Category: მსოფლიო

  • 2021 წელს ჩინეთში რეკორდულად დაბალი შობადობა დაფიქსირდა

    ჩინეთში 2021 წელს შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები გასული წლის დაღმავალ ტენდენციას აჩვენებს. ქვეყნის ხელისუფლებამ წყვილებს სამი ბავშვის ყოლის უფლება მისცა.

    ჩინეთში ათწლეულების განმავლობაში წყვილებს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება ჰქონდათ. თუმცა, 2016 წელს ეს ლიმიტი ორამდე გაიზარდა, რათა ქვეყანას თავიდან აერიდებინა მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილის სწრაფი შემცირება – მისი დიდი ნაწილის ასაკის ზრდის გამო. თუმცა ქალაქებში ცხოვრების დიდი ხარჯები წყვილებს მაინც ხელს უშლიდა მეტი შვილის ყოლაში.

    2021 წელს ყოველ 1000 მოსახლეზე შობადობის მაჩვენებელი 7.52 იყო, ეს 1949 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. მონაცემების შეგროვება ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის ბიურომ სწორედ ამ წელს დაიწყო და ხელისუფლებაზე შობადობის წასახალისებლად წნეხიც გაიზარდა.

    ბუნებრივი მატების მაჩვენებლები ჩინეთის მოსახლეობაში, მიგრაციის მაჩვენებლების გაუთვალისწინებლად, 2021 წელს მხოლოდ 0.034% იყო – 1960 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რუსეთს ადრეც გამოუყენებია ძალა უკრაინის, საქართველოს წინააღმდეგ – სტოლტენბერგი

    ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთისგან უკრაინაში შეჭრის საფრთხე რეალურია, რადგან მას ადრეც გამოიყენებია სამხედრო ძალა უკრაინის, საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ.

    მისივე განცხადებით, NATO-მ დიალოგი უნდა აწარმოოს, თუმც მზად უნდა იყოს, რომ რუსეთი ძალას ისევ გამოიყენებს.

    “ვიცით, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ძალები, ასევე, გვესმის მუქარის შემცველი რიტორიკა. მათი განცხადებით, თუ არ გავაკეთებთ იმას, რასაც ისინი ამბობენ, სამხედრო ტექნიკური შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით, რაც მუქარას ჰგავს უკრაინის წინააღმდეგ.

    ჩვენ ასევე ვიცით რუსეთის გამოცდილება. რუსეთს აქამდეც გამოუყენებია სამხედრო ძალა მეზობლების – უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ამის გათვალისწინებით საფრთხე რეალურია, ამიტომ, მნიშვნელოვანია დიალოგი, მაგრამ ასევე უნდა ვემზადოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა ძალა ისევ გამოიყენოს და გავუგზავნოთ ნათელი მესიჯები, რომ თუ ამას იზამს, მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება” – ამბობს იენს სტოლტენბერგი  CBS -თან ინტერვიუში.

  • პრინცი ჩარლზი სასამართლოს გზით ცდილობს ბრიტანეთში პოლიციის დაცვა დაიბრუნოს

    პრინცი ჰარი სასამართლოს გზით ცდილობს მიაღწიოს ბრიტანეთის შსს–ს გადაწყვეტილების გადახედვას, რომლითაც მას ბრიტანეთში ყოფნისას პოლიციის მიერ დაცვაზე უარი ეთქვა. სამეფო პრივილეგიების გარეშე დარჩენილი პრინცი ამბობს, რომ მზად არის პოლიციის მუშაობის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან დაფაროს.

    აშშ–ში მცხოვრებ სასექსის ჰერცოგს სამშობლოში ჩასვლა უნდა ოჯახთან ერთად და ამგვარად ცდილობს ცოლისა და შვილების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

    “დიდი ბრიტანეთი ყოველთვის სახლი იქნება ჰარისთვის და იქნება ქვეყანა, სადაც ის იმედოვნებს, რომ მისი ცოლი და შვილები უსაფრთხოდ იქნებიან. პოლიციის მხრიდან დაცვის არარსეობა ძალიან დიდ პირად რისკთან არის დაკავშირებული“– ნათქვამია პრინცის წარმომადგენლის განცხადებაში.

    დედოფალ ელისაბედ მეორის შვილიშვილმა პოლიციის დაცვა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2020 წელს სამეფო მოვალეობებზე უარი თქვა და ქვეყანა დატოვა. მანამდე მისი დაცვა გადასახადის გადამხდელების ფულით ფინანსდებოდა.

    ახლა ჰარის და მეგან მარკლის ქალიშვილი, ლილიბეტი 7 თვის არის და ის ბრიტანეთში პირველად უნდა ჩავიდეს. გოგონა ჯერ არ იცნობს დედოფალ ბებიას და უინძორების ოჯახის სხვა წევრებს.

