Category: მსოფლიო

  • ვვარაუდობ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება – ბაიდენი

    ჯო ბაიდენის თქმით, მისი ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მაგრამ ეს არ იქნება “სრულფასოვანი შეჭრა”.

    მისი თქმით, “მცირე შეჭრა” რუსეთისთვის ნაკლებად უარყოფით შედეგს მოიტანს, ვიდრე “სრულმასშტაბიანი შეჭრა”.

    “მცირე შეჭრა” ერთია, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი მაინც გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ. მე მაინც მჯერა, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

    აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებების საპასუხოდ უკრაინაში განაცხადეს, რომ ბაიდენმა უკრაინაში მცირე შეჭრას მწვანე შუქი აუნთო, რის გამოც შოკირებულები არიან.

  • უკრაინა შოკირებულია, ბაიდენმა რუსეთის “მცირე შეჭრას” მწვანე შუქი აუნთო – CNN

    უკრაინელი ოფიციალური პირი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ “შოკირებულია, რომ ბაიდენი ერთმანეთისგან განასხვავებს შეჭრასა და მცირე შეჭრას”.

    “ეს მწვანე შუქს უნთებს პუტინს, სიამოვნებით შეიჭრას უკრაინაში,” – აცხადებს უკრაინელი მაღალჩინოსანი.

    ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ივარაუდა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა, მისი თქმით, “მცირე შეჭრაზე” პასუხი სრულმაშტაბიან შეჭრასთან შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.

    “მცირე შეჭრა” ერთია, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი მაინც გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ. მე მაინც მჯერა, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

    უკრაინის წარმომადგენელმა CNN-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ მსგავსი ნიუანსი არცერთი ამერიკული ადმინისტრაციისგან არ სმენია.

    აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრა პუტინს ძვირად დაუჯდება და მას ისეთ სანქციებს დაუწესებს, როგორიც აქამდე არასდროს უნახავს.

  • ბლინკენი: რუსეთს უკრაინაში აგრესიის განახლება ძვირი დაუჯდება

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან შეხვედრისას თქვა, რომ არსებობს დიპლომატიის გამოყენების „მკაფიო სურვილი“ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ კონფლიქტის დეესკალაციისთვის, მაგრამ თუ რუსეთი განაახლებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ამას მისთვის “ძალიან მძიმე შედეგები” ექნება.

    „უკრაინის საზღვრებთან დღეს, დაახლოებით, 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული და ამ თვალსაზრისით უკრაინის წინააღმდეგ საფრთხე უპრეცედენტოა“, თქვა ბლინკენმა.

    სახელმწიფო მდივნის კიევში ვიზიტის განმავლობაში “ამერიკის ხმის” აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს უფროსმა მიროსლავა ღონღაძემ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

    სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ „მხოლოდ უკრაინელების და სხვა არავის გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი და ამ ქვეყნის მომავალი“.

    პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბლინკენს და ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის გამო.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ თვეში უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი თავდაცვითი დახმარების გაწევა დაამტკიცა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • უკრაინასა და საქართველოს საუკეთესო მომავალის არჩევის უფლება აქვთ – სახელმწიფო დეპარტამენტი

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის ტერიტორიულ წყლებზეც.

    დეპარტამენტის ცნობით, აშშ-უკრაინის ურთიერთობა უკრაინასა და უფრო ფართო რეგიონში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

    „უკრაინის ტრაექტორია მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ ნათელია და უკრაინელ ხალხს შეუძლია იამაყოს თავისი მიღწევებით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატები თქვენ გვერდით იდგა“,– აღნიშნავს ბლინკენი.

    სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 30 წლის წინ, უკრაინის უზენაესმა რადამ არჩევანი გააკეთა, რომ დაეწყო ახალი კურსი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოსი, რომელიც ორიენტირებულია ევროპულ ღირებულებებზე.

    “უკრაინამ მოიპოვა თავისუფლება საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული დიქტატურისგან უკრაინელების თავისუფლების სიყვარულის გამო. თავისუფლების ეს სიყვარული ღრმაა უკრაინის ისტორიაში, ვოლოდიმირ დიდის დროიდან მოყოლებული.

    შეერთებულ შტატებსა და უკრაინას საერთო სურვილი აქვთ, ყველა უკრაინელს ნათელი და აყვავებული მომავალი ჰქონდეს. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლაში”,– აღნიშნულია განცხადებაში.

    სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს უფლება აქვთ, აირჩიონ საუკეთესო მომავალი თავიანთი ხალხისთვის – შრომითა და სწრაფვით ევროატლანტიკური ოჯახის, NATO-ს წევრები გახდნენ.

  • კიევის სასამართლომ პოროშენკოს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა

    კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება არ მიიღო და ის პირადი თავდებობით გაათავისუფლა.

    პროკურატურა პოროშენკოს წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნის გადახდას ითხოვდა.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია, სასამართლოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს და არ დატოვოს კიევის ოლქი. მან საკუთარი პასპორტი ჩააბარა.

    პეტრო პოროშენკოს ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში, ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან ქვანახშირის მიწოდების საქმის ფარგლებში ტერორიზმის დაფინანსებაში.

  • ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის 1 წლის თავზე აშშ–ს ერთ–ერთი ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია

    დასავლური მედია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთწლიან ვადას აჯამებს. ბევრი გამოცემა წერს, რომ  აშშ–ს პრეზიდენტის რეიტინგი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მკვეთრად დაეცა და ცდილობს გაარკვიოს, რატომ იქცა პრეზიდენტობის ერთი წლის თავზე ბაიდენი აშშ–ს ერთ–ერთი ყველაზე არაპოპულარულ პრეზიდენტად.

    გარდიანი ექსპერტებს ციტირებს, რომლებიც  ამბობენ, რომ ბაიდენის არაპოპულარობის მიზეზი ის გარემოებებია, რომელთაგან ნაწილი მისმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია, ნაწილი კი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიქმნა.

    შიდა პოლიტიკის დღისწესრიგის დიდი ნაწილი კაპიტოლიუმის ქედზე გაიჭედა, სადაც ბაიდენს საკუთარი პარტიის წევრებიც კი უპირისპირდებიან. ვირუსი კვლავ გავიდა კონტროლს მიღმა: ყოველდღიურად აშშ–ში დაინფიცირების მაჩვენებელმა რეკორდულ დონეს მიაღწია, საავადმყოფოებში კი სულ უფრო მეტი ამერიკელი ხვდება. ინფლაცია 40 წლიან მაქსიმუმზეა.  დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით ვერ გამორიცხა რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტი.

    არჩევნებზე ბაიდენმა იმაზე მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე რომელიმე საპრეზიდენტო კანციდატს მიუღია აშშ–ს ისტორიაში. საპრეზიდენტო ვადა მან  56%–იანი მოწონებით დაიწყო. თუმცა ახლა ის ერთ–ერთი ყველაზე არაპოპულარული ამერიკელი ლიდერია. მისი რეიტინგი ეცემა, და მის წინამორბედებს შორის ერთადერთი დონალდ ტრამპი იყო, რომელსაც პრეზიდენტობის პირველი წლის შედეგად უარესი რეიტინგული მაჩვენებელი ქონდა.

    ბაიდენი ხელისუფლებაში დიდი ამბიციებით მოვიდა: მან კორონავირუსის დამარცხების პირობა დადო და თქვა, რომ პასუხისმგებლიანი მმართველობის ახალ ერას დაიწყებდა. ერთი წლის შემდეგ კი ბაიდენი კვლავ მზარდ პანდემიას ებრძვის, ნაცია ისევ ძლიერ დაყოფილია, რესპუბლიკელები კი კვლავ ამტკიცებენ, რომ არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა.

    ბაიდენის პოპულარობამ კლება ქვეყანაში დელტა ვარიანტის გავრცელების შემდეგ დაიწყო, ოვალური კაბინეტის დაკავებიდან თითქმის 9 თვის თავზე, ამერიკელთა ნაწილი პრეზიდენტ ბაიდენის მიმართ უარყოფითად იყო  განწყობილი.

    ეროვნული გამოკითხვების მიხედვით, რომელიც სექტემბერში ჩატარდა, გამოკითხულ ამერიკელთა 49,2 პროცენტისთვის მიუღებელი იყო ბაიდენის მმართველობის სტილი, 44,5%-თვის მისაღები.

    2022 წლის იანვრისთვის კი ბაიდენის მოწონების რეიტინგი 42 პროცენტია. უარყოფითად მის მმართველობას უკვე 52% აფასებს.

