისის პიკზე დაფიქსირებულ კაპიტალის გადინების მაჩვენებელს. და ეს პროცესი ჩქარდება.

    თავად ჩინეთი – გამონაკლისია. კაპიტალი იქიდან არ გაედინება. პირიქით, ფინანსური ლიბერალიზაციის გამო, რომელიც ვირუსს არ უკავშირდება ის ქვეყანაში შედის. და თუ ამის მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკა მაინც ზარალდება რა ელით სხვა, განვითარებად ქვეყნებს, საიდანაც დასავლური კაპიტალი გარბის?

    დასავლური კაპიტალის გადინება ხომ მათ დევალვაციით, ცხოვრების დონის დაცემით, ძველი ვალების მომსახურების ხარჯების გაზრდით და სხვა სირთულეებით ემუქრება. ამ სიტუაციაში, როცა ხაზინა ისედაც ცარიელია ეპიდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო გაზრდილი ხარჯების გამო, შემოსავლები კი შემცირდა ბიზნესისა და მოქალაქეების გაღარიბების გამო, ექსპორტული საქონელი  ნედლეულის და მაკომპლექტებლების სახით იაფდება.

    ჩინეთს გაიაფებული ნავთობი და ლითონები პირიქით, ხელს აძლევს: ის მსოფლოში ბუნებრივი რესურსების უმსხვილესი იმპორტიორია. გარდა ამისა, პირველი კვარტლის მონაცემები სრულად არ ითვალისწინებს ჩინეთის ეკონომიკის მეორე, საგარეო შოკს. ქვეყნის შიგნით წარმოების და მოხმარების ვარდნის შემდეგ “მსოფლიო ფაბრიკა“ განვითარებულ ქვეყნებში მის პროდუქციაზე მოთხოვნის ვარდნის წინაშე აღმოჩნდა.

    განვითარებული ქვეყნების საბოლოო პროდუქციისთვის მაკომპლექტებელი ნაწილების თითქმის ნახევარს ჩინეთი აწარმოებს. თუ დასავლეთში აიფონებზე და ავტომობილებზე მოთხოვნა მცირდება, ჩინელი მიმწოდებლები კოტრდებიან, მისი ეკონომიკა კი მუხრუჭდება. თუმცა ეს შოკი მხოლოდ მეორე კვარტლის შედეგებში აისახება და ამ გავლენის შესახებ  ზუსტად ზაფხულის შუა პერიოდში გვეცოდინება.

    ვირუსი ჩინეთისთვის ცუდ დროს დაემთხვა. ეკონომიკა ისედაც შესუსტებული იყო. გასულ წელს ის მხოლოდ 6.1%–ით გაიზარდა, რაც ამ ქვეყნისთვის გასული საუკუნის ბოლოდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

    შიდა სტრუქტურული მიზეზების გარდა  ქვეყნის ეკონომიკური ზრდა აშშ–სთან სავაჭრო ომმა და ჰონკონგის პროტესტმა შეაჩერა.

    კორონავირუსმა კი ახალი ერა დაიწყო. ამ წელს ჩინეთის ეკონომიკა ანალიტიკოსების პროგნოზით დაახლოებით 2.5% –ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი მართლაც კატასტროფულია. 1990 წელსაც კი,  პეკინში ტიანანმენის  მოედანზე პროტესტის სისხლიანი ჩახშობის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა თითქმის 4%–ით გაიზარდა.

  • ტრამპმა ამერიკელებს ქვეყნის გახსნის გეგმა გააცნო

    ტრამპმა ამერიკელებს ქვეყნის გახსნის გეგმა გააცნო

    ტრამპის განცხადებით, თითუელი შტატის გუბერნატორი თავად გადაწყვეტს, თუ როდის და როგორ დაიწყოს რეკომენდაციების იმპლემენტაცია. პრეზიდენტი ამბობს, რომ კორონავისის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შტატების გახსნის პროცესი სამ ფაზად დაიყოფა. მისი თქმით, ახალი რეკომენდაციები ადგილზე შექმნილ ვითარებას გაითვალისწინებს.

    “თქვენ თვითონ გადაწვყვეტთ”, – უთხრა ტრამპმა გუბერნატორებს. “თქვენს გვერდით ვიდგებით, ჩვენ ქვეყანას გავხსნით და ავამუშავებთ. ხალხს უნდა სამუშაოს დაუბრუნდეს”, – თქვა მან.

    ტრამპმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ შტატს, სადაც ვირუსის გავრცელება მინიმალურია, მალევე შეეძლება ეკონომიკის ხელახლა ამუშავება.

    დებორა ბირქსის, თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის თქმით, ადმინისტრაცია არ აწესებს დროის განსაზღვრულ პერიოდს ამ ფაზებისთვის. პირველი ფაზის დაწყება მოხდება, თუ 14 დღის განმავლობაში შეერთებული შტატების ამა თუ იმ ნაწილში ტესტები ინფიცირების შემთხვევების კლების ტრაექტორიას აჩვენებს.