    შობის წინ ჰარიმ და მეგანმა მისალოცი ბარათი გაავრცელეს ფოტოთი, რომელზეც შვილებთან – არჩისთან და ლილიბეტთან ერთად არიან ასახული

     

    ჰარი ამტკიცებს, რომ კერძო კომპანია, რომელიც მას ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ იცავს, ვერ შეძლებს სრულად შეცვალოს ადგილობრივი პოლიცია, რომელსაც აქვს წვდომა ოპერატიულ ინფორმაციასთან და აუცილებელი იურიდიული უფლებამოსილებები.

    სასამართლოში შესული შუამდგომლობა, რომლის მიზანი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაა 2021 წლის ივლისში ლონოდონში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როცა ფოტოგრაფებმა საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ ჰარის ავტომობილს დიდხანს სდიეს.

    პრინცის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელი სექტემბერში იმ იმედით შეიტანეს, რომ ბრიტანეთის შსს–ს გადაწყვეტილების გადახედვა და პრინცისთვის აუცილებელი დაცვის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება.

    “პრინც ჰარის მემკვიდრეობად ერგო მისი უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეები დაბადების მომენტიდან მთელი ცხოვრება. ის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეექვსეა, ორჯერ იმსახურა როგორც სამხედრომ ავღანეთში, ბოლო წლებში კი მისი ოჯახი ორჯერ აღმოჩნდა ნეონაცისტების და ექსტრემისტების მუქარის სამიზნე. ამ ინციდენტების დეტალები დოკუმენტირებულია“. – ნათქვამია განცხადებაში.

    პრინცმა პოლიციის მომსახურების მისი ჯიბიდან ანაზღაურება ოჯახს ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში სანდრიგემში შესთავაზა, როცა დედოფალთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სასექსის ჰერცოგის ოჯახის სამომავლო როლის შესახებ. თუმცა მისი წინადადება უარყოფილ იქნა.

    ვის უნდა დაეფარა ჰარის და მეგანის უსაფრთხოების ხარჯები – ამ საკითხზე დიდი განხილვები მიმდინარეობდა არა მხოლოდ ბრიტანეთში.  წყვილის აშშ–ში გადასვლის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო არ დაფარავდა მათი დაცვის ხარჯებს. მაშინ ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ მათი უსაფრთხოების ზომები აშშ–ში კერძო თანხებით ფინანსდება.  წყვილი უკვე მეორე წელია ამერიკაში ცხოვრობს, სადაც მათ მეორე შვილი შეეძინათ.

  • ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას უჩერებს ქვეყანას, რომელიც მისი პასპორტებით ვაჭრობს

    ევროკავშირმა პირველად არსებობის ისტორიაში გადაწყვიტა დასაჯოს ქვეყანა პასპორტებით ვაჭრობისთვის, რომელიც ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლებას იძლევა. პირველი მსხვერპლი სავარაუდოდ პატარა კუნძულ–სახელმწიფო ვანუატუ იქნება, თუმცა ევროპა ყურადღებით დააკვირდება სხვა სქემებსაც, რომლებიც “ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭებას“ გულისხმობს.

    “ოქროს პასპორტების“ ბაზარი წელიწადში 25 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამა თუ იმ ფორმით საკუთარი მოქალაქეობით მსოფლიოს ყოველი მეორე ქვეყანა ვაჭრობს. თუ ევროპაში პასპორტის ღირებულება ნახევარი მილიონი დოლარიდან იწყება და თითქმის ყოველთვის იქ ცხოვრებას და ფულის წარმომავლობის შემოწმებას ითვალისწინებს, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე შესაძლოა 100–150 ათასი დოლარი იყოს საკმარისი, თანაც სწრაფად და ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე.

    დასავლეთი შეშფოთებულია იმით, რომ მსგავსი სქემები ხელს აძლევს ბოროტმოქმედებს და გამოიყენება მათ შორის გადასახედბისგან თავის არიდებისთვისაც.   არადა შენგენის შეთანხმებით ფაქტიურად სამ ათეულ ქვეყანას შორის საზღვრები წაშლილია და ეს არის ყველაზე მსხვილი და მდიდარი პოლიტიკური კავშირი პლანეტაზე, ნახევარ მილიარდიანი მოსახლეობით. ამ  სივრცეში ასეთი მაქინაციებით შეღწევა ევროპისთვის მიუღებელია.

    ევროკავშირმა “ოქროს პასპორტებს“ ბრძოლა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოუცხადა.