    შედარებისთვის: ბაიდენის თანაგუნდელის, პრეზიდენტ ბარაქ ობამას მოწონების რეიტინგი პრეზიდენტობის დასაწყისში დაახლოებით 70% იყო. ერთი წლის შემდეგ კი 50%. ჯორჯ ბუშ უმცროსის მოწონების რეიტინგი პირველი ვადის დასაწყისში 60% იყო, თუმცა 9/11–ის შემდეგ თითქმის 90%–მდე გაიზარდა.

    ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაიდენის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა დამოუკიდებელ ამომრჩეველთა შორის, რომლებმაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინეს.

    ბაიდენის რეიტინგი მკვეთრად დაეცა ავღანეთიდან აშშ–ს ჯარების გამოყვანის შემდეგ.

    მართალია ამერიკელთა დიდი ნაწილი ჯარების გამოყვანის მომხრე იყო, მაგრამ სასოწარკვეთილმა სცენებმა ქაბულიდან თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ მნიშვნელოვნად შეარყია ბაიდენის, როგორც საგარეო პოლიტიკის გამოცდილი ექსპერტის იმიჯი, რომელსაც შეუძლია მსოფლიო არენაზე აშშ–ს პოზიციები აღადგინოს.

    “ძნელი სათქმელია, რომ ჯო ბაიდენის თაფლობის თვე დამთავრდა, რადგან მას ის არც არასდროს ქონია. მისი რეიტინგი თავიდან ზომიერად დადებითი იყო, განსაკუთრებული საინაუგურაციო პოზიტიური ნახტომის გარეშე, რომელიც პრეზიდენტების უმრავლესობას აქვს ხოლმე (ტრამპის გარდა).“ ახლა მისი რეიტინგი ისეთ ზონაშია, რაც საშიშია პირველ ვადაში მყოფი პრეზიდენტებისთვის, რომლებიც კიდევ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. “– წერს ბიბისი.

  • უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ მიმაჩნია რეალისტურად – ერდოღანი

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არ არის რეალისტური. მისივე განცხადებით, სჭირდება კრიზისის განხილვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

    “მე არ მიმაჩნია რუსეთის შეჭრა უკრაინაში რეალისტურად, რადგან უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა, უკრაინა ძლიერი ქვეყანაა.

    იმისათვის, რომ რუსეთმა გადადგას ეს ნაბიჯი, მას დასჭირდება, გადახედოს ვითარებას მთელ მსოფლიოში და საკუთარ თავზე“, – თქვა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ რეგიონი ვეღარ შეეგუება კიდევ ერთ ომს და ასეთი ნაბიჯი „არ იქნება სწორი“.

    ცნობისთვის, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან განლაგებული ჰყავს ათიათასობით სამხედრო პირი, რის გამოც დასავლეთი შიშობს, რომ ის ქვეყანაში შეჭრას აპირებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთს უკრაინის საელჩოდან დიპლომატები გაჰყავს.

  • ნორვეგიის სასამართლო 77 ადამიანის მკვლელი ბრეივიკის ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნას განიხილავს

    ნორვეგიის სკიენის ციხეში დაიწყო სასამართლო განხილვა, რომელმაც უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ულტრამემარჯვენე ექსტრემისტის, ანდრეს ბრეივიკის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. 11 წლის წინ მან კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი მოკლა , ოსლოში კი აფეთქება მოაწყო, რომლის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვლა. ბრეივიკმა მისჯილი ვადის ნახევარზე ოდნავ ნაკლები მოიხადა.

    ბრეივიკის მოთხოვნას ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ტელემარკის ოლქის სასამართლო განიხილავს სკიენის ციხეში გასვლით სხდომაზე, სადაც ექსტრემისტი სასჯელს იხდის.

    სასამართლო სხდომის დარბაზში შესვლისას, რომელიც ციხის სპორტდარბაზში მოეწყო, ბრეივიკმა მარჯვენა ხელი აწია, მეორე  ხელში კი ქაღალდის ფურცელი ეჭირა მსხვილი წარწერით: “შეაჩერეთ თქვენი გენოციდი ჩვენი თეთრი ნაციების წინააღმდეგ.“ მკერდზე მას შედარებით პატარა ფურცელი ეკიდა იგივე წარწერით. მოსამართლისადმი მიმართვისას მან საკუთარ თავს ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი უწოდა.

    პროცესი მაქსიმუმ 4 დღე გაგრძელდება. გასულ წელს ნორვეგიის გენერალურმა პროკურატურამ ბრეივიკს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრა. პროკურატურის წარმომადგენელმა, გულდა კარლსდოტირმა სხდომის დაწყების წინ დღეს განაცხადა, რომ მათი უწყება ბრეივიკს ისევ საშიშად თვლის და მისი გათავისუფლება შეცდომა იქნებოდა.

