Category: მსოფლიო

  • რომის პაპი კიევში სავარაუდოდ აგვისტოში ჩავა

    რომის პაპი ფრანცისკი შეიძლება კიევში აგვისტოში ჩავიდეს, კანადიდან დაბრუნებისას, უკანა გზაზე. ამის შესახებ ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანმა, პოლ რიჩარდმა განაცხადა.

    რომის პაპი უკრაინელმა პოლიტიკოსებმა და რელიგიურმა პირებმა ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ დაპატიჟეს უკრაინაში.

    არ არის გამორიცხული, რომის პაპი მოსკოვსაც ეწვიოს.

    მანამდე პონტიფიკოსი ამბობდა, რომ იმედი ჰქონდა რუსეთის პატრიარქ კირილს სექტემბერში ყაზახეთში შეხვდებოდა.

    თავიდან ვარაუდობდნენ, რომ სულიერი ლიდერები 14 ივნისს იერუსალიმში შეხვდებოდნენ, თუმცა ვატიკანელმა დიპლომატებმა ჩათვალეს, რომ ასეთ სიტუაციაში ასეთი შეხვედრა მეტისმეტად სადაო იქნებოდა.

    რომის პაპმა არაერთხელ გააკეთა კომენტარი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, აღნიშნავდა უკრაინელი ხალხის გმირობას და ამბობდა, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო.

    “მსოფლიო ომის მდგომარეობაშია. რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ნაწილ–ნაწილ გავდივართ. ასეც არის. ვთვლი, რომ ახლა მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია. და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ. რა მოსდის კაცობრიობას, რომელმაც ერთ ასწლეულში სამი მსოფლიო ომი გადაიტანა? ეს ცუდია კაცობრიობისთვის. ეს უბედურებაა. ერთ საუკუნეში სამი მსოფლიო ომი, იარაღით ვაჭრობა, რომელიც მათ კვებავს“– ამბობდა პაპი ცოტა ხნის წინ ინტერვიუში.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 37 200;
    • ტანკი – 1 638;
    • ჯავშანტექნიკა – 3 815;
    • საარტილერიო სისტემა – 832;
    • სარაკეტო სისტემა – 247;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 108;
    • თვითმფრინავები – 217;
    • ვერტმფრენი – 187;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 674;
    • საკრუიზო რაკეტები – 155;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 687;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 66.
  • ლავროვმა G20–ის სამიტი დროზე ადრე დატოვა მას შემდეგ, რაც მინისტრების დიდმა ნაწილმა მასთან ფოტოს გადაღებაზე და შეხვედრაზე უარი თქვა

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლვროვმა დაგეგმილზე ადრე დატოვა დიდი ოცეულის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა სამიტი ბალიზე და მონაწილეობას არ მიიღებს ოფიციალურ სადილსა და სამიტის საღამოს სესიაში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გერმანულ სააგენტოს განუცხადა. სამიტის დაწყებიდან მალევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ G20–ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს ლავროვთან ერთად ფოტოსესიაში მონაწილეობაზე.

    სამიტის დროს სკანდალები ფაქტიურად ლავროვის ჩასვლისთანავე დაიწყო. როიტერის ცნობით, იმ დროს, როცა ლავროვი მის ინდონეზიელ კოლეგას, რეტნო მარსუდის ხვდებოდა, საიდანღაც ისმოდა ყვირილი “როდის დაასრულებთ ომს?“, “რატომ არ ამთავრებთ ომს?“. მედიისთვის უცნობი დარჩა, ვინ ყვიროდა და საიდან.

    სამიტზე არსებული ვითრება ლავროვმა ასე აღწერა: “აგრესორები“, “დამპყრობლები“, “ოკუპანტები“… ბევრი რამე მოვისმინეთ დღეს. ყველა მოგვიწოდებდა ეს ოპერაცია შევწყვიტოთ და მშვიდობიან დარეგულირებას მივაღწიოთ. ვთხოვე ჩამოყალიბდნენ, ბოლოს და ბოლოს რა უნდათ ჩვენგან. თუ მშვიდობიანი მოლაპარაკება უნდათ, ის უკრაინამ შეაჩერა… თუ დასავლეთს მოლაპარაკება უნდა, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინოს“ – ამ ციტატას რუსული სააგენტო ТАСС აქვეყნებს.

    იაპონური სააგენტო კიოდოს ინფორმაციით, “დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მინისტრების უარი ლავროთან ფოტო გადაეღოთ აშშ–ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინიცირებული იყო.