    “ზოგიერთი ქვეყანა მიზანმიმართულად არეკლამებს საკუთარ მოქალაქეობას როგორც  ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალებას. ხშირად ამით უვიზო ქვეყნების მდიდარი მოქალაქეები სარგებლობენ, რათა გვერდი აუარონ მოთხოვნებსა და შემოწმებებს, რომელსაც შენგენის შეთანხმება ითვალისწინებს, რომელთაგან ნაწილი სწორედ  ფულის გათეთრების და ფინანსური ტერორიზმის აღსაკვეთად არის შემოღებული“ – ნათქვამია ევროკავშირის საპროგრამო დოკუმენტში.

    ევროკავშირი სასამართლო დავას მისივე  წევრებთან – მალტასა და კვიპროსთანაც კი აწარმოებს და მათგან ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პირობების გამკაცრებას მოითხოვს. მესამე ქვეყნებთან კი სულაც არ აპირებს ზედმეტ თავშეკავებას და მზად არის მათ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტით დაემუქროს.

    2019 წელს ევროკომისიამ კონტროლზე აიყვანა საინვესტიციო სქემები მოლდოვაში, ჩერნოგორიასა და ალბანეთში, ასევე პირობა დადო, რომ გააკონტროლებს, ხომ არ მოიფიქრებენ მსგავს სქემებს საქართველოს და უკრაინის მსგავსი უვიზო ქვეყნები. მოლდოვამ სასწრაფოდ გააუქმა საკუთარი პროგრამა, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი იყო.

    თუმცა, დღემდე არცერთხელ ევროკავშირს უკიდურესი ზომა – უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ გამოუყენებია. ახლა კი გადაწყვიტა საჩვენებელი დასჯა მოაწყოს და პირველ რიგში წყნარ ოკეანეში, სადღაც ავსტრალიასა და ფიჯის შორის ჩაკარგულ არქიპელაგს მიადგა.

    ვანუატუს პასპორტი მსოფლიოს 130 ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთად არის ვარგისი და 130 ათასი დოლარი ღირს. მის მისაღებად სადმე წასვლაც კი არ გჭირდებათ. შეიძლება ყველაფერი დისტანციურად, რეკორდულად მოკლე დროში გააკეთოთ. უარის მიღების შანსი მინიმალურია: ბოლო რვა წლის განმავლობაში ვანუატუს მოქალაქე 10 500 ინვესტორი გახდა, უარი კი მხოლოდ ერთს უთხრეს.

    ამან ევროკომისიის უკმაყოფილება გამოიწვია და ქვეყნის ხელისუფლებისგან განმარტებები მოითხოვა. ევროპელებმა მას საკუთარი ეჭვები გაუზიარეს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირთან უვიზო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ვანუატუს მოქალაქეების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, ახალგამომცხვარ კუნძულელ–ინვესტორებს შორის კი ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც ინტერპოლის საერთაშორისო ძებნილთა სიაში არიან, ასევე საეჭვო პერსონაჟები სირიიდან, იემენიდან, ირანიდან და ავღანეთიდან.

    სქემისადმი ყურადღება     გასული წლის ივლისში   ბრიტანული გარდიანის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოიწვია. ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, თუმცა მას ვანუატუსთან უვიზო შეთანხმება აქვს.

    პრინცი ჩარლზი ვანუატუში სტუმრობისას 2018 წელს

    “ჩვენ პატივს ვცემთ მესამე ქვეყნების სუვერენიტეტს მოქალაქეობის საკითხებში, თუმცა არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირში უვიზო შემოსვლის უფლება გამოიყენონ პასპორტის სანაცვლოდ ინვესტიციების მისაზიდად“– ასე ახსნა ევროკომისიამ გადაწყვეტილება ვანუატუსთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტის შესახებ.ვანუატუ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 1980 წელს შეიქმნა. ამ წელს მოიპოვა მან საფრანგეთისა და ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა.

    ვანუატუ, რომლის მოსახლეობა 225 ათასს შეადგენს საქართველოში იმით არის ცნობილი, რომ მან 2011 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან უვიზო მიმოსვლა გამოაცხადა. მოგვიანებით, 2011 წლის ივნისში, ეს გადაწყვეტილება საჯაროდ უარყო. თუმცა, ერთი თვის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა ხელახლა დაადასტურა აფხაზეთის ცნობის გადაწყვეტილება.

    უკვე 2013 წლის მარტში რადიო ახალი ზელანდიის საერთაშორისო  ოფისს  ვანუატუს საგარეო საქმეთა გენერალურმა დირექტორმა ჯონი კუანაპომ განუცხადა,  ორი წლის განმავლობაში კუნძულის მთავრობა „მხოლოდ ფიქრობდა“ აფხაზეთის აღიარებაზე. როგორც მან აღნიშნა, „ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო“ და ახლა ვანუატუს სურს თბილისთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

    პატარა კუნძული სახელმწიფო სულ პრობლემებშია. მსოფლიოს ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში გაერო მას მუდმივად ასახელებს პირველ ადგილზე. ქვეყანაში ხშირია ბუნებრივი კატაკლიზმებიც – ცუნამები, მიწისძვრები, ვულკანის ამოფრქვევები. ქვეყნის ყოველი მესამე მოქალაქე ყოვლწლიურად სტიქიური უბედურებისგან ზარალდება.