    თუ სასამართლოს გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, ბრეივიკს ერთი წლის შემდეგ შეუძლია კვლავ მოითხოვოს ვადაზე ადრე გათავისუფლება.

    ბრეივიკი რეგულარულად გზავნის მოთხოვნებს ვადამდე გათავისუფლების შესახებ. გაუგებარია, რისი იმედი აქვს მას, რადგან ამავე დროს აცხადებს, რომ ციხეში კიდევ უფრო რადიკალური გახდა. ის თანმიმდევრულად იყენებს სასამართლო სხდომებს, რომლებზეც ბევრს საუბრობს მედია, რათა ულტრამემარჯვენე იდეები გაავრცელოს.

    2016 წელს ბრეივიკმა პატიმრობის არაჰუმანურ პირობებზე იჩივლა, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი დაუსაბუთებლად ცნო. 2017 წელს კვლავ დაწერა ანალოგიური სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, თუმცა სასამართლომ ბრეივიკის საპატიმრო პირობები სრულიად ჰუმანურად ჩათვალა.

    ერთ–ერთ აპელაციაში ბრეივიკმა თავი ნელსონ მანდელას შეადარა და განაცხადა, რომ შეიარაღებული ბრძოლიდან პოლიტიკურ ბრძოლაზე გადავიდა.

    ოსლოს უნივერსიტეტის ექსტრემიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ტორე ბერგოს აზრით ბრეივიკი კვლავ რადიკალად და ექსტრემისტად რჩება.

    “ახლა ის თავს ნაციონალ–სოციალისტს უწოდეს, და მართალია ამბობს, რომ მისი აზრით კონფლიქტის შეიარაღებულმა სტადიამ ჩაიარა, არანაირად არ დისტანცირდება მის მიერ ჩადენილ მასობრივ მკვლელობასთან, რომელსაც სრულიად სწორ ნაბიჯად თვლის“ – ამბობს ბერგო.

    2011 წლის 22 ივლისს ბრეივიკის მიერ ოსლოს ცენტრში მოწყობილ აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, აფეთქების შემდეგ კი კუნძულ უტოიაზე წავიდა, სადაც ახალგაზრდული ბანაკი იყო და ცეცხლი გახსნა. მისი მსხვერპლი 69 ადამიანი გახდა, ძირითადად მოზარდები. მოგვიანებით ის ამბობდა, რომ ოცნებობდა ალ–ქაიდას მსგავსი ტერაქტი მოეწყო: მძევლად აეყვანა და ვიდეოკამერების წინაშე თავი მოეჭრა ნორვეგიის პრემიერისთვის, ჰარლემ ბრუნტლანდისთვის, მანამდე კი მუხლებზე დაეყენებინა, რათა დანდობა ეთხოვა.

    77 ადამიანის მკვლელობა ნორვეგიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანი დანაშაულია. ბრეივიკი კვლავ თვლის, რომ მისი ნაბიჯი მულტიკულტურალიზმისა და მიგრაციისგან თეთრი რასის დაცვისკენ იყო მიმართული.

    “ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამ მსჯავრდებულსაც უფლება აქვს მოითხოვოს ვადაზე ადრე გათავისუფლება და ბრეივიკი ამ უფლებით სარგებლობს“ – უთხრა ექსტრემისტის ადვოკატმა სააგენტო ფრანს პრესს.

    სასჯელის ვადად ბრეივიკს 21 წელი აქვს განსაზღვრული, რომლის გასვლის შემდეგ მას შესაძლოა პატიმრობა გაუხანგრძლივდეს, თუ ხელისუფლება  კვლავ საშიშად ჩათვლის.

    ბრეივიკის მიერ მოკლული ადამიანების მშობლებისთვის მისი ყოველი საჯარო გამოსვლა მძიმე საყურებელია. ამჟამინდელი მოსმენის დაწყებამდე, რომლის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მოხდება, დაღუპულთა ოჯახების დახმარების ჯგუფმა მოუწოდა ყველას, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება დაუთმონ ტერორისტს და მის გამონათქვამებს.