    სამიტის მინიმუმ ერთმა მონაწილემ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბოიკოტის შესახებ ღიად განაცხადა. “არ შემიძლია ვიდგე იმ ადამიანის გვერდით, ვინც პარალელურად უკრაინას ბომბავს, თავს ესხმის ბავშვებს, ზრდასრულებს, მშვიდობიან მოქალაქეებს. ამიტომ ამ სამიტზე ჯგუფური ფოტო არ იქნება“–უთხრა მან ჟურნალისტებს.

    თავად ლავროვმა ამ საკითხზე განაცხადა: “ რაც შეეხება ჩემთან შეხვედრებს და განცხადებებს, რომ ჩემთან ფოტოს არ გადაიღებენ: მე არავინ მიმწვევია ფოტოს გადასაღებად. საერთოდ არავინ არსად მიმიწვევია. მე ინდონეზიამ მიმიწვია. ასევე ინდონეზიამ მიიწვია პრეზიდენტი პუტინი სამიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.“–თქვა მან.

    უკრაინელი დიპლომატების მონაცემებით, ლავროვი დარბაზიდან იმ მომენტში გამოვიდა, როცა ვიდოკავშირით სიტყვით გამოდიოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება. მას არც ბერბოკის გამოსვლისთვის მოუსმენია.

    ლავროვი ასევე არ მივიდა საღამოს სესიაზე, რომლის დროსაც ბლინკენი გამოდიოდა სიტყვით. ბლინკენის სიტყვის დიდი ნაწილი სასურსათო უსაფრთხოებას დაეთმო და მოსკოვისგან მოითხოვა, უკრაინული ხორბლის ექსპორტი განაახლოს, რომელიც რუსული არმიის მიერ დაბლოკილ უკრაინულ პორტებშია დაგროვილი.

    “მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი ხორბალი თქვენი ხორბალი არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ ეს ხორბალი უნდა გაათავისუფლოთ.“–მიმართა ბლინკენმა ლავროვს, რომელთან პირად შეხვედრაზე აშშ–ს წარმომადგენლების თქმით, უარი თქვა.

    მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საკუთარი პორტები უნდა განბლოკოს, განნაღმოს ან უზრუნველყოს პროდუქციის უსაფრთხო გატარება დანაღმულ მინდვრებზე, მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე უკრაინის ტერიტორიული წყლების მიღმა რუსეთი და თურქეთი მზად არიან შესაბამისი ხომალდების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

    სასურსათო უსაფრთხოება წელს სამიტის ერთ–ერთი მთავარი თემაა. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ, რომ მისი ჯარი უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უკრაინიდან სურსათის ექსპორტს ხელს უშლის, რაც მსოფლიო ბაზრებზე სერიოზულ დეფიციტს ქმნის, ზოგიერთ ქვეყანას კი შიმშილი ემქურება. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული ხომალდები პორტებს იმის გამო ვერ ტოვებენ, რომ კიევმა თავად დანაღმა მათთან მისასვლელები. გარდა ამისა, მოსკოვის მტკიცებით, სურსათის დეფიციტში დამნაშავე დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებია.

  • ბრიტანულმა დაზვერვამ რუსეთის არმიის უახლოესი ტაქტიკური ამოცანები დაასახელა

    რუსეთის არმია ფრონტის ხაზზე ტექნიკას აგროვებს დონეცკის ოლქში, სივერსკის მიმართულებით, რომელიც ფრონტის ამჟამინდელი ხაზიდან 8 კილომატრით არის დაშორებული. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა ყოვლდღიურ ანგარიშში წერს.

    აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებს სავარაუდოდ პაუზა აქვთ მარაგების შესავსებად დონეცკის ოლში ახალი შეტევითი ოპერაციების დასაწყებად.

    “არსებობს რეალური ალბათობა, რომ რუსეთის უახლოესი ტაქტიკური მიზანი სივერსკი იქნება, რადგან მისი ძალები ცდილობენ სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული მიზნისკენ წინ წაწევას – ეს არის სლავიანსკ–კრემატორსკის რაიონი“–ნათქვამია ანგარიშში.

    ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინული არმია სტაბილურად განაგრძობს წინსვლას სამხრეთ დასავლეთით ხერსონის მიმართულებით.

    ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით (ISW), რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შეიძლება სცადონ სლავიანსკსა და კრემატორსკს არა მხოლოდ ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, არამედ დასავლეთიდანაც შეუტიონ.