    ქვეყანა თავის გატანას სხვადასხვა გზით ცდილობს. ეძებს ინვესტორებს, მფარველებს და სპონსორებს, იზიდავს მდიდრებს და ბიზნესების ნულოვანი გადასახადებით, დაინტერესებულ სახელმწიფოებს კი საერთაშორისო ფორუმებზე საკუთარი ხმით ევაჭრება.

    თუმცა, აქაც პრობლემები აქვს. წელს გაერომ ვანუატუს ხმის უფლება ჩამოართვა საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო.

    ბოლო ლურსმანი ვანუატუსთვის კოვიდპანდემია იყო.

    მას პასპორტების გაყიდვის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. ამ გზით ქვეყანა შემოსავლების თითქმის ნახევარს იღებს. ვანუატუს მოქალაქეობით ყველაზე მეტად ჩინელები ინტერესდებიან – პასპორტების 40 % სწორედ მათ იყიდეს.

    ახლა კი ქვეყანას ეს შემოსავალიც მოაკლდება. ევროკომისიამ ევროკავშირის 27 ქვეყანას ვანუატუსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შეჩერება შესთავაზა. თუ ეს ქვეყნები დათანხმდებიან, ორთვიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ყველა, ვინც 2015 წლიდან ვანუატუს პასპორტი მიიღო, ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლებას დაკარგავს.

  • წყნარ ოკეანეში წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა, რამაც მასშტაბური ცუნამი გამოიწვია

    წყნარ ოკეანეში წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა. ამოფრქვევის მასშტაბი სიმაღლეში 20 კილომეტრს აღწევდა,  მასშტაბური ცუნამი გამოიწვია.

    სტიქია 65 კილომეტრით დაშორებულ ქვეყანას, ტონგას დაატყდა თავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ვრცელდება რომ ცუნამის ტალღებმა საცხოვრებელ სახლებს და ეკლესიებს გადაუარა.

    ვულკანის ამოფრქვევა 8 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

  • აშშ ეჭვობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად პროვოკაციებს აწყობს

    პენტაგონის წარმომადგენელმა ამერიკული მედიის კვალდაკვალ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ახალ სავარაუდო სცენარზე ისაუბრა. ვაშინგტონის მონაცემებით მოსკოვმა დივერსანტების ჯგუფი მოამზადა ქვეყნის აღმოსავლეთში “სხვისი დროშის ქვეშ“ ოპერაციის ჩასატარებლად, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბი შექმნას.

    ოქტომბერში ამერიკული მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით საუბრობდა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციის გაზრდაზე. მოგვიანებით მათ ოფიციალური პირები შეუერთდნენ. ამერიკული მხარის მონაცემებით წლის ბოლოსთვის ამ მიმართულებით დაახლოებით 100 ათასი რუსი სამზედრო იყო თავმოყრილი.

    მოსკოვი აცხადებს, რომ არ ემზადება თავდასხმისთვის და შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი ჯარები საკუთარი შეხედულებებისამებრ გადაადგილოს. ამის შესახებ მან აშშ–სთან, ნატოსთან და ეუთოსთან მოლაპარაკებებზეც განაცხადა მიმდინარე კვირას. ამ მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა.

    პარასკევს კი, მოლაპარაკებების სამი რაუნდის დასრულების შემდეგ სიენენმა და სხვა მედიამ ახალი ვერსიის შესახებ განაცხადეს. აშშ–ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს, რომ რუსეთმა მოამზადა დივერსანტების ჯგუფი უკრაინის აღმოსავლეთში ოპერაციის ჩასატარებლად “სხვისი დროშის ქვეშ“. ამის შესახებ სიენენ–ს  ამერიკული ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    ანალოგიური ცნობები გამოჩნდა გაზეთ Washington Post–ში, ასევე სააგენტო როიტერში, ფრანს პრესსა და ბლუმბერგში. როიტერმა ზუსტად იგივე ციტატა მოიყვანა, რაც სიენენმა.

    ამავდროულად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველომ პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები პროვოკაციას ამზადებენ რუსი სამხედროების წინააღმდეგ არაღიარებულ დნესტრისპირეთში, რათა თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულონ. საქმე ეხება არტილერიის საწყობებს უკრაინის საზღვართან, რომლებსაც რუსი სამხედროები იცავენ.

    აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ჯერ კიდევ ხუთშაბათს თქვა, რომ ამერიკის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინაში შეჭრის საბაბის ფაბრიკაციისთვის.