    პირველი ფაზაში, პროტოკოლის მიხედვით, რესტორნებს, კინოთეატრებს, სპორტულ დაწესებულებებს და სალოცავ ადგილებს შეეძლებათ გაიხსნან, თუ ისინი დაიცავენ ფიზიკური დისტანცირების და სანიტაციის წესებს. დახურული სკოლები და ბაღები ისევ დახურული დარჩება. პირველ ფაზაში ფედერალური მთავრობა დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები შესაძლებლობის მიხედვით სახლიდან ამუშაოს. რისკის ჯგუფში მყოფი პირები უნდა დარჩნენ სახლში.

    პირველ ფაზაში, მოსახლეობას მოუწოდებენ გააგრძელონ სოციალური დისტანცირების პრაქტიკა და შეზღუდონ არასაჭირო მოგზაურობა.

    მეორე ფაზის განმავლობაში, თუ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირდება, სკოლებს და ბაღებს შეეძლებათ გაიხსნან. აკრძალული დარჩება მოხუცებულთა სახლებში ვიზიტები. რესტორნებს და სხვა დაწესებულებებს შეეძლებათ გაზარდონ ხალხის რაოდენობა საშუალო დონეზე. ბარებს შეეძლებათ შეზღუდული რაოდენობით ხალხის მიღება.

    თუ მეორე ფაზაზეც არ დაფიქსირდება შემთხვევების მატება, რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს მიეცემათ უფლება შეზღუდულად იურთიერთონ სხვებთან, თუმცა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები. მხოლოდ მესამე ფაზაზე შეეძლებათ დამსაქმებლებს, რომ დაუბრუნდნენ ნორმალური ოპერირების პერიოდს. ნებადართული იქნება მოხუცებულთა სახლში ვიზიტებიც. დიდ საჯარო თავშეყრის სივრცეებს, იქნება ეს სტადიონები თუ საკონცერტო დარბაზები, შეეძლებათ ლიმიტირებული სოციალური დისტანცირებით გააგრძელონ ფუნქციონირება.

    პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცალკეულ შტატებს შეეძლებათ პირველ ფაზაზე 1 მაისამდე გადავიდნენ. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ დონეზე იქნება მიღებული. 30 აპრილამდე შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • კორონავირუსის გამო პუტინმა 9 მაისის აღლუმი და “უკვდავი პოლკის“ აქცია გადადო

    კორონავირუსის გამო პუტინმა 9 მაისის აღლუმი და “უკვდავი პოლკის“ აქცია გადადო

    რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისის გამარჯვების აღლუმის და ყოველწლიური “უკვდავი პოლკის“ აქციის გადატანის შესახებ გამოაცხადა. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ღონისძიებების გადატანა მას ვეტერანთა ორგანიზაციებმა სთხოვეს.

    “კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები არ მაძლევს უფლებას 9 მაისის ზეიმისთვის მზადება განვახორციელო“ – თქვა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მის სიტყვებს სააგენტო რია ნოვოსტი ციტირებს.

    რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავი ყველა ღონისძიება მოგვიანებით, თუმცა ამ წლის ბოლომდე ჩატარდება. ზუსტი თარიღი მას არ დაუსახელებია.

    “ჩვენ ვაიძულებთ საფრთხეს უკან დაიხიოს და შემდეგ აუცილებლად ჩავატარებთ 9 მაისისთვის დაგეგმილ ყველა ღონისძიებას. ამას თბილად და საზეიმოდ გავაკეთებთ. რა თმა უნდა, ეს  2020 წელს მოხდება. მითუმეტეს, რომ მთელი ეს წელი რუსეთში ხსოვნის და დიდების წლად არის გამოცხადებული “ – მოჰყავს პუტინის ციტატა ინტერფაქსს.

    9 მაისისთვის დაგეგმილი ღონისძიებების გადატანის შესახებ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მედიასაშუალებები აქამდეც წერდნენ. 11 აპრილს პრეზიდეტის პრეს მდივანმა არ გამორიცხა მათი გადადება. დღეს კი გადაწყვეტილება ოფიციალურად დადასტურდა.

    15 აპრილს რუსეთის ვეტერანთა ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს ვლადიმერ პუტინს და სთხოვეს 9 მაისისთვის დაგეგმილი ღონისძიებები გადაედო.

    “სამწუხაროდ მსოფლიოში შექმილმა სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ წელს 9 მაისს აღლუმის ჩატარების შემთხვევაში ჯანმრთელობის უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგვცემს“– ნათქვამი იყო ვეტერანთა 12 ორგანიზაციის წერილში.