  • “უკრაინას სანერვიულო არაფერი აქვს“–ექსპერტები ბორის ჯონსონის წასვლის შესახებ

    ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რომელიც თანამდებობიდან მიდის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პროუკრაინული ლიდერია, რომელიც კიევს სიტყვით და საქმით უჭერდა მხარს და მოსკოვთან კომპრომისების წინააღმდეგ  გამოდიოდა.

    შეიძლება თუ არა მისმა გადადგომამ და ახალი პრემიერ მინისტრის მოსვლამ შეასუსტოს დასავლეთის პოზიციები რუსეთთან მიმართებაში?

    ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ მოხდება.

    მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ჯონსონი რუსული აგრესიის მიმართ განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდა. მაგალითად, 2015 წელს, როცა ლონდონის მერი იყო, მან მოუწოდა დასავლეთს პუტინთან ეთანამშრომლათ სირიაში ტერორისტებთან ბრძოლაში, მიუხედავად ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში ომისა.

    თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი გახდა, ჯონსონმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა მოსკოვთან მიმართებაში და უკრაინის მხარდაჭერა დაიწყო. მისმა მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წლის სრულმაშტაბიან შეჭრამდე უკრაინას მისცა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები NLAW, რომლებიც ამერიკულ ჯაველინებთან ერთად უკრაინელებმა წარმატებით გამოიყენეს რუსული შეტევის მოსაგერიებლად.

    ახლა ბრიტანული სამხედრო დახმარება მოიცავს რეაქტიული არტილერიის სისტემებს, თვითდამიზნებად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ჯავშანტრანსპორტიორებს და ბრონემანქანებს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, უპილოტო აპარატებს, რადიელექტრონული ბრძლის საშუალებებს, ასევე ათასობით ჩაფხუტს, ჯავშანჟილეტს, სამედიცინო დახმარების კომპლექტებს. ბრიტანეთი ასევე წვრთნის უკრაინელ ჯარისკაცებს.

    ბრიტანული სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მოცულობამ ომის დაწყებიდან დღემდე 3.8 მილიარდი ფუნტი შეადგინა.

    ჯონსონი ორჯერ ჩავიდა კიევში ომის განმავლობაში, ლაპარაკობდა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საერთაშორისო სამიტებზე და უარყოფდა მოწოდებებს სწრაფი დაზავების შესახებ პუტინისთვის დათმობების ხარჯზე, რომლებიც ევროპის დედაქალაქებში ისმოდა.

    მის როლს უკრაინელი მოქალაქეები და პოლიტიკოსები განსაკუთრებით აფასებენ. ხუთშაბათს თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პრემიერს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა, გასულ კვირას კი ის ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა.

    “მადლობა ყველაფრისთვის, ძმაო!“– ასეთი რეაქცია გამოხატა ჯონსონის გადადგომაზე საკუთარ ტელეგრამ არხზე როდიონ კუდრაშოვმა, პოლკ აზოვის დნეპროპეტროვსკის ქვედანაყოფის მეთაურმა.

    გასაკვირი არ არის, რომ ჯონსონის წასვლამ უკრაინაში და მისი დასავლელი მოკავშირეების ნაწილში შიში გამოიწვია. ზოგმა მის გადადგომას “საჩუქარი კრემლისთვის“ უწოდა. ამერიკელი ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოდან, ჯოზეფ ჩირინჩონე ვარაუდობს, რომ პოლიტიკური კრიზისი ბრიტანეთში შეასუსტებს დასავლეთის ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად და შეიძლება კიევის მოკავშირეების პრინციპულობას საფრთხე შეუქმნას.

    უკრაინელი პოლიტოლოგი ალენა გლივკო ამბობს, რომ უკრაინელებს აღელვება გასაგებია: “ნაცია ომის მდგომარეობაშია და არ იცის ბრიტანეთის პოლიტიკური სიტუაციის ყველა ნიუანსი. მისთვის მთავარია, რომ დახმარება უწყვეტი, სტაბილური და თანმიმდევრული იყოს.“– ამბობს ის და დასძენს, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა არა იმდენად ბორის ჯონსონზე, არამედ უფრო მეტად საზოგადოებრივ აზრზეა დამოკიდებული და ის უკრაინელების მხარეს არის. ნათელ მაგალითად ის ასახელებს ფაქტს, რომ უკრაინის დროშები არა მხოლოდ მთელ ლონოდონშია გამოფენილი, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ყოველ პატარა ქალაქშიც კი.