    “ჩვენ ვნახეთ ეს გეგმა მოქმედებაში 2014 წელს. ისინი კვლავ ამზადებენ ამ გეგმას“– ამტკიცებს სალივანი.

    პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ პარასკევს თავის განცხადებაში ასევე გაიხსენა ყირიმის 2014 წლის ანექსია.

    კირბიმ ოფიციალურად გაახმოვანა ვერსია, რომლის მიხედვით აშშ–ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მეტყველებს, რომ რუსეთი აქტიურად მუშაობს შესაძლო შეჭრის საბაბის შესაქმნელად.

    სიენენის მსგავსად პენტაგონის პრესმდივანი ამტკიცებს, რომ რუსეთმა დივერსანტების ჯგუფი მოამზადა ოპერაციის ჩასატარებლად სხვისი დროშით, რამაც ისეთი შთაბეჭდილება უნდა დატოვოს, თითქოს უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას ან რუს სამხედროებს თავს დაესხნენ.

    პენტაგონის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმის ნიშნებზე, რომ დაიწყო გარკვეული მტკიცებულებების ფაბრიკაცია სოციალურ ქსელებში. მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეუძლია დეტალებზე საუბარი.

    კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა პუბლიკაციებს რუსული პროვოკაციის მზადების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო უწოდა და თქვა, რომ ყველა ეს განცხადება ცარიელი სიტყვებია და არაფრით დასტურდება.კრემლში თვლიან, რომ შესაძლო შეჭრის შესახებ პუბლიკაციები აშშ–ს ხელისუფლების პროვოკაციაა.

    თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში შეჭრის მზადებით, რამაც შეიძლება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და სამხედრო დანაშაულები გამოიწვიოს,თუ დიპლომატია თავის მიზნებს ვერ მიაღწევს.

    აშშ–სა და მისი მოკავშირეების მოლაპარაკებები რუსეთთან ამ კვირაში ჩიხში შევიდა. ახლო მომავალში მოლაპარაკებების ახალი რაუნდი არ იგეგმება.

    14 იანვარს გამთენიისას ხაკერებმა უკრაინის სამინისტროების საიტები გატეხეს და მუქარის შემცველი მიმართვები გაავრცელეს. ნატოში აცხადებენ, რომ მზადდება უკრაინასთან შეთანხმების ხელმოწერა კიბერუსაფრთხოების სფეროში.

  • გზები, რომელიც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს

    უკრაინის საზღვართან დაძაბულობა იზრდება, რუსეთი ამ დრომდე აძლიერებს მეზობელი ქვეყნის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზებას და შეიარაღებას. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ კრემლი კიევზე თავდასხმისთვის ემზადება, თუმცა ბრალდებებს მოსკოვი უარყოფს.

    სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა უკრაინაზე მალე დაიწყება, რადგან რუსეთს არ აქვს ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ჯარები უკრაინის საზღვართან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს. გარდა ფინანსური ფაქტორისა, ანალიტიკოსები სეზონზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათ მიაჩნიათ, რომ გაზაფხულზე რუსულ ჯარებს უკან დახევა მოუწევთ.

    სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ თავდასხმისთვის ზამთრის პერიოდი უკეთესია, ვიდრე გაზაფხული.

    უკრაინის საზღვრის მახლობლად, ამ დროისთვის 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. ანალტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი 170 000-მდე გაიზრდება.

    ამერიკის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა შესაძლოა იანვარში დაიწყოს, რადგან ახლა მიწა უფრო მკვრივია, რაც რუსულ ტანკებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს.

    მოლაპარაკებების კვირა

    ამ კვირაში გამართული მოლაპარაკებებისას, რუსეთი ნატოსგან და ამერიკისგან ცდილობდა მიეღო უსაფრთხოების გარანტიები. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ დიალოგი ახლა ყველაზე სწორი ნაბიჯია და კრიზისის განმუხტვა რუსეთმა უნდა დაიწყოს. რუსეთი ამტკიცებს, რომ თავდასხმას არ გეგმავს და დასავლეთისგან მოითხოვს შეცვალოს ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება.

    კრემლის სურვილია, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს, სადაც მკაფიოდ გაკეთდა განაცხადი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. მოსკოვის სურვილია, ეს ჩანაწერი შეიცვალოს შემდეგი წინადადებით: „საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან“ ნატოს წევრი ქვეყნები.

    დასავლეთში ამბობენ, რომ ეს ასე არ მოხდება. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება როგორ დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და რომელ ორგანიზაციაში გაერთიანდეს. მეტიც, ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთთან საქართველოზე ან უკრაინაზე არ ისაუბრებენ, თუ პროცესში ქართველები ან უკრაინელები ჩართულები არ იქნებიან.