  • იაპონიის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    იაპონიის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    იაპონიის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გააფართოვა. ასეთი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. კარანტინის დასრულების თარიღად ჯერჯერობით კვლავ 6 მაისი რჩება.

    პრემიერ მინისტრ სინძო აბეს განცხადებით მთავარი ამოცანაა არ დაუშვან ადამიანების დიდი ნაკადის გადაადგილება ე.წ. ოქროს კვირას, როცა აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დღესასწაულია.

    იაპონიის შვიდ პრეფექტურაში, დედაქალაქის ჩათვლით ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ გასულ კვირას გამოაცხადა. ზოგიერთმა სხვა რეგიონმა ანალოგიური ზომები დამოუკიდებლად მიიღო.

    იაპონია დიდი ხნის მანძილზე დიდი შვიდეულის ერთადერთ ქვეყნად რჩებოდა, სადაც კარანტინი არ იყო. თუმცა ბოლო კვირებში დაავადებულთა რიცხვმა ქვეყანაში სწრაფად დაიწყო ზრდა და ამჟამად 8600–ს აჭარბებს.

  • ტრამპი 1 მაისიდან შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

    ტრამპი 1 მაისიდან შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

    პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ პანდემიის გამო დახურული ეკონომიკის კვლავ გახსნა პირველი მაისიდან შესაძლებელი იქნება. ის ამბობს, რომ ქვეყნის ნაწილი ამ პერიოდში გახსნისთვის მზად იქნება და ამის განსახორციელებლად გეგმა უკვე თითქმის მზად აქვს.

    პრეზიდენტი საკითხზე კონსულტაციას ქვეყნის 50-ვე შტატის გუბერნატორთან ხვალ, ვიდეო კონფერენციით გაივლის. თუმცა, მან უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური უფლება, შტატების გახსნის ბრძანება გასცეს.

    „ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ შტატი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ადრე გაიხსნას, აპრილის ბოლომდე. ზოგიერთ მათგანს ამისთვის მეტო დრო დასჭირდება,“ – აცხადებს პრეზიდენტი.

    დონალდ ტრამპის ინიციატივას, უკვე გამოეხმაურა ნიუ-იორკის გუბერნატორი. ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ არ შესრულებს პრეზიდენტის განკარგულებას, თუ ეს ნიუ-იორკელებს საფრთხეს შეუქმნის. მისი თქმით, ამ ვითარებამ შესაძლოა კონსტიტუციური გამოწვევა შექმნას, როცა შტატის მმართველობა, ფედერალურ ხელისუფლებას დაუპირისპირდება.

    „ყველაზე ცუდი, რაც ახლა მას (პრეზიდენტს) შეუძლია გააკეთოს ისაა, რომ იმოქმედოს, როგორც დიქტატორმა, პარტიზანული, დაყოფის გზით,“ – აცხადებს გუბერნატორი კუომო და ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენები და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს.

    მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ხაზის გაუსვა თავის, როგორც პრეზიდენტის, აბსოლუტურ, დისკრეციულ უფლებას შტატების გახსნის განკარგულება გასცეს, აცხადებს რომ შტატებზე ზეწოლას არ განახორციელებს და თითოეული მათგანი თავად განსაზღვრავს, როდის დაიწყოს ეკონომიკის გახსნის პროცესი.

    თავდაპირველად, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ ეკონომიკის გახსნა, აპრილის შუა რიცხვებში იქნებოდა შესაძლებელი, აღდგომის დღესასწაულის დროს, თუმცა საბოლოო ჯამში, დაწესებული შეზღუდვები აპრილის ბოლომდე გახანგრძლივდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • Covid19: ჯენერალ მოტორსმა სუნთქვის აპარატების წარმოება დაიწყო

    Covid19: ჯენერალ მოტორსმა სუნთქვის აპარატების წარმოება დაიწყო

    აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ თეთრი სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის ავტომწარმოებელმა გიგანტმა, ჯენერალ მოტორსმა სასუნთი აპარატების წარმოება უკვე დაიწყო. კომპანიამ  11 დღეში მოიძია მასალები, ინდიანაში მდებარე ქარხნის საწარმოო საშუალებები გადააკეთა და  თანამშრომლები გაწვრთნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილტვების სავენტილაციო აპარატების საწარმოებლად. ჯენერალ მოტორსი აპრილიდან აგვისტომდე 30 000 სასუნთქ აპარატს დაამზადებს. ტრამპმა პრესკონფერენციაზე ვიდეორგოლიც გაუშვა, რომელიც წარმოების გარდაქმნის პროცესს ასახავს. მან თქვა, რომ კომპანიამ დაუჯერებლად მოკლე დროში მოახერხა წარმოების გადაწყობა და ეს არა მხოლოდ აშშ–სთვის მოხსნის სასუნთქი აპარატების პრობლემას, არამდ სხვა ქვეყნებსაც დაეხმარებიან.