    “მხარდაჭერა შენარჩუნდება, იმიტომ რომ ის ერთ ადამიანს არ ემყარება“– ამბობს ალენა გლივკო.

    თუმცა, მთავრობის შეცვლამ შეიძლება იარაღის და ფინანსური დახმარების მიწოდების შეფერხებები მაინც გამოიწვიოს, ამბობს ის და ხაზს უსვამს, რომ ამჟამად ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური უწყება უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გეგმაზეც მუშაობს.

    “ყველა ეს გრძელვადიანი პროცესი გაგრძელდება, მთავარია, რომ ახლა არ იყოს შეფერხებები“– ამბობს ექსპერტი.

    ბელორუსში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ნაიჯელ გულ–დევისი ამბობს, რომ ჯონსონის გადადგომა ლონდონის პოზიციაზე გავლენას არ მოახდენს:

    “ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის – ეს არ არის პრემიერ–მინისტრის პირადი პოლიტიკა, არამედ ქვეყნის პოლიტიკაა. ორივე მსხვილ პარტიაში, მათ პოლიტიკოსებს შორის, მთლიანად საზოგადოებაში და კერძო სექტორში არსებობს კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. უკრაინას არ უნდა ეშინოდეს, რომ პრემიერის შეცვლით კურსი შეიცვლება“ – ამბობს ის და ასევე არ ელის შეფერხებებს იარაღის მიწოდებაში, რადგან თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი საკუთარ თანამდებობაზე რჩება.

    ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი სერ რიჩარდ ბერონსი ამბობს, რომ “დრამა მთავრობის გულში“ ლონდონის საგარეო კურსზე გავლენას ვერ მოახდენს.

    “დროებითი პრემიერ მინისტრიც, ვინც არ უნდა იყოს ის, და ყველა კანდიდატი შეინარჩუნებს ამჟამინდელ კურსს, იმიტომ რომ ბრიტანეთი საკუთარ თავს უკრაინის ერთ–ერთ მთავარ დასავლელ მხარდამჭერად ხედავს.“– თქვა გენერალმა.

    თუმცა, დასძინა, რომ მომავალი პრემიერის წინაშე  იქნება დილემა, რომელიც ბორის ჯონსონსაც ქონდა: როგორ შეინარჩუნოს უკრაინისთვის იარაღის და საბრძოლო მასალების მიწოდების უწყვეტი ნაკადი მრავალი თვის განმავლობაში.

    “როგორ უნდა შეინარჩუნოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერის საჭირო დონე საჭირო დროის განმავლობაში“– ეს არის მისი თქმით მთავარი გამოწვევა, რომელიც მისი აზრით მთელი ევროპის წინაშე დადგება – უკრაინაში ომი უკვე სიახლე არ არის მისი მოსახლეობისთვის, გაზრდილი ინფლაქციის, საწყვავისა და გათბობის ფასების ზრდის ფონზე უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად და კონტრშეტევაზე გადასასვლელად საკმაოდ რთულდება.

    გენერლის აზრით, დასავლეთს არჩევანი არ აქვს, იმიტომ რომ უკრაინის დაცვა მისი საკუთარი ინტერესების დაცვაა რუსეთისგან, თუმცა ის ელის, რომ ამ საკითხის გარშემო მწვავე დისკუსია დაიწყება.

  • Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს კრედიტს ბლოკავს

    ევროკომისიის ფინანსური განყოფილება ბლოკავს უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გაცემას იმის შიშით, რომ კიევი თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ბლუმბერგი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

    უკრაინას იმედი აქვს, რომ ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს ეკონომიკის მხარდასაჭერად რუსეთთან ომის პირობებში, თუმცა კრედიტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ იბლოკება. მიზეზი ფინანსურ საიმედოობასთან დაკავშირებული შიშებია – უთხრეს სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც საკითხის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებენ.

    ევროკომისია გარანტად გამოდის ბანკის კრედიტებისთვის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და უზრუნველყოფს ფინანსირების სრული მოცულობის 9%–ს, თუმცა ამ შემთხვევაში კომისიას უნდა უზრუნველყოფის პროცენტი თანხის 70%–მდე გაზარდოს იმ შემთხვევისთვის, თუ კიევი ვერ შეძლებს თანხის დაბრუნებას.

    კომისიის წარმომადგენელის თქმით, ევროკავშირს უნდა დარწმუნებული იყოს, რომ უკრაინის დეფოლტის შემთხვევაში ზარალის დაფარვას შეძლებს. კომისია ასევე ეძებს ალტერნატიულ გადაწყვეტებს, რათა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული დამატებითი რისკები ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წევრ ქვეყნებზე გადაანაწილოს.