    ამ ფონზე, დასავლეთში ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

    ნატოს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ვერ ჩაერევა ნატოს გადაწყვეტილებებში და ვერ მოახდენს ნატოს გადაწყვეტილებებზე გავლენას. ნატო ამბობს, რომ ორგანიზაცია ღია კარის პოლიტიკას განაგრძობს და გაფართოებაზე უარს არ იტყვის.

    ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოატლანტიკური კავშირი მზადაა მოსკოვთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შეიარაღება და რაკეტების განთავსება.

    მაგრამ როგორი შეიძლება იყოს რუსული თავდასხმა და რისი მიღწევა შეუძლია კრემლს ამით?

    კეირ ჯაილსი “ჩეთამ ჰაუსის” წარმომადგენელი ამბობს, რომ ახლა რუსეთი რამდენიმე სცენარზე მუშაობს და არსებული განლაგება რამდენიმე ვარიანტზე მიუთითებს.

    ესკალაცია დონბასში

    რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მძიმედ შეიარაღებული სეპარატისტები 2014 წლის შემდეგ აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილს. შეტაკებები უკრაინის სამთავრობო ძალებთან კი წლებია მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო და ძირითადი საომარი მოქმედებები შეწყდა.

    ოფიციალური კიევი ამბობს, რომ დონბასში სამხედრო შეტაკებებს 15 000 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინა წლებია ამბობს, რომ რუსეთს რეგიონში რეგულარული ჯარი ჰყავს შეყვანილი, თუმცა ამ ფაქტს მოსკოვი უარყოფს და თავის მხრივ, რუსეთი უკრაინას, რეგიონში კონტროლის აღსადგენად ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს.

    ანალიტიკოსების თქმით, დონბასში არსებული ვითარება რუსეთს აძლევს საშუალებას ისე წარმართოს პროცესები, როგორც თავად სურს და დაპირისპირება გააღვივოს.

    ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი სავარაუდო სცენარით, დონბასში თავდასხმის პროვოცირება მოხდება, რის შემდეგაც სეპარატისტები რუსეთს სთხოვენ დახმარებას. თავის მხრივ კი მოსკოვი დონბასში ჯარს შეიყვანს და ბრძოლები უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.

    ნილ მელვინი აქვე ამბობს, რომ მოსკოვმა შეიძლება სცადოს აზოვის ზღვაზე უკრაინის სანაპირო ტერიტორიების ხელში ჩაგდება-„ეს უკრაინის მთავრობას დიდ დარტყმას მიაყენებს“,“- ამბობს მელვინი.

    თავდასხმა ყირიმიდან

    რუსეთი სამხედროების მობილიზებას ახდენს 2014 წელს ანექსირებულ ყირიმშიც, საიდანაც მოსკოვს შეუძლია უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნას და დაიკავოს ახალი ტერიტორიები მდინარე დნეპრამდე, რომელიც შეიძლება გახდეს ბუნებრივი ბარიერი უკრაინის ნებისმიერი კონტრშეტევისთვის,-ამბობს, პოლონელი კონრად მუიზიკი.

    ისი თქმით, სამხედრო ოპერაცია შესაძლოა დაიწყოს საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით უკრაინულ ქვედანაყოფებზე, ხოლო სპეცრაზმა შესაძლოა დაიკავოს ხიდები და სარკინიგზო კვანძები, რაც ჯარებსა და ტანკებს წინსვლის საშუალებას მისცემს.

    მუიზიკი ამბობს, რომ ყირიმიდან მხოლოდ ორი გზა არის, რომელიც შეიძლება დაიბლოკოს ან განადგურდეს, რაც პოტენციურ სისუსტეს წარმოადგენს.

    მულტი ფრონტ შეტევა

    ამერიკის დაზვერვის საჯარო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს სესაძლებლობა იანვარში განახორციელოს შეჭრა 100-მდე ბატალიონის, ტაქტიკური ჯგუფის ან დაახლოებით 175 000 ჯარისკაცით.

    დოკუმენტებში ნათქვამია, რომ კრემლს ამ გზით შეუძლია კიევის კონტროლი შავ ზღვაზე აღკვეთოს-ამბობს საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების დირექტორი ნილ მელვინი. მისი თქმით, ნატო შავ ზღვაში ყოფნას შეამცირებს. რუსეთი ამ ტერიტორიას, როგორც „ნოვორასიას“ მიწებს განიხილავს, ამბობს ის.

    მრავალმხრივი თავდასხმა ასევე შეიძლება მოიცავდეს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში გადასვლას და ალყაში მოქცევას, მაგრამ შეაძლოა, რუსული ჯარი არ შევიდეს ქალაქებში, რადგან შესაძლოა მათ ადგილობრივ ბრძოლებში რესურსი არ დაკარგონ.

    ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთმა ასევე შეიძლება გამოიყენოს ბელარუსთან არსებული ურთიერთობები და უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ფრონტიც გახსნას.

    სამხედრო ანალიტიკოსები აქვე ამბობენ, რომ თუ რუსეთმა დაამარცხა უკრაინული არმია, რომელიც მისი ზომის ნახევარია, შეიძლება შეიქმნას პარტიზანული ტიპის წინააღმდეგობა, რაც ართულებს ხელში ჩაგდებული ტერიტორიების შენარჩუნებას.

    რას გეგმავს დასავლეთი

    ვაშინგტონი, ბრიუსელი და ნატო რუსეთს მძლავრი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამის შესახებ ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრის დროსაც უთხრა. არ არის გამორიცხული სანქციები თავად ვლადიმირ პუტინსაც შეეხოს.

    სანქციების პაკეტზე მსჯელობა მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ვაშინტონი ამბობს, რომ თუ რუსეთი უკარინაში შეიჭრება, მოსკოვს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა.

    ვაშინგტონის პოზიციას სრულად იზიარებენ ბრიუსელში. პროცესში ჩართულია ნატოც.

    პარალელურად, ვაშინგტონი კიევს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო შეიარაღებითაც ეხმარება. კიევს უკვე გადაეცა საჰაერო თავდაცვითი იარაღი და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. უკრაინამ ამერიკის დახმარებით გაზარდა გავლენა შავ ზღვაზეც.

    უკრაინული დაზვერვა 2021 წლის დეკემბერში ამბობდა, რომ რუსეთი 2022 წლის იანვარში მათ თავს დაესხმებოდა. მას შემდეგ, კიევი მუდმივ მზადყოფნაშია. უკრაინული ჯარი კი ქვეყნის დასაცავად ყოველდღიურ მზადების პროცესშია. გაიმართა არაერთი სამხედრო წვრთნა ნატოელ მოკავშირეებთან ერთად.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ნატოსთან და აშშ–სთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის ბირჟები ვარდნას განაგრძობს

    რუსეთში აქციების ბაზარი ვარდნას განაგრძობს რუსეთის ხელისუფლების უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ აშშ–სა და ნატოსთან. დაძაბულობა იგრძნობა მსოფლიო ბაზრებზეც.

    დღეს მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 3600 პუნქტზე დაბლა დაეცა, რაც გასული წლის 14 დეკემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა, დოლარის ინდექსი კი 4 მაისიდან პირველად დაეცა 1500 პუნქტით.

    ვარდნა ხუთშაბათს დაიწყო: ხუთშაბას ძირითადი სესიის დახურვისას მოსბირჟის რუბლის ინდექსი 4.05%–ით დაეცა, დოლარის ინდექსი კი 5.94%–ით. პარასკევს ვაჭრობა მცირე ზრდით გაიხსნა, თუმცა ის მალევე შეიცვალა ახალი ვარდნით.

    პარასკევს გაუფასურება განიცადა რუსულმა ვალუტამ: დღისით ევროს კურსი გასული ზაფხულის მაქსიმუმს გაუთანაბრდა და 88 რუბლს მიაღწია, დოლარი კი 77 რუბლს მიუახლოვდა.

    ეკონომისტები თანხმდებიან, რომ მთავარი ფაქტორი, რამაც ბაზრების ვარდნა გამოიწვია გეოპოლიტიკაა.

    ინვესტორები გეოპოლიტიკური რისკების გამო ცდილობენ რუსული აქციებისგან გათავისუფლდნენ. რუსი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოსკოვის ბირჟის ხუთშაბათის ვარდნა 2020 წლის გაზაფხულის შემდეგ ყველაზე ძლიერია და ამის მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის საქმეში პროგრესის არარსებობაა.

    ამ კვირას რუსეთსა და აშშ–ს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები გაიმართა, ასევე გაიმართა ნატო–რუსეთის საბჭო. ვერცერთ შეხვედრაზე პუნქტების უმრავლესობაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

    როგორც მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები არანაირი ფორმით და არანაირი მიზეზით არ არიან მზად რუსეთის მოთხოვნები დააკმაყოფილონ ნატოს გაფართოების შეწყვეტის, ალიანსის ინფრასტრუქტურის შემცირებისა და ნატოს 1997 წლის დროინდელ საზღვრებში დაბრუნების შესახებ.

    რიაბკოვის თქმით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდის საფუძველი ახლო მომავალში არ არსებობს, რადგან საუბარი ფაქტიურად ჩიხში შევიდა.

    ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო არანაირ კომპრომისზე არ წავა ორგანიზაციის გაფართოებისა და აღმოსავლეთში ჯარების განთავსების საკითხში.

    გეოპოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ სიტუაცია დაძაბულია მსოფლიოს ბაზრებზეც. თუმცა, ბაზრებზე გავლენას აშშ–ს  მიერ ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების მორიგი ციკლის დასაწყისის მოახლოებაც ახდენს. ეს გადაწყვეტილება აშშ–მ ინფლაციის შესამცირებლად მიიღო, რომელიც შესაძლოა მარტში დაიწყოს.

    ხუთშაბათს  ვარდნა იყო ამერიკულ ბაზარზეც, სადაც ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მაღალტექნოლოგიური სექტორის აქციები, რომელთა ინდექსმა 2.7%–იანი კლება განიცადა, ასევე მეორადი საჭიროების სამომხმარებლო პროდუქტების წარმოების სექტორმა, რომლის დანაკარგმა 2% შეადგინა.

    Dow Jones –ის და  S&P500–ის ინდექსებმა ხუთშაბათს  შესაბამისად 0.5% და 1.4% დაკარგეს.

    ექსპერტები დღევანდელ დილას მსოფლიო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას “სუსტად ნეგატიურს“ უწოდებენ.

  • თურქ, აზერბაიჯანელ, სომეხ მეგობრებს ვთხოვეთ ქართველი მეზობლებისთვის  3+3-ის სარგებელი აეხსნათ – ლავროვი

    თურქ, აზერბაიჯანელ, სომეხ მეგობრებს ვთხოვეთ ქართველი მეზობლებისთვის 3+3-ის სარგებელი აეხსნათ – ლავროვი

    ”თურქ, აზერბაიჯანელ, სომეხ მეგობრებს ვთხოვეთ ქართველი მეზობლებისთვის 3+3-ის სარგებელი აეხსნათ” – ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    “ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის მაინც აეხსნათ სარგებელი მათთვის და ყველა ჩვენგანისთვის, ამ ფორმატში ჩართვით. ასეთი ჩართულობა მათ არ დაავალდებულებს იმაზე, რაც მათ პოლიტიკურ პოზიციებს ეხება”, – თქვა სერგეი ლავროვმა.

  • პრინცმა ენდრიუმ სამხედრო წოდებები და სამეფო ტიტულები დაკარგა

    დედოფალ ელისაბედ მეორის შვილი, პრინცი  ენდრიუ სამხედრო ტიტულების და სამეფო პატრონაჟის და  სამეფო სახლის მოვალეობების გარეშე დარჩა. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი:

    “დედოფლის თანხმობით და ხელდასმით იორკის ჰერცოგი უარს ამბობს სამხედრო ტიტულებზე და პატრონაჟზე“– ნათქვამია განცხადებაში.

    ბიბისი–ს ცნობით, ის ასევე კარგავს უფლებას ატაროს “მისი სამეფო უდიდებულესობის“ ტიტული.

    ვირჯინია ჯიუფრე

    გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პრინცის ადვოკატებმა ვერ შეძლეს დაერწმუნებინათ ამერიკული სასამართლო შეწყვიტოს სამოქალაქო საქმე სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელშიც იორკის ჰერცოგს ამერიკელი ქალი ვირჯინია ჯიუფრე ადანაშაულებს.

    პრინცი ენდრიუ თანმიმდევრულად უარყოფს ყველა ბრალდებას და ამტკიცებს, რომ ამ ქალს არ იცნობს.

    “იორკის ჰერცოგი ამიერიდან არანაირ სახელმწიფოებრივ მოვალეობებს აღარ შეასრულებს და თავს დაიცავს ამ საქმეში როგორც კერძო პირი“– აცხადებს ბრიტანეთის სამეფო სახლი.

    ცოტა ხნის წინ ბრიტანული მედია იუწყებოდა, რომ განიხილავდნენ, როგორ დაეცვათ მონარქია და დედოფლის რეპუტაცია პრინცი ენდრიუს მიერ სასამართლოს წაგების შემთხვევაში.

    “შეუძლებელია ის აიძულონ გადადგეს, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოკვდავი. თუმცა შეიძლება მოსთხოვონ დროებით ტიტულზე უარი თქვას“– ციტირებდა გაზეთი Times საკუთარ წყაროს.

    გამოცემის ინფორმაციით საქმის არასასურველი დასასრულის შემთხვევაში პრინცი შესაძლო ერთგვარ “შიდა გადასახლებაშიც“ გაეშვათ.

    “მას არ შეუძლია საზღვარგაერთ წასვლა ექსტრადიციის რისკის გამო, ამიტომაც საჭირო იქნება ერთგვარი შიდა გადასახლების ვარიანტი. მას ასევე მოუწევს შეამციროს საცხოვრებელი ხარჯები“– ამბობდა გამოცემის წყარო.