    “ამ საქმის ნებისმიერი მოხსენიება, განსაკუთრებით კი თავად ტერორისტის მიერ დიდი დარტყმაა დაღუპულთა ოჯახებისთვის, მშობლებისთვის და ყველასთვის, ვისაც ნორვეგიის ტერაქტები რამენაირად შეეხო“ – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

    ჯგუფის ხელმძღვანელი, ლისბეტ რისტინ რეინელანდი, რომლის 18 წლის ქალიშვილი ბრეივიკის მიერ მოკლულთა შორის იყო მედიას აკრიტიკებს.

    “ჩემი აზრით ეს აბსურდია – სულ რაღაც 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავუფლების მოთხოვნის გამო მისთვის ამხელა ყურადღების დათმობა“– ამბობს ის.

    ბევრი ნორვეგიელი თვლის, რომ ბრეივიკის საქმის რეგულარული სხდომების გამართვა მაინც დადებით როლს თამაშობს.

    “სხდომები და ის, როგორც ისინი ტარდება, არსებითად არის კანონის უზენაესობის გამარჯვება ტერორისტ ბრეივიკზე“ – ამბობს ექსპერტი ტორე ბიერგო.

  • ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – თანამდებობაზე მალტელი პოლიტიკოსი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) კანდიდატი, რობერტა მეცოლა აირჩიეს. მეცოლას 458-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

    მეცოლა 2013 წლიდან ევროპარლამენტის წევრია, ხოლო 2020 წლიდან პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

    პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისი მოქმედი პრეზიდენტი, დევიდ სასოლი გარდაიცვალა.

  • ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა – თეთრი სახლი რუსეთთან დაკავშირებით

    ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს წარმოადგინოს ინფორმაცია სამომავლო ნაბიჯებზე, რაც უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციაზე რეაგირებისკენ იქნება მიმართული. ეს ამ დღეებში მოხდება – განაცხადა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის კვირას ტელეკომპანია “სი-ბი-ესს” (CBS) ესაუბრა და ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკა “ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა”.

    განცხადება ვაშინგტონის მაღალჩინოსანმა რუსეთთან ერთკვირიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. მოსკოვთან შეთანხმებას გასულ კვირაში ჯერ ამერიკის, შემდეგ ნატოს და ბოლოს ეუთოს წარმომადგენლები ცდილობდნენ. შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა ჰყავს მობილიზებული, რაც შესაძლოა, სუვერენულ სახელმწიფოში კრემლის მორიგი შეჭრის საწინდარი იყოს. ამერიკის შეშფოთებას ევროკავშირი და ნატოც იზიარებენ. გასულ კვირაში გამართული მოლაპარაკებები სწორედ ამ საფრთხის განეიტრალებას ემსახურებოდა.

    “მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ჩვენს მოკავშირეებთან, მათ შორის უკრაინასთან” – თქვა ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ამერიკულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში. სალივანის განცხადებით, შეერთებული შტატების სამომავლო ნაბიჯებიც კოორდინირებულად გადაიდგმება. “შემდგომი ნაბიჯების თაობაზეც მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და მომავალი კვირის დასაწყისში მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ”.

    “მთავარი ამ ყველაფერში კი ისაა, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ. თუ რუსეთს სურს დიპლომატიური არხებით [მუშაობა], აბსოლუტური მზაობა გვაქვს, ეს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით მოხდეს” – აცხადებს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. “თუ რუსეთს სურს ინტერვენციის და ესკალაციის გზით წასვლა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ, რომ გვქონდეს მყისიერი რეაგირება”.

    დასავლეთთან გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების მიუხედავად, 16 თებერვალს კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთი და რუსეთი “სრულიად განსხვავებულ არხებზე” იმყოფებიან. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კვირას ამერიკულ ტელეკომპანია “სი-ენ-ენს” (CNN) უთხრა: “ჩვენს შორის გარკვეული ურთიერთგაგება არსებობს, თუმცა ზოგადად, საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ განსხვავებულ არხზე ვიმყოფებით, სრულიად განსხვავებულ არხებზე. ეს არ არის კარგი. ეს შემაშფოთებელია”.

    მოლაპარაკებების დაწყებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს წაუყენა მოთხოვნების მთელი სერია, რაც ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. მათ შორის, მოსკოვი ითხოვს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტას და უკრაინის და საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანებაზე ვეტოს დადებას. დასავლეთის ოფიციალური პირები დაბეჯითებით იმეორებენ, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება გამორიცხულია, ვინაიდან ეს სუვერენული ქვეყნების განუყოფელი უფლებების ნაწილია.

    წყარო: ამერიკის ხმა