    მანამდე ევროკომისიამ უკრაინას 9 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ გერმანიის წინააღმდეგობას წააწყდა, რომელმაც მოითხოვა კიევისთვის თანახა დაბრუნების მოთხოვნის გარეშე გადაეცათ.

    კომისია გამოვიდა ალტერნატიული შეთავაზებით, რომელიც პირველი ტრანშის სახით 1 მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

  • კლოუნი მიდის, ის ჩვენი ქალაქების დაბომბვების უკან იდგა – ვოლოდინი ბორის ჯონსონზე

    კლოუნი მიდის, ის ჩვენი ქალაქების დაბომბვების უკან იდგა – ასე ეხმაურება, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი დიდი ბრიტანეთის, პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის თანამდებობიდან გადადგომას.

    “ბორის ჯონსონი ჩვენი მშვიდობიანი ქალაქების ბელგოროდისა და კურსკის დაბომბვების უკან იდგა და ბრიტანეთის მოქალაქეებმა ეს უნდა იცოდნენ. ის რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია”,- წერს ვოლოდინი.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საბრძოლო მოქმედებებში “ოპერატიული პაუზა“ გამოაცხადა

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც რუსული სახელმწიფო სააგენტოები ციტირებენ, რუსულ საბრძოლო ქვედანაყოფებში, რომლებიც “საბრძოლო ამოცანებს“ ასრულებენ, “ოპერატიული პაუზა“ გამოცხადდა და მიმდინარეობს “საბრძოლო მასალების და  შესაძლებლობების შევსების “ ღონისძიებები.

    “სამხედროებს მიეცათ შესაძლებლობა დაისვენონ, სახლიდან წერილები და ამანათები მიიღონ“– ციტირებს სააგენტო ТАСС მის თანამოსაუბრეს თავდაცვის სამინისტროდან.

    მანამდე თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს მოახსენა ლუგანსკის ოლქის “სრული გათავისუფლების შესახებ“. ამის გამო პუტინმა ბრძანება გასცა, რომ სამხედროებს დასვენების საშუალება მისცენ.

  • ფინეთი რუსეთთან საზღვრის გასწვრივ ბარიერებს ააგებს

    ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი რუსეთთან გამყოფ საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. კანონი საშუალებას იძლევა საზღვრისპირა გამაგრებები აეგოს და 1300 კილომეტრიანი საზღვარი თავშესაფრის მთხოვნელთათვის დაიხუროს “განსაკუთრებული გარემოებების“ შემთხვევაში.

    მიუხედავად იმისა, რომ  ეს კანონპროექტი სადაოა თავშესაფრის მინიჭების შესახებ ევროკავშირის წესების თვალსაზრისით,  მას მხარი დაუჭირა პარლამენტის კვალიფიციურმა უმრავლესობამ დაჩქარებული პროცედურით, რომელიც ფინეთის პარლამენტს უფლებას აძლევს კანონები მიიღოს ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის შესაძლო საპასუხო ზომების საფრთხის არსებობის გამო.

  • ცემა 1 წუთით არ შეწყვეტილა – უკრაინელი ექიმის თქმით, რუსი გამტაცებლები მას ტყვეობაში აწამებდნენ

    უკრაინელი მედიკოსი, 53 წლის იულია პაიევსკაია ტყვეობას იხსენებს. იულია  რუსებისა და სეპარატისტული ძალების მიერ 3 თვის განმავლობაში ტყვეობაში იყო, ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, მესაზღვრეებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებაში ადანაშაულებს. მედიკოსი აცხადებს, რომ ძალადობა მაშინვე დაიწყო, რაც ის 16 მარტს მარიუპოლის მახლობლად საგუშაგოზე ამოიცნეს და მძღოლთან ერთად დააკავეს. მისი თქმით, შეურაცხყოფა, მათ შორის ცემა, სამი თვის განმავლობაში ერთი წუთითაც არ გაჩერებულა.

    • “ხუთი დღის განმავლობაში მე არ მქონდა საჭმელი და პრაქტიკულად არ ვსვამდი. გამუდმებით გეუბნებიან, რომ შენ ხარ ფაშისტი, ნაცისტი,”  – განუცხადა პაიევსკამ CNN-ს სამშაბათს, თითქმის სამი კვირის შემდეგ, რაც ის გაათავისუფლეს პატიმრების გაცვლის დროს, 17 ივნისს.